რესპოდენტის შესახებ
საქართველოს მოქალაქეები ევროპის 28 ქვეყანაში უვიზოდ, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით სიარულს სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულის ბოლოდან, ან ზაფხულის დასაწყისიდან შეძლებენ. ევროპის მსგავსად, საქართველოს უვიზო მიმოსვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სთავაზობს, რომლის გადაწყვეტილებითაც, 2006 წელს, ქვეყანაში, რუსეთიდან თვითმფრინავის საბარგულით ტვირთის ნაცვლად, დეპორტირებული ქართველები ჩამოვიდნენ.
თუ რას ფიქრობენ, საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გზავნილსა და ვიზალიბერალიზაციაზე, ამის თაობაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:
- ევროკომისიამ საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და რა პროცესებია წინ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს?
- ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში წარიმართა და რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული მოლოდოვა იყო, რომელსაც ხუთი შეფასება დასჭირდა, რომ დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველომ ეს ოთხი შეფასებით მოახერხა და ის გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ, რომელიც გვქონდა. ბიომეტრიული პასპორტების შემოღების თვალსაზრისით, ჩვენ და უკრაინამ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი დავასწარით. დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისიამ ევროპარლამენტს უნდა შესთავაზოს, რომ ჩვენი საკითხი განიხილოს. თავის მხრივ, ევროპარლამენტმა ეს საკითხი კომიტეტზე უნდა განიხილოს, შემდეგ საკითი სესიაზე უნდა გავიდეს, ამის შემდეგ კი, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველმა პირმა 539-2001 რეგულაციაში ცვლილებას ხელი უნდა მოაწერონ, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ ივლის. მოლდოვას ამ პროცედურის წარმართვისთვის დაახლოებით ხუთი თვე დასაჭირდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 4,5 თვეში ჩავეტევით.
- ანუ, ევროპის 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა მაისიდან დაიწყება?
- ეს პროცესი მარტის ბოლოს, მაისის დასაწყისში ან უკიდურეს შემთხვევაში, ივნისში დაიწყება.
- წინ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და მედია პლურარიზმიც ეჭქვეშ დგება. ევროპარლამენტარების მხრიდან გათვალისწინებული იქნება თუ არა შიდა პოლიტიკური პროცესები?
- ეს გადაწყვეტილება ეფუძნება არა მთავრობის მიერ გაწულ სამუშაოს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ შეფასებას, რომელსაც აკეთებენ არა ჩინოვნიკები და ექსპერტები, არამედ ევროპარლამენტარები. ბუნებრივია, ჩვენ ევროპის პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა და მუშაობა მოგვიწევს. ამასთანავე, ქვეყანაში დადებითი პროცესები უნდა მიმდინარეობდეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად პოზიტიური ფონი შეიქმნას. არაფერი არ უნდა შავაშავოთ, მაგრამ ამავე დროს, რაღაც კარგი უნდა გავაკეთოთ. საქართველომ გამოცდა ჩააბარა და დანარჩენია ის, როგორ ჩაიცვამ და ჰალსტუხს როგორ გაიკეთებ. მგონია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გაცილებით უფრო იოლი იქნება, ვიდრე ის, რაც უკვე გაკეთდა. ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რომლის მერე ევრაზიისკენ უკან მიბრუნება არ მოხდება. ვიზალიბერალიზაცია კეთილმეზობლურ გზაზე უბრალო ნაბიჯი არ არის, ის ევროკავშირის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
- პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დათქმები ხომ არ გაკეთდება?
- ბუნებრივია, მედია პლურარიზმსა და პოლიტპატიმრებზე საუბარი იქნება. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი როგორც „ევროპის სახალხო პარტიმ“, ასევე „მწვანეებმა“ და „სოციალისტებმა“ დაუჭირონ. რა თქმა უნდა, ყველა მწვავე საკითხზე ლაპარაკი იქნება. ჩვენ პოლიტპატიმრებს არ ვაღიარებთ და ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოკუმენტები არ შევაგროვოთ და ევროპარლამენტარებს არ ჩავუტანოთ. მათთვის პროცესების ახსნა მოგვიწევს. იქ, სადაც გაუგებარი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, გასაგები ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. არ მგონია, ხისტად ითქვას, რომ თუ გიგის არ გამოუშვებთ, საქართველოს მოქალაქეს ევროპაში არ შევუშებთო. თუკი ვინმეს ხმა გვჭირდება, მასთან ლაპარაკი უნდა ვიცოდეთ. თუკი ყველას დედა ვაგინეთ და მიშას მოსყიდულად გამოვაცხადეთ, ის კაცი, ხმას არ მოგვცემს და ისე დავრჩებით. კენჭისყრა დღეს რომ იყოს, უპირატესობა როგორც კომიტეტში, ასევე სესიაზეც გვაქვს. ევროპელ კოლეგებთან საუბარი ჩვევად უნდა გვქონდეს და მათთან მაშინ არ უნდა ვირბინოთ, როცა საგანგებო მდგომარეობაა. საგანგებო მდგომარეობას საქართველო უნდა ქმნიდეს და კანდელაკის განცხადებებზე რეაგირების მომხდენნი არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა გვქონდეს.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლას ევროპულ ქვეყნებში დარჩენის მიზნით, საქართველოდან გადინებები მოჰყვეს?
- ეს საკითხი სპეციალურად შესწავლილია. საქართველოდან გადინების დიდი საფრთხე რომ იყოს, მაშინ არავის არ აინტერესებს, რომ საფრანგეთმა სამი მილიონი ქართველი მიიღოს. პირიქით, ყველაფერი იმისთვისაა გაკეთებული, რომ მოქალაქე ევროპაში ჩავიდეს და უკან ჩამოვიდეს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი უკანონოდ იმყოფება და სახლში მხოლოდ იმის გამო ვერ ბრუნდება, რომ იცის, უკან ვეღარ დაბრუნდება. ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელთაც შვილიშვილები და შვილები არ აუნახავთ და დარდით კვდებიან. ასეთი ადამიანები ქართულ პასპორტს აიღებენ და უკან წავლენ. ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებთან ერთად სამ-სამ თვიან მორიგეობას შექმნის. ე.წ. მომვლელის სისტემაში მიღებულია, რომ ოჯახის ყველა წევრი უცხოეთში მიდის და კანონს არ არღვევს. იტალიაში ქართველი ქალი მხოლოდ იმიტომ მოვიკვდა, რომ სასწრაფოს ვერ მიმართა. მათ ჩვენი მღვდელმთავრებისგან მკაცრი შეფასება დაიმსახურეს, რომ თითქოს, ისინი ოჯახებს ანგრევენ, მაგრამ ამ ხალხმა თავი საკუთარი ოჯახების გადარჩენისთვის გასწირეს. ჩვენი ბევრი მოქალაქე უცხოეთში უკანონოდ იმყოფება და ეს ცუდია როგორც მათთვის, ასევე ქვეყნის იმიჯისთვის. ამასთანავე, საბუთების არქონის გამო ბევრი ადამიანი არჩევნებში ვერ მონაწილეობს და ადამიანებს ასე ვერ გავწირავთ. სალონიკსა და ათენში იმხელა უბნებს გავხსნით, რომ რიგები იქნება. ეს ხალხი სრულყოფილი მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
- ევროპის გარდა, საქართველოს უვიზო მიმოსვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც სთავაზობს. რატომ, ახლა?
- საქართველოს რუსეთის შემოსათავაზებელი არაფერი აქვს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ და ნებისმიერი წესიერი ქვეყანა ამ ნაბიჯს გადადგამდა. ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის. პუტინს ამდენი ლაპარაკის ნაცვლად, დოკუმენტზე ხელის მოწერა შეუძლია, მაგრამ ეტყობა, ჩვენგან რაღაცას ელოდება.
- საქართველოსგან რას ელის? დიპლომატიური ურთიერთობის განახლებას?
- საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღადგენს, რომელმაც 2008 წლის ყველა ხელშეკრულება დაარღვია და ჯარი ჰყავს განლაგებული. არ შეიძლება, ლაპარაკი საქართველოს კურსის ცვლილებაზე იყოს. ნინო ბურჯანაძის აღფრთოვანება მესმის, რომ მას პუტინი უარს არ ეტყოდა. არ ვიცი, მას პუტინმა ყურში კიდევ რა უთხრა. არჩევნები იქნება და იმასაც დავითვლით, პარლამენტში რუსეთის მომხრე რამდენი იქნება. ისინი თუკი ფრაქციას შექმნიან, პუტინისგან მისალოცი ამბავი იქნება. პუტინს დაპირებები სჩვევია, რომელსაც არ ასრულებს. როცა ის გვეუბნება, რომ აფხაზეთს დაელაპარაკეთო, ჩვენ აფხაზეთთან როგორც „დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“ დალაპარაკება რომ გვდომოდა, მსოფლიო ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობას არ გადავუხდიდით. პუტინმა რა გვითხრა? - არაფერი. დოკუმენტს ხელი მოაწეროს და ჩვენი მოქალაქეები არ იწვალებენ, მაგრამ თუკი ის ამაში რაიმეს ითხოვს და საპარლამენტო ანსაბლეაში პუშკოვს უნდა ჩავეხუტო, მაშინ საქართველოს დელეგაცია გამოცვალონ. პირადად მე, ამ დელეგაციის წევრი პუშკოვთან ჩასახუტებლად არ ვიქნები. დელეგაციის სხვა წევრების აზრებსაც გამოვხატავ. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის მხრიდან ასეთი შემოთავაზებაც იყო, მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია.
- პუტინის განცხადებას საქართველოს მთავრობაში რატომ შეხვდნენ აღტკინებით?
- მთავრობის პასუხი დიპლომატიური იყო. ძალიან ხშირად ქართველებს ლაპარაკის გამო პრობლემები გვქონია. თავის დროზე, 1989 წლის აპრილის მოვლენები იმით იწყებოდა, რომ ვიღაცა აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას ითხოვდა. ისეთ რამეს ვამბობდით, არც კი გვესმოდა, რას ვითხოვდით. ახლა გაცილებით უფრო დაბრძენებული ხალხი ვართ. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებისთვის სამუშაო გვაქვს. ცხელი თავები ახლაც არიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველა უნდა დავხოცოთ. ერთი რაღაცის მიკვირს. თავის დროზე, ვიღაცეებმა რუსეთის აგენტად გამომაცხადეს, ახლა კი ის პარტიები, ვინც პუტინის მზეს იფიცებენ, ტელევიზიით გამოდიან და მე მამხელენ. თუკი პუტინი კარგია, რუსეთის აგენტებმა რა დააშავეს? - არც აგენტი ვყოფილვარ და არც პუტინი მომწონს.
- პუტინის განცხადება მიზნად საქართველოში პრორუსული განწყობების გაღვივებას ხომ არ ისახავს?
- თუკი ის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და მისი რეპლიკა განცხადების დონეზე დარჩება, მას მომხრეები უფრო მოაკლდება, ვიდრე მოემატება. მისთვის 2016 წელი საომარია, რადგან საქართველოში ერთი-ორი პარტია გასაძლიერებელი ჰყავს. მოვახერხებთ, რომ მომავალი პარლამენტი პროდასავლურად იყოს განწყობილი. ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც პროევროპულ რეზოლუციებს ერთხმად მიიღებს, როგორც ეს რამდენიმეჯერ მოხდა. ამის წინააღმდეგ ხმა ვერავინ ამოიღო, გულში ვინ რას მღეროდა, არ ვიცი.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტში პრორუსული განწყობების ადამიანები არიან?
- შეუძლებელია, არ იყვნენ, მაგრამ ისინი აგენტურა არიან. შეუძლებელია, საქართველოს რომელიმე სტრუქტურაში რუსეთის აგენტურა არ იყოს.
- მათ შორის, პარლამენტშიც? ვინ არიან ეს ადამიანები?
- დიახ. იმის სპეციალისტი არ ვარ, რომ აგენტები გამოვავლინო.
- თქვენ თქვით, პუტინს ერთი-ორი პარტია გასაძლიერებელი ჰყავს. ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს ბურჯანაძეს გულისხმობთ?
- ამით განსაკუთრებით ბურჯანაძე ისარგებლებს, რადგან ინაშვილი თავს თან პროევროპულად და თან პრორუსად მოიაზრებს. ის ისეთი გულწრფელი არ არის, როგორიც ბურჯანაძეა, მაგრამ სჯობდა, რომ ქალბატონი ნინოც გულწრფელი არ ყოფლიყო.
„ჯი-ეიჩ-ენი“ ნინო ხვადაგიანი