ტელეკომპანია «მაესტროს» გარშემო განვითარებული მოვლენები იმ «პატერნში» თავსდება, რომელიც უკვე მრავალგზის ნათრევი და აპრობირებულია ამ ქვეყანაში. ანუ, ერთ–ერთი მხარე ცდილობს საკუთარი მოტივაცია მედიის გადარჩენის კეთილშობილი სურვილით ახსნას, მეორე მხარე კი ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ სწორედ ხელისუფლება, სხვადასხვა მაქინაციებით, პროვოკაციებით და სპეცსამსახურთა გამოყენებით აპირებს ხელში ჩაიგდოს ტელევიზია, გამოიყენოს შიდა დაპირისპირებები სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად და ა.შ.
ამ უკანასკნელთ რატომღაც ჰგონიათ, რომ არავინ დასვამს ლოგიკურ კითხვას: ნინო ჟიჟილაშვილისა და გეგელია–ტრაპაიძის გადაცემის დახურვა რა მოტივით იყო ნაკარნახევი? «რეიტინგი არ ჰქონდათო». ვასიკო ოდიშვილის «აბებსაც» არ ჰქონდა რეიტინგი? როგორ გეკადრებათ! და საერთოდ ნუ გგონიათ, რომ ეს საზოგადოება მთლად ახლადშობილი ბოჩოლებისგან შედგება – პირდაღებული რომ უყურებს ელიტაში განვითარებულ მოვლენებს და ერთ შეძახილზე გამოვარდება გარეთ, რათა «დაჩაგრული» დაიცვას მჩაგვრელისგან.
სინამდვილეში, ანგელოზი იქ არც ერთი მხარე არაა. ორივე «ეკურკურებოდა» ხელისუფლებას, ორივე ცდილობდა მთავრობაში გავლენის ჯგუფთა შექმნას და არც ისაა ძნელი მისახვედრი, ახლა რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ «ოჯახის წევრები» ერთმანეთს: იმიტომ, რომ «იდუმალმა რუხაძემ», სინამდვილეში, «ამ» მხარესაც შესთავაზა წილების ყიდვა და უარი მიიღო. ოღონდ, ახლა რა ზღაპრებიც არ უნდა მოგვიყვნენ, უარი მიიღო არა იმიტომ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს ითხოვდნენ, არამედ თანხა ეცოტავათ: ეგონათ, რომ ხელისუფლება (პატარკაციშვილების მეშვეობით) ბევრად მეტის გადამხდელი იყო და ელოდნენ დროს, როდესაც ამ «ბევრად მეტს» შესთავაზებდნენ.
მაგრამ მყიდველმა სხვა მეწილეებთან მოახერხა საერთო ენის გამოძებნა, ისინი დაითანხმა დასახელებულ თანხაზე და ერთ «მშვენიერ დღეს» აღმოჩნდა, რომ «მაესტრო», რომელიც არასდროს ეკუთვნოდა ერთ რომელიმე სუბიექტს, მოულოდნელად ერთი პირის (ერთი ჯგუფის) საკუთრება გახდა იურიდიულად, რაკი 55% ერთ ხელში აღმოჩნდა! რაც იმას ნიშნავს, რომ ამ «ძველ–ახალ» მფლობელს უკვე შეუძლია დანიშნოს, მოხსნას, გააუქმოს და, საერთოდ, დამოუკიდებლად წარმართოს პოლიტიკა როგორც სარედაქციო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
სწორედ აქ არის «ძაღლის თავი დამარხული» და ამას არ გვეუბნებიან, როცა ძალიან ფრთხილად არჩევენ სიტყვებს და ცოტა არ იყოს უცნაურ, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებსაც აკეთებენ: სინამდვილეში, ორივე მხარე ვაჭრობდა მყიდველთან და ახლა ხელისუფლების ძალადობაზე ის მხარე ყვირის, რომელმაც ეს ვაჭრობა წააგო! წააგო, ვინაიდან შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდა და მეტისმეტი მოინდომა.
ორმა ყოფილმა მეწილემ კი, რომლებმაც წილები (ფორმალურად) «უცნობს» მიყიდეს, ჭკვიანურად და ზუსტად განსაზღვრეს, რა «ღირდა» რეალურად მათი წილი 55 მილიონი დოლარის დავალიანების მქონე ტელევიზიაში და რამდენის გადამხდელი იყო ის, ვინც იხადა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მთელი ეს სპექტაკლი, რომელშიც, საზოგადოებას იმავე «პირდაღებული ბოჩოლას» როლი ეკისრება (და სინამდვილეში, მედიის დამოუკიდებლობასთან საერთო არაფერი აქვს), იმაზე ბევრად ნაკლებ საინტერესოა, ვიდრე პოლიტიკური ქვეტექსტები, რაც ამ მოვლენამ გამოამჟღავნა.
პირველ რიგში, რას ნიშნავს «გრეჩეხების» დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში? ეს რომ სწორედ პოლიტიკაში დაბრუნებაა არავითარ ეჭვს არ იწვევს. ლევან გაჩეჩილაძე საკმაოდ ნიჭიერი ბიზნესმენია და ესმის, რომ ფინანსური თვალსაზრისით «მაესტრო» არანაირი ბიზნესი არ არის და არც შეიძლება იყოს. ნულს ქვემოთაა ამ მხრივ!
სამაგიეროდ, იგივე «გრეჩიხა–უფროსი» არც თუ ისე წარმატებული და ნიჭიერი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, მაგრამ ეს ამბიცია მუდამ აფორიაქებდა: ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა ფულზე ტკბილია! მით უმტეს საქართველოში და ორგზის უმეტეს, თუ ეს ძალაუფლება ბიზნესის შემდგომი წარმატების გარანტიაცაა. თორემ (ვიმეორებ) ტელე–მაესტრო რა ბიზნესი უნდა იყოს? სამაგიეროდ, ტელევიზია უმძლავრესი პოლიტიკური ინსტრუმენტია.
რაც შეეხება «გრეჩიხა–უმცროსს», ის ნიჭიერი შოუმენია და ამ მხრივ ნამდვილად შეუძლია ბევრი რამ საინტერესო გააკეთოს. თანაც, პოლიტიკური შეფერილობისა. გაუკეთებია კიდეც – 2007 წლის დაუვიწყარი მოვლენების დროს, როდესაც მისმა კლიპებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არა იმდროინდელი ხელისუფლების დამხობის, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ ელიტის შემდგომი კონსოლიდირების თვალსაზრისით.
პატარკაციშვილების მიერ მაესტროს ყიდვა და ამ ოპერაციაში წინა პლანზე «გრეჩიხების» წამოწევა იმას ნიშნავს, რომ ფულის გადამხდელი დაინტერესებულია იმ ჯგუფის გაძლიერებით, რომელსაც ძმები წარმოადგენენ.
ეს არ არის ხელწამოსაკრავი ჯგუფი: ვაკეში, ჯერ კიდევ 1980–იანი წლებიდან დაწყებული, ყალიბდებოდა გარკვეული წრე – «საძმო» და «სადაქალო», რომელსაც მუდამ განსაკუთრებული ამბიცია და გავლენა ჰქონდა ბიზნესშიც და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკაშიც.
თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ერთი «კუტოკია», რომლის წევრები, ესე იგი იმდროინდელი ტერმინოლოგიით «კუტკარიკები», ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობენ, როდესაც «ტრუბებთან» ურჩევდნენ საქმეს ვერელებს ან უნივერსიტეტის ბაღში იკრიბებოდნენ «სამარიაჟოდ». დაბადების დღეებზე გადადიოდნენ, «ეწეოდნენ» და ასე შემდეგ.
ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სწორედ ამ «კუტოკის» წევრი აღმოჩნდა! «გრეჩიხა–უმცროსმა» პრემიერი, ერთი შეხედვით, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც ეს ფაქტი დაადასტურა და პრივატული შეხვედრის შესახებ მოუთხრო ჟურნალისტებს. მაგრამ იქნებ ეს «დადასტურებაც» კვირიკაშვილთან იყო შეთანხმებული? სულაც არაა გამორიცხული, მთავრობის მეთაური, რომელიც დღეს ფორმალურად ფლობს ძალაუფლებას, თუმცა კი ჯერ–ჯერობით (ჯერ–ჯერობით!) მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, ძმებ გაჩეჩილაძეებზე დაყრდნობით საკუთარი პოლიტიკური საყრდენის დამკვიდრებას აპირებდეს, რათა შემდგომ ეს საყრდენი რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გამოიყენოს.
ასეთ შემთხვევაში, მისი ღია, ლამის დემონსტრაციული შეხვედრა «გრეჩიხა–უმცროსთან» (რაც არავითარ შემთხვევაში არ დაიმალებოდა), აგრეთვე ამ შეხვედრის დადასტურება, არათუ მოულოდნელი, არამედ აბსოლუტურად სწორი, ჭკვიანური და კარგად გათვლილი ნაბიჯია.
მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა მმართველი კოალიციის შიგნით რთული პროცესები მიმდინარეობს: ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამ ბევრი დააბნია; კვირიკაშვილი კი მიხვდა, რომ თუ საკუთარი დასაყრდენი არ ეყოლება ძლიერი ელიტური დაჯგუფების სახით, მასაც ასევე იოლად «მოასრიალებენ».
როდესაც პატარკაციშვილებზე საუბრობენ (როგორც მთელი ამ ინტრიგის დამფინანსებლებზე) და ბიძინას «თხოვნით» თუ «დავალებით» ხსნიან, რატომღაც ავიწყდებათ, რომ პატარკაციშვილებს, ტრადიციულად, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ მილიარდერ ივანიშვილთან. ამიტომ აქ ასე მარტივად და პრიმიტიულად ნამდვილად არ არის საქმე.
ხოლო საარჩევნოდ იკვეთება ორი დაჯგუფება, რომელიც ავტონომიური იქნება «ოცნებისგან» და მტრული – ნაციონალთა მიმართ: პირველ რიგში, ესაა პრეზიდენტ მარგველაშვილის ალიანსი «თავისუფალ დემოკრატებთან». მისი ალტერნატივის დამკვიდრებას კი «ვაკის დაჯგუფება» ცდილობს, რომელმაც საკუთარ სახედ «გრეჩიხები» შეარჩია და საერთო ენის გამოძებნაც მოახერხა მთავრობის მეთურთან, ვინც იმავე წრის წარმომადგენელი აღმოჩნდა.
და იმ ნიუანსსაც დავაკვიდრეთ, რომ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდერი, – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად – «მოულოდნელად» მოიგო არა ჩინურმა კომპანიამ (ანუ იმ ქვეყანამ, რომელიც სისხლხორცეულად დაინტერესებულია «აბრეშუმის გზის» პროექტით) არმედ მამუკა ხაზარაძის ჯგუფმა, რომელიც ბავშვობიდან იმავე «კუტოკის» წევრია, რაც გია კვირიკაშვილი და «ძმები გრეჩიხები»
“ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე