რაც უფრო მეტი დროს გადის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომიდან, მით უფრო ნათელია, რომ თვით გადადგომა მოულოდნელი კი აღმოჩნდა, მაგრამ პოლიტტექნოლოგიურად სწორად იყო «შეფუთული». ანუ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობდა. ოღონდ, მოარული აზრის საწინააღმდეგოდ, ეს კონსულტაციები, სინამდვილეში (ყველაფრით ასე ჩანს) ეხებოდა არა იმას, გადამდგარიყო თუ არა პრემიერ–მინისტრი, არამედ, როგორ «შეეფუთათ» ეს გადადგომა ისე, რომ ხელისუფლებას ზიანი არ მისდგომოდა.
სწორად გადაწყვიტეს, რომ ახალ წლამდე გადადგომა სჯობდა ახალი წლის მერე წასვლას. პოლიტტექნოლოგიურად ეს «ორჯერ–ორია», რაკი ახალი წლის შემდეგ მთავრობის გადადგომა ნეგატიურად აღიქმება, ხოლო ახალ წლამდე – განახლებისა და გამოცოცხლების მანიშნებლად. ასეა მოწყობილი საზოგადოების ფსიქოლოგია.
ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, რაკი პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო და პერსპექტივასაც ვერ ხედავდა. მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს «წასვლა» ბიძინა ივანიშვილს დემარშად და მტრობად არ აღექვა. თუმცა, გამოსათხოვარ სიტყვაში მისთვის მადლობა მაინც არ უთქვამს.
ამ ფონზე, სასაცილოც კი იყო საუბრები, რომ იგი შეიძლებოდა დარჩენილიყო კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერად. არადა, ხელისუფლებაში ლიდერი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს! ამიტომ კოალიციის თავმჯდომარის პოსტს, რა თქმა უნდა, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის დაიკავებს. მასვე დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვირიკაშვილი, ამ მხრივ, უფრო ძლიერი ფიგურა ჩანს. უკვე გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ იგი შეეცდება დამოუკიდებლობის მეტი სივრცე მოიპოვოს. მივაქციოთ ყურადღება, რომ ბიძინა ივანიშვილს უმალვე მოუხდა ახალი პრემიერის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ინტერპრეტირება: გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ აღარ მოითხოვს პრეზიდენტის გამოსვლას სასახლიდან. ამას კატეგორიულად მოითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მოითხოვდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ახმოვანებდა თვით ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომელიც «ქართული ოცნების» დამფუძნებელს არაერთგზის გამოუთქვამს.
ახალმა პრემიერმა კი, ხსენებული ფსევდოპრობლემის მიმართ, სულ სხვა დამოკიდებულება გამოამჟღავნა, რაც ივანიშვილმა ასე ახსნა: «აი, «კავკასიურ ცარცის წრეში» ნამდვილ დედას შვილის შუა გახლეჩა რომ არ უნდაო».
ბერტოლდ ბრეხტის მეტაფორა აქ ორაზროვნად ჟღერს, რადგან თანამდეროვე ტერმინოლოგიით, მის პიესაში საუბარია «ბიოლოგიურ» და არა «აღმზრდელ» დედაზე.
ჰოდა რა გამოდის? გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს «არ გახლიჩოს» შუაზე, ხოლო წინა და იმის წინა პრემიერები სწორედ ამას ცდილობდნენ, როდესაც კატეგორიულად მოითხოვდნენ პრეზიდენტს ავლაბრის სასახლე დაეტოვებინა მიუხედავად მარგველაშვილის ასეთივე კატეგორიული უარისა?
ეს მხოლოდ პირველი ინციდენტია. როგორც ჩანს, ამგვარი კიდევ ბევრი იქნება, რადგან გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად მოუწევს ალტერნატივების შექმნა მაშინაც კი, როდესაც ეს ალტერნატივები სრულიად შეუთავსებელი იქნება ხელისუფლების ადრინდელ პოზიციასთან.
მთელს ამ სიტუაციას (პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით) კომიკურობის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ კვირიკაშვილი გამოცდილი, ძალიან გონიერი კაცი ჩანს და, მისი «პიროვნული კონსტიტუციიდან» გამომდინარე, ისეთი სწორხაზოვანი არ იქნება, როგორიც ის 31 წლის ბიჭი იყო.
ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს ამას შეურიგდეს და თავადაც ახლებურად «აეწყოს», რაკი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დაუშვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახალი პრემიერ–მინისტრის მთავარ გამოწვევად, მიმდინარე წელს, რა თქმა უნდა საპარლამენტო არჩევნები იქცევა. ოღონდ არა იმიტომ, რომ თითქოს, «თუ კვირიკაშვილმა ეკონომიკური ვითარების გამოსწორება ვერ შეძლო, ოცნება არჩევნებს აუცილებლად წააგებს» და ა.შ. საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს: არჩევნების შედეგი არავითარ კორელაციაში არაა ეკონომიკურ მდგომარეობასთან! ქართველი ამომრჩეველი ტრადიციულად ხმას აძლევს არა «წარმატებულს», არამედ «ძლიერს». უფრო ზუსტად, «სხვებზე ძლიერს». ხმას აძლევს არა «მომხრედ», არამედ ვიღაცის «საწინააღმდეგოდ» და «ვიღაცის ჯინაზე». ხმას აძლევს არსებულის შენარჩუნებას და არა შეცვლას – «შეჩვეული ჭირის» სინდრომით.
თუ, რასაკვირველია, რაიმე ისეთი კატასტროფა არ დაემართა ხელისუფლებას, როგორიც «ნაციონალური მორაობისათვის» გახდა «გლდანის ვიდეოები», რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა და გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ოღონდ, გავრცელებული გულუბრყვილო აზრის მიუხედავად, იმიტომ კი არა, თითქოს «ხალხი აღაშფოთა საშინელმა კადრებმა» და ასე შემდეგ, არამედ იმის შედეგად, რომ ხელისუფლება აშკარად დაიბნა და აღარ იცოდა რა ექნა, რაც იმავე ხალხს არ გამოეპარა.
კვირიკაშვილის მთავარი ამოცანა იქნება, ამგვარი სიტუაცია 2016 წლის შემოდგომამდე არ დაუშვას, რაიმე მკვეთრი მოძრაობა არ გააკეთოს და პოლიტიკურ მტრებს ისეთი «სათქმელი» (!) არ მისცეს, როგორიც ნაციონალებმა შეუქმნეს თავის «მოსისხლეებს» 2012 წლის სექტემბერში – ხსენებული ვიდეოებით.
თუ ახალი პრემიერი ამას მოახერხებს, მაშინ ლარის დევალვაციისა და ინფლაციის მიუხედავად, «ოცნება» არჩევნებს მოიგებს! მით უმეტეს, როდესაც მისი მთავარი ოპონენტები «ყოფილები» არიან. საქართველოში კი «ყოფილები» არ უყვართ.
კიდევ 4 წლის შემდეგ კი, როდესაც საზოგადოება დაიღლება ხელისუფლებით (როგორც დაიღალა შევარდნაძით 2003 წელს და მიშათი 2012 წელს) გლდანის მსგავსი გარდატეხის ორგანიზება გაადვილდება. მით უმეტეს, რომ იმ დროისათვის მაჟორიტარული სისტემაც გაუქმდება, რომელიც ხელისუფლების დასაყრდენი იყო მუდამ.
ეკონომიკაში ვითარების გაუმჯობესებას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, რადგან, მოგვწონს თუ არა, ჩვენი ეკონომიკა რუსეთსა და უკრაინაზე უფრო მეტად აღმოჩნდა მიბმული, ვიდრე ევროპასა და ამერიკაზე. ამ ქვეყნებში კი სიტუაცია უახლოეს წლებში არ გამოსწორდება. მაშასადამე, ხელისუფლება ობიექტურად ვერ მოახერხებს ტრადიციული ქართული პროდუქციის «გადამისამართებას» რუსეთ –უკრაინიდან სხვა ბაზრებზე, ამიტომ კრიზისი გაგრძელდება და გაძლიერდება კიდეც. ოღონდ (ვიმეორებ) ეს პროცესი პირდაპირ არ უკავშირდება არჩევნების შედეგებს, როგორც ეს ხდება ხოლმე ნორმალურ ქვეყნებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელისუფლებას შეიძლება კვლავ დაეხმაროს საგარეო პოლიტიკური წარმატებები. თუ ევროკავშირმა მართლა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ, ეს იქნება ყველაზე სერიოზული წარმატება მთელი განვლილი 25 წლის განმავლობაში. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქმე ეხება არა ტურისტულ მოგზაურობებს, არამედ ევროპაში ათი ათასობით (!) ადამიანის დასაქმებას, რომლებიც, უამრავი საბუთის თუ ცნობის მიუხედავად, მაინც მოახერხებენ ევროპაში «შეპარვას».
რაც მთავარია, ეს შესანიშნავად იციან ევროპელებმა, მაგრამ მაინც დგამენ ამ ნაბიჯს, სწორედ ამიტომაა ეს «უვიზო რეჟიმი» მნიშვნელოვანი, თორემ ვისაც ევროპაში ტურისტულად მოგზაურობა უნდოდა და საამისო ფული გააჩნდა, ის წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებდა ვიზის აღებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რას შეიძლება ველოდოთ «ნატო»–ს სამიტისგან. დღევანდელი მდგომარეობით არც არაფერს – მორიგი დაპირებების და დეკლარაციების გარდა. ოღონდ ეს ამჟამინდელი საერთაშორისო დისპოზიციით. მაგრამ თუ რუსეთ–დასავლეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა, თუ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში (იქ უფრო, ვიდრე უკრაინაში) საბოლოოდ «ამძლავრა თითი» და ევროატლანტიკური ცივილიზაციის ლიდერთა მოთმინების ძაფიც საბოლოოდ გაწყდა, მაშინ ბევრი რამ ნამდვილად შეიძლება შეიცვალოს და ის, რაც მიუღწეველი გვეგონა, მიღწევადი გახდება.
«ნატო», რასაკვირველია, არ შეცვლის უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის დაწერილ წესდებას, არ ამოიღებს ამ დოკუმენტიდან პუნქტს, რომლის თანახმად, ალიანსის წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს (დასავლეთი ცნობდა ე.წ. «გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის» არსებობას და მხოლოდ ამიტომ მიიღეს გერმანია ალიანსში) მაგრამ უთვალავი სხვა ინსტრუმენტი გააჩნია და უამრავი სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს.
თუ მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე დღის წინ, BBC–ზე გავიდა ფილმი «მკვლელი კვლავ დაუსჯელია» – რუსული სპეცსამსახურების მიერ ლონდონში, რადიოქტიული ნივთიერებით, ალექსანდრე ლიტვინენკოს (ФСБ-ს ყოფილი აგენტის) მოწამვლის შესახებ.
ამ «საუკუნის მკვლელობამ» შეძრა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ 10 წელი დასჭირდათ იმისათვის, რათა ასეთი ფილმი გაეშვათ BBC–ს ეთერში.
ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მკვლელში, ამჯერად, ანდრე ლუგოვოი ან ლიტვინენკოს სხვა ექს–კოლეგები კი არ იგულისხმება, არამედ ის, ვინც მათ ზესაიდუმლო, უიშვიათესი რადიოქტიური ნივთიერება ჩააბარა საჯარო მკვლელობისათვის!
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო, პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც მას რაიმე მკვეთრი მოქმედება ან განსაკუთრებული აქტიურობა არც მოეთხოვება: საკმარისია ფრთხილი თამაში ჭადრაკის დაფაზე და შეცდომების არდაშვება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოვიგებთ, რაკი ამჯერად «თეთრებით ვთამაშობთ» მაშინ, როდესაც განვლილი მეოთხედი საუკუნის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ «შავებით ვთამაშობდით».
«ჯი-ეიჩ-ენი», დავით ავალიშვილი