1896 წელს ლონდონში გაიმართ სოციალ-დელეგატ ქალთა პირველი კერძო თათბირი, რომელმაც „გამოიტანა დადგენილება პროლეტარ ქალთა შორის სოციალისტური ბრძოლის აუცილებლი გაძლიერების შესახებ, რათა მუშა ქალებს მონაწილეობა მიეღოთ და გაეზიარებიათ საერთო კლასიური ბრძოლა და ქალთა პროლეტარული მოძრაობა აშკარად გამიჯნულიყო ბურჟუაზიული ფემინიზმისაგან“. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირში დაბეჭდილი ეს ისტორია არ ასახავს რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა უფრო ადრეულ წლებში კაპიტალისტურ სამყაროში. ფართომასშტაბიანი პროტესტი 1857 წელს დაიწყო. გაიფიცნენ ნიუ–იორკის სამკერვალო ფაბრიკის ქალები. მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. უკმაყოფილო ქალთა გამოსვლა პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე დღეს, 8 მარტს სწორედ ამ ქალებმა დააარსასეს პირველი პროფკავშირი. „მომდევნო წლებში ამ დღეს კიდევ უფრო მეტი ქალი გამოდიოდა საკუთარი უფლებების დასაცავად. 1908 წლის 8 მარტს ნიუ–იორკის ქუჩებში 15 000 ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის უფლების მოთხოვნით“ - ვკითხულობთ ქართული ვიკიპედიში.
მუშათა კლასის ქალთა მოძრაობას მაინც მიეცა დასწყისი.
1907 წელს შტუტგარდში მოიწვიეს სოციალისტ ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც გადაწყდა ქალთა საერთაშორისო ბიუროს დაარსება სხვადასხვა ქვეყნის ქალთა სოციალისტურ ორგანიზაციებთან კავშირის დაჭერისა და გერმანული ჟურნალის, „თანასწორობის“, საერთაშორისო მოძრაობის ცენტრალურ ორგანოდ აღიარებისთვის. კონფერენციაზე ერთ-ერთი ცენტრალური განსახილველი თემა იყო საკითხი პროლეტარ ქალთა საარჩევნო უფლების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, მუშა ქალთა საერთაშორისო სოციალისტურ თათბირზე შტუტგარდში გამოირკვა, რომ ბელგიელი, ავსტრიელი და შვედი ქალები ურიგდებოდნენ პროლეტარი ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების საკითხის მოხსნას. კონფერენციაზე ორთოდოქსულ თვალსაზრისს იცავდნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატი ქალები და, მართლაც, 47 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღეს გერმანიის დელეგაციის რეზოლუცია, რომელიც არა თუ ხაზს უსვამდა საყოველთაო საარჩევნო უფლებისათვის ბრძოლის პრინციპებს, არამედ გმობდა ქალთა პროლეტარულ ორგანიზაციების ყოველგვარ თანამშრომლობას ბურჟუაზიულ მოძრაობასთან .
ოღონდ წინადადება ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის შემოღების შესახებ არ იყო კლარა ცეტკინის ექსკლუზივი. წიგნში, „8 მარტი - კრებული ქალთა საერთაშორისო დღისათვის“, სქოლიოში (გვ. 40) ვკითხულობთ: „წინადადება დღის დღესასწაულის შესახებ შემოტანილი იყო ამერიკანელი დელეგატ-ქალების მიერ, რომლებმაც 1909 წელს ჩატარეს თავის ქვეყანაში აგიტაციის დღე ქალთა საარჩევნო უფლებისათვის“.
ქალთა მეორე საერთაშორსო კონგრესზე მიღებულ მანიფესტში ნათქვამია:
"ყველა ქვეყნის ქალებო!!! დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი შვილების წინაშე, ჩვენი ხალხების წინაშე, კაცობრიობის წინაშე და, თუ ჩვენ, ყველა ქალი - ჩვენ კი კაცობრიობის ნახევარს შევადგენთ - გამოვალთ დარაზმული რიგებით ახალი ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, - ომი არ იქნება! (აგიტატორის ბლოკნოტი, N4, 1950წ. გვ. 28-29).
1910 წლის 27 აგვისტოს ქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია, რომელშიც 17 ქვეყნის 130 დელეგატი მონაწილეობდა. ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა 1910 წლის 29 აგვისტოს გაზეთი „ახალი სიტყვა“ (N 59): „ყველა დელეგატს ქუდებში ჩარჭობილი ჰქონდა წითელი ვარდი. ტრიბუნაზე პირველი ავიდა გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი ქალი კლარა ცეტკინი.
- ამხანაგებო - დაიწყო მქუხარე ხმით ცეტკინმა - როგორ დაიწყო ქრისტიანობა? უწინ გამოჩნდა ერთი, შემდეგ - 12, მერე - 100, ახლა კი მილიონებია. სწორედ ასე ვითარდება და იზრდება საერთაშორისო ქალთა მოძრაობაც. არავის და არაფერს არ შეუძლია მისი შეჩერება. ჩვენ გადმოვლახეთ ზღვა და ხმელეთი, გადმოვედით სხვადასხვა სახელმწიფოდან და მოვედით აქ. სად არის საზღვრები? სად არის საზღვრების სვეტები? - მე მათ არ ვხედავ. პროლეტარიატს არა აქვს და არც უნდა ქონდეს ნაციონალური საზღვრები. მათ აერთებს სოლიდარობის გრძნობა მტაცებელ კაპიტალიზმთან ბრძოლაში. ბრძოლის მიზანია პროლეტარიატის განთავისუფლება, ხოლო ერთადერთი საშუალებაა ამის მისაღწევათ - ინტერნაციონალური სოციალიზმი“.
კლარა ცეტკინი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყოველწლიურად აღნიშნულიყო მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჰამბურგელი დელეგატი კლარა გერერსი, მის მონეფიორე და მის დონალდი. ამის შემდეგ ტრიბუნაზე ადის „ახალგაზრდა, მაღალი, ტანადი, ნაპერწკლის მფრქვეველი თვალებით რუსი დელეგატკა... მისმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო სოციალისტებზე, არამედ ბურჟუაზიული პრესის წარმომადგენლებზეც“. ოღონდ პუბლიკაციის ავტორი არ მიუთითებს ვინაობას, ვინ არის ეს მომხიბვლელი რუსი „დელეგატკა“.
ინგლისელი დელეგატები ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა ქალთა უფლებების გაფართოება თანდათანობითო, მათ მხარი დაუჭირეს ნორვეგიელებმაც. ბურჟუაზიასთან ასეთი „სასირცხო კომპრომისის“ წინააღმდეგნი იყვნენ მგზნებარე გერმანელი ქალები ცეცხლოვანი კლარა ცეტკინის ხელმძღვანელობით.
ელენ გრინბერგმა შემოიტანა წინადადება, ქალთა დღე აღენიშნათ ყოველწლიურად 19 მარტს. პირველი ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვეიცარიაში 1911 წლის 19 მარტს. 1912 წელს იმავე ქვეყნებში იზეიმეს 12 მაისს. 1913 წელს გერმანელი ქალები პროტესტით გამოვიდნენ 12 მარტს; ავსტრიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში - 9 მარტს; საფრანგეთსა და რუსეთში - 2 მარტს.
1914 წელს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტს გაიმართა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში. აქედანვე დაიწყო 8 მარტის ტრადიციაც!
დოკუმენტში, რომელიც 1910 წელს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, წერია: „ყველა ქვეყნის სოციალისტური მოძრაობის ქალები თვლიან, რომ ქალთა ხმის უფლების უქონლობა არღვევს ქალთა სქესის პოლიტიკურ თანასწორობას. ეს მოძრაობა იბრძვის შემდეგი კონკრეტული პრინციპების გამოხატვისთვის: ქალთა საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც, ხელმისაწვდომია ყველა ზრდასრული ადამიანისათვის, მიუხედავად ქონებრივი მდგომარეობის, გადასახადების გადახდის, განათლებისა და სხვა მახასიათებლებისა, რომელიც მუშათა კლასს არ აძლევს ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. ისინი ამ ყველაფრისთვის იბრძვიან არა სხვა ბურჟუაზიულ ქალთა უფლებების დამცველებთან თანამშრომლობით, არამედ სოციალისტურ პარტიებთან ერთად. და ქალთა საარჩევნო უფლებისთვის ბრძოლა, პრინციპებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, გადამწყვეტია საყოველთაო საარეჩევნო უფლებათა დემოკრატიზაციის პროცესში. ხოლო, ქალთა საერთაშორისო დღის შემოღებასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში ნათქვამია: „ქალთა პოლიტიკურ უფლებათა მინიჭებისთვის, ყველა სოციალისტი ქალი ვალდებულია, მუშათა კლასს შორის აქტიურად გაუწიოს აგიტაცია ზემოთ ხსენებულ პრინციპებს. გაანათლოს ისინი ლიტერატურისა და ლექციების საშუალებით, სადაც აღნიშნული იქნება ქალთა პოლიტიკური ემანსიპაციის აუცილებლობა და სოციალური საჭიროება. ამ პროპაგანდისთვის მათ ყველა შესაძლო საჯარო თუ პოლიტიკური პირები უნდა გამოიყენონ“ და „თავისი ქვეყნის კლასობრივად შეგნებულ, პროლეტარულ პოლიტიკური და სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ყველა ეროვნების სოციალისტმა ქალებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ „ქალის დღეს“, რომელმაც პირველ ადგილას უნდა დააყენოს ქალთა საარჩევნო უფლების მიღება. ეს მოთხოვნა განხილულია იმ სოციალურ ჭრილში, რომელიც სოციალისტური კონცეფციებიდან გამომდინარეობს“ (ახალგაზრდა სოციალისტები).
სხვათა შორის, კლარა ცეტკინი საქართველოში 1910 წლამდე იყო პოპულარული. ჯერ კიდევ 1905 წელს ივანე ხელაძის სტამბამ დაბეჭდა კლარა ცეტკინის წიგნი „დედაკაცი და მისი ეკონომიური მდგომარეობა“. ჩვენ მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ფრაგმენტს ამ ნაშრომიდან იმის დასტურად, თუ სინამდვილეში როგორ ესმოდათ ქალთა ემანსიპაცია და რა ფარულ თუ ცხად რისკებს შეიცავდა ეს დოქტრინა: „არავითარი ლოღიკური საფუძველი არა გვაქვს, რომ ქალს, „დედობრივი მოვალეობის“ გამო, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება ავუკრძალოთ ან და ეს მონაწილეობა შემოვსაზღვროთ. საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ ბავშვს დედის მზრუნველობა არ აკლდეს, სანამ ეს საჭიროა, სანამ დედა შვილისთვის მართლა ბუნებრივ აღმზრდელს წარმოადგენს, ე. ი. ძუძუმწოვარობის დროს. შემდეგ, როდესაც ბავშვი ძუძმუმწოვარობის ხანას გადაცილდება, თვით საზოგადოებამ უნდა იკისროს ბავშვის აღზრდა, იმან უნდა გაუწიოს მათ დედობა“.
1911 წელს ქალთა დღე იდღესასწაულეს გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვეიცარიაში. ამ დღისთვის გერმანიაში გამოუშვეს სპეციალური ჟურნალი „ქალთა საარჩევნო უფლებები“, ხოლო ავსტრიაში - „ქალთა დღე“. 1912 წელს ქალთა დღე 12 მაისს აღნიშნეს, ხოლო 1913 წელს ერთგვარი კრიზისი აღინიშნა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შემდეგი საკითხები:
1. უნდა იმართებოდეს თუ არა, საერთოდ, ქალთა დღე; 2.ჩატარადეს თუ არა 1914 წელს სპეციალური ქალთა დღე?!
კრებაზე ეჭვები გაფანტა ელენა გრიუნბერგის წინადადებამ, რომ პრინციპულად თანახმაა ქალთა დღის ჩატარებაზე „პარტეიტაგი“, თუმცა გერმანელი ქალები მაინც ორჭოფობდნენ: „ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ ქალთა დღის ყოველწლიურად ჩატარებას. ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ, აგრეთვე, რომ ის ყოველგან ერთსა და იმავე დღეს ტარდებოდეს“. ერთ-ერთი ორატორი, - ელენა ბრანდერბურგი მომხრე იყო, რომ ქალთა დღე ჩატარებულიყო მხოლოდ დიდ ქალაქებში, ინდუსტრიულ ცენტრებში. ლუიზა ციცის აზრით კი, ც.კ-ს წარმომადგენლობა უნდა ჰყოლოდა ისეთ ადგილებში, სადაც ბინის საკითხის მოგვარება იყო გაძნელებული. პრინციპში, მეორე ინტერნაციონალს არ ეყო ძალისხმევა ქალთა დღე მებრძოლ საერთაშორისო პოლიტიკურ კამპანიად გადაექცია.
1911 წლის ლოზუნგი იყო საარჩევნო უფლების მოპოვება, რაც 1912 წელსაც დარჩა ძალაში. 1913 წელს გაზეთი „Der Fraulntag“ ბეჭდავს ავსტრიელი სოციალისტი ქალის ადელაიდა კოპის წერილს „ქალებს რომ საარჩევნო უფლება ჰქონდეთ“, რომელშიც ავტორი დანანებით აცხადებს, რომ ქვეყნად ყველაფერი სხვა სახეს მიიღებდა, ქალს რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდესო. ის ასე აგრძელებს ოცნებას: „მუშა ქალი რომ პარლამენტში შევიდეს, ის მოუთხრობს ყველა მუშა ქალის უსაზღვრო ექსპლოატაციაზე, დედის ტანჯვაზე, როდესაც ისინი შობენ ბავშვებს მანქანასთან, მისთვის წესიერ და კეთილსინდისიერ მოვლის უზრუნველყოფისა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებაზე“.
გაზეთის ყურადღების ცენტრში მოექცნენ ინგლისში ქალთა საარჩევნო უფლების „პიონერი“ მარია ვოლსტონენკრაფტი და ცნობილი ფრანგი ქალი - ოლიმპია დე-გუჟი.
საფრანგეთში ქალთა დღე პირველად 1913 წელს აღინიშნა პარიზში, მისი ორგანიზატორი იყო ინესა არმანდი. თუმცა, ეს იყო ბოლო წელი ქალთა დღის აღნიშვნისა, რადგანაც მსოფლიო ომის ტალღებმა გაანადგურა და მოსპო ევროპის სოციალ-დემოკრატიის შენობა და ჩაკლა ქალთა სოციალისტური მოძრაობაც.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი დაითანხმებს ლენინს, რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს, სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის". ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
1921 წელს პირველად ინგლისის მუშა ქალებიც შეუერთდნენ ამ დღესასწაულს. გერმანელ მუშა ქალთა „კომუნისტკაში“ დიდი ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის სახელით დაბეჭდეს დორა მონტეფიორეს წერილი: „დეე, გაიღვიძოს მთელი ქვეყნის პროლეტარებმა! დეე, დაიმსხვრეს მისი ბორკილები ისე, როგორც რუსეთის პროლეტარიატისა.
ყველა ქვეყნის დებო-კომუნისტებო! შევფიცოთ ერთი მეორეს, რომ ქალთა საერთაშორისო დღეს ვიბრძოლებთ ჩვენი სოციალური და ეკონომიური განთავისუფლებისათვის და გვახსოვდეს, რომ ჩვენი განთავისუფლებით ჩვენ ვანთავისუფლებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს“.
ეს დღე პირველად აღნიშნეს ჰოლანდიელმა კომუნისტმა ქალებმაც ჰენრიეტა როლანდა ჰოლსტის ხელმძღვანელობით. მათი მთავარი ლოზუნგი იყო „მსოფლიო რევოლუციის გზით ქალების განთავისუფლებისაკენ“. ამავე ლოზუნგებით აღნიშნეს ეს დღე იტალიელმა ქალბატონებმაც. კომუნისტური პროპაგანდა კი ასეთ დასკვნას გვთავაზობდა; „და ყველა შემდგომ წლებში ქალთა დღე ტარდებოდა, პირველ ყოვლისა, როგორც მსხვილი პოლიტიკური კამპანია, რომლის დროსაც კომუნისტური ინტერნაციონალი საერთო პოლიტიკურ და სამეურნეო მდგომარეობის პირობებში მოუწოდებდა მშრომელ ქალებს თვითმოქმედებისაკენ, სიფრთხილისაკენ და ორგანიზაციული შეკავშირებისაკენ“.
