ENG / RUS       12+

ინტიმური «დომინოს პრინციპი»

ცნობილი შოუ, როდესაც დომინოს ერთ ქვაზე თითის წაკვრით მრავალფეროვანი პროცესი ვითარდება მაყურებლის თვალწინ, ყველაზე მეტად ჰგავს იმას, რაც  ხდება საქართველოში მას შემდეგ რაც იფეთქა სკანდალმა «ინტიმური ვიდეოების» თაობაზე. ეს ანალოგია და მეტაფორა იმას ნიშნავს, რომ «პოლიტიკური ტალღები»  ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიტანონ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

ერთ–ერთი პირველი მაგალითია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება, რომ 2012 წლის სექტემბერში, ანუ  საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, «ციხის კადრების» გავრცელება, მათი ჩვენება და «გაფიარება» იყო იმავე დანაშაულის ნიშანთა შემცველი, როგორც ინტერნეტში ინტიმური ვიდეოების განთავსება რამდენიმე დღის წინ.

ძალიან საინტერესო განცხადებაა: გამოდის,  ირმა ინაშვილმა და იმ ჯგუფმა, რომელმაც მაშინ ამ საქმის «მენეჯმენტი» ნიჭიერად და მიზანმიმართულად განახორციელა,  დაარღვია კანონი, რაკი ხელი შეუწყო პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გავრცელებას ნაცვლად იმისა,  მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის  გამოძიების მოთხოვნით, ანუ მიეწოდებინა ადეიშვილისა და მერაბიშვილისათვის ის მასალები, რომელთა რეალური გამოძიება მათ ხელისუფლებას დაამხობდა!

 საინტერესო ინტერპერტაციაა. თუმცა ირმა ინაშვილს ეს ყოველივე, რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ეყოფა: «ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ». იყო იმდროინდელი ისტორია კანონის დარღვევა თუ არა, დღევანდელ სიტუაციაში ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედაც რომ ისტორიაა და წარსული. თუმცა, ამჟამინდელ დისკურსში თვით ამ საკითხის წამოჭრა ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, თანაც სწორედ იმ რაკურსში, რომ ეს პრორუსული ძალების პროვოკაცია იყო და დღევანდელი სექს–სკანდალიც რუსულ სპეცსამსახურთა ნახელავია – მნიშვნელოვანი მესიჯია, რომელსაც მთელი «ქეისი» სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვან სიბრტყეში გადაჰყავს და ახალ–ახალი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცევა უდავოდ.   

თუმცა, ჯერ–ჯერობით, ბევრად უფრო აქტუალური სხვა კითხვაა: რატომ არ გამოიძია დღევანდელმა ხელისუფლებამ ინტიმური ვიდოების საქმე, მაშინ როდესაც აბსოლუტურად ყველა მასალა ჰქონდა? უფრო მეტიც: თუ გახსოვთ, რამდენიმე პირი დააკავეს, ვინც უშუალოდ ამონტაჟებდა სასტუმროებსა და საუნებში ფარული თვალთვალის აპარატურას. ისინი იყვნენ კუდ–ის, სოდ–ის, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო თუ კონტრსადაზვერვო დეპარტამენტის თანამშრომლები. აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე, მათ დაარქივებული მასალა მოიტანეს, ყველაფერს დაწვრილებით მოყვნენ, გამოძიებასთან ითანამშრომლეს, დახურული პროცესიც გაიმართა, რომელზეც დადასტურდა საპროცესო შეთანხმება და ისინი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ან პირობითი სასჯელები შეეფარდათ და ა.შ.

ყოველ შემთხვევაში, ამ გრანდიოზულ საქმეზე, რომელიც ათასობთ ფაილს მოიცავდა, არავინ დასჯილა იმის მიუხედავად, რომ ყველა მასალა არსებობდა. არ გეჩვენებათ უცნაურად? კი ბატონო, გასაგებია, რომ დაპატიმრებული აგენტები, რომლებიც მოქმედებდნენ არა საკუთარი ნებით, არამედ ასრულებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების დავალებას, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ, ან პირობითი სასჯელი მიესაჯათ მას შემდეგ, რაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან,  – დაასახელეს, ვინ ავალებდათ, როდის, როგორ და ა.შ. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამ ჩვენებათა საფუძველზე არ აღძრულა არც ერთი სისხლის სამართლის საქმე  ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

რატომ მოხდა ასე? ძალიან საინტერესო კითხვაა. როგორც ჩანს მიზეზი ორი იყო:

  • დღეს მოქმედ ხელისუფლებას არ აწყობდა სპეციალურ სამსახურთა ზემძლავრი «კორპორაციის» განაწყენება, რადგან ეს კორპორაცია ყველას სჭირდება და დასჭირდება. აქ დაახლოებით იგივე სინდრომი ვლინდება, როგორც, ვთქვათ 2011 წლის 26 მაისის მიტინგის უსასტიკესად დარბევის გამოძიებაში, როდესაც არც ერთი პოლიციელი არ დაუსჯიათ იმისთვის, რომ სრულიად უკანონოდ სცემდნენ ადამიანებს უკვე პოლიციის განყოფილებებში. «საშუალო რგოლი თუ დავსაჯეთ, სისტემა თავზე დაგვენგრევაო». ანუ, შემსრულებელთა დასჯა არ აწყობთ, რადგან ამგვარი «შემსრულებლები» თავადაც დასჭირდებოდათ. ოღონდ, თუ 26 მაისის საქმეზე კიდევ შეიძლებოდა ვანო მერაბიშვილისთვის ყველაფრის «შეწმენდა» და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, «ინტიმური ვიდეოების» ქეისი უფრო სპეციფიური აღმოჩნდა. აქ შეუძლებელი იყო მხოლოდ დავალების მიმცემზე საქმის აღძვრა ისე, რომ შემსრულების პროცესს საყოველთაო ინტერესი არ გამოეწვია. სწორედ აქ ჩაერთო მეორე მოტივი, რომელიც პირველთან აშკარა  კავშირშია:
  • ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაენადგურებინა ინტიმური ვიდეოების არქივი, რომელიც, იმავდროულად, მტკიცებულებათა ბაზა იყო. ამ ბაზის გარეშე ვერავის პასუხისმებლობაში მიცემა ვეღარ მოხერხდება. შესაძლებელია მხოლოდ «გავრცელებისთვის» საქმის აღძვრა და არა იმისათვის, რომ პირადი მასალების ჩაწერა ხდებოდა. თანაც სისტემურად და ორგანიზებულად. არადა, როგორ გინდა მხოლოდ «გავრცელებისთვის» აღუძრა საქმე ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ერეკლე კოდუას ან ქარდავებს მაშინ, როდესაც მათ დროს მართლაც არავის არაფერი უნახავს ინტერნეტში, ინტერნეტში არაფერი გავრცელებულა და ყველაფერი გულდაგულ იყო შენახული.

«გულდაგულ» რომ იყო შენახული, ეს დადებითი კი არა, უარყოფითი ნიშანია: მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მასალებს იყენებდნენ მათი უშუალო დანიშნულებით, ესე იგი კონკრეტული ცნობადი სახეების შანტაჟისთვის. რეალურად, ეს ბევრად უარესია, რადგან ის, რაც დღეს ხდება, მოტივთა ფართო სპექტრით შეიძლება იყოს გამოწვეული: სექსუალური მანიაკის ავადმყოფური ვნებიდან – უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთა საინფორმაციო დივერსიამდე. ხოლო როდესაც მასალები იქმნება, არქივდება და არსად ჩანს, ეს უკვე მხოლოდ ერთს ნიშნავს: ხდება ამ მასალების ჩუმად გამოყენება კონკრეტული «სელებრითების» დასაბმელად – პოლიტიკური მიზნით.

 აბა სხვა რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რა უშიშროების მოსაზრება შეიძლება ედოს საფუძვლად იმას, რომ ბალზაკის ასაკის ქალს ჩაუსაფრდე და ახალგაზრდა  შეყვარებულთან გადაუღო? რა სახელმწიფოებრივ საფრთხეს ქმნის ეს რომანი, რომ მას ქვეყნის სპეცსამსახურებმა ასეთი ყურადღება მიაქციონ?

გამოდის, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, ამჟამინდელი ხელისუფლება მოქმედებდა საკუთარი  ინტერესებიდან გამომდინარე: მას სჭირდებოდა არქივის განადგურება (იმ ხალხის ჩართულობით, - ახლადშობილი ხბოს აღტაცებით რომ მოითხოვდა ამას ყველა გაფრთხილების მიუხედავად), რათა ამ გზით მოესპო მტკიცებულებათა ბაზა (!), აღარ ყოფილიყო საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და თავიდან აეცილებინა რეალური გამოძიება.

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ წინა, არამედ დღევანდელმა ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა  მარაზმისთვის, რაც ახლა ტრიალებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტიმური ვიდოების ინდუსტრიის შექმნასთან მას არანაირი პირდაპირი შეხება არა აქვს. მაგრამ  ნამდვილად აქვს შეხება იმასთან, რომ მტკიცებულებათა ბაზა, ესე იგი არქივი განადგურდა, ეს საქმე გამოწვლილვით არ იქნა გამოძიებული, ხოლო ინდუსტრიის შემქმნელნი – მკაცრად დასჯილნი.

ამგვარი  დაუსჯელობა კი ქმნის წინაპირობას, რათა სისტემური დანაშაული კვლავ განმეორდეს არანაკლები ან კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით

 „ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .