ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ბოლო პანელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე მსჯელობას დაეთმო. კურსის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიმართა. მან ყურადღება ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურება, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურია, მუშაობს და მას მოსარგებლე ქვეყნები უჩნდება. „მინისტერიალის დასრულების შემდეგ ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ შემდეგი გაჩერება საქართველოა და საქართველოს პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებენ. სწორედ ამიტომ, კომუნიკეში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა ინსტრუმენტი აქვს. ასეთი რამ მანამდე არ თქმულა და ეს არის მთავარი, რაზეც ახლა უნდა დავაშენოთ ჩვენი წარმატება ვარშავის სამიტისთვის,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა ალიანსში გასაწევრიანებელ ინსტრუმენტად ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატიც დაასახელა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს შიდა დამოკიდებულება, განწყობები და კონსოლიდირებული მიდგომა მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა.
თინათინ ხიდაშელი ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერასაც შეეხო. მისი თქმით, ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე, მონტენეგრო ნატოს წევრად მიიწვიეს, ეს პროცესი კი საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. მინისტრმა მაგალითად ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მინისტერიალის შემდეგ გაკეთებული განცხადება მოიყვანა, რომ ნატოს შემდეგი სამიზნე საქართველოა. მან ასევე გაიხსენა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხმამაღალი განაცხადი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შემდეგი სადგური საქართველოა.
თინათინ ხიდაშელმა კურსის მონაწილეების შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა. საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეხედულებების შესახებ შეკითხვაზე, თავდაცვის მინისტრმა გერმანიისა და საფრანგეთის მაგალითები მოიყვანა: „ძალიან პოზიტიური დღის წესრიგით დავბრუნდით ბერლინიდან ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. ბერლინი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე თავიდან-ბოლომდე ჩვენი პარტნიორია და ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნება. საფრანგეთი კი საუკეთესო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ - სექტემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება და არ იქნება. გუშინწინ ნატო გაფართოვდა. დღევანდელი მსოფლიოს დინამიკა ისეთია, რომ დარწმუნებული ვარ ნატოში აუცილებლად შევალთ.“
უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ გაცნო. როგორც მან აღნიშნა, იმპლემენტაციის პროცესში ყოველკვირეულად სერიოზული პროგრესი ფიქსირდება და პაკეტი უკვე რეალურ სახეს იძენს. „საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც პაკეტის იმპლემენტაცია დაიწყო და შესაბამისად, არანაირი გამოცდილება არ არსებობს, რომ სხვა ქვეყნებიდან გადმოვიღოთ. ყველა პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა გამოგზავნეს მრჩევლები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ პროგრესის მისაღწევად. ყოველი ამ პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები,“ - განაცხადა შოთა ღვინერიამ. მან არსებითი პაკეტის ფარგლებში სამი ძირითადი პროექტის განხორციელებას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და ლოგისტიკური მიმართულებები, გაუსვა ხაზი.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პანელის მომხსენებლები იყვნენ ასევე ესტონეთისა და რუმინეთის ელჩები საქართველოში. დიპლომატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ესტონეთი და რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.