შეიძლება თუ არა გეკავოს პოლიტიკური თანამდებობა, გქონდეს ხალხისგან მოცემული ნდობის კრედიტი და ამავდროულად ეწეოდე ამორალურ ცხოვრებას? არაფრად მიგაჩნდეს ზნეობისა და ეთიკის აღიარებულ ნორმები, რომელთა დაცვაც პოლიტიკოსს ცივილურ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებზე მეტად მოეთხოვება?!
საქართველოში ერთ-ერთ ყოფილ მინისტრზე მაკომპრომეტირებელი ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ (რაც ცალსახად ამაზრზენი და დაუშვებელია !) საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტიც შეუერთდა, დაიწყო „ტვინების გამორეცხვის“ კამპანია, რომ სექსის თავისუფლება უკლებლივ ყველა მოქალაქის უნივერსალური უფლებაა, მისი სტატუსის მიუხედავად. იყავი თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირი, გთხოვს სხეული და გული? ნუ გერიდება, აკეთე სექსი ვისთანაც გინდა, როგორც გინდა და სადაც გინდა! მოკლედ ჰაერში ლამის ქართული „სექსუალური რევოლუციის“ სურნელი დატრიალდა. იმ რევოლუციისა, რომელიც დასავლურმა სამყარომ გასული საუკუნის 1970-იან წლებში მოილია.
არადა ევროპასა და ამერიკაში, რომლებზედაც სწორებას თითქოსდა ვცდილობთ, თუმცა რამდენად სწორად, ეს ცალკე თემაა, პოლიტიკოსებმა კარგად იციან რომ ვიდრე პოლიტიკაში არიან, თვითშეზღუდვები უნდა დაიწესონ და ზნეობის და ეთიკის სტანდარტები დაიცვან. დიახაც, ეშინიათ საზოგადოებრივი აზრის, პატივს სცემენ მას. ეს რომ არ იყოს, ისინიც ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად საჯაროდ გამოაცხადებდნენ რომ ჰყავთ შეყვარებული, აქვთ სექსი და საზოგადოებაც ამას მსუბუქი ირონიით მიიღებდა და გაატარებდა. ჩვენთან კი, სადაც ბევრს დასავლური ფასეულობები თავისებურად ესმის, მსგავსი განცხადება ლამის სამოქალაქო გმირობად შეირაცხა. მყისვე გაჩნდა კატეგორიული სლოგანი: „სექსი დანაშაული არ არის.“ თუმცა სლოგანის ავტორებს ცოტა შეეშალათ. სექსის გარკვეული სახეობა, მაგალითად სექსი არასრულწლოვანებთან, ნამდვილად გადის დანაშაულთა კატეგორიაში. ისე, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გაზეთმა „The Guardian“-მა საქართველოში გამოქვეყნებული ინტიმური ვიდეოკადრებისადმი მიძღვნილ სტატიაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ვიდეოკადრები დაოჯახებული პოლიტიკოსების „გვერდზე“ წარმოებულ სექსუალურ აქტებს ასახავდნენ. .
დასავლური საზოგადოება, საკმაოდ მკაცრ ზნეობრივ კრიტერიუმებს აწესებს პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ და ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ვერ ითმენს მის რიგებში დასავლური პოლიტიკური ელიტა მორალურად დეგრადირებულ კოლეგებს. მორალურად არამდგრად პოლიტიკოსებს საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვისაც შეუქმნიათ სერიოზული პრობლემები. პოლიტიკური თანამდებობის პირი, მითუმეტეს მაღალი რანგის, უამრავ მნიშვნელოვან, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას ფლობს, მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები გავლენას ახდენს უამრავი ადამიანის ცხოვრებასა და ყოფაზე, მათ უსაფრთხოებაზე და ა.შ.
1960-იან წლებში ინგლისის თავდაცვის მინისტრმა ჯონ პროფიუმომ მხურვალე სექსი გააბა ადგილობრივ მოდელთან ქრისტინ ქილერთან, რომელიც კაგებეს აგენტი აღმოჩნდა და პროფიუმოსგან დაცინცლულ კონფიდენციალური ინფორმაციას ლონდონში რუსეთის საელჩოს სამხედრო-საზღვაო ატაშეს, სინამდვილეში კი კაგებეს ოფიცერს, აწვდიდა. პროფიუმოს სექს-თავგადასავალები ამხილეს, ის გადადგა, მაგრამ მინისტრის „თავისუფალმა სექსმა“ მის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, აშშ-ს ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი იძულებული იყო გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც გამომჟღავნდა მისი არაოფიციალური სექსუალური კავშირი მის ბიოგრაფთან, ჟურნალისტ პოლა ბროდველთან. FBI-მ დაადგინა რომ თავის სექსუალურ პარტნიორს გენერალმა საიდუმლო ინფორმაციაც გაუმჟღავნა, რის გამოც პეტრეუსს ორწლიანი პირობითი სასჯელიც შეეფარდა.
თუმცა, ისტორიას საპირისპირო მაგალითებიც ახსოვს. 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში ვიზიტად ჩამოსული ინდონეზიის პრეზიდენტი სუკარნო მასპინძლებისგან იქით ითხოვდა ლამაზმანებს, თანაც ყოველ ჯერზე ახალს. მის სექსუალურ ორგიებზე კაგებემ ლამის სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სუკარნოს მისი ინტიმური ვიდეო კადრები დაუტრიალეს და გადაბირებას შეეცადნენ. როგორი იყო საბჭოთა მხარის გაოცება, როდესაც სუკარნომ მათ სთხოვა ეჩუქებინათ მისთვის ეს კადრები ინდონეზიაში საჩვენებლად. „ჩემი ხალხი იამაყებს ჩემით,“ განუცხადა სუკარნომ. ინდონეზიის პრეზიდენტის მაგალითი შემთხვევით არ მოგვიყვანია. ჩვენი საზოგადოების ერთი მცირე ნაწილის მოსაზრებები ინტიმური ვიდეოების მორალური მხარის შესახებ, ბევრით არაფრით განსხვავდება სუკარნოს მოსაზრებებისგან.
ასე რომ, პოლიტიკური მოღვაწეების სექსუალურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებას შეუძლია თავად აირჩიოს რა გზით იაროს, ინდონეზიის თუ ამერიკა-ევროპის?
ზაალ ანჯაფარიძე