რესპოდენტის შესახებ
ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებამ გადაფარა, რომელიც პლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა მორალური დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. „ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს.
ოპონენტებზე მორალური ანგარიშსწორების გზით პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა:
- პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროკურატურა და შესაბამისი უწყებები მომხდარი ფაქტის გამოძიებით დაკავდნენ, თავად გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით კი, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამოვლენას. ითქვა, რომ დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება, მაგრამ არაერთი მსგავსი ფაქტის მიუხედავდ, დასჯის პრეცენდენტი არ დღემდე არ არსებობს. როგორ აფასებთ, პოლიტიკური ბრძოლის ამ ფენომენს და უკავშირდება თუ არა ის, კონკრეტული ძალების ბრძოლას სახელმწიფოს წინააღმდეგ?
-საერთოდ, მსოფლიო პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი მიმართულება -რეალპოლიტიკა და მისი მიმდევრები არიან მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, პრაქტიკოსი პოლიტიკოსები, ექს-პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სახელით წავიდნენ თავისი მოქმედების არეალიდან, მაგრამ საქართველოში არსებობს - პორნოპოლიტიკა. ოთხი წელია, ჩვენ პორნოგრაფიულ მასალებს ვარჩევთ, ამაზე ვვიშვიშებთ, ამით ზოგი ერთობა კიდეც. ამასობაში ქვეყანა ხელში ჩაგვადნა და ერთი გასამართლებული პირი, ვინც უკანონო მოსმენა, ჩაწერა, მონტაჟი და ტირაჟირება მოახდინა, ჯერ ვერ დავინახეთ. ამის გაკეთება ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომლის მოვალეობაშიც ეს შედის. შესაბამისად, ვისზე შეიძლება ეჭვი მიიტანო, როცა სივრცეში დაუსჯელად დღემდე ტრიალებს ამგვარი სიუჟეტები, ნაწილი გამოაქვეყნეს, ნაწილს გამოქვეყნებით ემუქრებიან. პრაქტიკულად მიმდინარეობს ფსიქოშანტაჟი პირადი ცხოვრების მასალების გამომზეურებით და სახელმწიფო არ აკეთებს არაფერს, გამოდის, რომ თავად სახელმწიფოს უმაღლესი სტრუქტურები არიან დაინტერესებული, ამ ფორმით მართონ ქვეყანა და პოლიტიკური პირები.
-არსებობს აზრი, რომ ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელიც თავად ხელისუფლების ამგვარად დისკრედიტაციით არის დაინტერესებული, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფაქტების გამო, პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ, ეს კამპანია მიზანმიმართულად სწორედ ამისკენ არის მიმართული...
--რომელი ხელისუფლების? მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ამ ჩანაწერებს ერთად აკეთებდნენ. პირველი ჩამწერი მოწყობილობა ივანიშვილმა უყიდა სააკაშვილის სპეცსამსახურებს 2004-2006 წლებში, ერთი ეგზემპლარი თავისთვის დაიდგა, ანუ ისინი რომ იწერდნენ, ეს კიდევ ამათსას იწერდა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს შიზოიდური მდგომარეობაა. ეს ჩანაწერები იმ დროიდანაც გადმოგყვა და მერე ივანიშვილმა ახალი ჩანაწერებიც დაამატა, რომელსაც ახლა აქვეყნებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ფირი გამოქვეყნებულია ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალებით, სხვანაირად ამას ვერავინ ვერ გაბედავდა.
-როდესაც საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ დამნაშავის წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს, მაშინ რით არის მოტივირებული პრემიერ-მინსიტრის განცხადება და პოზიცია, რომელიც მოქმედი მთავრობის პირველი პირია?
- ეს მოტივირიებულია შიშით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და დასავლური საზოგადოების წინაშე, სადაც ასეთ ფაქტებს ძალიან მკაცრად აფასებენ და ცუდად იღებენ. მათ წინაშე თავის მართლების გამოვლინებაა ასეთი განცხადებები, სხვა შემთხვევეაში, თუ დასაჭერია ვინმე, უნდა დაიჭირონ, გასასამართლებელი გაასამართლონ, დასასჯელი უნდა დასაჯონ, ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, აბა, ხალხი ერთმანეთს „ლინჩის წესით“ ხომ არ დაუწყებს ანგარიშის გასწორებას. რისთვის არის სახელმწიფო საჭირო, რომ არ დაუშვას პრეცენდენტი, რომ ადამიანების მორალი და პირადი ცხოვრება იყოს შელახულ-გამომზეურებული და შეურაცხყოფილი.
-არსებობს მოსაზრება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვერ შეასრულა მხრდამჭერი მოსახლეობის მთავარი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დაამყარა, რისი შედეგების მომსწრენიც ვართ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აქვს თუ არა საფუძველი ასეთი მოსაზრების არსებობას?
-ეს ის მოტივია, ქალს სხვა გზა არ ჰქონდა და გაბოზდაო. ეს მიდგომა ვრცელდება მთელ ხელისუფლებაზე, რომელიც კოჰაბიტაციას დათანხმდა. რას ჰქვია, სხვა გზა არ ჰქონდა, როცა ხალხმა ამხელა მანდატით ხელისუფლება განდო. შენია მთავრობა, პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები და შენ დადე პირობა, რომ დამნაშავეებს გაასამართლებდი, უკანონოდ წაღებულს დააბრუნებდი, შელახულ უფლებებს აღადგენდი, კომპენსაციას მოახდენდი და აღარ დაუშვებდი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ამის სანაცვლოდ კი, ყველაფერი უკუღმა გააკეთეს და ვინ არ მისცა საშუალება?
-მაშინ რა იყო კოჰაბიტაციის მთავარი მიზეზი?
-უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი თავის მილიარდებს მოუფრთხილდა, რომ მის ქონებას პრობლემა არ შექმნოდა, წინა ხელისუფლების ნაშთებთან და მემკვიდრეობასთან ბრძოლით რამე წინააღმდეგობა რა შექმნოდა და ამას ანაცვალა ქვეყნის ინტრესები თავის ამომრჩევლიანად.
- პასუხისმგბელობაზე თუ ვიმსჯელებთ, უკვე კარგა ხანია ბიძინა ივანიშვილს არანაირი სამართლებრივი, ან პოლიტიკური სტატუსი არა აქვს, რის მიხედვითაც შეიძლება, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისროს. თქვენ როგორ ხედავთ თქვენი ბრალდების განაჩენს?
-სწორედ ეს არის უბედურება, რომ მას არანაირი სტატუსი არა აქვს, პასუხს არაფერზე აგებს და სინამდვილეში ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი თვითონ არის, ყველაფერს ის წყვეტს, ალაგებს, ყველაზე დიდ მოგებას იღებს კორუფციით, რეკეტით და კრიმინალური ბიზნესით, თუმცა, ეს პოსტულატი უკვე დაძველებულია და ბიძინა ივანიშვილი პასუხს აუცილებლად აგებს, რადგან მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ფაქტიური მმართველი ის არის. ამდენად, მას სირაქლემას პოზაში ყოფნა არ გამოუვა.
-როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები შემოდგომაზე დაგეგმლი საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, იმის გათვალსწინებით, რომ მომხდარს თუკი, წინასაარჩვენო კამპანიის კონტექსტში განვილიხალვთ, ეს ოპოზიციაზე დარტყმაა?
-ივანიშვილის რეჟიმი თავისი ბოლო და უკნასკნელი არსებობის სტადიაში იმყოფება. რამდენიმე თვეში ეს რეჟიმი დასრულდება იმით, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა და მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც პასუხს მოსთხოვს მათ.
-ვინ გეგულებათ ასეთი, რომელიც შეძლებს ხელისუფლების ჩანაცვლებას?
-ლეიბორისტული პარტია და შალვა ნათელაშვილი, აბა, სხვა ვინ? სხვა ვინ გინდათ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიყვანოთ ისევ ხელიუფლებაში?
-ამხელა პოლიტიკური სპექტრის პირობებში ასეთი თავდაჯერებულობა რის საფუძველზე გაქვთ?
- ეს თქვენ არ გჯერათ, თორემ მე ოთხი წელია ამას ვაპირებ...
- წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტკური სუბიექტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციის პირობებში, ხომ არ გამორიხავთ შესაძლებლობას, რომ ოქტომბრამდე დარჩენილ დროში იდგეს პროცესების სხვა მიმართულებით გავითარების სურვილი?
-ასეთი პროცესები საარჩევნო კამპანიას ვერც შეჩერებს და ვერც შეაფერხებს, უბრალოდ, დაძაბულობას გაზრდის. საარჩევნო პროცესს და თავად არჩევნებს დაამახინჯებს ის ავადმყოფი საარჩევნო კანონმდებლობა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საპარალმენტო არჩევნები ჩაატაროს და თავისი ჭკუით მოიგოს. ეს არის ავანტიურისტული განზრახვა, რადგან არჩევნების მოსაგებად ხალხის ნებაა საჭირო, უნდა გქონდეს დასავლეთის მხრადაჭერა და „ქართულ ოცნებას“ არცერთი არ გააჩნია.
-მოსახლეობის განწყობების გათვალსწინებით, არსებობს თუ არა მყარი ელექტორატი, რომლის მხარდაჭერითაც „ქართული ოცნების“ მიერ უმრავლეოსობის შენარჩუნება შესაძლებელია?
-გამორიცხულია, „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფსკრულშია და ასეთი რეიტინგით ხელიუფლებას ვერ ინარჩუნებენ. თუმცა, თუკი ამის მცდელობა მაინც იქნება, მას აუცილებლად სამოქალაქო დაპირისპირება და კონფრონტაცია მოჰყვება.
-თქვენი აზრით, ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელზეც ამომრჩეველს შეუძლია თქვას, რომ აღარ უნდა „ქართული ოცნება“, მაგრამ უნდა -ის...
-როგორ არა, - ჩვენ...უმრავლეოსობას „ლეიბორისტული პარტია“ და შალვა ნათელაშვილი უნდა, რადგან ჩვენ ყოველთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოდით და ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით.
-მაგალითად, შიდა პარტიული რეიტინგის შეფასების ტექნოლოგიის მიხედვით, „რესპუბლიკელებს“ აქვთ შეხედულება, რომ ეს ძალა თავად არიან, იგივე მოსაზრება აქვთ სხვა პარტიებს...თქვენც ამგვარი მეთოდით გაქვთ გამოთვლილი?
-ნუ მათანაბრებთ ნურც „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და ნურც სხვა პოლიტიკურ ძალასთან. რეიტინგზე დავას არ დაგიწყებთ, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი და ამაზე უკვე უცხოეთშიც აღარ ეჭვობენ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ცალკე მივიღებთ და მერე შევქმნით კოალიცირ მთავრობას.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ხათუნა ხატიაშვილი