რა თქმა უნდა, უკვე ნათელი იყო, რომ ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე 8 მარტი წმინდად კომუნისტური დღესასწაული გახდა და მისი მთავარი წარმმართველი ძალაც საბჭოეთში იყო დაბანაკებული. 1921 წლის 8 მარტს გაზეთ „პრავდას“ დამატებაში (#51) დაიბეჭდა ლენინის წერილი „მუშა ქალთა საერთაშორისო დღე“. პროლეტარიატის ბელადს, ლენინს, ქალთა გათავისუფლების ორეტაპიანი გეგმა ჰქონდა:
1. ბოლშევიკური საბჭოთა რევოლუცია ისე ღრმად სთხრის ქალთა ჩაგვრასა და არათანასწორობის ფესვებს, როგორც არც ერთ პარტიას და არც ერთ რევოლუციას არ აღმოუფხვრია ისინი მსოფლიოში. ქალის მამაკაცთან უთანასწორობისაგან ჩვენში, საბჭოთა რესპუბლიკის კანონებში, კვალიც კი აღარ დარჩენილა. გნსაკუთრებით უმწეო, საზიზღარი, თაღლითური უთანასწორობა საქორწინო და საოჯახო სამართალში, უთანასწორობა ბავშვთან დამოკიდებულებაში - სავსებით მოსპობილია!
2. მეორე მთავარი ნაბიჯი არის მიწაზე, ფაბრიკაზე და ქარხნებზე კერძო საკუთრების მოსპობა. ამით და მხოლოდ ამით გაიხსნება გზა ქალის სრული და ნამდვილი გათავისუფლებისათვის მსხვილ, განსაზოგადოებრივებულ მეურნეობაზე გადასვლის გზით.
იოსებ სტალინს კი ორი ასეთი „დიადი“ მიზანი ამოძრავებდა:
1. „პროლეტარიატის და მისი მოწინავე რაზმის, კომუნისტური პარტიის, პირველი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა აწარმოოს მუშა და გლეხ ქალთა განთავისუფლებისათვის ბურჟუაზიის გავლენისაგან მუშა და გლეხ ქალთა პოლიტიკური განათლებისა და მათ პროლეტარიატის დროშის ქვეშ დარაზმისათვის. ქალთა საერთაშორისო დღე მშრომელ ქალთა რეზერვის პროლეტარიატის მხარეზე გადმობირების საშუალებას წარმოადგენს;
2. მშრომელ ქალთა რეზერვისაგან მუშა და გლეხ ქალთა არმიის შექმნა, რომელიც პროლეტარიატის დიდ არმიასთან ხელი-ხელ ჩაკიდებული იმოქმედებს - ეს არის მუშათა კლასის მეორე და გადამწყვეტი ამოცანა“.
საბჭოთა პროპაგანდა ამოქმედდა მთელი სისავსით და ყველაფერი „დიდი ოქტომბრის“ მონაპოვრად მოინათლა. „აგიტატორის ბლოკნოტი“, (N4, 1950) ასე უხსნიდა მშრომელ გლეხობას: „ბოლშევიკურმა პარტიამ, მსოფლიოში პირველმა სოციალისტურმა სახელმწიფომ მოუტანა ქალს ნამდვილი თავისუფლება; მეფის რუსეთში მშრომელი ქალი უუფლებო და დამცირებული იყო. ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასის მხოლოდ 50-60 პროცენტს შეადგენდა... ძველ სოფელში გლეხი ქალი ყველაზე დაბეჩავებული არსება იყო; შრომა ქალისთვის წყეულ საქმედ ითვლებოდა; დიდი ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ მშრომელ ქალს სამუდამოდ აჰყარა მონობის ბორკილი (გვ. 12, 13, 15). საგანგებოდ მოუხმეს სტალინის „გენიალურ“ ნააზრევსაც: „ქალთა საერთაშორისო დღე მუშათა კლასის განმათავისუფლებელი მოძრაობის უძლეველობის მაჩვენებელი და მისი დიადი მომავლის მაუწყებელია“. ჟურნალი „მშრომელი ქალი“ (N3, 1939) ასე განმარტავდა: „8 მარტის დღესასწული ჩვენში ეს არის მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის დიად იდეათა დღესასწაული. 8 მარტი კაპიტალისტურ ქვეყნებში - არის დღე ყველა დემოკრატიულ ქალთა ახალი პოლიტიკური აღმავლობისა კაპიტალიზმის ბატონობის, სისხლიანი ფაშიზმის, ომის ამ ახალ გამჩაღებელთა წინააღმდეგ; დღე საერთაშორისო სოლიდარობისა თავიანთი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩინეთისა და ესპანეთის გმირი ქალებისადმი“.
თეო აბაშმაძე ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ წერილში (ცისკარი N3, 1960) სიამაყით ღაღადებდა: „საბჭოთა ქალები კანონიერად ამაყობენ იმით, რომ მსოფლიოში პირველმა ჩვენმა ქვეყანამ მოუპოვა ქალს სრული თავისუფლება და თანასწორობა, იხსნა იგი ექსპლუატაციის მძიმე უღლისგან, ეკონომიური დამოკიდებულებისაგან და ყველა პირობა შეუქმნა ნიჭის, შემოქმედებითი და ორგანიზატორული უნარის გამოვლენისთვის“ (გვ. 106).
ძალიან საინტერესოა ის მითითება, რომელიც პატარებისთვისაა განკუთვნილი ჟურნალ „დილას“ 1960 წლის მარტის ნომერში: „მოღვაწე ქალთა შორის პატივისცემით მოიხსენიება დიდი ლენინის მეუღლე და თანამებრძოლი ნადეჟდა კონსტანტინეს ასული კრუპსკაია. მან დიდი ამაგი დასდო საბჭოთა ხალხის კეთილდღეობას“.
უცნაური ბედის ერი ვართ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სისხლიანი 25 თებერვლის შემდეგ ზუსტად ორ კვირაში, როცა ტაბახმელაში ქართველი იუნკრების სისხლი ისევ აჩნდა ქართულ მიწას, თბილისში სადღესასწაულო დემონსტრაციას მოაწყობენ მშრომელი ქალები. ამ ფაქტს ხუთი წლის შემდეგ ასე ეხმიანება კრებული „ამიერ-კავკასიის მშრომელი ქალი“: „ამიერ-კავკასიის მშრომელმა ქალმა მიიღო საშუალება, იდღესასწაულოს თავისი დღე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან, სახელდობრ, 1921 წლიდან; პირველათ „საერთაშორისო დღე“ მშრომელმა ქალებმა იდღესასწაულეს მხოლოდ ტფილისში, ორი კვირის შემდეგ საქართველოს გასაბჭოების დღიდან - ეს იყო მშრომელი ქალების პირველი მასიური გამოსვლა, რომელიც დიდ მანიფესტაციად გადაიქცა. „მხოლოდ დღეს ვიგრძენით, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, მხოლოდ დღეს გავიგეთ, რა არის საბჭოთა ხელისუფლება და რას გვაძლევს იგი ჩვენ“ - აღელვებული ამბობდა მშრომელი ქალი ტრიბუნაზე.
ეს მანიფესტაცია გაიმართა „ალექსანდროვის ბაღში“ ძმათა სასაფლაოზე. „მიტინგზე ქალებს მიესალმა და დღესასწაულის მნიშვნელობა განუმარტა ფილიპე მახარაძემ“: „უკანასკნელ წლებში პარტიის მიერ ხელმძღვანელ პოსტებზე ასეულ ათასობით წამოყენებულ ნიჭიერ ახალგაზრდობის დიდ ნაწილს გენიალური სტალინის მამობრივი მზრუნველობით აღზრდილ ჩვენი ქვეყნის ქალიშვილთა საამაყო თაობა წარმოადგენს“ - გვარწმუნებდა „8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე“ (მეთოდწერილი სარეკომენდაციო სიითურთ, თბ., განსახკომი, 1939. გვ. 3-4).
სკკპ (ბ) აჭარკომის მუშათა და გლეხ ქალთა განყოფილებამ 1926 წელს გამოსცა კრებული „რვა მარტი და აჭარელი ქალი“, რომლის პირველსავე გვერდს ამშვენებს ლენინის სურათი მინაწერით:
„ვგრძნობთ, რომ დღეიდან აღარ გვექნება, ცრემლებით სავსე უბე და კალთა - რადგანაც თქვენი ჩრდილი მიუძღვის ტალღას, აჭარელ ფუხარა ქალთა“.
ამის შემდეგ ავტორები თავიანთ წერილებში გულმხურვალე სადიდებელს აღავლენენ და გვარწმუნებენ, რომ: „ოქტომბრის რევოლუციის მეხმა სამუდამოდ ჩაჰქოლა აჭარისტანის მშრომელი გლეხობის მტრები და გაამეფა ფუხარა (ღარიბი - ს.მ.) გლეხობა; აჭარელმა ქალმა „იგრძნო, რომ ახლოვდება ის დრო, როდესაც ფუხარა ქალის ქოხშიაც უნდა შეიჭრას ახალი სხივი და შესცვალოს საუკუნოებით ჩამოყალიბებული ძველი ცხოვრების სამარცხვინო ნაშთები.
ფუხარა ქალი ამაში არ მოსტყუვდა. ის გამოფხიზლდა საუკუნოებრივი ძილისაგან და შეუდგა ახალი ცხოვრების შენებას. მან შეიგნო, რომ მთელი დედამიწის ზურგზე მხოლოდ საბჭოთა კავშირშია მშრომელი ქალი სრულუფლებიანი ადამიანი და მოქალაქე. დღეს აჭარელმა ქალმა იცის, რომ მთელი დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთადერთი, კომუნისტური პარტია იბრძვის მშრომელი ქალის უუფლებობისა და ჩაგვრა-მონობის წინააღმდეგ“ და უკვე „ის ზიზღით იგონებს შავბნელ წარსულს, როდესაც მისი ხვედრი მხოლოდ ჩაგვრა-შევიწროება, უუფლებობა და მონობა იყო (გვ.8,10).
საბჭოთა ქალის პოტენცია ჭეშმარიტად ურღვევია. ქალის აზრი და შრომა ყველგან და ყველაფერში თავს იჩენს (საბჭოთა ხელოვნება, #3, 1963: 4).
1926 წელს ქუთაისის ადგილობრივი მეურნეობის სტამბაში დაიბეჭდა ბროშურა „8 მარტი და მშრომელი ქალი“. სტატიის ავტორი სიხარულით იუწყება, რომ 1926 წლის 8 მარტს საბჭოთა ქვეყნის მშრომელი ქალი გამოვიდა 15-პუნქტიანი ლოზუნგით;
პრესაში იბეჭდება 1926 წლის 11 თებერვლით დათარიღებული მიხა ცხაკაიას მისალმება ბაქოდან:
„გაუმარჯოს აზერბეიჯანის, სომხეთის, საქართველოს და ამიერ-კავკასიის ყველა ხალხთა მუშა და გლეხ ქალებს! გაუმარჯოს მთელი საბჭოთა კავშირის მუშა და გელხ-ქალებს! გაუმარჯოს მთელი მსოფლიოს მუშა და გლეხ-ქალებს! გაუმარჯოს ჩვენს საერთო 8 მარტის დღესასწაულს! გაუმარჯოს იმპერიალიზმის კლანჭებისაგან განთავისუფლებულ აღმოსავლეთის ჩაგრულ ხალხთა რევოლიუციას! გაუმარჯოს მასთან კონტაქტის საფუძველზე მსოფლიო პროლეტარულ რევოლიუციას! გაუმარჯოს საკავშირო კომპარტიას! გაუმარჯოს კომინტერნს, მთელი მსოფლიოს მშრომელთა და ჩაქრულ ხალხთა განმანთავისუფლებელს! გაუმარჯოს ლენინიზმს-კომუნიზმს-მარქსიზმს!“
1926 წლის გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა იოსებ სტალინის მისალმება, რომელშიც 8 მარტი სახელდებულია, როგორც ქალთა საერთაშორისო კომუნისტური დღე:
ს.ს.ს. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე პოლიტიკური განცხადებით გამოდის და 1926 წლის 8 მარტის დღესასწაულს იყენებს ბურჟუაზიული წყობილების კრიტიკისათვის. თავის სიტყვას კი ასე ამთავრებს: „მაშ, წინ - სოციალიზმისაკენ!
გაუმარჯოს მშრომელ ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს! ძირს ბურჟუაზიული წეს-წყობილება, რომელიც ჩაგრავს და იმონებს მშრომელ მასებს! გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, რომელმაც გაანთავისუფლა მთელი შრომელი ხალხი, როგორც მამაკაცები, ისე - დედაკაცები! გაუმარჯოს მშრომელ ქალებს! გაუმარჯოს სოციალიზმს!“
გავიდა დრო, 8 მარტს ნელ-ნელა ჩამოსცილდა სიტყვა კომუნისტური და აპელირება კეთდებოდა უფრო მის საერთაშორისო სოლიდარობაზე. ნ. ჯავახიშვილმა 1979 წელს 8 მარტი სრულუფლებიანობისათვის ბრძოლაში ქალებისადმი კეთილი ნების ადამიანთა სოლიდარობის გამომხატველ დღედ მიიჩნია (ნ. ჯავახიშვილი, გაზაფხულის დღესასწაული, ჟურნალი „საქართველოს ქალი“, N3, 1979).
დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
დასასრულ, გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ოფიციალურად აღინიშნება რვა მარტი: აზერბაიჯანი, სომხეთი, ავღანეთი, ბელორუსია, ბურკინა-ფასო, ვიეტნამი, გვინეა, საქართველო, ზამბია, ისრაელი, კამბოჯა, ყირგიზეთი, კირიბატი, ჩინეთი, კოსტა-რიკა, კუბა, ლაოსი, მადაგასკარი, მოლდოვეთი, მონღოლეთი, ნეპალი, ყაზახეთი, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უგანდა, უზბეკეთი, უკრაინა, ხორვატია, ჩერნოგორია და ერიტრეა.
8 მარტის აღნიშნის საკითხი პირველად გადაისინჯა 1990 წელს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ. ამავე წლის 22 ნოემბრიდან, უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა მანამდე არსებული ყველა დღესასწაული, გარდა სამოქალაქო ახალი წლის უქმე დღისა, – აღდგა ეროვნული, საეკლესიო დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული უქმე დღეები. მაშინდელ ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა ის კომუნისტური სულისკვეთება, რომელსაც ეს ფსევდოდღესასწაული ვერაფრით ვერ მალავს. გავიდა დრო და უკვე 1992 წლიდან, როცა ქვეყანაში მხედრიონის დიქტატურა მძვინვარებდა, ოფიციალურად ისევ გამოცხადდა 8 მარტი დღესასწაულად და უქმე დღედ. 2003 წლის თებერვალში კი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 8 მარტის დღესასწაულის გაუქმება მოითხოვა, მაგრამ ამაოდ! მაშნდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, კატეგორიული დასკვნით: „ეს დღესასწაული გაეროს მიერაა აღიარებული და, გარდა ამისა, ის ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება; ესეც რომ არ იყოს, ქვეყანაში არსებობს გაცილებით სერიოზული პრობლემები, ვიდრე 8 მარტის ბედ-იღბლის გადაწყვეტაა". ასე და ამრიგად, ნინო ბურჯანაძემ გადაარჩინა საქართველოში „ყვავილების ბიზნესის დღე“.
დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული - ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელშიც ოდითგანვე იყო ქალის კულტი; იქ, სადაც ქალის (წმინდა ნინო) სახელს დაუკავშირდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; სადაც ქალის (თამარის) მეფობის ეპოქა შეფასდა „ოქროს ხანად“; სადაც დედის სახელი რელიგიური სიწმინდის რანგში იყო აყვანილი, 21-ე საუკუნის საქართველოშიც ზარ-ზეიმითა და გაუნელებელი მოლოდინით ვიზეიმებთ თუ არა თავის დროზე სოციალისტ ქალთა მიერ აკვიატებულ და საბჭოთა იმპერიის პროპაგანდით განახლებულ 8 მარტს!
„ჯი-ეიჩ-ენი“, საბა მეტრეველი