რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატმა ხელისუფლებას შესთავაზა გააუქმოს თურქეთის რესპუბლიკასთან "მეგობრობისა და ძმობის შესახებ" 1921 წელს გაფორმებული ხელშეკრულება. რუსი დეპუტატები, ზოგადად, ცნობილნი არიან ექსტრავაგანტული გამოხტომებით, მაგრამ ამჯერად ბევრად სერიოზულ პროცესთან გვაქვს საქმე.
საუბარია ისტორიულ "ყარსის ხელშეკრულებაზე". ამ სახელწოდებით "შეიფუთა" თავის დროზე ორი ურთიერთდაკავშირებული დოკუმენტი: 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის. აგრეთვე სამი ახლად გასაბჭოებული რესპუბლიკის (აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს) შეთანხმებები თურქეთთან, რომლებიც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდნენ, მაგრამ ყარსში გაფორმდნენ საბოლოოდ. აქედან მოდის სახელწოდება.
"ყარსის ხელშეკრულება" ერთ-ერთი იმგვარი ისტორიული დოკუმენტია, რომელიც ათწლეულებით განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ რეალიებს. სწორედ ამ ხელშეკრულებით დადგინდა, საბოლოოდ, თურქეთის საზღვრები მის ჩრდილო-აღმოსავლელ მეზობლებთან. მან დაუსვა წერტილი სისხლისმღვრელ ომებს თურქეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ "ყარსის ხელშეკრულებით", თურქეთმა აღიარა აჭარა საქართველოს ნაწილად. კაცმა რომ თქვას, იმ მომენტისათვის, ქართველ პატრიოტთა გმირობის წყალობით, "ბათუმის ოლქი" უკვე, ფაქტობრივად, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და ამისთვის მადლობა თანაბრად ეკუთვნით, როგორც ქართველ მენშევიკებს, ასევე ბოლშევიკებს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საოცრება (აჭარის დაბრუნება) ძირითადად იმან განაპირობა, რომ თურქეთს მაშინ უამრავი სხვა პრობლემა ჰქონდა და საქართველოსთვის (მათ შორის აჭარისთვის) არ ეცალა. თუ მოიცლიდა, სერიოზული პრობლემები გარდაუვალი იქნებოდა.
"ყარსის ხელშეკრულებით" დე-ფაქტო მდგომარეობა იურიდიულად გაფორმდა. თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა და საინტერესო ჩანაწერს მიაღწია დოკუმენტში:
"თურქეთი უთმობს (! - მიაქციეთ ყურადღება ტერმინს) ბათუმის ოლქს საქართველოს იმ პირობით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას (იგულისხმებოდნენ ქართველი მუსლიმები -ნ.ი.) ექნება ფართო თვითმმართველობა და მიწის საკუთრების შესახებ ისეთი კანონმდებლობის მიღების საშუალება, რომელიც მის მოთხოვნებს შეესაბამება“.
მიწა, იმ ეპოქაში, ჯერ კიდევ მთავარი სამეურნეო სიმდიდრე და რესურსი იყო.
ანუ, ფაქტიურად, ყარსის ხელშეკრულებით შეიქმნა აჭარის ავტონომია! თუ წმინდა იურიდიულად მივუდგებით საკითხს, ის, რომ აჭარა სამართლებრივად საქართველოს ნაწილია და ამ გარემოებას თურქეთი ცნობს, სწორედ ყარსის ხელშეკრულებით დადგინდა.
* * *
რა მოხდება, თუ რუსეთი გააუქმებს ამ ხელშეკრულებას? ერთი შეხედვით და მყისიერად თითქოს არაფერი. მით უმეტეს თურქეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით. მაგრამ დავაკვირდეთ იმ უცნაურობას, რომ არც ერთ ხელშეკრულებაში, რომელიც 1992 წლიდან, ესე იგი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, - დღემდე გაფორმდა თურქეთთან, ცალკე აჭარის ავტონომიაზე არაფერია ნათქვამი. ყველგან, პირდაპირ თუ შეფუთულად, სწორედ "ყარსის ხელშეკრულებაზეა" აპელირება. ანუ, ახლებურად არ არის დადასტურებული ("გადატვირთული" - კომპიუტერული ტერმინოლოგიით) ისტორიული შეთანხმება, რომელსაც 1921 წელს მოეწერა ხელი!
რუსეთს, რასაკვირველია, ცალმხრივადაც შეუძლია გააუქმოს ხელშეკრულება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს სამართლებრივ შედეგებს საქართველოსთვის, ვინაიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან თურქეთი ხელშეკრულებებს არ გააფორმებდა და მათ საზღვრებს არ აღიარებდა, რომ არ ყოფილიყო მოსკოვის შეთანხმება, რომელიც ტრანსფორმირდა, შემდგომ, "ყარსის ხელშეკრულებაში".
1945 წელს, ნაცისტური გერმანიის განადგურების შემდეგ, იოსებ სტალინი "წკიპზე" იყო გადაწყვეტილებისგან, რომ ჯარები შეეყვანა აღმოსავლეთ თურქეთში იმ საბაბით, რათა "სომხეთისა და საქართველოსთვის ისტორიული მიწები დაებრუნებინა". ამ განწყობათა გაძლიერებას დიდად უწყობდა ხელს სომხური ლობი, - ანასტას მიქოიანის სახით. სომეხ კომუნისტებს არარატისა და სხვა ოდესღაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ეზმანებოდათ. ამიტომაც, სტალინს აგულიანებდნენ: "თურქეთი შიშით ცახცახებს და ყველაფერზე წამოვაო". მეორეს მხრივ, არც ქართველი კომუნისტები აკლებდნენ ხელს, რაკი თვლიდნენ, რომ საქართველოსაც "არ აწყენდა" ტაო კლარჯეთისა და ყოფილი ტრაპეზუნდის სამეფოს მიწების შემოერთება - სამსუნამდე. ანუ, ლამის თანამედროვე საქართველოს ოდენა ტერიტორიებისა.
მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან ამერიკამ და ინგლისმა "ყარსის ხელშეკრულება" მოიშველიეს და სტალინი პირდაპირ გააფრთხილეს: თუ ამ ხელშეკრულებას დაარღვევ და თურქეთში ჯარს შეიყვან, ჩვენთან გექნება საქმე!
ახალი დიდი ომი სტალინს არ აწყობდა. ამერიკას იმ დროს უკვე ატომური ბომბი ჰქონდა, საბჭოთა კავშირს კი ჯერ არა.
* * *
დღეს, ფაქტიურად, ამ გეგმის რეანიმირება ხდება თითქმის იმავე კონფიგურაციით: რუსეთის "სომეხი საგარეო საქმეთა მინისტრი", სერგეი ლავროვი (კალანტარიანი) სახელმწიფო სათათბიროს წევრთა პასუხად აცხადებს, რომ მისი უწყება "ყურადღებით შეისწავლის" წინადადებას "ყარსის ხელშეკრულების" გაუქმების შესახებ. იმ ხელშეკრულებისა, რომელიც არასდროს მოსწონდათ სომხებს და მუდამ ჩიოდნენ, რომ ლენინმა და სტალინმა აიძულათ მისთვის ხელი მოეწერათ 1921 წელს. რითაც დაკარგეს სანუკვარი არარატი და ისტორიული დედაქალაქი ანისი. ყარსის ხელშეკრულებამ, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ თურქეთში სომეხთა ეთნოწმენდაც დააკანონა, რასაც თავად "გენოციდს" უწოდებენ.
დღეს, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, მოსკოვი თითქოს აფრთხილებს ანკარას, რომ მზადაა ის ძველი პროექტები დახავსებული ყუთიდან ამოიღოს, ანუ კვლავ დააყენოს ეჭვქვეშ თურქეთის აღმოსავლეთ საზღვრები. აქედან, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა, რადან თურქეთს ზურგს "ნატო" უმაგრებს, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთვის ეს მაინც საფრთხის შემცველია, ვინაიდან თურქეთის ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა (ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ) დავუთოღლუმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: "ბათუმი, საუკუნეთა განმავლობაში, თურქეთის ნაწილი იყო".
აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა ირეაგიროს ამ პროვოკაციულ წამოწყებებზე, რაკი იმის იმედად ყოფნა, რომ ყარსის ხელშეკრულების გაუქმება მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე მოახდენს გავლენას, მეტისმეტი გულუბრყვილობაა.
პირიქით, სწორედ ქართულმა დიპლომატიამ უნდა დასვას (თანაც ძალიან მკაცრად და მტკიცედ) საკითხი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ამჟამინდელი საზღვრები არა მოსკოვისა და ანკარას ლამის საუკუნისწინანდელი ხელშეკრულებით, არამედ თანამედროვე ეპოქაში გაფორმებული დოკუმენტებით დადასტურდეს.
ამის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგან თურქეთს, სინამდვილეში, აჭარის მისთვის ჩამოშორება (1878 წელს) ყოველთვის მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია დიდ ისტორიულ უსამართლობად, რომლის "გამოსწორებასაც" იგი პირველი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარებისთანავე შეეცდება.
რეგიონში, სადაც საქართველო იმყოფება, დღეს იმდენად რთული თამაში მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე რეგიონული და გლობალური ზესახელმწიფოს მონაწილეობით, რომ ქართულ ელიტებს მაქსიმალური სიფრთხილე და პროფესიონალიზმი მართებთ, რათა სირიის და "არაბული გაზაფხულის" შემდგომი "დიდი ახლო აღმოსავლეთის" პოლიტიკური რუკა ისე არ "დალაგდეს", ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგოთ, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში დავკარგეთ სწორედ ხსენებულ ელიტათა უპასუხისმგებლობის, უნიათობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგად.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი