რუსული ინტერნეტ–სივრცე, რომელსაც «რუნეტს» უწოდებენ, აგრეთვე ბეჭდური თუ ქსელური გამოცემები და სოციალური ნეთუორქი წალეკა ნიუსმა, რომ თურმე ნუ იტყვით, «საქართველომ გაატარა პირველი მატარებელი ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით!»
მთავარი მესიჯი იყო: «რაღა გვეშველება რუსებს, ხომ დავიღუპეთ, – ეს დამპალი და კრეტინი პუტინი ევროპასთანაც ძაღლთაპირობს (რუსულად სობაჩიტსა), დასავლეთი გადაგვკიდა და ჩინეთმაც კი, ვითომ ჩვენმა მეგობარმა ჩინეთმაც, «გადააგდო», პუტინის უნიათობით, «გრუზინებთან» შეკრა პირი, - რუსეთის გვერდის ავლით აპირებს აწი ტვირთების ტრანსპორტირებას; რუსეთი კარგავს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, ამ ფუნქციას იძენს ანტირუსული საქართველო, ეს ყოველივე პუტინის სიჩლუნგისა და უნიჭობის ბრალია!».
აი, ასეთი რეფრენით ჟღერდა ეს სიახლე რუსულ საინფორმაციო სივრცეში.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა კბილთა ღრჭიალით გაეცნობოდა ამ ყოველივეს ჯერ პუტინის პრეს–მდივანი, შემდეგ თვით რუსეთის პრეზიდენტი. იმიტომ კი არა, რომ არ ესმით, რამდენად მტკნარი სისულელეა მთელი ეს საუბრები «რუსეთის ალტერნატიული მარშრუტის შესახებ» (თუ რატომ – ამაზე ქვემოთ) არამედ იმის გამო, რომ რუსეთის საზოგადოებამ აღიქვა ხელისუფლების მარცხად და არაპროფშესაბამისობის («ნეპროფპრიგოდნოსტ») გამოხატულებად.
თანაც, დავაკვირდეთ: ყველა შემთხვევაში საქართველო, საქართველო და მხოლოდ საქართველო ფიგურირებს ამ ნიუსებში თუ ანალიტიკურ სტატიებში. შესაბამისად, კბილთა ღრჭიალის სამიზნეც სწორედ ჩვენი ქვეყანაა.
«აღრჭიალოს მერე რამდენიც უნდაო» – ასეთი დამოკიდებულება არა მგონია გონივრული იყოს. ყოველ შემთხვევაში, 2008 წელს ნამდვილად ვიწვნიეთ შედეგი, როდესაც იმ ხალხმა და იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ბრწყინვალედ გამოგვიყენეს «ენერგოდერეფნის» ტერიტორიად, ხელები დაიბანეს, როცა კრემლის შოვინისტურმა ბანდამ, ამის გამო, სწორედ ჩვენი დასჯა გადაწყვიტა და კრემლის პროპაგანდას კვერსაც უკრავდნენ: «ქართველები სულ ტყუილად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუსულმა ავიაციამ «დიდი ნავთობსადენი» დაბომბა – მსგავსი არაფერი მომხდარა და ჩვენ მეტი არც არაფერი გვაინტერესებსო».
ამ სახელმწიფოთა პრეზიდენტები არ ჩამოსულან თბილისში მიტინგზე 2008 წლის 12 აგვისტოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, სანამ კონკრეტიკაზე გადავიდოდეთ, ერთი ზოგადად საინტერესო კითხვა უნდა დაისვას: რატომ ფიგურირებდა რუსულ საინფორმაციო ტალღაში მაინცდამაინც საქართველო? ის 21 კონტეინერი ხომ, სანამ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოაღწევდა, მოძრაობდა ჯერ ყაზახეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კასპიის ზღვით მოხვდა აზერბაიჯანში და მხოლოდ იქედან – თბილისში, თბილისიდან – ფოთში და ფოთიდან – სტამბულში.
მაშ რატომ მხოლოდ საქართველო? რატომ არა აქვთ იგივე კითხვები და აგრესია ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბოლოს და ბოლოს იმავე ჩინეთის მიმართ: ჩინეთს რომ არ მოენდომებინა, ხომ არანაირი «დიდი აბრეშუმის გზა» არ შედგებოდა?
არა, მაინცდამაინც საქართველო: «საქართველომ ჩასცა ზურგში მახვილი რუსეთს» და ა.შ.
რატომ? იმიტომ, რომ არც ერთ სახელმწიფოში, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გააფორმა ეს მართლაც მნიშვნელოვანი შეთანხმება ალტერნატიული (!) მარშრუტის შესახებ, ამ მატარებლის მოძრაობა არ გადაუქცევიათ იმგვარ შოუდ, არ მოუწყვიათ ისეთი გნიასი და კაკაფონია, როგორც საქართველოში!
არსად არ დახვედრია მას პრემიერ–მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი, არსად გადაუციათ პირდაპირ ეთერში და არ უქცევიათ ლამის წლის უმთავრეს ნიუსად, რომ თურმე გვეშველა, «რუსეთის ჯინაზე, მის ზურგს უკან ვატარებთ ტვირთებს და ვათავისუფლებთ სრულიად ევრაზიას ამ ბოროტი და ველური დათვის ტორებიდან!»
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამართლიანობა მოითხოვს აქვე ითქვას, რომ ეს ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის ექსკლუზივი თუ ნოვაცია სულაც არ არის. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან დაიწყო, როდესაც ზუსტად ამ მიზეზით, რუსული საზოგადოება, ექსპერტულ–პოლიტოლოგიური თანამეგობრობა და, შესაბამისად, ხელისუფლებაც, საქართველოზე უფრო ბრაზდებოდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტის გამო, ვიდრე თვით აზერბაიჯანზე, ვისაც ეკუთვნოდა ეს ნავთობი. არადა, აზერბაიჯანს რომ არ მოენდომებინა რუსეთის გვერდის ავლით მისი ტრანსპორტირება, საქართველო რას გააწყობდა?
სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია, სხვა ქვეყნები თვალში უციცინებენ რუსეთს, მის ზურგს უკან აგებენ სხვადასხვა ალტერნატიულ დერეფნებს, ფინანსურ დივიდენდებსაც თავად იღებენ, მაგრამ ოსტატურად ახერხებენ წინა პლანზე სწორედ საქართველოს წამოწევას, რათა ამ ჩვენმა ისედაც გაუბედურებულმა და მრავალგზის ნაგვემმა ქვეყანამ მიიღოს იმ მართლა ველური დათვის დარტყმა; თავად კი, რუსეთის «სტრატეგიულ მოკავშირეებად» და პარტნიორებად რჩებიან
ამ ყოველივეს, «ტრადიციულ თბილისში» ერთი კარგი, აზრობრივად ძალიან ზუსტი სკაბრეზულ–ჟარგონული სიტყვა ერქვა და თუ ქართველი პოლიტიკოსები ზოგჯერ მაინც გაითვალისწინებენ თუნდაც ქუჩურ ჟარგონში ჩაკირულ ხალხურ სიბრძნეს, მხოლოდ სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა, რაც შეეხება ყბადაღებული «აბრეშუმის გზის» ვითომდაც კოსმიურ მომგებიანობას: ათასჯერ გაგვიმეორეს, რომ თურმე ალტერნატიული მარშრუტით კონტეინერების გადაზიდვა აღმოსავლეთ ჩინეთიდან (ესე იგი წყნარი ოკეანის სანაპიროდან) – ევროპაში, ბევრად იაფი დაჯდება და მნიშვნელოვნად სწრაფიც იქნება, ვიდრე ზღვით.
კი, ნამდვილად ასეა, რაკი ზღვით კონტეინერების გადატანა გულისხმობს მთელი ევრაზიის შემოვლას: ინდოეთის ოკეანე, მერე სუეცის არხი (სადაც უამრავი პრობლემაა) ხმელთაშუა ზღვა, გიბრალტარი, მთელი ევროპის შემოვლა, ჰამბურგის ან როტერდამის პორტები და ასე შემდეგ.
მაგრამ არავის არც ერთხელ არ უთქვამს, რომ საქართველოზე გამავალი მარშრუტი იმაზე იაფი და სწრაფია, ვიდრე ამ კონტეინერების გადაზიდვა რუსეთის რკინიგზით! რა თქმა უნდა არ არის და არც შეიძლება იყოს ამაზე იაფი, ლოგისტიკურად მოხერხებული, მით უმეტეს სწრაფი.
მაშ რა ხდება? ხდება ის, რომ ჩინეთი და მისი მეზობელი «პატარა ვეფხვები» (სამხრეთ კორეა, სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია) ცდილობენ სატრანსპორტო ნაკადთა დივერსიფიცირებას. გეოეკონომიკური თვალსაზრისით ეს მუდამ მომგებიანია: ძირითად მარშრუტად, რასაკვირველია, მაინც რუსული რკინიგზა დარჩება, მაგრამ მოსკოვთან სავაჭროდ და ფასის დასაგდებ «საფრთხობელად» კი ნამდვილად გამოადგებათ «საქართველოს მარშრუტი».
ითქვა, რომ 2016 წელს, თურმე, «კიდევ ერთი მატარებელი შემოვა» ხოლო მომავალში 2–3 ათას კონტეინერსაც გავატარებთ. არადა, ეს ხომ, მთლიანობაში, მიზერია? და, რაც მთავარია: ამ «მიზერითაც» ვინ ისარგებლებს პირველ რიგში? რასაკვირელია, ისარგებლებს არა საქართველო, არამედ აზერბაიჯანი, ვინაიდან სულ მალე ამოქმედდება «ბაქო–თბილისი–სტამბოლის» რკინიგზა, სარკინიგზო შემადგენლობები უბრალოდ «ჩაიხრიგინებენ» ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამუშაო ადგილები შეემატება ბაქოს საზღვაო პორტს, - სადაც კასპიის ზღვით ყაზახეთიდან ჩამოსული ჩინური კონტეინერები გადმოიტვირთება, - ფოთის პორტის ისედაც მშიერი მუშები კი დარჩებიან საერთოდ ხახამშრალნი!
ანუ, «ღირდეს მაინც» ეს ოხერი, ღირდეს მაინც!
რკინიგზის შემოსავალიც მცირე იქნება, რადგან ის სარკინგზო ხაზი, რომელზეც მომავალი წლიდან ჩინური კონტეინერები გაივლის, არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს ეკუთვნის და მისი სახელმწიფო კრედიტით შენდება, რომელიც, სხვათა შორის, კიდევ დასაბრუნებელია.
აი, ასე «გვაბოლებენ» და დაგვაბოლებენ მანამ, სანამ ჯერ ერთი, საკუთარ ხელისუფლებებს არ ვაიძულებთ (ვიმეორებ, შევარდნაძის დროიდან დაიწყო ეს მავნე ტენდენცია) მოეშვას სხვათა გეოპოლიტიკური პროექტების სულელურ «გაფიარებას» და, მეორეც, არ მოვიყვანთ ისეთ ხელისუფლებას, ვისაც პარტნიორები იოლად ვერ «დააგოიმებენ», ვერ გამოიყენებენ მოსკოვთან ვირეშმაკული გეოპოლიტიკური ვაჭრობის პროცესში და, იმავდროულად, გაავებული «მურა დათვის» მთელ აგრესიას ჩვენსკენ მომართავენ, თავად კი კვლავინდებურად მის ტკბილ, კეთილ და ერთგულ პარტნიორებად დარჩებიან.
პოლიტიკაში, - პრაგმატიზმი, უპირველეს ყოვლისა!
„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე