«თავხედური», «აღმაშფოთებელი» და «ცინიკური» – ნებისმიერი სხვა შეფასებაც აბსოლუტურად რელევანტური იქნებოდა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. «იუსტიციის საბჭომ» მიიღო, როდესაც «პატრონყმული მართლმსაჯულების» სიმბოლო, ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ერთ–ერთ საკვანძო ფიგურად დანიშნა, ანუ მოიქცა საზოგადოების ჯინაზე და მიაფურთხა კიდეც ამ საზოგადოებას, თუმცა კი შესანიშნავად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მურუსიძის სამუდამო გამწესებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
ეს დანიშვნა გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად იქცა. მან გადაფარა ყველაფერი დანარჩენი (კარგიც და ცუდიც), რადგან ნათლად აჩვენა, რა უბედურება სჭირს ამ სახელმწიფოს, რომლის აშენებას ტყუილად ვცდილობთ უკვე 25 წელია
ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ «მურუსიძესთან» დაკავშირებით, სრულ სიმართლეს ის ადამიანებიც არ ამბობენ, ვინც მისი დანიშვნის გამო ე.წ. «იუსტიციის საბჭოს» სასტიკად აკრიტიკებს. მურუსიძეს არ გაუსამართლებია სანდრო გირგვლიანის მკვლელები, მაგრამ მან ჩაიდინა ბევრად უარესი: ყველაფერი გააკეთა რაც შეძლო, რათა ისინი ციხიდან დროზე ადრე გამოსულიყვნენ. ამ თვალსაზრისით მურუსიძე იმდროინდელი სისტემის სიმბოლო იყო. გენერალურ პროკურორ ადეიშვილს ხომ შეეძლო იმ გარეწრების მიმართ საქმე აღეძრა თუ არა მკვლელობის, მაშინ წამების მუხლით, რომელიც 22 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს?
განა არ არის წამება ადამიანის ყინვაში გაშიშვლება, სასტიკად ცემა და არაადამიანური მოპყრობა?
მაგრამ ადეიშვილმა, რაკი ხელისუფლებას ისე აწყობდა («ერთგული პოლიციის» განაწყენება არ სურდა), ბევრად რბილი მუხლით აღძრა საქმე, შემდეგ კი ეს სასჯელიც ააორთქლა მურუსიძის მეშვეობით.
იმავე მურუსიძემ გადაწყვიტა სულხან მოლაშვილის ბედი, რომელსაც ნაპროკურორალმა ოქრუაშვილმა საქმე შეუთითხნა მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. «ვარდების რევოლუციამდე» ედუარდ შევარდნაძემ, მისთვის ჩვეულ სტილში, სწორედ მოლაშვილზე მიანიშნა, როგორც შესაძლო მემკვიდრეზე.
ლევან მურუსიძე იქცა «დაჩოკინებული» მართლმსაჯულების ტრაფარეტად! საოცრად ნიშანდობლივია, რომ დღესაც კი, მოსამართლეთა ამ «ღირსეულმა კორპუსმა», სწორედ იგი მოინდომა საკუთარ ლიდერად და თავისი უფლებების დამცველად!
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ «ხელისუფლების ფარულ ჩარევაზე», თვით მოსამართლეებს რომ არ მოენდომებინათ, ვერანაირი მთავრობის გავლენა ვერ აიძულებდა ამ კასტას, სწორედ მურუსიძისათვის დაეჭირათ მხარი. ანუ აირჩიეს ის, ვინც თავად უნდოდათ და ესიმპათიურებოდათ. აირჩიეს საკუთარ სახედ და ხატად, როგორებიც თვითონ არიან; და თავხედურად დაიკიდეს ფეხებზე, თუ რას იტყოდა საზოგადოება, ან რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, აქვე ამ საზოგადოებაზეც უნდა ითქვას, რომ ის, რაც მოხდა, დიდწილად მისი ბრალია: გასულ წლებში, როდესაც მიმდინარეობდა დისკუსია სასამართლო რეფორმის თაობაზე, იყვნენ ადამიანები, ვინც საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ «ხელისუფლებათა გამიჯვნის» შესახებ ფრანგი განმანათლებლის, შარლ მონტესკიეს თეორიის მექანიკური კალკირება და სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობა დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისაგან (ესე იგი პრეზიდენტისა და პარლამენტის), საქართველოს თავისებურებათა გამო, აუცილებლად გამოიწვევდა ასეთ შედეგს: სასამართლო ხელისუფლება ჩამოყალიბდებოდა ჩაკეტილ, უპასუხისმგებლო კასტად, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, საკუთარი შეხედულებებისა და შეფასებების გარდა.
დღეს რომ პარლამენტს შეეძლოს, თუნდაც ხმების 3/4 ან 4/5–ით მურუსიძის გადაყენება, ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებდა. მაგრამ უკვე გვიანაა.
თანაც, სწორედ ის ხალხი, სწორედ ის ყოვლისმცოდნე ექსპერტები და «ენჯეოშნიკები», რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ არჩევითი (მაშასადამე, საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული!) ინსტიტუტებისათვის მოსამართლეთა კლანში ჩარევის თუნდაც მცირედი, თუნდაც რაიმე ბერკეტის დატოვებას, დღეს არანაკლები თავხედობით გვასწავლიან ჭკუას ტელეეკრანიდან და გვიყვებიან, თურმე რამდენად ცინიკური და უპასუხისმგებლოა ე.წ. «იუსტიციის საბჭო», რომელმაც პატრონყმული მართლმსაჯულების სიმბოლო საკუთარი ინტერესების მთავარ დამცველად აირჩია.
ტრაგი–კომიკურია, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც დუჟმორევით მოითხოვდა «სასამართლოს სრულ დამოუკიდებლობას», ახლა მიანიშნებს: «ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, ხომ შეეძლო გავლენა მოეხდინა ისე, რომ მურუსიძე არ აერჩიათო».
ანუ, თუ გადმოვთარგმნით ამ ვირეშმაკულ თეზისს, ახლა ისინი ხელისუფლებას საყვედურობენ: «იუსტიციის საბჭოს წევრებს რატომ ნარკოტიკები არ ჩაუდეთ ჯიბეში, რატომ ახლობლები არ დაუპატიმრეთ, რატომ მანქანები არ დაუწვით და სხვა ამგვარი მეთოდები რატომ არ გამოიუეენთ, თუკი მართლა არ გინდოდათ მურუსიძის არჩევაო». აბა სხვა ბერკეტები ხომ თვითონ არ დაუტოვეს?!
ან კიდევ უარესი: «პარლამენტმა საკუთარ დანიშნულ წევრებზე ზეგავლენა რატომ არ მოახდინაო». ამას ის ხალხი ამბობს, ვინც ასევე დაჟინებთ მოითხოვდა: «პარლამენტმა მხოლოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის საბჭოს წევრები და შემდეგ ჩარევის არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდესო». ახლა გადაატრიალეს ფირფიტა და ისევ გვასმენინებენ თავხედურად.
კი მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო ხომ გინდოდათ, დამოუკიდებელი სასამართლო? ჰოდა მიღეთ დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც საკუთარ სიმბოლოდ, სახედ და ხატად აქცია ლევან მურუსიძე!
ვიმეორებ: დემოკრატიულად არჩევად (ესე იგი საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულ) ინსტიტუტებს რაიმე ბერკეტი რომ შეენარჩუნებინა, მოსამართლეთა გათავხედებული კასტა ამას ვერ გაბედავდა!
აი ასეთი მახინჯი შედეგი გამოიღო «ხელისუფლებათა გამიჯვნის» აბსურდამდე მიყვანამ და ადგილობრივი სპეციფიკის (კლანურობისადმი იმანენტური მიდრეკილების, ზოგადი კულტურისა და შეგნების) ჩლუნგმა იგნორირებამ.
ზუსტად იგივე შედეგს გამოიღებს პროკურატურის დამოუკიდებლობაც: პროკურორები ასევე ყალიბდებიან ჩაკეტილ და შეუვალ კასტად, რომელშიც, სხვადასხვა ელიტურ ჯგუფებს გაუიოლდებათ საქმეების ჩაწყობა – თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგოდ. ამის მკაფიო მაგალითად უკვე იქცა ცნობილი «სვეტსკი წამლის ბარიგას» ქეისი, რომელიც გამოაძვრინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკის კონტრაბანდის საქმიდან მაშინ, როდესაც ამგვარი ბრალდებით «უბრალო მოქალაქეს» 25 წელს ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
«ღარიბაშვილი ლობირებდა მურუსიძესო» – ეს არგუმენტი გასაგებია, მაგრამ მაინც ბადებს კითხვებს: მაინცდამაინც ლოიალური მოსამართლე თუ უნდოდათ, რაღა მურუსიძეზე «დაიწერდნენ ჯვარს», სხვას ვერ იპოვიდნენ, რომელსაც არ ექნებოდა «ბექგრაუნდში» ისეთი საზარელი საქმე, როგორიც ოქროყანას ტყეში იმ საცოდავი ახალგაზრდა კაცის მკვლელობაა?
სინამდვილეში, მოსამართელთა კასტამ, რომელმაც იგრძნო სრული დამოუკიდებლობა «ხელისუფლებათა გამიჯვნის» აბსოლუტიზებისა და დემოკრატიულად არჩევითი ინსტიტუტებისათვის ზეგავლენის ყოველგავრი ბერკეტის ჩამორთმევის შედეგად, გადაწყვიტა ისე, როგორც თვითონ აწყობდა, მიაფურთხა საზოგადოებრივ აზრს და, რაც ყველაზე მთავარია, აწი ყურებზე ხახვსაც ვეღარ დააჭრით – სასამართლო ხომ დამოუკიდებელია?!
საერთოდ, ამ ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი უბედურებაა, რომ პოლიტიკურად აქტიურ სოციუმს არ გააჩნია პარადოქსული აზროვნების უნარი და მოქმედებს პრიმიტიული შავ–თეთრი სქემებით: ხელისუფლებათა გამიჯვნა და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა კარგია, ხოლო სხვა სახელისუფლებო შტოებისთვის კონტროლის რაიმე ბერკეტის დატოვება – ცუდი.
ვერაფერით შეაგნებინებდი, რომ სახელმწიფო, მით უმეტეს დემოკრატიული სახელმწიფო, ბევრად რთული და მრავალფეროვანი ორგანიზმია და ასე მარტივად, ასე პრიმიტიულად არაა საქმე, როგორც ისინი ხედავდნენ და ესმოდათ. უფრო ზუსტად, საერთოდ არ ესმოდათ ხოლმე, რაზე ელაპარაკებოდი.
კი ბატონო, გაიტანეს თავისი და აი, შედეგიც. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ახლა აქეთ გვიკითხავენ ნოტაციებს ტელეეკრანიდან.
განსაკუთრებით კომიკური იყო «დიადი ენჯეო–ტრიადის» მესვეური გოგონების გაკაპასება და აშკარად გამოხატული ზიზღი, რომელშიც ისევე არ იკითხებოდა რაიმე რაციონალიზმი, როგორც მანამდე, როდესაც კატეგორიულად მოითხოვდნენ სასამართლო სისტემის «სრულ და უპირობო დამოუკიდებლობას» სხვა სახელისუფლებო შტოებისაგან.
ძალაუნებურად გიჩნდებოდა ჯანსაღი ეჭვი: იმ უბედურ დღეზე გაჩენილს ბრედ პიტის ან კიანუ რივზის გარეგნობა რომ ჰქონდეს, ამ პრინცესათა რისხვიან მზერაში ბევრად მეტი სითბო ჩაიღვრებოდა, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმას არასდროს აღიარებენ, რომ ის რაც მოხდა, სწორედ მათი სწორხაზოვნებისა და ფუნდამენტალიზმის შედეგია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მურუსიძის საქმემ მართლაც გადაფარა ყველაფერი დანარჩენი: პრემიერ–მინისტრის გადადგომაც კი. იმის მიუხედავად, რომ ეს გადადგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენა აღმოჩნდა: პოლიტიკოსი წავიდა პოლიტიკიდან მაშინ, როდესაც თავს გამარჯვებულად თვლიდა! დალოცვილო, ფეხბურთელი ხომ არა ხარ, იოჰან კრუიფივით დიდებისა და წარმატების ზენიტში წახვიდე? თუ წარმატებული იყავი და ამდენი რამ გააკეთე. რატომღა მიდიხარ?
ან, თუ ბიძინას უნდოდა «განახლება და ახალი სისხლი», იმ მინისტრებს რატომღა ტოვებს, რომლებიც, სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილზე ბევრად არაპოპულარულნი არიან?
არადა, ყოფილ მთავრობას წარმატებებიც ჰქონდა, მრავალ წარუმატებლობასთან ერთად. პირველ რიგში ის, რომ რაღაცნაირად მოახერხა საგარეო პოლიტიკაში ბალანსის დაცვა, რაც ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ვერ ხერხდებოდა: ევროპა უვიზო რეჟიმს დაგვპირდა; უახლეს მომავალში რომც არ მოგვცენ, მაინც სერიოზული გამარჯვებაა; და, იმავდროულად, მთავრობამ რუსეთთან არათუ არ მიიყვანა საქმე ახალ ომამდე (რაც კიდევ შეიძლება აიხსნას იმით, რომ ახლა მოსკოვს ჩვენთვის არ სცალია), არამედ ბაზრის გახსნასაც მიაღწია და სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასაც.
საქართველოში გაიხსნა «ნატო»–ს საწვრთნელი ცენტრი, ხოლო საფრანგეთი აღმოჩნდა ალიანსის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც სერიოზული იარაღი მოგვყიდა. რა თქმა უნდა, ფრანგული საზენიტო რაკეტები ვერ უზრუნველყოფენ, მთლიანად, საქართველოს უსაფრთხოებას, მაგრამ ეს ნაბიჯია «ნატო»–ს მხრიდან და ძალიან სერიოზული ნაბიჯიც! იმავდროულად, რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯიცაა.
ეკონომიკაში გასულ წელს დაწყებული დამანგრეველი ტენდენციები უახლოეს მომავალში ვერ გამოსწორდება, რადგან მთავრობამ ვერ მოახერხა ახალი ბაზრების პოვნა ტრადიციული ქართული პროდუქციისათვის, ხოლო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჯერ–ჯერობით ვერ მუშაობს ისე, რომ რაიმე ალტერნატივად იქცეს რუსული და უკრაინული ბაზრებისთვის.
და მაინც, მთავარი საფრთხე და «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი», რომელიც გასული წლიდან მოგყვება, სწორედ ის სისტემური მანკია, რაც ყველაზე შთამბეჭდავად და მკაფიოდ მურუსიძის საქმეში გამოვლინდა და, როგორც ჩანს, კიდევ ბევრ უბედურებას უქადის ამ ქვეყანას ახალ წელსაც და განჭვრეტად მომავალშიც.
„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე