რესპოდენტის შესახებ
რდება არამედ - ანტიამერიკული?
რდება არამედ - ანტიამერიკული?
ის არ ნიღბავს თავის განწყობებს, თუ სწორად კითხავ სწორად გიპასუხებს. სხვა მხრივ, ისეთი გამოცდილება აქვს, რომ თუ „არიფი“ ხარ წამოგიკიდებს და შეეცდება თავის თანამოაზრედ გაქციოს. თუმცა, როცა ხედავს, რომ მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ხართ შენს აზრსა და პოზიციას პატივს სცემს. ის პრორუსია და არც მალავს ამას, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში პრორუსილი კი არა ანტიამერიკული განწყობები იზრდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს კი შიშით უყურებს. არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს - ხელისუფლების სისუსტე პოლიტიკურ პროცესებს დაპირისპირებასა და სისხლიღვრამდე მიიყვანს. „ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრს ვალერი ხაბუძანიას ესაუბრა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსული განწყობები კი არ იზრდება არამედ - ანტიამერიკული?
- რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ზიარჭურჭელის პრინციპია. რადგან ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობა იზრდება ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რუსული იზრდება. ძირითადად, პოლიტიკოსები ქმნიან თავიანთი განცხადებებით ასეთ განწყობებს. ჩემზე უკეთესად არავინ იცის, იზრდება თუ არა რუსული განწყობები. მე, კაცს, რომელიც იქ ვცხოვრობ, შემიძლია გითხრათ, რომ რუსული განწყობების გასაზრდელად საქართველოში რუსეთის მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება. ამისათვის არ იხარჯება არც ერთი დამატებითი კაპიკი. გარდა იმისა, რაც მუდმივად კეთდებოდა და იხარჯებოდა.
- ვიზალიბერალიზაციის პარალელულად, რუსეთის დაჩქარებული ფაცი-ფუცი და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ პირადად პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რუსეთის მხრიდან გადადმული ნაბიჯი არ არის?
- ეს არის კონკრეტული ტელევიზიის, ერთი კონკრეტული ჟურნალისტის დამსახურება, რომელმაც პუტინს შესაბამისი კითხვა დაუსვა. ანალოგიური პასუხი მას არაერთხელ ჰქონდა გაცემული. ეს დაემთხვა ვადაში ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
- და პუტინის პოლიტიკური ბლეფი იმის თაობაზე, რომ ქართველები და აფხაზებუ უნდა შეთახმდნენ და კრემლი ამ შეთანხმებას დაეთანხმება. ხომ ცხადია, რომ სოხუმი მოსკოვის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამს. აგერ თვალნათლივ გამოჩნდა ეს თუნდაც თურქეთისათვის სოხუმის მიერ ემბარგოს გამოცხადების საკითხშიც.
- პუტინს ასეთი საუბრები აქვს ყოველთვის და ყოველთვის მაგას ამბობდა, რომ ქართველებმა მოაგვარეთ საკითხი აფხაზებთან და ოსებთან. მოდით გავაშიშვლოთ პოლიტიკა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვითომ რუსეთის გაშიშვლებაზე და ნიღაბის ჩამოხსნაზე და ნაბიჯი არ გადადგმულა აფხაზეთთან და ოსეთთან კომუნიკაციისთვის. მაგალითად, მე - სახელმწიფოს მეთაური, ჩავიდოდი სოხუმში. აფხაზეთი უარს იტყვის ჩასვლაზე?
- პატრიარქმა გამოთქვა ამის სურვილი, მაგრამ უარი უთხრეს
- პატრიარქი და რელიგიური მომენტები ცოტა განსხვავებული და სენსიტიური თემაა და ეს არ არის პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის მომენტი. პატრიარქის ჩასვლას ექნებოდა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა.
- საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა მათ გაფართოებული უფლებები, გახსოვთ ნეტრალური პასპორტების თემაც
- სააკაშვილი რომ გამოხტებოდა და რაღაცას იტყოდა ეგ არ არის ურთიერთობა. აფხაზები, ამ წუთას, თავიანთი ფსიქოლოგიური მომენტით არიან „გამარჯვებული“ მხარე, რომლებმაც მოიგეს ომი.
ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ერევა მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტში. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო სამართლის სიკვდილის პირობებში ამაზე ნიშნის მოგება პოლიტიკაშიბავშვობა მგონია.
- ჩვენც სხვა მეზობლებიც გვყავს და მათთან არ გვაქვს მსგავსი პრობლემები
- ვინ მეზობლები გვყავს? ჩვენ მეზობელი, რომელთანაც პრობლემები გვაქვს არის რუსეთი. თუ რამე არ ჩანს რომელიმე მეზობელთან იმიტომ რომ იძულებულნი ვართ დავთმოთ...ვთმობთ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან. პრობლემები ყველა მეზობელთან გვაქვს.
- პრობლემები შეიძლება არსებობდეს მაგრამ ეს არ არის თანაბარწონადი იმასთან შედარებით, რაც გვაქვს რუსეთთან.
- მოდით ასე ვთქვათ ეს არის სეპარატისტული რეგიონები, რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთმა რადგან მის ინტერესებში შედიოდა. ამას ჩვენც შევუწყვეთ ხელი. მარტივი რამე რომ გავიხსენოთ, მე არ მგონია მართლა ნახევარ საათში გაეთავისუფლებინა ელიცინს აფხაზეთი მაშინდელი ჩრდილო კავკასიელი ბოევიკებისგან. მაგრამ შევარდნაძეს ჰქონდა შეთავაზება და გაწელა ეს პროცესი. რაც მივიღეთ სახეზეა.
მაშინ რუსეთს შეეძლო ხელი შეეშალა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისთვის, მაგრამ არ შეუშალა,. რუსეთისთვის ეს მოტივაცია ჩვენ უნდა გაგვეჩინა.
- მაინც დავკონკრეტდები და გკითხავთ, დღეს არის თუ არა დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული?
მე ვამბობ, რომ ეს არის მხარდაჭერილი სეპარატიზმი რუსეთის მხრიდან.
- გასაგებია, მაგრამ არის თუ არა დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა?
- რა თქმა უნდა. ტერიტორიული მთლიანობა რომ დარღვეულია, ეს ისეთივე სიმართლეა როგორც ორჯერ ორი ოთხია. ამას თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ ოკუპაცია, შეგიძლია დაარქვათ მხარდაჭერილი სეპარატიზმი, შეგიძლიათ დაარქვათ ერთა გამორკვევა. ჩვენ ქართველებს გვინდა რომ ამას ერქვას ოკუპაცია, მაგრამ მე ვეძახი მხარდაჭერილ სეპარატიზმს.
- თქვენ აპირებდით პოლიტიკაში აქტიურობას და პოლიტიკური პარტიის შექმნას?
- დაანონსება საჭირო იყო იმისათვის, რომ მე მომესინჯა ნიადაგი და რესურსი. ნიადაგი ნამდვილად არის, ნიადაგი პრორუსული ძალისათვის საკმაოდ ნოყიერია. რაც უფრო დრო გადის პოლიტიკა მით უფრო ძვირდება, განსაკუთრებით ეს გაძვირდა დღევანდელი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლასთან ერთად. იმისათვის, რომ ნორმალური პოლიტიკური პარტია შეიქმნას დაახლოებით საჭიროა 5 მლნ დოლარი წელიწადში.
- პოლიტიკის გაძვირება მმართველის პარტიის სიმდიდრემ განაპირობა?
გაძვირება განაპირობა რესურსების მონოპოლიზებამ რაც დაიწყო სააკაშვილმა. სააკაშვილმა მოახდინა მთელი ფინანსების მონოპოლიზება სახელისუფლებო სტრუქტურებში.
თქვენ თქვით რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაძვირდა, სააკაშვილი რა შუაშია?
ახლა იმიტომ გაძვირდა, რომ სააკაშვილის დროს საერთოდ აზრი არ ქონდა პოლიტიკურ პარტიაზე ფიქრს. სააკაშვილის დროს პარტია შეგექმნა და თან 5 მლნ გქონოდა, დამთავრებული იყო შენი ამბავი.
- სააკაშვილის დროს ოპოზიციური პარტიები არ იყო? დღევანდელი ხელისუფლებაც ხომ ოპოზიციაში იყო?
- კარგით რა, რომელ პარტიებზე საუბრობთ? ერთი კაცის პარტიებზე? პრეზიდენტისადმი მიმართვა წავიკითხე, რომელსაც ხელს აწერს 15 პოლიტიკური პარტია. სასაცილოა ეს ყველაფერი. ახალი მემარჯვენეების პარტია არსებობს თქვენი აზრით? რამდენი კაცი იხდის ამ პარტიაში საწევროს? ჩემი მეგობარია კახა კუკავა, ეწყინება მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, თვითონ კახა კუკავა რომ არ იყოს პარტია „თავისუფალი საქართველო“ იარსებებს? ასეთივეა „ევროპელი დემოკრატები საქართველოსათვის“ და კიდევ ბევრი.
- რატომ? იყო რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი...
- და მერე რა? ფაქტიურად, დროებითი ენთუზიაზმის გავლის შემდეგ ორი კაცი იყო „ეროვნული ფორუმი“ და 7 წიგნის წამკითხავი კაცია „რესპუბლიკური პარტია“. ესენი არ არიან პარტიები, ესენი არიან სალონური ტიპის ჯგუფები, რომელიც რაღაცას რომ მიეკედლებიან ღებულობენ სტრუქტურულ სახელს.
- ანუ ფინანსების გამო გადაიფიქრეთ?
- ვატყობ, რომ დღეს მე თვითონაც არ ვარ მზად ავიტანო ბრძოლის ის ფორმები და მეთოდები რომელიც მოსალოდნელია.
- რას გულისხმობთ?
- აქ იქნება საშინელებები. დაწყებული პირადულ კომპრომატული შეურაცხყოფებიდან, დასრულებული ფიზიკური მოქმედებებითაც კი. არ გამოვრიცხავ დაპირისპირების ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალურ შედეგებამდე მისვლასაც კი. ძალიან გამწვავდა სიტუაცია, არ არის კონცენტრირებული სახელმწიფო ძალა. ბევრი ცარიელი ნიშაა სადაც ბევრი ძალები ჩაერთვებიან და ეს ძალები არამართვადია. სახელმწიფო იმდენად სუსტია, არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს ამ ყველაფერს. ვგულიასხმობ კრიმინალური დონის შეჯახებებს, შეიარაღებულსაც კი. გამორიცხავთ შეიარაღებულ შეტაკებებს? სააკაშვილის დროს - პოლიტიკური ქვის ხანის დროს - ქვიბის სროლები გახსოვთ ალბად. და ახლა, რეგიონებში შეიარაღებულ შეტაკებებს გამორიცხავთ? მე არ გამოვრიცხავ.
- შეტაკებებს ვისსა და ვის შორის?
- ჯერ ერთი, რეგიონებში დარჩა მაჟიორიტარული სისტემა და წარმოგიდგებნიათ რაიონებში რა შეტაკებები იქნება ამის გამო? მეორეც, არ არის ხელისუფლებიდან მესიჯი ვისზე გააკეთო კონცენტრირება. არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრის ასეთი უცაბედი შეცვლა აბნევს სოციალურ, ეკონომიკურ თუ ბიზნესჯგუფებს. ვერ ხვდებიან საით აიღონ ორიენტირი. პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა, ცალკეულ ვიცე-პრემიერებს ჰქონიათ ამბიციები... და არჩევნებამდე 1 წლით ადრე ორიენტაცია არ არის. 6 თვეში ამის გადაწყობა წარმოუდგენელია. დრო აღარ რჩება გადასაწყობად.
- და, თქვენს მიერ ჩამოთვლილი მოტივებისა და გარემოებების გამო, ამბობთ უარს პოლიტიკური ძალის შექმნაზე?
- იმის გამო რომ მეჩქარება და ასაკი მემატება, არ ნიშნავს, რომ გადაგვდა ისეთი ნაბიჯი, რაც მეტ ზიანს მომაყენებს და ზიანს მიაყენებს იდეასაც, რასაც მე ვფიქრობ ყველამ იცის - საქართველოში უნდა არსებობდეს ორი ტიპის პარტია: პროდასავლური და პრორუსული. იყოს ღია კონკურენცია რუსეთმაც დახარჯოს ფული და იარსებონ ამ ძალებმაც. დასავლეთი ისედაც ხარჯავს. რაც მეტი ფული დაიხარჯება და პოლიტიკური ძალები იარსებებენ, ბნელი ძალებისთვის ადგილი არ დარჩება. ღია კონკურენცია ყოველთვის იძლევა ზრდის საშუალებას. ეს ყველაფერი დასავლეთსაც გაუჩენს მოტივაციას რეალურად იმოქმედოს. დასავლეთი დღეს ადეკვატურად არ იქცევა საქართველოში. ის მინიმალური დანახარჯებით მოათრევს საქართველოს.
- თქვენ თქვით, რომ რუსეთმაც დახარჯოს ფული საქართველოში. თქვენ იქ ცხოვრობთ, მუშაობთ, თქვენი და პუტინის მეგობრობაზეც საუბრობენ, რატიომ არ გაძლევთ ფულს?
- აქ აქვთ ასეთი წარმოდგენა რომ რუსეთი მოგცემს ფულს და წამოხვალ. ვთქვათ, 5 მილიონი ქეში წამოვიღო და აქ რაღაცეები ვაკეთო, არ ვაპირებ ასე პოლიტიკის გაკეთებას. რუსეთში ამის არც მზაობაა და არც სურვილი, რომ ვინმე ქართველს ასე ჩაუდოს ფული და გამოუშვან.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია