ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ექს-იუსტიციის მინისტრმა და ნაპრეზიდენტალ სააკაშვილის მარცხენა ხელმა (მარჯვენა მაინც ვანო იყო) ზურაბ ადეიშვილმა თითქმის კომიკურ და უბადრუკ ფიგურად იქცია თავი, როდესაც არჩევნების წაგებიდან მეორე დღეს სამარცხვინოდ გაიპარა ქვეყნიდან ისე, რომ როგორც მესაზღვრე გოგოები ჭორაობენ, ხელში პასპორტის მეტი არაფერი ეჭირა. და კიდევ პლატინის საკრედიტო ბარათი, რასაკვირველია, რომელზეც 10 წლიანი წარმატებული მოღვაწეობისას ხელფასისა და პრემიის სახით მიღებული დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ედო.
მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასე სამარცხვონოდ მოიქცა (მის ყოფილ თანაგუნდელთაგან, სააკაშვილის ჩათვლით, ეს არავის მოსწონს, მაგრამ იციან, რომ ამის ღიად თქმით კიდევ უფრო დაზარალდებიან) იოლად „ხელწამოსაკრავად“ იქცა, რომელსაც იოლად შეაწმენდნენ ხელს და მას დააკისრებენ აბსოლუტურად ყველაფერს.
ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები ბოლო საქმესთან დაკავშირებით - ტელეკომპანია იბერიის დახურვის თაობაზე: ადეიშვილის მოადგილე გიორგი ლაცაბიძე, რომელიც ამ საქმის მთავარი „მკერავი“ იყო და ბრძანებას „კერეჩნელი ალბერტას“ უტყვი გულმოდგინებით ასრულებდა, რასაკვირველია სწორედ ადეიშვილისკენ გაიშვერს ხელს, მას დააბრალებს ყველაფერს, გააფორმებს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას და არანაირად არ დაისჯება. ეს რომ სწორედ ასე იქნება, თუნდაც ის მეტყველებს, რომ არ დაუპატიმრებიათ. თუმცა კი, ადეიშვლისგან განსხვავებით, არსად გაქცეულა.
ეს უფრო ზოგადი პოლიტიკის გამოხატულებაცაა: ხელისუფლებას არ აწყობს შემსრულებლების დასჯა. არ აწყობს, რადგან „მაშინ ჩვენს ბრძანებებსაც აღარავინ შეასრულებს და სისტემა თავზე დაგვენგრებვაო“. სწორედ ამ უგვანი ლოგიკით, არ არიან დასჯილნი ის გარეწარი პოლიციელები, რომლებმაც ლამის მიასიკვდილეს კობა დავითაშვილი ან დაასახიჩრეს ადამიანები პოლიციის განყოფილებებში 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდე, ან ერთ-ერთი ფოტოგრაფი სასაფლაოზე წაიყვენეს და იქ სასტიკად გვემეს, სანამ გლდანის ციხეზე მიიყვანდნენ და ასე შემდეგ.
არადა, ამგვარი ლოგიკა („მაშინ სისტემა თავზე დაგვენგრევაო“) იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა და უკანონობა არასდროს დასრულდება: სანამ შემსრულებელი(ც) არ დაისჯება უკანონო ბრძანების შესრულებისთვის, მანამ არ დაილევა ისეთი მთავრობა, რომელიც იძალადებს.
როგორც კი, შემსრულებელს ეცოდინება (მომავალი სასჯელის შიშით), რომ სჯობს საერთოდ დატოვოს თანამდებობა, სამსახური, ვიდრე აშკარად პოლიტიკურად ანგაჟირებული, უკანონო ბრძანება შეასრულოს, მანამ იარსებებს ის „ბულიონი“, რომლითაც იკვებება დიქტატურა და სახელისუფლებო აღვირახსნილობა, რომლის მკაფიო მაგალითია ის, რაც 2004 წელს მოხდა ტელეკომპანია იბერიას მიმართ.
მაგრამ ამ საქმის „დამწყები“ ხომ ზურაბ ადეიშვილი არ ყოფილა? მისმა წინამორბედმა, ირაკლი ოქრუაშვილმა წამოიწყო მთელი ოპერაცია, რასაც მოჰყვა „სპეცდანის“ შეყვანა, - ვითომდაც ბიზნესის შესამოწმებლად საგადასახადო დავალიანების გამო. სინამდვილეში, მთავარი სამიზნე „არარევოლუციური ტელევიზია“ იყო, რომელიც ნერვებს უშლიდა ახალ ხელისუფლებას, რაკი მოვლენებს და პროცესებს ისე არ აშუქებდა, როგორც იმდროინდელი „რუსთავი-2“.
სხვათა შორის, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ კონკურენტი ტელეკომპანიის დახურვას მაშინ ყველანაირად უჭერდა მხარს. აქაოდა, ჩვენ დასავლური ყაიდის, ცივილიზებული, თავისუფალი ტელევიზია ვართ („ისემც“-გ.ლ) ესენი კი ოლიგაქრიულ, კონტრრევოლუციურ ინტერესებს ახორციელებენო. როგორც ჩანს, ეგონათ, „ჩვენ ამდენს ვერ გაგვიბედავენო“. მაგრამ გაუბედეს კი არა, სულ მალე ლაზათიანი პანღური არ დააკლეს ყველას, როცა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რევოლუციურ რეფორმებს ხელს უშლიდნენ მათთვის ჩვეული „სკანდალიზმით“
მაგრამ მთელს ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რატომ არ აწყობს ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება და საერთოდ, როგორ დაიძვრინა თავი ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც მთავარი მოვლენები, რისთვისაც მიშასა და მის გუნდს ასამართლებენ, სწორედ მისი გენერალური პროკურორობის დროს განხორციელდა? მაშინ დაიწყო ბიზნესების „ახევა“ და იმავე „იბერიას“ საქმე.
განა ხელისუფლება ვერ მოახერხებდა მის ამ „ქეისთან“ მიბმას, რომ მოენდომებინა? რა თქმა უნდა შეძლებდა, მაგრამ არ აწყობთ, რადგან ირაკლი ოქრუაშვილმა, თავის დროზე, როცა პარიზიდან დაბრუნდა, ამით ძალიან ჭკვიანური და გონებამახვილური სვლა გააკეთა. მან ზუსტად გათვალა, რომ ხელისუფლება აღმოჩნდებოდა არაკომფორტული არჩევანის წინაშე: ან ეღიარებინა, რომ სააკაშვილის შემდგომდროინდელი მთავარი მტერი თვითონ იყო რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, ან გამოეყენებინა მოწმედ, დაეხსნა იგი ციხიდან და ამით იგივე რეჟიმი ნაწილობრივ გაეთეთრებინა.
მეორე არჩევანი ნაკლებ ბოროტებად მიიჩნიეს და ეს ინერცია დღემდე გრძელდება: აბა რა შეიძლება დაუპირისპირო ადეიშვილის ადვოკატის არგუმენტს, რომ პროკურატურის განცხადება, თითქოს „2004 წლის იანვარში ადეიშვილმა განახორციელა . . “. და ასე შემდეგ. არის ელემენტარული ტყუილი, რადგან იმ დროს ზურაბ ადეიშვილი კი არა, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო გენერალური პროკურორი. ათასი ამგვარი სპეცოპერაცია აქვს განხორცილებული იმავე მიშას დავალებით. უბრალოდ, დროულად და ჭკვიანურად გაეცალა.
თუმცა ხელისუფლება კვლავინდებურად ცდილობს, მხოლოდ უკვე „გაფუჭებულ“ და ყავლგასულ პერსონებს დააკისროს ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაკი ისინი პრობლემებს ვეღარ შეუქმნიან. სულ სხვა საკითხია ქვეყნისთვის რამდენად სასარგებლოა ამგვარი მიდგომა: სინამდვილეში, ასეთი ორმაგი სტანდარტი გამანადურებელი შედეგის მომტანია და კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისა, რომ არ გვეღირსება ნორმალური ხელისუფლება და ამ ქვეყანასაც არასდროს არაფერი ეშველება.
„ჯი-ეიჩ-ენი“, გიორგი ლეჟავა