როგორც ამბობენ, აზარტული მოთამაშეები ძირითადად იმიტომ მარცხდებიან, რომ არ იციან ან არ შეუძლიათ თამაშის დროზე დამთავრება, რათა მოგებული შეირგონ. სხვათა შორის, ასე დაემართა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც მეტი და მეტი მოგება სურდა. მათ მიაჩნდათ რომ თუკი თამაშს შეაჩერებდნენ, ყველაფერს დაკარგავდნენ. ეს „სენი“ სხვათა შორის ყველა პოლიტიკოსს და პარტიას სჭირს, რა თქმა უნდა სხვადასხვა დოზით, და არც „ქართული ოცნებაა“ გამონაკლისი. მის ლიდერებსაც სურთ რომ 2016 წლის შემდეგაც გააგრძელონ თამაში როგორც სახელისუფლებო პარტიამ. თუმცა, გააჩნია რა მეთოდს აირჩევენ იმისათვის რომ თამაშის მორიგი პარტია მოიგონ.
ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს. პირველი - თამაში მოიგოს დადგენილი წესებით, ისე როგორც გამოცდილი მოთამაშეები იგებენ და მოგებულს მშვიდი სინდისით იღებენ. პოლიტიკურ ენაზე ეს ნიშნავს არჩევნებამდე ქვეყანა მიიყვანოს შედარებით მშვიდ გარემოში და სხვა პარტიებს სამოქმედო ველი დაუტოვოს. მეორე გზა - თამაში მოიგოს დაუდგენელი წესებით. წინაასარჩევნოდ მისთვის სასარგებლო გარემო სიტუაციის ესკალაციით შექმნას და ამით მოსახლეობის ემოციური ტონუსი გაზარდოს. ტრადიციულ წინასაარჩევნო „პურსა და სანახაობას“ (პენსიების მატება, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები) შეიძლება დაემატოს საინფორმაციო-პროპაგანდისტული კომპონენტი ((გოგა ხაინდრავას ფილმი სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე, ბესელიას კომიტეტის მიერ მომზადებული დიდი დოკუმენტი „ნაციონალების“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე , “შავი დღისათვის” შემონახული სკანდალური კადრები წინა ხელისუფლების დანაშაულებზე და ა.შ). არ არის გამორიცხული, რომ ამას მოჰყვეს სამართლიანობის აღდგენის დროშით რამდენიმე რეზონანსული საქმე და ხმაურიანი დაჭერები. თუმცა რამდენად გაჭრის წინასაარჩენოდ ერთი და იგივე მეთოდების გამოყენება და მოხდება თუ არა ამ გზით პოლიტიკური კონიუნქტურის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოტრიალება, ჯერ კიდევ საკითხავია. ხალხი რა თქმა უნდა აღშფოდება, მაგრამ ეს აღშფოთება შეიძლება არ გარდაიქმნას ხელისუფლებისათვის მიცემულ ხმებად იმ რაოდენობით რასაც ის ელოდება. არის იმის რისკიც, რომ ხელისუფლებამ ეს გახმაურებული საქმეები, ისე როგორც არაერთხელ მომხდარა, ჩააფლავოს და არჩევნებამდე ბოლომდე ვერც მიიყვანოს. აი მაშინ კი ელექტორატში მართლა გაჩნდება დიდი მოთხოვნა იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც საზოგადოებას დაარწმუნებენ რომ სამართლიანობასაც ბოლომდე აღადგენენ, საქმეებსაც ბოლომდე მიყვანენ, ხოლო „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ „აუტოდაფეს“ მოუწყობენ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც საარჩევნოდ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და რომელზედაც რატომღაც ნაკლებს ან საერთოდ არაფერს საუბრობენ. ეს არის ადგილობრივი ბიუროკრატია ანუ უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატი. იმაზე თუ როგორ მოიქცევა ის არჩევნების დროს, ბევრად იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგიც. ის კი არა და შეიძლება ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს, თუ გავითვალისწინებთ რა უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენთან არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი მკაცრ პარტიულ დისციპლინაზე დამყარებული ბიუროკრატიული ვერტიკალი, რომელიც მორჩილად ასრულებდა ზემოდან მიღებულ ნებისმიერ, მათ შორის უკანონო დირექტივებს, დიდწილად მოიშალა, თუმცა ბოლომდე არა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღმასრულებელ სტრუქტურებში მოკალათებულ ბიუროკრატიაში კვლავაც დიდი დოზით არიან წარმოდგენილი როგორც „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული „ნაცმოძრაობის“ კადრები, ისევე ის კადრები, რომლებიც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ელოდებიან და ყველაფერს აკეთებენ რომ ეს ასე მოხდეს. ჩვენი ბიუროკრატია უკიდურესად პოლიტიზებულია და ამავდროულად უპრინციპო. მას უშეცდომო ყნოსვა აქვს. არჩევნების დროს პირს იქით იბრუნებს საითაც მეტ ძალას და გავლენას დაინახავს და საიდანაც მისთვის სასურველი სიგნალები წამოვა. მცირე გამონაკლისების გარდა, დღევანდელი ბიუროკრატია პრაქტიკულად ყველა დონეზე სხვადასხვა გარიგებებშია ჩაფლული და შედარებით ადვილი სამართავია.
გარდა ამისა, ხელისუფლება რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდის. მაგალითად, მკვეთრად შემცირებულია უცხოური გრანტების მოცულობა, თუ შევადარებთ 2008-2012 წლებში შემოსულ გრანტებს. ასეთ პირობებში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მთავრობას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. თუმცა, მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება, ამაზე პასუხი ნათელი გახდება მას შემდეგ რაც მთავრობა მუშაობას შეუდგება.
ასეა თუ ისე, კვირიკაშვილის მთავრობამ მისთვის გამოყოფილ ცხრათვიან პერიოდში ბევრი ნაკლის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და ცხრა თვის შემდეგ საკუთარი პროდუქტი შვას. იქიდან გამომდინარე თუ როგორი იქნება ეს პროდუქტი, ბევრად იქნება დამოკიდებული გაუგრძელებს თუ არა ამომრჩეველი “ქართული ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის კონტრაქტს.
“ჯი-ეიჩ-ენი“, ზაალ ანჯაფარიძე