საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოსაცემად მომზადდა ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XI-XVIII საუკუნეების ქართულ საბუთებზე არსებული ხელრთვების კატალოგი.
ეროვნულ საარქივო ფონდის საგანძურში არსებული საუკუნეების წინანდელი საბუთები მდიდარ ისტორიულ ცნობებს გვაწვდის ჩვენი წარსულის შესახებ. საბუთების შესწავლის შემდეგ შესაძლებელი გახდა დოკუმენტებზე დართული ხელრთვების* კატალოგის მომზადება. მსგავსი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა.
ხელრთვა, ანუ საბუთის გამცემის, უმეტეს შემთხვევაში, მეფეების ან უმაღლესი სასულიერო პირის ხელის მოწერა საბუთის ბოლო ნაწილს ერთვის. მოგვიანებით, საბუთს უკვე ახლავს დამწერისა და მოხელეების ხელრთვაც.
ხელრთვის შესწავლის საფუძველზე, როცა საბუთს ბეჭედი არ ახლავს, შესაძლებელი ხდება ისტორიული დოკუმენტების სინამდვილის და მათი შედგენის დროის დადგენა. ამიტომ ხელრთვას, ისევე, როგორც ბეჭედს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბუთების შესწავლის საქმეში.
საბუთების შედგენილობის შესწავლას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. მან დაწვრილებით გაარჩია სიგელები აგებულების, შინაარსისა და ენის მიხედვით და საბუთი შვიდ ნაწილად დაჰყო. საბუთის მეექვსე ნაწილი ხელრთულობა-სათვალავი, ყოველთვის მოსდევდა თარიღსა და დამწერის ვინაობას.
მეფის ხელისმოწერას ,,საუფლო ხელისრთვა" ეწოდებოდა. მაგ. 1123 წელს დავით აღმაშენებელი შიო მღვიმისადმი გაცემულ ანდერძში მარტივ და უსახელო ხელრთვას ხმარობს: ,,სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო დაამტკიცე, მტკიცედა უქციე". სხვა მეფეები წერდნენ: ,,მტკიცე არს" ან ,,ვამტკიცებ". 1241-1242 წლებში არსენ ჭყონდიდელის მიერ გაცემულ წყალობის სიგელს სხვა დიდ მოხელეებთან ერთად ამტკიცებს რუსუდან მეფე: ,,ქ, მე რუსუდან მეფესა დამინიშნავს~.
XIV საუკუნიდან, განსაკუთრებით ალექსანდრე დიდის მეფობიდან მოყოლებული, საუფლო ხელრთვაში მეფეები ყოველთვის საკუთარ სახელს იხსენიებდნენ: ,,ქ. მე მეფე ალექსანდრე, ვამტკიცებ ნებითა
ეროვნულ არქივში მომზადებული ხელრთვების კატალოგი დაყოფილია ორ ჯგუფად:
1. XI - XIII საუკუნეების ხელრთვები. ცნობილია, რომ ადრეული საუკუნეების წერილობითი მასალა თითქმის განადგურებულია და მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. არქივში დაცულ ადრეული საუკუნეების მხოლოდ ექვს საბუთს ახლავს ხელრთვა. ამიტომ ეს ხელრთვები ქრონოლოგიურად დალაგდა.
2. XV-XVIII საუკუნეების ხელრთვები, რომელიც თავის მხრივ სამ ჯგუფად იყოფა: ა. სამეფო სახლი, ბ. სასულიერო პირები და გ. მოხელეები.
თითოეულ ჯგუფში დაცულია ქრონოლოგია საბუთის გამცემების მოღვაწეობის თარიღის გათვალისწინებით.
მეფეები, სამეფო სახლის წევრები და უმაღლესი სასულიერო პირები, უმეტესად, ამტკიცებენ წყალობის, შეწირულების, სითარხნის* სიგელებსა და განაჩენებს.
მოხელეების (მდივანმწიგნობრების, მოსამართლეების, სხვადასხვა თანამდებობის პირების) ხელრთვები ახლავს იურიდიული ხასიათის საბუთებს: ნასყიდობის, სითარხნის*, გაყრის, ყმობის, ფიცის, პირობის და სხვ.
ხელრთვების კატალოგის ბოლოში მოთავსებულია ნატყუარი (ე.ი. ყალბისმქნელთა მიერ შედგენილი) სასისხლო სიგელები, რომელთა არსებობა დადგენილია ქართულ დიპლომატიკაში ივ. ჯავახიშვილის მიერ.
საბუთების უმრავლესობა დაწერილია ქაღალდზე, ნაწილი კი ეტრატზე.
უახლოეს მომავალში დაიბეჭდება.
* სითარხნე - გადასახადებისაგან გათავისუფლება
* ხელრთვა - ძველად საბუთის გამცემის, უმეტეს შემთხვევაში მეფეების ან უმაღლესი სასულიერო პირის ხელის მოწერა. მოგვიანებით საბუთს უკვე ახლავს დამწერისა და მოხელეების ხელრთვა.