სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტს გენო მალაზონიას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენებენ.
მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დამალვას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, თაღლითობას და ხელმძღვანელის უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულების მალაზონიას 2004 წლიდან დღემდე აქვს ჩადენილი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა 70 მლნ ლარით იზარალა.
"ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტის დაკავების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, იგი ვაკეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, მეორე ვერსიით კი, მალაზონია გუშინ მთავარ პროკურატურაში დაკითხეს, რის შემდეგაც მისი დაპატიმრება გადაწყდა. ამ დროისთვის, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ენერჯი ინვესტში" საგადასახადო შემოწმება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონეტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
"ენერჯი ინვესტამდე" მალაზონია სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის ეკონომიკისა და განათლების მინისტრების მოადგილედ, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ.
სააქციო საზოაგდოება "ენერჯი ინვესტი" 2004 წელს დაუძნდა. იგი წარმოადგენს მსხვილ საინვესტიციო კომპანიას, რომლის მიზანია საფინანსო რესურსების მოზიდვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 2005 წელს "ენერჯი ინვესტმა" რუსთავის "აზოტი" შეისყიდა, 2006 წელს კი, გარდაბანში აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.
"აზოტი" აზოტოვან სასუქებს აწარმოებს, მასში 3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
რაც შეეხება აირტურბინულ ელექტროსადგურს, იგი "თბილსრერსის" მახლობლად მდებარეობს. ელექტროსადგური წარმოადგენს FT8-1 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს. ამ ეტაპზე, ელექტროსადგურის ნომინალური სიმძლავრე 110 მეგავატია. მას წელიწადში 870 000 000 კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.