საქართველოში ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დანერგვასთან დაკავშირებით მომზადებული კონცეფციის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ გაიმართა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საქართველოში ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დანერგვასთან დაკავშირებით კონცეფცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენასეობის მხარდაჭერა საქართველოში" მომზადდა. (პროექტს ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „ჰუმან დაინამიკსი~ ახორციელებს).
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა დონორ ორგანიზაციებს პრიორიტეტული მიმართულებების პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრაზე საქართველოში დამისამართების ერთიანი სისტემის განვითარებისათვის მომზადებული კონცეფციის განხილვაც შედგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა საერთაშორისო დონორების მხარდაჭარით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება შეძლო.
ევროკავშირის მხარდაჭერით ბიომეტრიული პასპორტების გაცემის პროცესი დაიწყო. საქართველოში პირველი ბიომეტრული პასპორტი 15 აპრილს გაიცა. ქვეყნის მასშტაბით ბიომეტრული პასპორტის ბეჭდვის სამი ცენტრი მუშაობს. (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში).
დონორებთან შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას ისახავდა მიზნად.
კვლევის თანახმად, საზოგადოება საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების სისტემის დანერგვას პროგრესულ მოვლენად მიიჩნევს.
„ბიომეტრიული პასპორტების სისტემაზე გადასვლით მნიშვნელოვნად მარტივდება ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლის რეჟიმი. ეს არის ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისაკენ. მოხარული ვარ რომ ევროკავშირი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო რეესტრის ინსტიტუციონალური გაძლიერების მხარდაჭერის პროექტებში,"-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პერ ეკლუნდმა.
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, სამოქალაქო რეესტრთან ცესკოს თანამშრომლობის ნაყოფიერი შედეგია ის, რომ დღეს საარჩევნო სიები ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
მისი თქმით, რაც შეეხება დამისამართებისა და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების კონცეფციებს, აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სიების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და ამომრჩეველთა ნდობის ხარისხის გაზრდას.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტების განხორციელება სახელმწიფო სექტორისა და ბიზნესის განვითარებას მთლიანად შეცვლის. საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემაზე გადასვლის პროექტის განხორციელება 2011 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტების შესრულებისთვის დონორი ორგანიზაციების დახმარებაა საჭირო.