ENG / RUS       12+

რუსეთი და მისი ჩაუძირავი ავიამზიდები საქართველოში

რამდენიმე ხნის წინ, «ქართული ოცნების» არაფორმალურმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს «ვერსად  წაიღებს».

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, «საუბრები რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა შეხვედრის შესახებ არ არის სერიოზული».

თავად რომ იყოს პრეზიდენტი (დავით უსუფაშვილი, 2013 წელს, მას სწორედ ამგვარ «როქს» სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო) არა მგონია ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადება გაეკეთებინა, თუმცა  პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი მისი დამოკიდებულება ცნობილია და არც იცვლება, – პრემიერ–მინისტრთა ცვალებადობის მიუხედავად.

ზემოთმოყვანილ განცხადებაში ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ იმეორებს ცნობილ ქართულ ნარატივს «ზურგზე ვერმოკიდების» შესახებ.

«ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს»; «რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და ხომ არ წაიღებს ბოლო–ბოლო» – ხშირად გაიგონებ. იგივე გვესმის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრებისაგან, თუმცა პოლიტიკურ ლიდერს უფრო რთული ნარატივი ხომ მოეთხოვება, ვიდრე უბრალო მოქალაქეს?

რა თქმა უნდა, რუსეთი «ზურგზე ვერ მოიკიდებს» ჩვენს ტერიტორიებს და ვერსად წაიღებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ეს არც სჭირდება და არც აპირებს! არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით: მას სჭირდება (ახერხებს კიდეც) ეს ტერიტორიები გადააქციოს «ჩაუძირავ ავიამზიდად!»

არის ასეთი ტერმინი პოლიტოლოგიაში, რომელიც აღნიშნავს სამხედრო ტექნიკით და ჯარით გაძეძგილ მიწა–წყალს, რაც გამოიყენება რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ.  სწორედ ასეთ «ჩაუძირავ ავიამზიდად» აქცია მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებსაც «ავტონომიები» ერქვა, დღეს კი «დამოუკიდებელი რესპუბლიკები» ეწოდება.

ზურგზე მართლა «არ მოიკიდებს» იმ აზრით, რომ მაგალითად, სულაც არ აპირებს, ჯერ–ჯერობით, მიიერთოს «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა»: ოს სეპარატისტთა ლიდერები  სულ იმის ცდაში არიან, როგორმე ჩაატარონ რეფერენდუმი და «ჩრდილო ოსეთს» შეუერთდნენ, ანუ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგებლობაში. კრემლიდან კი აკრძალვა მოსდით: მოსკოვს არ აწყობს ასეთი რეფერენდუმი, რადგან მაშინ დადგება არასასურველი არჩევანის წინაშე და იძულებული იქნება ან ერთმნიშვნელოვანი უარი უთხრას, ან დაეთანხმოს.

რატომ არ აწყობს? იმიტომ, რომ «სამხრეთ ოსეთიც» და აფხაზეთიც მას სჭირდება იმ სტატუსით, როგორითაც დღეს ამყოფებს: ფსევდოდამოუკიდებელი «სახელმწიფოებისა», რომელთაც ფორმალურად ჰყავთ საკუთარი არმიები, საკუთარი სპეცსამსახურები და ა.შ.

რისთვის ესაჭიროება  ეს ყოველივე მოსკოვს? პასუხი ისტორიულ პრაქტიკაშიც შეიძლება ვიპოვოთ: ცოტამ თუ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში, სამეგრელოს თავს დაესხა არა მხოლოდ გენერალ შამანოვის სადესანტო დაჯგუფება, არამედ ე.წ. «აფხაზური არმიის» ქვედანაყოფები! მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება და დღემდე არავინ საუბრობს, ან სვამს კითხვას: ვინ იყვნენ ის უცნაურფორმიანი ჯარისკაცები, რუსებთან ერთად რომ ისხდნენ ჯავშანმანქანებზე ზუგდიდში, რომელთა ფორმა (სპეციალისტებმა უმალვე შენიშნეს) ოდნავ, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა რუსული სამხედრო ფორმისაგან?

ცოტანი იყვნენ. არა უმეტეს მეოთხედისა, მაგრამ ხომ იყვნენ?

რუსებთან ერთად მოძრაობდნენ სენაკში, არბევდნენ სამხედრო ბაზას და მზად იყვნენ, მცირედი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ერთიანად აეოხრებინათ მთელი სამეგრელო.

 სწორედ ისინი დაიძრენ (რუსებთან ერთად) ზუგდიდიდან – ჯვრისკენ, რამაც აიძულა კოდორის ხეობაში დისლოცირებული ქართული ბრიგადა, აქაოდა «ალყას გვარტყამენო», ხეობა მიეტოვებინა იარაღის ჩაბარებით.

აი, სწორედ ამ მიზნით სჭირდება რუსეთს «დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი», რომელიც ყოველთვის შეიძლება გამოიყენოს ჩაფრად, ვითომდაც «დამოუკიდებელი სახელმწიფოს» ფორმით – საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა პროვოკაციის მოსაწყობად.

მაგალითად, თუკი მომავალში მოსკოვს დასჭირდა «ნატო»–სთან საქართველოს დაახლოებისათვის ხელის შეშლა, პირდაპირი აგრესიაც არ გაუჭირდება. ოღონდ, ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო. ამგვარი ტექნოლოგია მისთვის ნაკლებ კომფორტულია ვიდრე ის, რომ  ტერიტორია «ზურგზე კი არ მოიკიდოს», მით უმეტეს აფხაზეთი კი არ «არჩინოს» (როცა ზოგიერთ საკითხში ურჩობას ბედავს და სახლებს რუსებზე არ ყიდის), არამედ განამტკიცოს მათი ე.წ. «დამოუკიდებლობა» და «რამე რომ იყოს», არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ სამხრეთ ოსეთმა შეუტიოს საქართველოს ე.წ. «თრიალეთის ოსეთის» («ტრიალეტსკაია ოსეტია») ან «თრუსოს ხეობის» დასაბრუნებლად, რომელიც თურმე ბერიამ და სტალინმა მიაკუთვნეს საქართველოს და სინამდვილეში ერთიან «ოსეთ–ალანიას» უნდა ეკუთვნოდეს.

ასევე, აფხაზეთი: თუ მოსკოვმა კიდევ ერთი აგრესია განიზრახა, მისთვის ბევრად კომფორტული იქნება სწორედ ე.წ. «აფხაზეთის  არმიამ» და არა რუსეთის არმიამ შეუტიოს ენგურის წყალსაცავს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს ის პრობლემა, რომ კავკასიაში უდიდეს ელექტროსადგურს ნაწილობრივ მაინც (ენგურჰესის კაშხლის სახით) თბილისი აკონტროლებს.

ამიტომ, ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც აცნობიერებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, იმას კი არ უნდა ამბობოდეს, «რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ვერსად წაიღებს» ან «ზურგზე ვერ მოიკიდებს» და «ტომრით ვერ გაიტანსო», არამედ პირიქით, დღენიადაგ უნდა ყვიროდეს, რომ უკვე წაიღო, დაიპყრო, მიისაკუთრა, მთლიანად აკონტროლებს, და რომ ეს ტერიტორიები საქართველოს წინააღმდეგ მომართულ «ჩაუძირავ ავიამზიდად» არიან ქცეულნი, ხოლო  ამ «ჩაუძირავი ავიამზიდიდან» ყოველ წუთს, ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ თვე და წელს შესაძლებელია მორიგი რუსული აგრესია არა მარიონეტული «არმიების», არამედ სწორედ ეთნიკური «დიზაინით» გაწყობილი რუსული ქვედანაყოფების მონაწილეობით.

მაგრამ ქართული პოლიტიკის ერთ–ერთი უდიდესი უბედურება ისაა, რომ ჩვენს ელიტებს კონსოლიდირებული პოლიტიკის უნარი არ გააჩნიათ და ვერაფერში თანხმდებიან.  იმაში მაინც, რა როლს ასრულებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიათა წაგლეჯვის საქმეში და როგორი დამოკიდებულება (არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, ელემენტარულად, საზოგადოებაში სწორ მესიჯთა  მიმართვის თვალსაზრისით) იქნებოდა ჯანსაღი და მიზანშეწონილი.

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .