თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეში დაზარალებულად ცნობილ ელბერტ კობერიძეს დღეს ,,რუსთავი 2“ დაუკავშირდა. პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ არ უნდა კომენტარების გაკეთება, თუმცა აღნიშნა, რომ პროკურატურის ინფორმაცია არის 100 %-იანი.
"ყველაფერი არის სიმართლე. დამანაბეთ თავი. რაც გინდათ ყველაფერი პროკურატურის განცხადებაშია მოყოლილი, იქ არის ჩაწერილი და იქ გაიგებთ ყველაფერს. მე არ მინდა ინტერვიუების მიცემა. რაც თქვენ გაიგეთ დღეს, ეს არის 100%-იანი", - განუცხადა კობერიძემ ტელეკომპანია.
როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ასევე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. გამოძიების თანახმად, მათ მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.