საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის „სოკართან“ წაგებული ენერგეტიკული თამაში, მისი შემდგომი წარუმატებლობის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ამ „თამაშში“ მან მართლაც ისე გაიტანა გოლი საკუთარ კარში, რომ ალმურიც არ მოსდებია. თუმცა, ისიც ცხადია - კალაძე და „გაზპრომთან“ სიამტკბილობის მოსურნე ხელისუფლების წარმომადგენლები, აიძულეს მზერა ბაქოსკენ მიეპყროთ... „გაზპრომის“ თემაზე აქ შევჩერდეთ და ახლა კალაძის შიდაპოლიტიკური ამბიციების, ანუ პოლიტიკური თამაშის პერიპეტიებზე გადავერთოთ.
როგორც იტყვიან, ყველაფერი გენიალური მარტივია და კალაძეც, სწორედ მარტივად და „გენიალურად“ ცდილობს იაროს სასურველი მიზნისკენ. თან, ამაში, ხელს უწყობს ივანიშვილის რესურსი - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ამბიციები და საკუთარი დაუოკებელი „ოცნება“ - გახდეს პირველი. პირველი, არა ივანიშვილის მოწყალებით, არამედ „დამსახურებულად“.
კალაძის მარტივი სქემაა - გუნდი გუნდში.
თითქმის ყველა რაიონში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, კალაძემ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები ცალკეულ პერსონებთან, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატებად იყრიან კენჭს. „ოცნების“ გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ სიაშიც გააპარებს მინიმუმ 5 კანდიდატს და ამის შემდეგ ის საქართველოს პარლამენტში მიიღებს მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30 მხარდამჭერს, რომლებიც პარლამენტში მოხვედრისა და კალაძის მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, მუდამ მზად იქნებიან ივაჭრონ გენმდივნის სასარგებლოდ. უფრო სწორად, კალაძემ ივაჭროს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმის მიუხედავად, რომ მას მეტი კადრი ჰყავს შერჩეული, ისიც კარგად იცის, რომ ყველასთვის ვერ გამოიდებს თავს და ივანიშვილსაც ეყოლება საკუთარი ფავორიტები, რომლებიც კალაძის კარზე არ დააკაკუნებენ.
საშუალოდ, 25-წევრიანი ფრაქცია ან ფრაქციები, იმ ჭრელი კონფიგურაციის პირობებში, რომელსაც მომავალ პარლამენტში უნდა ველოდოთ, მართლაც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაბამისად, კალაძე თავისი ხალხით/ხმებით ივაჭრებს ყველასთან და ყველაფერზე საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
აღნიშნული მიზნის რეალიზებაში მან უკვე ჩააბა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის წევრები მხარს კი უჭერენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენლი კანდიდატურებს საოლქო საარჩევნო კომისიებში, მაგრამ კარგადაც ათვითცნობიერებენ თუ რა მორალურ და ზნეობრივ (სამომავლოდ სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობაზეც ფიქრობენ) კომპრომისებზე უწევთ წასვლა, როდესაც პროფესიონალებს მომავალი გამყალბებლებითა თუ „საქმის გამკეთებელი“ ადამიანებით ანაცვლებენ.
კალაძის დირექტივა პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ძალიან მარტივი - საოლქოს კანდიდატებს შეარჩევენ მომავალი მაჟორიტარები ან ადგილობრივი თავმჯდომარეები. სწორედ „კალაძის კადრების“ მიერ შერჩეული პრეტენდენტების სიები იგზავნებოდა „ოცნებაში“, „ოცნებიდან“ კი ცესკოს მდივან ჯავახიშვილთან, რომელიც „მრეწველი“ ტყემალაძის „დიდი ოჯახის“ წევრია. ისე, ექსმრეწველები ჭარბად მოიაზრებიან კალაძის ფავორიტებს შორის.
დაუჯერებელია, რომ კალაძის ამ ვნებების შესახებ არაფერი იცოდეს ივანიშვილმა, ან თუნდაც კვირიკაშვილმა. მაგრამ მათი ეს სიჩუმე და კალაძისთვის პარტიაში მიცემული კარტბლანში მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს და სულაც არ არის გამორიცხულო, კახა კალაძის ფიქრები - „პრემიერი ვიქნები“ ერთ დღესაც ისევე დაინგრეს, როგორც მისი ვნება „გაზპრომთან“ დაკავშირებით - „აქციონერი ვიქნები“.
და თუ დავუშვებთ, რომ ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა - ივანიშვილმა და პრემიერმა კვირიკაშვილმა არაფერი იციან კალაძის ვნებების შესახებ, მისი სუსხი და ინტრიგები უკვე გამოსცადეს შს, სასჯელაღსრულებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, დედაქალაქის მერზე რომ არაფერი ვთქვათ. სამათვრობო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ თოფაძის „მარგალიტები“ და თავდასხმა თავდაცვის მინისტრსა და „რესპუბლიკელებზე“ სწორედ კალაძის ინსპირირებულია. მისი მომავალი გუნდის ექსმრეწველი წევრების მიერ თოფაძისთვის ჩაწვეთებული.
დიახ, ამაზე არაფერს საუბრობს „ქართული ოცნების“ ელიტა, და რომც დაიწყოს საუბარი, იტყვან სისულელეაო, მაგრამ შუბი ხალათში არ იმალება და ყველამ ყველაფერი იცის.
მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ორგანიზაცია „ახალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ღიად ამბობს: „პარტია ხელში ჩაიგდო. პარტიასთან ერთად საქართველოსაც დაეპატრონა”. სადღობელაშვილი იმედოვნებს, რომ „ხმას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ამოიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებზე 41-ის შემოხაზვით კალაძის კლანს აირჩევენ“.
თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, კალაძემ ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი რაც შეძლო - ღარიბაშვილის „დამარცხებაა“ და ამ მარცხში მის წვლილზე უფრო მეტი, მაინც „სიმამრის“ წვლილი და თავად ღარიბაშვილი პოლიტიკური გამოუცდელობაა.
თუმცა არც ამ ბრძოლის პერიპეტიების გახსენება იქნება ურიგო. არავისთვის დასამალი არ არის და უკვე ლამის მთელი ქვეყნისათვისაა ცნობილი, რომ კალაძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. კალაძემ იმ წამს შს მინისტრობა მოითხოვა და ეს თანამდებობა ვერ მიიღო. წინააღმდეგი - ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლის მხარე დაიკავა.
აი, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს პრემიერ ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კალაძის დაპირისპირება. კალაძე მაშინ შს მინისტრი ვერ გახდა, მაგრამ გომელაურს არაერთი კადრი შესთავაზა, ისევე როგორც თავის დროზე, ძმაკაცურად სთხოვდა ხოლმე ღარიბაშვილს, ამა თუ იმ პერსონის საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნას.
სწორედ ეს კადრები გამოადგა კალაძეს ღარიბაშვილთან საბრძოლველად. ისე, იმედია კალაძეს კარად ახსოვს ის პერიოდიც, როდესდაც ივანიშვილი გაებუტა და მზად იყო ჩამჯდარიყო თვითმფრინავში და გაქცეულიყო. შემდგომ „შორეული საზღვარგარეთიდან“ გაეკეთებინა განცხადება გადავდექიო.
მაშინ, კალაძეს მისმა „მეგობრებმა“ უთხრეს, რომ ბიძინა ამას არ აპატიებდა, რეალურად დაკარგავდა „ოფლით ნაშოვნ“ ყველა აქტივს და ნულზე დარჩებოდა. შესაბამისად, უკეთესი იყო, კი არ გაქცეულიყო, არამდე დალოდებოდა: თუ ბიძინა „გააგდებდა“პოლიტიკური ლიდერი გამხდარიყო და ოპოზიციაში ჩადგომოდა ივანიშვილს. ამ, დუღილის პროცესში, კალაძის ცხოვრებაში გამოჩნდა უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის „საყვარელი დეიდაშვილი“ და ყველაფერი დალაგდა. ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ტანდემი კალაძე-მამაცაშვილის ტანდემის წინააღმდეგ. მედიამ ღარიბაშვილის წინააღმდეგ წერტილოვანი და შემდეგ ფართომაშტაბიანი ფრონტი გაშალა. ძნელი მისახვერი არ არის რა წყაროებით ხვდებოდა მედიაში ღაიბაშვილის კლანის მაკომპრომატირებელი მასალები. მრჩევლებმა ღარიბაშვილსაც შესთავაზეს, რომ ანალოგიური სქემით ემოქმედა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა, რადგან მაშინ მამაცაშვილის გვარი იტივტივებდა კალაძესთან ერთად, ეს კი პირდაპირ დააზიანებდა ივანიშვილის ინტერესებს, მის იმიჯს. უარესიც, თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ეს იქნებოდა ღია ბრძოლა არა კალაძის, არამედ ივანიშვილის წინააღდეგ. ამას მოერიდა ღარიბაშვილი და კალაძის „თემები“ არ გამოფინა საჯაროდ. კალაძემ ღარიბაშვილზე მასირებული დარტყმა, სწორედ მამაცაშვილს მიაყენებინა, რასაც შუშის სასახლის ”რაზბორკები” მოჰყვა და ჯანყარაშვილი-ჩხენკელების არა თუ ჩამოლაბორანტება, არამედ სამიზნეზე აყვანა. ჯანყარაშვილი ღარიბაშვილის აქილევსის ქუსლად და მისით მანიპულირების უმთავრეს იარაღად იქცა. რა თქმა უნდა, კალაძე არ დამცხრალა, მან სრულად აიღო საკუთარ ხელში პარტიის მართვის ბერკეტები. თუმცა ფართომასშტაბიან ბრძოლაში მაინც დამარცხდა და დაპირების მიუხედავად, ღარიბაშვილი კვირიკაშვილით ჩაანაცვლეს.
რაოდენ გასაკვირიც უნდა აღმოჩნდეს, გამოცდილი მცველი „ოფსაიტში“ აღმოჩნდა. და სწორედ აქ მიიღო მან საბოლოო გადაწყვეტილება - საკუთარი „ბანქოს სახლის“ თამაშის დაწყების შესახებ - გუნდი გუნდში, რაც საბოლოოდ მისი ყველაზე გავლენიან პერსონად გახდომით უნდა დასრულდეს.
ქართული HOUSE OF CARDS? მაგრამ ამ გენიალურ გეგმაში მთავარი სწორედ მისი სიმარტივეა. ანუ ის, რომ კალაძის გუნდში საკმაოდ ბევრი ენაჭარტალააა და ვეჭვობ, სწორედ მათ გვარებს დაუდებს მთავარ კომპრომატად, თავის დროზე, ივანიშვილი კალაძეს. საქმის გარჩევა კი „ბანქოს სახლში“ კი არა შუშის სასახლეში მოხდება.
„ჯი-ეიჩ-ენი“, გოჩა მირცხულავა