რესპოდენტის შესახებ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ათიოდე თვეა დარჩენილი, პოლიტიკურ პარტიებს კი, მზადება არათუ საარჩევნო პროგრამისთვის, არამედ საარჩევნო სიებისთვისაც არ დაუწყიათ. ყოველ შემთხვევაში, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ აცხადებს, თუ რა დაპირებები აქვს და მისი ახალი სახე ვინ იქნება.
რა ხდება მმართველ კოალიციაში საარჩევნო ციებ-ცხელების კუთხით, ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენი“ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ კორძაიას ესაუბრა:
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც საარჩევნო ოლქების დაყოფას ეხება. ოპოზიცია ოლქების დანაწევრების პრინციპს ხელისუფლების სურვილს უკავშირებს, რომ არჩევნებში მეტი მანდატი მოიპოვოს. ოპონენტების ბრალდებები რეალურია?
მათი არგუმენტები დასაბუთებული არ არის, რადგან ჩვენ ოპოზიციას არაერთხელ მივმართეთ, რომ ოლქების დანაწილების ალტერნატიული სისტემა წარმოადგინოს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობა მხოლოდ 10-15 პროცენტი იყოს. ზოგიერთი ოლქი ისე გაიყო, რომ შეიძლება, ის ოპოზიციას არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. უმცირესობის რიტორიკაა, რომ მათ ცუდი საარჩევნო სისტემა ჰქონდათ და ახლა უკეთესს გვთავაზობენ, მაგრამ მათ ისეთი სისტემა ჰქონდათ, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აწყობდათ და ახლა მათ ისეთი სისტემის შემოღება უნდათ, რომელიც პოლიტიკურად აწყობთ. რა თქმა უნდა, მათ მაჟორიტარულ სისტემაზე მეტად პროპორციული სისტემა აწყობთ და ამიტომ გვეუბნებიან, რომ ეს სისტემა უკეთესია, თუმცა, უკეთესი რატომ არის, ამას არ ამბობენ. „რესპუბლიკური პარტია“ დაარსების დღიდან რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ითხოვს და სახელისუფლებო კოალიციაში პირველად ვართ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენს დანაპირებებს ვასრულებთ. ანგარიშს იმას ვუწევთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ისეთი მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებიც ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება არ ყოფილა, ჩვენ მაინც შევძელით ის, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება. კოლიციაში ამაზე შეთანხმება შევძელით. ახლა საპირისპირო ცვლილებების გატანის შანსები ძალიან მცირეა და ასეთი ტიპის კონფრონტაცია დაუშვებელია იმ პირობებში, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. 2020 წელს რეგიონალურ-პროპორციული არჩევნები ნამდვილად იქნება და ოპოზიციის მხრიდან ასეთი გაჯიუტება სერიოზულ ოპონირებად არ გამოიყურება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იწყება და ვინაიდან, უმრავლესობას 113 ხმა არ გაქვთ, ცვლილებების მიღებას როგორ აპირებთ?
ოპოზიციამ უნდა აწონ-დაწონოს, თუკი ჩვენს წინადადებაზე არ წამოვა, რას მიიღებს?! - ოპოზიცია არსებულ სისტემას მიიღებს, რომელიც მისთვის გაცილებით უფრო ცუდია. ქვეყნის განვითარებისთვის უფრო უკეთესი ის სისტემაა, რომელსაც მათ ვთავაზობთ. ქვეყანა ცხოვრებას არც 2020 წელს დაასრულებს და არც 2030 წელს და თუკი ვინმეს სახელმწიფოს განვითარებაზე გული შესტკივა, მაშინ კომპრომისებზე უნდა წავიდეს. არ მგონია, რომ მორალურად, ვინმე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ შედარებით უფრო მოძლიერებული იყოს. დიახ, ჩვენ თანმიმდევრული ვართ, ცვილებებს მუდმივად ვითხოვდით და კომპრომისზეც წავედით. საჯარო დისკუსიის დროს ყველა აცხადებს, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნება და თუკი ამ ხელოვნებას „რესპუბლიკური პარტია“ ფლობს, მაშინ სხვებმაც კომპრომისებზე უნდა იფიქრონ, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
2016 წელს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგები არიან - „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობაში გადმოსული ე.წ. ბიზნესმენი მაჟორიტარი დეპუტატები. მმართველი გუნდი ამბობთ, რომ 2016 წლის საპალამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღებისთვის ხმები არ გყოფნით, თუმცა, რეალურად, თქვენ უმრავლესობის შესაძლო დაშლას იცილებთ თავიდან, რადგან თუკი ამ ცვლილებების გატანას შეეცდებით, „პორტირებული“ მაჟორიტარები თქვენს რიგებს დატოვებენ. ანუ, უმრავლესობის შენარჩუნებისთვის საარჩევნო სისტემას წირავთ?
რა თქმა უნდა, უმრავლესობის შენარჩუნებას თავისი მიზანი აქვს. ქვეყანაში უმრავლესობა უნდა არსებობდეს, რადგან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. ამ უმრავლესობამ მიაღწია იმას, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულიყო და ხვალ-ზეგ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაიწყება. ამ უმრავლესობას საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რთულია უმრავლესობაში იყო, ამდენი დაპირისპირებული პოზიცია შეაჯერო და ჩვენ ამას ვახერხებთ. იმის უზრუნველყოფას ვახდენთ, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმება ქვეყნის განვითარებისთვის იქნეს მიღწეული. მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებსაც 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ, ისევ მაჟორიტარობა სურთ და ამ შემთხვევაში, ჩვენ მათთან შეთანხმება გვჭირდება, რადგან მათთან შეთანხმება უკეთესია, ვიდრე შეუთანხმებლობა. გუნდს შიგნით განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან შეთანხმება გაცილებით უკეთესია, ვიდრე უმრავლესობის დაშლა და გაყოფა. თუკი „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება“ შეთახმებებზე არ წავალთ და პოზიციების ჯიუტად გატანას შევეცდებით, რას მივიღებთ და აქედან ქვეყანას რა პოზიტივი შერჩება?
გასაგებია, რომ ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ოლქების გადანაწილებაც ამიტომ მოხდა, თუმცა, ვინაიდან, რაიონებისა და სოფლების „დაჭრა-მიბმა-მობმა“ ხდება, არ ფიქრობთ, რომ ეს ამომრჩევლებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის? პირველი-მეორე სვირის მოსახლეობას ის უფრო აინტერესებს, ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით, მისთვის რა კომფორტი შეიქმნება, ვიდრე ის, საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსალოდნელ პრობლემებს აანალიზებთ, თუ აქაც მაჟორიტარების ინტერესებს ითვალისწინებთ?
მთავარი ისაა, მოსახლეობას ამ ინფორმაციას როგორ მივაწვდით. მოსახლეობას საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, რომლის ტერიტორიულ მისამართს არ ვცლით. უბრალოდ განისაზღვრება, რომ ამ და ამ მოსახლეობას ეს მაჟორიტარი ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეყოლება. ტერიტორიული მოწყობა არ იცვლება, უბრალოდ, წარმომადგენლობითობის ფარგლები იცვლება. ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გონიერია, რომ განსაზღვროს, ეს რას ნიშნავს. ნაძალადევს 140 ათასიანი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო რომელიღაც სხვა ოლქში 8 ათასიანი ამომრჩეველია და ნაძალადევის მოსახლეობა კარგად გაიგებს იმას, რომ მისთვის ერთი მაჟორიტარი დეპუტატი საკმარისი არ არის.
დუშეთს-ყაზბეგს-თიანეთს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. თქვენ ფიქრობთ, რომ კოალიცია ისეთ უნივარსალურ ადამიანს ნახავს, რომელსაც სამივე რაიონში იცნობენ და რომელსაც მხარს სამივე ოლქში დაუჭერენ?
ეს უკვე მაჟორიტარი დეპუტატის პრობლემაა და არა - ამომრჩევლის.
ამ მოწვევის პარლამენტში ვხედავთ, რომ ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი ქმედითი ერთ რაიონში არ არის და რომელიმე პირს სამ რაიონს და რამდენიმე ასეულ სოფელს რომ ჩააბარებთ, ის უნარიანი იქნება და მისი მუშაობა შედეგს მოიტანს?
პრაქტიკულად, უფრო სერიოზული პრობლემების დასახელება შემიძლია. პარლამენტის წევრს წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით, არანაირი უფლებამოსილება არ აქვს. მაჟორიტარი დეპუტატი შუამავალია - მოსახლეობასა და თვითმართველობას შორის. მაჟორიტარს ფიზიკურად მისვლა-მოსვლა გაუჭირდება, მაგრამ მოსახლეობაც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ მაჟორიტარს ბიურო ჰყავს. უშუალოდ მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას მოქალაქეებიც არ უნდა ითხოვდნენ. ამჟამად, ამ სამივე რაიონს სამი მაჟორიტარი ჰყავს, მაგრამ მომავალში, მათ ერთ მაჟორიტარს წარმომადგენლები ეყოლება და ეს შესრულებადი მისიაა. ვთვლი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ფარგლებში, მაჟორიტარული სისტემა მისაღები არ არის, მაგრამ ამას ვიღაცეები რომ ვთვლით, ეს საკმარისი არ არის.
თქვენ დაპირისპირება ახსენეთ და შემდეგ დააზუსტეთ, რომ მკაცრი სიტყვის გამოყენება გამოგივიდათ, თუმცა, უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირება თვალნათელია. ფაქტია, რომ „რესპუბლიკელებს“ „ოცნებასთან“ ჰარმონია არ გაქვთ. თქვენ შეძლებთ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია ბოლომდე მიიყვანოთ?
პოლიტიკურ ურთიერთობებში „ჰარმონიის“ გამოყენება არარელევანტური მგონია, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, ერთად ვართ და შესაძლებლობებს ვხედავთ, რომ კოალიცია ერთიანი იყოს. იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რაც ქვეყანას კოალიციურობით სჭირდება. ძირითადი ხაზი, რაც ევროპულ ღირებულებებსა და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს გულისხმობს, არ შეცვლილა და წარმატებები გვაქვს. ვიზალიბერალიზაციაზე დადებით დასკვნას ველოდებით და ასევე ნატოს კომუნიკე გამოიცა, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. საქართველო პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით გაცილებით წინაა, რადგან კოალიციურ მმართველობას ახერხებს. ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის, მაგრამ ეს ის გზაა, რომელსაც ერთად გავდივართ.
„რესპუბლიკური პარტია“ ხაზს „კოალიციურ შეთანხმებას“ უსვამს და რას გულისხმობთ ამაში? რას ითხოვთ, პარტნიორებისგან?
გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს, რომ ძირითად მიმართულებებზე შეთანხმებულები უნდა ვიყოთ. ახალ ეტაპზე გადავდივართ, 2016 წლის არჩევნები მოდის. როცა 2012 წელს კოალიცია შეიქმნა, გაცხადებული იყო, რომ კოალიცია ამ არჩევნებისთვის შეიქმნა და მას განსაზღვრული მიზნები ჰქონდა, რომელსაც ვასრულებთ. 2016 წელი ახალი ციკლია და ჩვენ შეიძლება ახალი შეთანხმებები დაგვჭირდეს, რომ მომავალი ურთიერთობების ფარგლები განვსაზღვროთ. განახლება საჭიროა და „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ინტერესი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მომავალი კოალიციური ურთიერთობა. ამ ეტაპზე არ ვთვლით, რომ კოალიციაში რაიმე პრობლემები გვაქვს, მაგრამ მომავალს ისე ვუყურებთ, რომ ეს პროგნოზირებადი იყოს და ურთიერთობის ფარგლები ვიცოდეთ. ეს დამატებით შეკითხვებს არ უნდა აჩენდეს.
არჩევნებამდე დაახლოებით ათი თვეა დარჩენილი და ამ კოალიციური შეთანხმებისთვის, კონსულტაციებს რატომ არ იწყებთ?
კრიტიკული ზღვარი არ არის, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. ამ ეტაპზე უფრო აქცენტირებული საპარლამენტო საქმიანობაზე ვართ, რადგან წელი იხურება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს მისაღები.
ხშირად, პოლიტიკური კულუარებში ისმის, რომ „რესპუბლიკელები“ გარკვეული რაოდენობის მანდატებს ითხოვთ. თქვენი მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ კოალიციაში „ოცნების“ შემდეგ, ყველაზე მეტი მანდატი თქვენ მიიღოთ და 10-12 პროცენტიან გადანაწილებაში არ მოხვდეთ?
მთავრობის კოალიციურობა იმას ადასტურებს, რომ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ მეორე პარტიაა და ის სერიოზული ძალაა. ალბათ, კოალიციურ ურთიერთობებში „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი, ადეკვატური მოთხოვნები ექნება.
თქვენ ამბობთ, რომ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ „სერიოზული ძალა“ არის. თქვენ მიიჩნევთ, რომ პარტნიორები ასე აღგიქვამენ? ან მეორეს მხრივ, არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს პარტნიორებს აღიზიანებთ და თქვენზე ეჭვიანობენ?
ისინი ჩვენზე ეჭვიანობენ თუ არა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ისინი ყველაზე გაღიზიანებულ კომენტარებშიც კი აღიარებენ, რომ „რესპუბლიკელები“ სერიოზული ძალა არიან. ისინი ამას ამათუ იმ სიტყვებით აღიარებენ.
რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, როგორ აფასებთ, პაატა ბურჭულაძის და კიევის ყოფილი მერის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას? ამასთანავე, ბურჯანაძე-ინაშვილს რა შესაძლებლობები აქვთ, რომ თქვენ სერიოზული ოპონირება გაგიწიონ?
არ ვიცი, პარლამენტში ვინ როგორ მოხვდება, მაგრამ ბევრი ახალი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდა. ბურჭულაძეს პოლიტიკური განაცხადი არ გაუკეთებია, მან პოლიტიკური ინტერესები გამოავლინა და ძალიან ცოტა დროა, რომ ისინი მომძლავრდნენ. კიევის ყოფილ მერთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ არჩევნებში მონაწილეობა ასე იოლი არ არის და გარკვეული წესები მოქმედებს, რადგან კანონმდებლობით, საქართველოში ცხოვრების ვადებია განსაზღვრული. რაც შეეხება ბურჯანაძე-ინაშვილს, მათი პოპულარობა შუალედურ არჩევნებში დადასტურდა და შეიძლება, მათ გულშემატკივრები ჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ კოალიციას.
თქვენი თანაპარტიელები სხვადასხვა ინტერვიუში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მცდელობებია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კოალიციაში იყოს. ეს მოსალოდნელია?
ამას ვერ დავადასტურებ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ნინო ხვადაგიანი