ENG / RUS       12+

როდის უნდა აღინიშნებოდეს შობა საქართველოში?

ჩაიარა საახალწლო ზეიმმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში,  უკვე ტრადიციულად, ყველაზე საყვარელი და საყოველთაო დღესასწაულია. თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს წმინდად საერო, კიდევ უარესი, სუფთად «საბჭოთა–რუსული» ტრადიციაა.

ასე (!) როგორც ჩვენთან, ახალ წელს არსად არასდროს ხვდებოდნენ და ხვდებიან იმ სივრცის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნოდით ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში.

მაგრამ «ახალი წელი» იმდენად მოერგო საზოგადოებრივ მენტალობას, მათ შორის ჩვენი ეროვნული ტრადიციების, სტუმარ –მასპინძლობისა და «კულინაროფილიის» გათვალიწინებით, რომ ყველას ჰგონია, თითქოს მუდამ ასე იყო. არადა, ნამდვილად არ იყო ასე. და არც სხვაგან არ არის – იმ სივრცეში, რომლისკენაც ვითომ ვისწრაფვით ისეთი ვნებით, რომ განვლილი 25 წლის განმავლობაში უდიდესი ფასიც გადავიხადეთ ყველა თვალსაზრისით.

დასავლეთში აღნიშნავენ შობას!  არა ჩვენებური  რიტუალით რასაკვირველია, მაგრამ მაინც სიხარულითა და სიყვარულით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამაში გულისხმობენ ახალ წელს. ისევე, როგორც ქართულად ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს «შობა–ახალი წლის» დღესასწაულს. ვითომ რატომ არა «ახალ წელ–შობის» დღესასწაულს? რატომ ასე არ ვამბობთ ხოლმე? არა მგონია ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი დედა ენის იდუმალი «ვალენტობა» იყოს, როდესაც, მაგალითად,  «მამა–პაპათა საფლავები» უფრო ჟღერს, ვიდრე «მამა–ბაბუათა». არადა ორივე ხომ სწორია?

მიზეზი  უფრო სიღრმისეულია და ტრადიციისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება. ტრადიციის რღვევა კი ყველაზე მტკივნეული, ხშირად სასტიკი და საშინელი გარდატეხაა. ოღონდ,  ამის გარეშე პროგრესი არ არსებობს. რეფორმების გარეშე საკაცობრიო ცივილიზაციაც არ შედგებოდა, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ.

იმავე რუსულ–ქართულ დისკურსში, ახალი წლის განუყოფელი ნაწილი (გოზინაყთან ერთად) იყო ახლახანს გარდაცვლილი დიდი რუსი რეჟისორის, ელდარ რიაზანოვის შესანიშნავი ფილმი (სინამდვილეში, დახვეწილი ფილოსოფიური რეფლექსია რუსული ინტელიგენციის არსსა და როლზე) «ბედის ირონია ანუ გაამოთ». ბავშვობიდან მოყოლებული, ამ ფილმის გარეშე ახალი წელი ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ, რუსებისგან განსხვავებით,  ხომ ვეჩვევით, ნელ ნელა, უმისობას ახალ წელს? ყოველ შემთხვევაში, ქართულ არხებზე მაინც.

აქედან გამომდინარე, ხშირად ის, რაც საყვარელი და ტკბილია, აგრეთვე ძველდება ხოლმე, ანუ დროსთან შეუსაბამო ხდება. თანაც,  ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ «ახალი» სულაც არ ნიშნავს, თავისთავად, «უკეთესს». ისევე, როგორც არ ნიშნავს «უარესს». უბრალოდ «ახალია» და დროის შესაბამისი. მეტი არაფერი, მორჩა და გათავდა!

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ამ საკითხზე მხოლოდ «უარესობა–უკეთესობის» დისკურსში მსჯელობს, რასაც უბრალოდ ჩიხში შევყავართ. არადა, სწორედ აქ იქნებოდა ყველაზე მეტად რელევანტური მიზანშეწონილობის პრინციპი, ანუ, იგივე არჩევანი, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, გულისხმობს არჩევანს არა «ცუდსა და კარგს», არამედ «ცუდსა და უარესს» შორის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფეისბუკზე, «25 დეკემბრისა» და ქრისტეშობის შესახებ მიმდინარე დისკუსიას თუ თვალს მიადევნებთ, ერთ უცნაურობას უეჭველად შენიშნავთ:  რატომღაც, არც მომხრენი, არც მოწინააღმდეგეები არ მსჯელობენ იმაზე, რამდენად გამართლებული იყო და რამ გამოიწვია პაპ გრიგოლ XIII–ის გადაწყვეტილება, როდესაც მან 1582 წლის დიდი საეკლესიო რეფორმა განახორციელა.

შეიძლება ითქვას, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა  ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, რაკი ეკლესიამ ყურად იღო მეცნიერთა (ასტრონომთა, მათემატიკოსთა) არგუმენტები და, საკითხის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ დიახაც, ასტრონომიულმა ცდომილებამ გამოიწვია კალენდარული ანომალია, ხოლო რეალობასთან (!) შესაბამისობისათვის აუცილებელი გახდა კალენდარული, მაშასადამე საეკლესიო რეფორმა!

აქვე: უსასრულოდ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რა პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა თვით პაპ გრიგოლ მეცამეტეს, ან კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქ სილვესტრის და იერუსალიმის პატრიარქ სოფრონს, რომლებმაც პაპი «ეშმას მოციქულად» შერაცხეს, ხოლო «ახალი პასქალია», ანუ განახლებული სათვეო კალენდარი უდიდეს ერესად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დროებით მაინც დავანებოთ თავი პოლიტიკურ მოტივებს, დავანებოთ თავი  იმაზე მსჯელობასაც, რამდენად ჰქონდათ იგივე პოლიტიკური მოტივი კომუნისტებს, როდესაც ჯერ ახალი კალენდარი მიიღეს, შემდეგ, ეკლესია ისევ ძველს დაუბრუნეს,  ან არის თუ არა «ოკუპანტების მხარდაჭერა» (როგორც გიგი თევზაძე ამტკიცებს) შობის 7 იანვარს აღნიშვნა. და ა.შ.

ამის ნაცვლად, დავსვათ მარტივზე მარტივი კითხვა, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ სვამს მიმდინარე  დისკუსიაში:  ნამდვილად არსებობდა (არსებობს) თუ არა ასტრონომიული ცდომილება? განა მართლაც  მარტივზე – მარტივი, ბუნებრივზე - ბუნებრივი კითხვა არ არის?

მე მგონი, 1583 წლის 20 ნოემბერს, კონსტანტინოპოლში შემდგარი საეკლესიო  კრების სიგილიონის დებულება «უღმერთო ასტრონომების» შესახებ, დღეს მაინც, დიდი ვერაფერი არგუმენტია. ამ ლოგიკით, ის ასტრონომებიც «უღმრთონი» იყვნენ, ვინც ამტკიცებდა, «დედამიწა ბრუნავს და მზის გარშემო ტრიალებსო».

რასაკვირველია, დასავლურ–პაპისტური და აღმოსავლურ–ბიზანტინისტური ეკლესიები ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთისგან გამიჯვნას და ცივილიზაციურ იდენტობათა კიდევ უფრო დაშორებას, საამისოდ ყველა არგუმენტსა თუ საბაბს იყენებდნენ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ასტრონომთა მათემატიკურ გათვლებთან? ციფრები ხომ ძალზე ჯიუტი რამაა? «პოლიტიკური მათემატიკა» არ არსებობს, ხოლო «ორჯერ–ორი» მაინც ოთხია, რომელ და როგორ რაკურსშიც არ უნდა განიხილო ეს საკითხი ან რა სარჩულიც არ უნდა დაუდო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1582 წლის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა; დასავლურ ცივილიზაციაში საეკლესიო და სახელმწიფოებრივი (სამოქალაქო) იდენტობანი უკვე ერთ მთლიანობას შეადგენენ – შობა აღინიშნება 25 დეკემბერს და, იმავდროულად, ესაა უდიდესი საერო დღესასწაულიც! არადა, ამგვარი ჰარმონია ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენში კი, საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით, არათუ უცნაური, არამედ საშიში,  შიზოფრენიული სიტუაცია იქმნება: არსებობს აშკარა ხლეჩა საერო და საეკლესიო იდენტობებს შორის! რა თქმა უნდა ეს საკითხი არ დაიყვანება ისეთ თითქოსდა «სასაცილო წვრილმანამდე», როგორიცაა მორწმუნე მრევლის ყოველწლიური ტანჯვა–წამება საახალწლო სუფრასთან. თუმცა, სინამდვილეში, ეს წვრილმანი სულაც არაა. მით უმეტეს (ვიმეორებ) საქართველოში, სადაც საერო, ანუ სამოქალაქო ტრადიციას, მათ შორის სტუმარ–მასპინძლობასა და სუფრას, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციის ასპარეზს, საკმაოდ  დიდი მნიშვნელობა აქვს.  

ბევრად უარესი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამგვარი ხლეჩა არღვევს სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰარმონიას სახელმწიფოსა და ეკლესიას, ერსა და ბერს, მაშასადამე  სამოქალაქო თვითშეგნებას, საერთო–სახელმწიფოებრივ იდენტობასა და საეკლესიო ცნობიერებას შორის.  ამით, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხდება ეკლესიის გაუცხოება სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, ესე იგი, ეკლესია კი არ ძლიერდება, არამედ პირქით, სუსტდება, როგორც საზოგადოებრივი ცხოველმყოფელობის ერთ–ერთი საყრდენი. ამგვარი გაუცხოება ზიანს აყენებს სამოქალაქო და საერთო–სახელმწიფოებრივ იდენტობას – ეკლესიის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით.

ბევრი რამ  გასაგები (თუმცა არა მისაღები) იქნებოდა, ამ საკითხში კონსერვატიული შეხედულების მიმდევრები პირიქით,  საერო კალენდრის საეკლესიო კალენდართან შესაბამისობას რომ მოითხოვდნენ. ეს მართლაც ბევრად ლოგიკური და თანმიმდევრული  პოზიციაა. მაგრამ ამას ხომ არ მოითხოვენ? მაშინ რატომ არ აცხადებენ «სატანის მიმდევრად» სახელმწიფოს, რომელიც «საზარელი, ღვთისმგმობი ერესის შემოქმედი» გრიგოლ მეცამეტისა და მისი უღმერთო ასტრონომების კალენდრით ცხოვრობს?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცალკე საკითხია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპრობლის დამოკიდებულება, რასაც ყველა მხარს უვლის. მათი შეუვალი პოზიცია საყოველთაო პატივისცემასაც იმსახურებს. მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ეკლესიის დამოკიდებულება სულაც არ იყო ხოლმე ესოდენ შეუვალი დოგმატურ საკითხებში და საკმაო ელასტიურობასაც ამჟღავნდებდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან მოინდომებდნენ.

გავიხსენოთ, თუნდაც, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ან იგივე კონკორდატი და უთვალავი პოლიტიკური თემა  განვლილი 25 წლის განმავლობაში. მაშასადამე, საკვანძო პრობლემა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაა. საზოგადოებამ უნდა შექმნას წინაპირობები დაკარგული ჰარმონიის აღდგენის, იდენტობაში წარმოშობილი ნაპრალის ამოვსებისა და «კალენდარული შიზოფრენიის» დასრულებისათვის.

სწორედ ეს იქნება იმ უდიდესი კულტურისა და საზოგადო ნიჭის  გამოვლინება, რამაც, თავის დროზე, შექმნა ევროპული ცივილიზაცია, რომლის განუყოფელ  ნაწილადაც მოგვაქვს  თავი.

“ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .