რესპოდენტის შესახებ
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირების „განაჩენი“ კვირის ბოლოს პოლიტსაბჭოზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, „რესპუბლიკელებმა“ „მრეწვლების“ ლიდერი გოგი თოფაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში დაადანაშაულეს და მისი განსჯა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს მოსთხოვეს. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, "რესპუბლიკელებისადმი" პირადი წყენის საფუძველი დეპუტატ გოგი თოფაძეს ჰქონდა, თუმცა მისი პასუხი გასცდა კონკრეტულად „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთ წარმომადგენელს, არამედ გადასწვდა კოალიციისა თუ მთავრობის პოზიციას საგარეო თუ საშინაო საკითხებში.
მისივე თქმით, არასწორია აქცენტირება იმაზე, რომ ერთმანეთს ორი ხაზი დაუპირისპირდა – „რესპუბლიკელების“ და „მრეწველების“.
უმრავლესობაში თავს იკავებენ ვარაუდების გამოთქმისგან, თუ რა და როგორ მოხდება და იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი, მაგრამ აცხადებენ, რომ ზოგადი სურვილია კოალიცია შენარჩუნებულ იქნას.
მმართველო კოალიციაში არსებული დაპირისპირებისა და პოლიტსაბჭოს მოსალოდნელი შედგების თემაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
-„რესპუბლიკელების“ ოფიციალური განცხადების შემდეგ, გადაწყდა, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის დაპირისპირების თემაზე უნდა ჩატარდეს პოლიტსაბჭო, სადაც გოგი თოფაძის ორიენტაციისა და მისი ბრალდებების შინაარსს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სხდომა ხმაურიანი იქნება. „რესპუბლიკელების“ მთავარი არგუმენტი ის არის, რომ გოგი თოფაძესა და მათ შორის არის იდეიოლოგიური განსხავავებაა და დანარჩენი კონკრეტული ბრალდებები აქედან გამომდინარეობს. როგორც უკვე ითქვა, კოალიცია არ დაიშლება, მაგრამ რა გადაწყვეტილებამ შეიძლება განხმუხტოს სახელისუფლებო გუნდის წვრებს შორის არსებული დაპირისპირება?
-რა თქმა უნდა, ეს არ არის კონფლიქტი გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის, ან „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის. პრობლემა არის სისტემური და სათავეს ჯერ კიდევ კოალიციის დაარსებიდან იღებს. კოალიცია „ქართული ოცნება“ თავიდანვე ეკლექტური იყო, არ იყო მსოფლმხედველობრივი ერთიანობა და ეს არ შემოიფარგლება გოგი თოფაძით და „რესპუბლიკელბით“, როგორც ახლა სურთ, რომ წარმოადგინონ. პრობლემა უფრო ღრმა არის და ბევრად უფრო მეტი ადამიანია ფუნდამენტურ დაპირისპირებაში ჩართული. მეტსაც გეტყვით, კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ საკმაოდ სერიოზული უმრავლესობისთვის არის „უცხო სხეული“ და მათი გონორი, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ისიც გაუგებარია, ეს პარტია ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანს საკუთარ ბედთან რატომ აკავშირებს. ამით იყო თავის დროზე დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ერთადერთი გარანტი „ნაციონალური მოძრაობაა“ და ვინც მას ეწინააღმდგება, ყველა რუსეთის აგენტიაო, მერე ეს ესტაფეტა შედარებით მცირე მასშტაბით გადაიბარეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნის კურსს ექმნებოდა საფრთხე, თუ ისინი მინისტრები არ იქნებოდნენ და იგივე რიტორიკას ახლა „რესპუბლიკური პარტია“ ეწევა. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ქვეყნის გარანტი არცერთი მათგანი არ არის, რადგან ქვეყნის კურსის გარანტი ქართველი ხალხი და საზოგადოებაა. ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასწორი ამბიცია „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან. თუ მათ კონფლიქტი აქვთ ვინმესთან, შეუძლიათ ეს კონფლიქტი არეგულირონ, მაგრამ ქვეყნის ბედს ნუ დაუკავშირებენ ქვეყნის არჩევანს, რადგან ამას მათზე ბევრად წონადი გარანტები ჰყავს, იგივე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახით. საერთოდ, ყველა პარტიას და მათ შორის, „რესპუბლიკურ პარტიას“ მოვუწოდებ, უკანა კარიდან კი ნუ ცდილობენ საკუთარი პრობლემის გადაწყვეტას, არამედ ხალხს დაელაპარაკონ და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვის ენდობა და ვინ უნდა რომ მართოს ქვეყანა. პარტიებმა საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა მოიპოვონ, ვიღაცის კარზე კი არ უნდა ეძებონ ძალაუფლების წყარო, არამედ ხალხთან პირდაპირი დიალოგის შედეგად შექმნან ის.
-საქმე ის არის, რომ „რესპუბლიკური პარტიას“, რომელიც უკვე მეოთხე წელია მმართველ უმრავლეოსობაში მუშაობს, კონკრეტულად აქვს გარკვეული საგარეო კურსის მიმართულება და ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედგები მათი მუშაობის შედეგიც არის. ასეთ ვითარებაში „რესპუბლიკელების“ მისამართით იმის ძახილი, რომ ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან, რაზე მიანიშნებს?
-გოგი თოფაძემ თქვა ის, რაც თქვა. ჩემთვის აბსულუტურდ მიუღებელია ბევრი რამ, რასაც გოგი თოფაძე ამბობს, თუმცა, ეს მისი მოსაზრებები და საკუთარი პასუხისმგებლობის ზონაა. ერთი პარტია რომ მეორე პარტიის თავმჯდომარის, ან წევრის გაგდებას ითხოვს, ეს რომელი კონტიტუციის მუხლია? კოალიციიდან წასვლა, კოალიციის სხდომაზე შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვოსო, ეს რანაირად უნდა მოხდეს?
-გოგი თოფაძეს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი პარლამენტის დატოვება, რაც შემდეგ გადაიფიქრა. სწორედ ამას ახსენებენ დღეს...
-კი ბატონო, გადაიფიქრა. მას აქვს უფლება რაღაც თქვას და მერე გადაიფიქროს, მაგრამ რომელ კანონში წერია, რომ დეპუტატს აქვს უფლება სხვას მოსთხოვოს ასეთი რამ, როცა ამას იმპიჩმენტის თავისი პროცედურა აქვს, რაც საკმარისი საფუძვლის შემთხვევაში შეუძლიათ მოითოხოვონ. ასე „მიწოლა“, გინდა თუ არა, პარლამენტიდან წადიო, არც ერთ დემოკრატიულ კანონში არ წერია. იქამდეც კი მივიდნენ, გოგი თოფაძემ „მრეწველები“ დატოვოსო, ითხოვდნენ. ერთი პარტიის მხრიდან მეორე პარტიის საკადრო პოლიტიკის მოთხოვნა არაკორექტული, არასოლიდურია და არანაირ დემოკრატიულ პრინციპს არ შეესაბამება. მე არ ვარჩევ რამდენად მართლები არიან „რესპუბლიკელები“, არამედ ვამბობ, რომ ზედმეტს იღებენ თავის თავზე. რატომღაც თვლიან, რომ ქვეყნის ჭიპს წარმოადგენენ, მაგრამ რა არის ამ გონორის საფუძველი? შეამოწომონ და დატესტონ ხალხის განწყობა საკუთარი პარტიის მიმართ, რადგან მათი გონორი სწორედ ხალხის მხრიდან უნდა მოდიოდეს. სადღაც კულისებში ნუ ახდნენ კუნთების დემონისტრირებას და როცა ხალხის ლეგეტიმაციის საფუძველზე ექნებათ სალაპარაკო, ის იქნება სწორი. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი შეიძლება მართლები იყვნენ, ან არ იყვნენ, ცალკე თემა, მაგრამ „რესპუბლიკელების“ გონორი გაუგებარია.
-ასევე საინტერესოა, საიდან შეიძლება მოდიოდეს გოგი თოფაძის გონორი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი სულ ახლახანს პრეზიდენტის წინააღმეგ გამოვიდა, შემდეგ „რესპუბლიკელბის“ ჯერი დადგა. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თანმიმდევრულად, გოგი თოფაძე პირადი დამოკიდებულების ფონზე აჟღერებს სხვის პოზიციას, რომელიც თავად დუმილს ინარჩუნებს? თუკი ეს ასეა, ვინ შეიძლება იყოს ეს პერსონა?
-დარწმუნებულ ვარ, გოგი თოფაძე რასაც ლაპარკობს, კოლაიციის დიდი უმრავლეოსბა ამას ფიქრობს და ხმამაღლა ამის შესახებ არ საუბრობენ. კიდევ ვიმეორებ, რომ „რესპუბლიკელები“ კოალიციაში ძალიან ბევრი ადამიანისთვის უცხო სხეულია. გოგი თოფაძე ბევრი ადამიანის მოსაზრებას ახმოვანებს და ეს სწორია თუ არა, ამის მიუხედავად, ასეა. პრეზიდენტის წინააღმდეგ მისი გამონათქვამების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რასაც ეს კაცი ლაპარაკობს, საბოლოო ჯამში მხოლოდ მისი პრობლემაა. მე შემიძლია გამოვთქვა საწინააღმდეგო აზრი მის მიმართ და საკმაოდ მწვავედ, მაგრამ მისი პარლამენტიდან და პარტიიდან წასვლის მოთხოვნა ჩემი კომპეტანცია არ არის. „რესპუბლიკელებს“ შეუძლიათ, გოგი თოფაძე შეაფასონ მკვეთრად ნეგატიურად.
- პარლამენტიდან წასვლის მოთხოვნა იმ კონტექტსში განიხილება, რომ მისი განცახდებები „რესპუბლიკლებმა“ ანტისახელმწიფოებრივად შეაფასეს, რადგან გოგი თოფაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თავად სახელმწიფოს პრიორიტეტებს. ასე, რომ არ ყოფილიყო, პემიერ-მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც გააკეთა. არ მეთანხმებით?
-სახელმწიფოს კი არა, კონკრეტულ პარტიას მიაყენა შეურაცხყოფა და ეს მათი დაპირისპირების შედეგია. „რესპუბლიკური პატია“ სახელმწიფო არ არის. არავითარი უფლება არა აქვს ამ პარტიას, რომ საკუთარი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებთან გააიგივოს. ამ პარტიის ლეგიტიმურობა საზოგადოებრივი თვალსაზრისით სერიოზულ ეჭვებს იწვევს და თამაში, რომ მათ გარეშე საქართველოს ევროატლანტიკური კურსი აღარ იქნება, უკვე ბევრჯერ გავიარეთ. საქართველოს საგარეო კურსს ჰყავს ინსტიტუციური გარანტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სახელმწიფოსთვის დამაკნინებლად მიმაჩნია, ერთი პარტიის ბედის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირება. პრემიერ-მინისტრი მოიქცა ძალიან სწორად. გიორგი კვირიკაშვილმა დაიცვა საკუთარი კაბინეტის წევრი თინა ხიდაშელი, რადგან მთავრობა არის სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანო. შესაბამისად, როცა მისი კაბინეტის მინისტრის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები გაისმა, პრემიერ- მინისტრს ორი არჩევანი ჰქონდა: ან უნდა გადაეყენებინა თინა ხიდაშელი, ან უნდა დაცევა. პრემიერ-მინისტრმა „რესპუბლიკური პარტია“ კი არა, თავდაცვის მინისტრი დაიცვა და ეს ჯანსაღი საქციელი იყო. ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დავაში „რესპუბლიკლების“ მხრაეზეა.
-თქვენი აზრით, რით შეიძლება დასრულდეს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, მითუმეტეს, რომ უკვე ითქვა, საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნება“ არ დაიშლება. არის თუ არა შესაძლებელი მოვლენების სხვაგვარად განვითარება?
-მე არ ვიცი, რით შეიძლება დასრულდეს. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვითარებაში, როცა კოლაციაში გაერთიანებული არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ, ასეთი კოალიცია უნდა დაიშალოს და მასში შემავალმა ყველა პარტიამ საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა მიიღოს. პარტიები ბიძინა ივანიშვილის მხრებზე კი არ უნდა პარაზიტობდნენ, არამედ ხალხს უნდა მიმართონ და ვისაც ეს ხალხი აირჩევს, შემდეგ თავად შექმნან კოალიცია. მიმაჩნია, რომ კოალიციის ამ სახით შენარჩუნება არაჯანსაღი გადაწყვეტილება იქნება. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის იქნება დამაზიანებელი, რადგან არ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს კოალიცია, რომელშიც უკვე გაცხადებულია, რომ იქ შემავალი პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ. აუტანლობის რეჟიმში ხელისუფლების მუშაობა არ შეიძლება, რადგან ასეთი მუშაობს და მისი შედეგები ეფექტური ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ეს სკანდალი ჩაიფარცხა და „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“ ერთ კოალიციაში დარჩენენ. რას იზამენ, მათი გადასაწყვეტია, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ, მაგრამ კოალიციის ასეთი ფორმით შენარჩუნება ქვეყნისთვის საზიანო იქნება.
„ჯი-ეჩ-ენი“, ხათუნა ხატიაშვილი