საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები, თითქოსდა, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და არც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებივით მოასწავებს (ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით წინაპირობები არ ჩანს) რევოლუციას, ნუ დავივიწყებთ მნიშვნელოვან გარემოებას: ორივე წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მას მართავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, რომლის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. ამიტომაც, მმართველი ძალის ერთიანობას არა თუ დიდი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
ხიდაშელ–თოფაძის ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მმართველი ძალის ლიდერები წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ. უფრო სწორად, მათი განცხადებები იმდენად დიპლომატიური და ბუნდოვანია, რომ მართლა ძნელია მკაფიო აზრი გამოიტანო და გასცე პასუხი საკვანძო კითხვას: იქნებიან თუ არა «რესპუბლიკელები» კოალიციის შემადგენლობაში მომავალი არჩევნების დროს? ანუ, მარტივად: მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ამ არჩევნებში პარტია «ქართულ ოცნებასთან» ერთად?
ამაზე, ჯერ ჯერობით, პასუხი არ არსებობს. თუმცა, ზოგიერთი დეტალი მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ანუ მისი უახლოესი გარემოცვა, რომელიც პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტშია კონსოლიდირებული, უკვე ცალ–ცალკე არჩევნებისკენ იხრება, რაც უეჭველად ნიშნავს რესპუბლიკელთა წასვლას ხელისუფლებიდან, რაკი ეს «ინტელექტუალთა კლუბი» საარჩევნო ბარიერს დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ გადალახავს. არც არასდროს გადაულახავს ცალკე და ვერც ახლა შეძლებს. თუ რატომ – სხვა საკითხია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ითვლება, რომ რესპუბლიკელები ძალიან ძლიერ ბერკეტებს ფლობენ ხელისუფლებაში. ასახელებენ მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ. მაგრამ დავსვათ კითხვა: რას წყვეტენ თავდაცვის, გარემოს დაცვისა და შერიგების მინისტრები? არაფერს!
პარლამენტის თავმჯდომარე, ფორმალურად, მეორე პირია ქვეყანაში, მაგრამ რეალურად, იგი მხოლოდ სპიკერია და უმრავლესობის გარეშე სრულიად უძლური შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკულ ვითარებაში.
სერიოზული გავლენა რესპუბლიკელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, ისინი რომ აკონტროლებდნენ, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს; მათი რომ იყოს გენერალური პროკურორი და ა.შ.
დღეს კი, «რესპუბლიკური პარტია» მხოლოდ დიზაინის ფუნქციას ასრულებს, რომელიც იმისთვის სჭირდება (სჭირდებოდა) ოცნებას, რათა მთავარი მოწინააღმდეგისა და მტრის – «ნაციონალური მოძრაობისათვის» – არ მიეცა პრორუსულობის დაბრალების საშუალება. ყველა–ყველა და პრორუსულობას რესპუბლიკელებს ვერავინ დააბრალებს. მათი ლიდერები ხომ პერმის საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარნი იყვნენ წლების განმავლობაში.
მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელთა მზარდმა ამბიციებმა მმართველი გუნდი აშკარად დაღალა. გიორგი კვირიკაშვილის მკაცრი განცხადება («ყვითელი ბარათი») თინა ხიდაშელის მიმართ პირველ რიგში იმით იყო გამოწვეული, რომ თავდაცვის მინისტრის საჯარო ეგზერსისები პრემიერის იმიჯს ურტყამდა: პოლიტიკური ტექნოლოგიის დაუწერელი კანონია: მინისტრი არ შეიძლება აკეთებდეს ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც ჯერ მთავრობის მეთაურს არ გაუკეთებია. და თუ თავდაცვის მინისტრი (მით უმეტეს თავდაცვის მინისტრი!) რაიმე თემაზე მწვავედ გამოდის მანამ, სანამ პრემიერ–მინისტრი დააფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას, ეს პირდაპირ ლახავს პრემიერის ავტორიტეტს! შესაძლოა ისრაელში ან შვედეთში ასე არ იყოს, მაგრამ საქართველოში ნამდვილად ასეა!
ის, რომ «ოცნება» რესპუბლიკელებთან «განქორწინებაზე» ფიქრობს, ბოლოდროინდელი ინიციატივით დასტურდება: პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს შესთავაზა საკონსტიტუციო შესწორება ოჯახის და ქორწინების, როგორც «ქალისა და მამაკაცის ერთობის» შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა, ისევე, როგორც პარტია «ოცნების» სხვა ლიდერებმა შესანიშნავად იციან, რომ «რესპუბლიკელები» ამ შესწორებას მხარს არ დაუჭერენ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივად რეზონანსული, ფილოსოფიური და კონცეპტუალური საკითხია! იქმნება სიტუაცია, რომ «რესპუბლიკელებს», მთელი მათი ინტელექტის მიუხედავად, «კარგი სვლები» აღარ რჩებათ: თუ ესოდენ ფილოსოფიურ, პრინციპულ საკითხში არ ეთანხმები მმართველ ძალას და მაინც რჩები მასთან კოალიციაში, მაშასადამე თავად ხარ უპრინციპო!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
«ჩვენ რატომ უნდა გავიდეთ კოალიციიდან, ისინი თავად გავიდნენო» – ხშირად უთქვამთ ლიბერალური პარტიის წარმომადგენლებს. ოღონდ ეს არგუმენტი არ გაჭრის. გაჭრიდა იმ შემთხვევაში, კოალიციას არა «ქართული ოცნება», არამედ გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია (როგორც 1994 წელს) რომ ერქვას. ან «ოცნება» და «რესპუბლიკელები» თანაბარზომადი ძალები იყონ. მაგრამ ხომ ცხადია, ვინ არის ამჟამინდელ კოალიციაში წამყვანი და ვინ – «დიზაინისთვის» შემოყვანილი?
არაა გამორიცხული, გიორგი კვირიკაშვილი, ხსენებული ინიციატივით, «რესპუბლიკელთა» ლიდერებს ეუბნებოდეს: თუ გინდათ წადით სადაც გნებავთ, მაგრამ თუ დარჩებით, მთავარ გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთო.
საპასუხოდ, რესპუბლიკელებმა შესთავაზეს, გაფორმდეს ორპარტიული შეთანხმება.
ბევრმა არასწორად გაიგო, თითქოს ლაპარაკია ორპარტიულ კოალიციაზე, რაც შეცდომაა: «რესპუბლიკელთა» ლიდერები, სინამდვილეში, იმას კი არ გულისხმობენ, კოალიციაში მხოლოდ ორი პარტია იყოს, არამედ მოითხოვენ «ვეტო»–ს უფლებას მნიშვნელოვან კოალიციურ გადაწყვეტილებებზე. ლევან ბერძენიშვილს ხომ ადრეც უთქვამს: რესპუბლიკელები პარტნიორებს სთავაზობენ საგანგებო დოკუმენტის გაფორმებას, რომელშიც არა მხოლოდ პროდასავლური კურსი და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა «გაწერილი» (როგორც 2011 წელს), არამედ კოალიციაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, კვოტები პოლიტსაბჭოში და ა.შ.
ეს არის სწორედ «ვეტო»–ს უფლება.
საეჭვოა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამას დაეთანხმოს. ამდენად, ისიც საეჭვოა, კოალიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, თუ ერთ–ერთი მხარე სერიოზულ კომპრომისზე არ წავა საკუთარ ღირებულებებთან.
პრობლემის თავი და თავი კი ისაა, რომ 2011 წელს კოალიცია შეიქმნა არა რაიმე ერთობლივი ღირებულებების გარშემო, არამედ მიშას წინააღმდეგ. «წინააღმდეგ» შექმნილი კოალიციები შეუძლებელია მყარი იყოს.
ახლა განსაკუთრებული გონიერება და სიზუსტე სწორედ «რესპუბლიკელებს» მართებთ. საკონსტიტუციო შესწორებით, ივანიშვილ–კვირიკაშვილის გუნდმა მათ ულტიმატუმი წაუყენა და რესპუბლიკელებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ, რაზე წამოვა «ოცნება» და რაზე უკვე არა. ანუ, სად გადის წითელი ხაზი «პრაგმატიზმსა» და სრულ ღირებულებით დევალვაციას შორის!
„ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი