პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება «ქვეყნის მდგომარეობის შესახებ» (ან «ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ», რაც ზესახელმწიფოებრიობის კომიკურ პრეტენზიას მაინც გამორიცხავს) პოსტსაბჭოურ სივრცეზე ამერიკული ტრადიციის კალკირებაა. ოღონდ ძალიან უბადრუკი და უგვანი კალკირება საქართველოშიც, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ყირგიზეთშიც. იმიტომ, რომ ამერიკაში ფორმას იმაზე დიდი მნიშვნელობაც კი აქვს, ვიდრე შინაარსს.
გავიხსენოთ როგორ «იფუთება» და «ფიარდება» State of the Union Address: ამერიკის პრეზიდენტს ოვაციით ხვდებიან როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკარტები, ანუ, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ეს არის სახელმწიფოსადმი პატივისცემის ზეპარტიული გამოხატულება! ასევე, ხშირად ერთობლივად ოცჯერ მაინც დგებიან ფეხზე სფიჩის დროს იმ მომენტებში, როდესაც პრეზიდენტი საყოველთაო ეროვნულ ინტერესებს ეხება. ანუ, ეს პირველ რიგში სანახაობაა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საკითხებში პოლიტიკური ელიტის ერთიანობის დემონტრაცია.
ჩვენში კი რა ხდება? შევარდნაძის ეპოქიდან დაწყებული, მომხსენებელი კითხულობს დაწერილ ტექსტს, ოპოზიცია მოღუშული ზის, მმართველი პარტია კი ისე დაღვრემილად გამოყურება, რომ აშკარად დანაშაული აქვს ჩადენილი. სამარისიბური, რაღაცნაირად დამთრგუნველი სიჩუმეა. პრეზიდენტ მარგველაშვილს სიტყვა ტაშით მაშინაც კი არ გააწყვეტინეს, როდესაც უცხოეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებზე საუბრობდა და ა.შ.
გიორგი მარგველაშვილი შეეცადა ბოლომდე დაეცვა ტექნოლოგია და მიზანმიმართულად გაავრცელა კადრები, თუ როგორ თათბირობდა ამ სფიჩის თაობაზე თანაშემწეებთან. მაგრამ ვისაც დიდი ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმი, «W» ახსოვს, ისიც ეხსომება, რომ სწორედ ამგვარმა ტექნოლოგიამ დააშვებინა უდიდესი შეცდომა, როდესაც რომელიღაც ჭკუისკოლოფის რჩევით, ერთ-ერთ მესიჯად ბოროტების ღერძი ახსენა, რასაც დღემდე ვერ პატიობენ.
დაახლოებით ამ მასშტაბის შეცდომა იყო წუთიერი დუმილით სიტყვის დაწყება. არც ერთხელ, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტებს ამ ფორმისთვის არ მიუმართავთ პოლიტიკურ ფიგურებთან დაკავშირებით. თუნდაც ისეთ მოღვაწეებთან მიმართებაში, როგორიც ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო. მარგველაშვილს ამით «რაღაცის თქმა უნდოდა», მაგრამ რის, - გაუგებარი დარჩა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მოხსენებას პირველად დაეწრო «ქართული ოცნების» პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ მოვლენამ გადაფარა ყველაფერი - შინაარსისა და პრეზიდენტის «მესიჯთა» ჩათვლით. წინა პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, იმიტომ კი არ უცხადებდა ბოიკოტს პრეზიდენტს, რომ პირადად არ მოსწონდა, არამედ, ამით, სოლიდარობას გამოხატავდა მმართველი კოალიციის ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის დამოკიდებულება ცნობილია.
დავაკვირდეთ რა გამოდის: ბიძინა ივანიშვილს ხომ არ შეუცვლია დამოკიდებულება გიორგი მარგელაშვილისადმი? პირიქით, სულ უფრო და უფრო მკაცრდება. ახლა კი წრმოვიდგინოთ, როგორ «გამოჩნდება», თუკი ივანიშვილი კვლავინდებურად განაგრძობს მარგველაშვილის ლანძღვას, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მმართველი კოალიციის ფორმალური ხელმძღვანელი, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადი სახელმძღვანელო თეზისების საპირისპიროდ მოქმედებს, ანუ არა მხოლოდ პრეზიდენტის «სფიჩს» ესწრება, არამედ საჯაროდ არ ეთანხმება ივანიშვილის განცახებებს საპრეზიდენტო სასახლის დაცლის აუცილებლობის შესახებ და მონაწილეობს «ეროვნული უშიშროების საბჭოს» სხდომებში, ან «გაეროში» პრემიერის ნაცვლად პრეზიდენტი გამოდის და ა.შ.
ვიმეორებ: ყოფილი პრემიერის პოზიციებს ამ და სხვა ამგვარი საკითხებისადმი განსაზღვრავდა არა ირაკლი ღარიბაშვილის პირადი სიმპატია-ანტიპატია, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება.
ახლა როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილის ეს ყოველივე არ აღელვებს, თუკი ახლო წარსულში ესოდენ აღელვებდა?
მაშასადამე, აქ ნამდვიალად «ხდება რაღაც». და «რაღაც» რომ ხდება, ამაზე კიდევ ერთი ნიუანსი მეტყველებს: «ქართული ოცნების» საპარლამენტო ლიდერი, აპარატულ ინტრიგებში გამობრძმედილი, კომპარტიის «ტკ»-ს ყოფილი ინსტრუქტორი, გია ვოლსკი უცნაურად დაესხა თავს გოგი თოფაძეს და პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოსთხოვა. არადა, რა თქვა ისეთი თოფაძემ, რაც არ უთქვამს ან დღემდე არ ამბობს ბიძინა ივანიშვილი?
ესე იგი, «რაღაც» მართლა ხდება და რა ხდება სინამდვილეში, არჩევნების მოახლოებისთანავე გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა უკვე მოუწონა პრემიერს საქციელი და «ბონუსიც» გადაუხადა, როდესაც მიესალმა სამთავრობო პროგრამის დებულებებს «წვრილი ბიზნესისა და განათლების მხარდაჭერის» თაობაზე. ამგვარი პროგრამების მეტი რა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს? მაგრამ ის საპრეზიდენტო მოხსენებებს არ ესწრებოდა.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ძირითად მესიჯებს, მან რბილად მიანიშნა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს «დამოუკიდებლობა» ამ ინსტიტუტებს აქცევს სრულიად უკონტროლო კლანურ დაჯგუფებებად, რაც აუცილებლად გამოიღებს და უკვე მოაქვს კიდეც კატასტროფული შედეგი. მაგრამ გამოსავალი მარგველაშვილს არ უჩვენებია: მას რომ თუნდაც ეთქვა, კვლავინდებურად პარლამენტმა დაამტკიცოს და გაათავისუფლოს მოსამართლეები ან გენერალური პროკურორიო, ლოგიკური იქნებოდა, თუმცა შემოიფარგლა სრულიად ცარიელი წინადადებით «იუსტიციისა და საპროკურორო საბჭოთა» როლის გაძლიერების თაობაზე, რაც აბსოლუტურად არაფერს მოიტანს პრობლემის გაღრმავების გარდა.
«სოფლის მეურნეობა ბიზნესად ვაქციოთო» -ძალიან უცნაური თეზისია. უფრო ლოზუნგია, ვიდრე კონკრეტული წინადადება, თუ არ ახლავს თან იმ გადაწყვეტილების გაუქმების ღია მოთხოვნა, რომელიც ზღუდავს მიწის ყიდვა-გაყიდვას.
ფრთხილად მიანიშნა: «ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მისი პოტენციური შესაძლებლობებით ვერ ვიყენებთო», არადა როგორ უნდა გამოიყენო, რიდესაც ეს დოკუმენტი სწორედ იმ პროდუქციაზე აწესებს «ბაზარზე წვდომის გადასახადს», რომლის ევროპულ ბაზრებზე ექსპორტირება, საქართველოს, თეორიულად მაინც შეუძლია? - ხილი, ბოსტნეული და ა.შ.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ღიად შესთავაზა პოლიტიკური ალიანსი «თავისუფალ დემოკრატებს» (ეს უკვე აშკარაა) და გააფრთხილა მთავრობა, რომ ბოლოდროინდელი დათბობის მიუხედავად, თუ კახა კალაძე, ნებსით თუ უნებლიედ, მოაწერს ხელს შეთანხმებას გაზპრომთან, (რაკი «სხვა გზა არ იქნება») ამან მოქმედი მინისტრთა კაბინეტის დამხობა შეიძლება გამოიწვიოს და ამ ახალ «რევოლუციას» პრეზიდენტი მთელი თავისი რესურსებით დაუჭერს მხარს.
არც ისე მცირე რესურსები აქვს (არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ, საკუთარი ინტელექტუალური რესურსების ჩათვლით) და ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა.
«ოცნება» კი, როგორც ჩანს, ჩათრევას- ჩაყოლას ამჯობინებს, რაკი ვერ ამჩნევს, ან არ სურს დაინახოს, რომ ეს არის პირდაპირი გზა კრახისკენ. აპარატული ინტრიგები კი ნამდვილად ვერ უშველით. ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მილიონები. მით უმეტეს, თუ მთავარ სპონსორს გაანაწყენებენ და ამ მილიონებსაც დაკაგავენ.
“ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე