როგორც ჩანს პარტია “ქართული ოცნების“ ცალკეულ ხელმძღვანელებს სასწრაფოდ სჭირდებათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საფუძვლიანი სწავლა. დასაწყისისათვის კარგი იქნება თუ ქაღალდზე მსხვილი ასოებით დაწერილ რუსთველის ცნობილ აფორიზმს: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების," კაბინეტებში თვალსაჩინო ადგილას გააკრავენ და ხშირად წაიკითხავენ, განსაკუთრებით მედიასთან ინტერვიუს წინ.
საარჩევნო წლის დასაწყისშივე „ქართული ოცნების„ ლიდერების საზოგადოებასთან პირველივე კომუნიკაციამ პარტიას უკვე მოუტანა პრობლემები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პირველივე ინტერვიუმ, რომლის თანახმადაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ სიაში არსებული რაოდენობით ვერ მოხვდებოდნენ მსახიობები, და სპორტსმენები და აქცენტი კონკრეტული დარგების პროფესიონალებზე გაკეთდება, საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ გია ვოლსკისგან საკმაოდ მკვახე პასუხი მიიღო. მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია, თან იქვე დაუმატა - პარლამენტის წევრობის კანდიდატები პროფესიის მიხედვით არ ფასდებიან. მეტიც, ვოლსკიმ კობახიძის განცხადება, რომელშიც მსახიობებსა და სპორტსმენებზე ნეგატიური აქცენტი იყო გაკეთებული, შეაფასა, როგორც „პოლიტიკურად არასწორი,“ და „დაპირისპირების ატმოსფეროს“ შექმნელი. რეალურად ასეც მოხდა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რამდენიმე მსახიობისა და სპორტსმენისგან სრულიად ბუნებრივი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მათ კობახიძის ასეთი განცხადება შეურაცხყოფად აღიქვეს. კობახიძის ინტერვიუმ, გარდა იმისა რომ კულტურისა და სპორტს სფეროდან მოსული დეპუტატები შეურაცხყო, გააშიშვლა „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულო და პარტიაში არსებული დაპირისპირებები და ინტერესთა კონფლიქტებიც. ამით „ქართული ოცნების“ ოპონენტებს, როგორც მინიმუმ, სალაპარაკო მიეცათ. ამასობაში, მედია და საზოგადოება გადაივსო სპეკულაციებით თუ ვის მოიკვეთავს საარჩევნოდ „ქართული ოცნება“ და ვინ დარჩება სიების მიღმა. უკვე სახელდებიან კონკრეტული სუბიექტები, რაც ბუნებრივია ვერ უწყობს ხელს პარტიაში ჯანსაღი გარემოს შექმნას.
სწორედ აქ მივადექით მთავარს - მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებამდე მიტანის უნარსა და ხელოვნებას, რომლის სერიოზულ დეფიციტსაც განიცდის პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთა უმეტესობა. ეს განსაკუთრებით მედიასთან ურთიერთობისას ვლინდება. ინტერვიუს აღება ჟურნალისტის სამუშაოა, ინტერვიუს მიცემა კი პოლიტიკოსის, და სხვათა შორის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა პოლიტიკური რუტინა. ჟურნალისტს სრული უფლება აქვს პოლიტიკოსს „ჩამჭრელი“ კითხვები დაუსვას. მაღალი დონის პოლიტიკოსს კი ყოველთვის აქვს „მათ კითხვებზე“ მომზადებული „საკუთარი პასუხი“ და ის გზავნილები რაც მას და მის პოლიტიკურ ჯგუფს დამატებით დივიდენდებს შესძენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინტერვიუები კი ხშირად მათი და მათი პარტიის წინააღმდეგ მუშაობენ და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. გამონაკლისი, არც პარტიის აღმასრულებელი მდივნის აღნიშნული ინტერვიუ აღმოჩნდა. მედიცინაში უძველესი დროიდან მიღებული წესი: „Primum non nocere“ რაც ქართულად ნიშნავს “უპირველეს ყოვლისა, არ ავნო,“ არანაკლებ აქტუალურია პოლიტიკაშიც. ხოლო ქართულ პოლიტიკაში კი ათმაგად აქტუალური. სწორედ პოლიტიკოსების მიერ ამ პრინციპის უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს არაერთი კატაკლიზმი და უბედურება. საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, სხვა ყველაფერთან იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანებს არ უნდა ავნო, თუკი კომუნიკაცია სპეციალურად ვინმეს გამათრახებისთვის არ არის გამიზნული.
წინაასარჩევნო პერიოდი „ქართული ოცნებისათვის“ არცთუ ხელსაყრელ ფონზე მიმდინარეობს. სოციალური სიტუაცია და შესაბამისად მოსახლეობის ცხოვრების დონე სწრაფად უარესდება, მმართველ პარტიასა და საზოგადოეაბს შორის გაუცხოება იზრდება, ისინი სულ უფრო ნაკლებად უგებენ ერთმანეთს, ხოლო ხელისუფლების კომუნიკაცია საზოგადოებასთან სულ უფრო დიდი ხარისხით წყდება რეალობას. საზოგადოებისათვის სულ უფრო რთული ხდება დაიჭიროს ლოგიკა ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებში. ეს მით უფრო სახიფათოა როდესაც ჩვენთან ხალხისთვის რეალური პოლიტიკა ლამის მთლიანად ჩაანაცვლა ტელევიზორმა. როდესაც იცი რომ ჩასაფრებული გყავს პოლიტიკური ოპონენტების მომსახურე რამდენიმე მაღალპროფესიულად მომუშავე ტელევიზია, მით უფრო უნდა ზრუნავდე რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დონე პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტებამდე აიყვანო. მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნებას“ ნამდვილად ჰყავს ამ დარგის კარგი სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში არც მაღალი დონის უცხოელი პროფესიონალების მოწვევა უნდა გაუჭირდეს.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ირაკლი კობახიძეს საჯაროდ განეცხადებინა ის რაც განაცხადა, რომ არა ორიოდე კვირის წინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ, სადაც მან მისთვის ჩვეული ხისტი პირდაპირობით ისაუბრა მომავალი არჩევნებისათვის პარტიის საპარლამენტო სიის სერიოზული გადახალისების აუცილებლობაზე. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს სრულიად მიზანმიმართული კომუნიკაცია იყო რათა საპარლამენტო სიიდან მოსაკვეთად განწირულნი და საზოგადოებრივი აზრიც წინასწარ შეემზადებინათ მოსალოდნელი მტკივნეული ცვლილებებისათვის.
„ქართული ოცნება“ გარკვეულ რისკზე მიდის როდესაც საზოგადოებისათვის ცნობადი და გავლენიანი სახეების ჩანაცვლებას ნაკლებად ცნობადი ინტელექტუალებით აპირებს. საკითხავია, მომავალ არჩევნებზე ვის უფრო მეტი ხმების მოტანა შეუძლია „ქართული ოცნებისათვის,“ საზოგადოებისათვის ცნობად და გავლენის მქონე კულტურის და სპორტის მოღვაწეს, თუ იურისტის ან ეკონომისტის დიპლომის მქონე თუნდაც ძალიან მომზადებულს, მაგრამ ხალხისათვის უცნობ და უსახურ პერსონას. უფრო მეტიც, ამ მსახიობებსა და სპორტსმენებს ჯერ კიდევ საკმაო ელექტრორალური რესურსები გააჩნიათ და მათი დაკარგვა, ან უფრო უარესი, სხვა ბანაკში გადასვლა, „ქართული ოცნებისათვის“ შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზების მომტანი აღმოჩნდეს.
P.S. ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური პროგრამა „From Sportsmanship to Statesmanship“ არსებობს, რომელსაც ჯეკ კემპის ფონდის ლიდერობის აკადემია ატარებს და რომლის მიზანია საჯარო პოლიტიკისადმი ინტერესის მქონე მოქმედ და ყოფილ სპორტსმენებს, ასწავლონ პოლიტიკა, ლიდერობა, ეროვნული/ამერიკული/ იდეა, ხალხთან ურთიერთობა და იდეების გადათარგმნა მკაფიო საზოგადოებრივ გზავნილებად.
“ჯი-ეიჩ-ენი“, ზაალ ანჯაფარიძე