მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ საპყრობილეებში ცოტნე გამსახურდია და ლევან გოგიჩაიშვილი მოინახულა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ განუცხადა, პატიმრების მოსანახულებლად წუხელ იმყოფებოდა.
"ცოტნე გამსახურდია შეშფოთებულია, რადგან როგორც მითხრა, 6 მაისიდან მოყოლებული, ყოველ ღამით, პატიმრების არაადამიანური ყვირილის და წამების ხმები ესმის, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. მან არ იცის, ვინ არიან ეს მსჯავრდებულები, მაგრამ ამ კუთხით დახმარებას ითხოვს. იმედია, სასჯელაღსრულების სამინისტრო დაინტერესდება იმ საპყრობილეში არსებული მდგომარეობით, რომელშიც პატიმრებს არაადამიანურად ექცევიან", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, მეორე თხოვნა, რაც მასთან ცოტნე გამსახურდიას ჰქონდა სამეურვეო საბჭოს შექმნას გულისხმობს, რომელიც პატიმრების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
"მე მას ვუთხარი, რომ ასეთი საბჭოს შექმნა ჩვენც შეგვიძლია, რადგან ჩემი მოძრაობა, სწორედ პატიმრების დაცვის საკითხზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ამ კვირაში ალბათ, შესაძლებელი იქნება ცოტნე გამსახურდიას ამ სურვილის შესრულება", - განმარტა ბესელიამ, რომლის თქმითაც, გამსახურდია შიმშილობას აგრძელებს.
რაც შეეხება ოპოზიციის აქტივისტ ლევან გოგიჩაიშვილს, ბესელიას განცხადებით, ის თავს მხნედ გრძნობს და მას არაადამიანურ პირობებში ყოფნა არ უწევს.
"ერთადერთი, რაც გოგიჩაიშვილმა დამაბარა იმის თქმაა, რომ ის არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვე და პოლიტიკური პატიმარი. აქედან გამომდინარე, ის საკუთარი საქმის გადახედვას ითხოვს", - დასძინა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" სასჯელაღსრულების სისტემაში მონიტორინგს ახორციელებს, რის ფარგლებშიც პატიმრებსაც ხვდება. ბესელიას განცხადებით, მონიტორინგის დასრულების შემდეგ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და პრეტენზია ხათუნა კალმახელიძის უწყებას გადაეგზავნება, თავად მისი მოძრაობა კი ციხეებში არსებულ ვითარებასა და მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე დასკვნას დადებს.