რესპოდენტის შესახებ
“ჯი-ეიჩ-ენს” ესაუბრა ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე.
- ბატონო სერგო, რამდენიმე თვის წინ თქვენ გააკეთეთ პროგნოზი, რომ ბაზარზე გამოჩნდებოდა ახალი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა „გლობალურ ალიანსთან“ და „ალფამედიკთან“. როგორც აღმოჩნდა, ალფამდეიკის და გლობალური ალიანსის კვალი ავსტრიაში მიდის და შემდგე ოფშორებში იკარგება. რა პარალელებს ხედავთ ამ კომპანიებს შორის?
- კი ბატონო, მართალს ბრძანებთ, დიდხანს ლოდინიც არ დაგვჭირდა. „გლობალური ალიანსის“ აქტიური ძალისხმევით შემოვიდა „ალფა მედიკი“, რომელმაც, ბოდიში ჯარგონისთვის, „დაითრია“ სამი უმსხვილესი კლინიკა თბილისში და ათეულობით ამბულატორიაზეა კიდევ საუბარი. ამას მოჰყვა რამდენიმე თვეში ჰუმანითი ჯორჯია, რომელსაც 30 მილიონი უფეშქაშეს ჩვენი ჯიბეებიდან.
სცენარი ყველა შემთხვევაში ერთია, სასწრაფო წესით დაფუძნებული კომპანიები ნომინალურ პირებზე, რომელთა სახელებზე კიდევ ათეულობით სხვადასხვა კომპანიაა დაფუძნებული, ზოგის კვალიც საერთოდ ოფშორებში მიდის და მფლობელის ვინაობის დადგენა საერთოდ შეუძლებელია. ამას მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან ექსკლუზიური კონტრაქტების გაფორმება ამ კომპანიებთან, რომელთა უკანაც არ ვიცით ვინ დგას და სავსებით შესაძლებელია, რომ ისევ ხელისუფლებასთან და მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები იყვნენ. თან საინტერესოა, რომ იმდენად დაჩქარებული წესით ხდება ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის დროც არ აქვთ, რომ რამე მეტნაკლებად დამაჯერებელი ლეგენდა მოიგონონ და აბსოლუტურად ალოგიკურ და არასერიოზული არგუმენტებით ამყარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. და ზოგ შემთხვევაში, როგორც სერგეენკოს მაგალითზე, საერთოდ არანაირ ახსნა-განმარტებას არ იძლევიან. ყველა ნიშანია იმისა, რომ სახეზე გვქონდეს კლასიკური კარტელური გარიგება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საეჭვო რეპუტაციის ფინანსურ ჯგუფებს შორის. და, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევაში, კომპანიები დაფუძნებულია მათთან კონტრაქტების გაფორმებამდე რამდენიმე თვით ადრე, და არ გააჩნიათ არანაირი გამოცდილება და თავიანთ მოღვაწეობას პირველად იწყებენ საქართველოში ყველანაირი წინარე გამოცდილების გარეშე.
- თუმცა ხელისუფლება აპელირებს იმით, რომ წამლების ფასები იაფდება და რომ დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუ რა კომპანიაა, და ვინ დგას მის უკან. თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?
- თავისთავად, წამლის გაიაფების მოწინააღმდეგე არავინაა, მაგრამ ზოგიერთი წამლის გაიაფება არ ნიშნავს პრობლემის მოგვარება, რასაკვირველია. გავიხსენოთ, რომ იაფი ინდური წამლები ბევრჯერ შემოსულა ბაზარზე, მათ შორის ჰუმანითის მიერ მოწოდებულზე უფრო იაფიც, მაგრამ მათი მოკლევადიანი გამოყენება ანახებდა მათ უვარგისობას და მათ ვერ დაიმკვიდრეს გამოყენება ვერც ექიმებში და ვერც პაციენტებში. რა თქმა უნდა, ვიმეორებ, რომ არაფერია ცუდი ჯენერიკულ წამლებში, თუ ის არის მაღალი ხარისხის და გამოცდილი მედიკამენტი. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერანაირ გამოცდილებაზე და ეფექტურობაზე ვერ ვიმსჯელებთ.
- რატომ, ჰუმანითი ჯორჯიას გამოცდილება არ აქვს?
- საქართველო არის პირველი ქვეყანა სადაც ჰუმანითი ჯორჯია იწყებს ოპერირებას. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს კომპანია მრავალ ქვეყანაში ოპერირებს და რამდენიმე მილიონიანი პროექტები აქვს განხორცილებულიო, როგორც მოკვლევამ აჩვენა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და მინისტრი უბრალოდ ცრუობს.
ეს ისეთივე მითია, როგორც „გლობალური ალიანსის“ შემთხვევაში, როდესაც მინისტრმა მომსახურების შესყიდვის გამარტივებული წესით კონტრაქტი გაუფორმა აბსოლუტურად გამოუცდელ და საეჭვო კომპანიას. ეს არის ერთი და იმავე ჯაჭვის სხვადასხვა რგოლები და თანდათან გარკვეული „ლოგიკა“ ეწყობა მათ საქმიანობაში.
წამლის ხარისხს რომ თავი დავანებოთ, ფარმაცევტულ ბაზარზე იქმნება აბსოლუტურად უკონკურენტო გარემო, რადგანაც მთავრობა უქმნის სასათბურე პირობებს მასთან დაახლოებულ კომპანიას. ამავე დროს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე არსებული კომპანიებისთვის არც კი შეუთავაზებია, რომ მიეწოდებინათ ანალოგიური მედიკამენტები იგივე პირობებით, იქნებ ისინიც ახერხებდნენ მსგავსი მომსახურების გაწევას მსგავსი ტარიფებით. როგორც ჩანს, არსებული ოლიგო-მონო პოლიური სურათი კიდევ უფრო მძიმდება. გარდა ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი წამლების იძულებითი წესით ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ანუ, სხვა მედიკამენტებს, ფაქტობრივად, აღარც დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროგრამის ფარგლებში. ეს იმის ფონზე, რომ არ ვიცით ამ წამლების ეფექტურობა და ხარისხიანობა საერთოდ.
კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას, ახლოვდება არჩევნები და გაიაფებული წამლები ეს საკმაოდ მომგებიანი თემაა ხელისუფლებისთვის. თანაც შეხედეთ ვადებს, ადრეც ვახსენე, რომ სანამ დამტკიცდება რომ რომელიმე წარმოების წამალი ეფექტურია და მომხმარებელი აღიარებს მას, საჭიროა გავიდეს გარკვეული დრო. არჩევნებამდე სულ თვეებია დარჩენილი, შესაბამისად მთავრობას შემოაქვს გაიაფებული წამლები, ამით ამომრჩევლის გულს იგებს, ხოლო როდესაც ამომრჩეველი იგებს, რომ ეს წამალი არ არის მაღალი ხარისხის და ნაკლებეფექტურია, ამ დროისთვის არჩევნები უკვე ჩატარებულია და რამის შეცვლა უკვე ძნელია. ასე, რომ ამ სვლით, მთავრობა რამდენიმე კურდღელს კლავს, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს სურს, რომ შეამციროს გაზრდილი დანახარჯები, რომელსაც ის ვეღარ აკონტროლებს რაც გასული წლის ბოლოსაც დავინახეთ, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თითქმის 25% იანი გარღვევით დაასრულა და მას დაუმატეს სხვა სამინისტროების მიერ აუთვისებელი თანხებიდან 100 მილიონამდე. და მეორე მხრივ, სახელისუფლებო გუნდი იღებს დამატებით ხმებს „მადლიერი“ ამომრჩეველისგან, სანამ ის მიხვდება, რომ შესაძლოა მას „შეატყუეს“ უეფექტო მედიკამენტები.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ლაშა ნოდია