ENG / RUS       12+

სულხან ღლონტი: ტერორიზმი- ახალი გამოწვევა ჩვენი  საზოგადოებისთვის

ვიდეო მიმართვა რომელიც ისლამური სახელმწიფოს სახელით ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაავრცელეს, ბუნებრივია ქართული საზოგადოების  განხილვის თემად იქცა.  საერთაშორისო ტერორიზმზე ბევრი რამ გვსმენია, მაგრამ ემოციურად ასე ახლოს იგი ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია რაც არ შეხებია. ეს არის მიმართვა, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ინტერესში  საქართველო მოექცა და ეს გზავნილი მეტი დამაჯერებლობისთვის ქართველების მონაწილეობით გაავრცელეს.

მიმართვის სამიზნე

მიმართვის ნომერ პირველი სამიზნეა საქართველოს ისლამური თემი და შესაბამისად ის რეგიონები, სადაც ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. მიმართვის შინაარსი მიზნად ისახავს მათ პროვოცირებას და მიუთითებს უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელზეც  მუსლიმი თემის წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ.

კითხვაზე ამართლებს თუ არა ტერორიზმს ან ძალადობისკენ მოწოდებას რაიმე სახის დისკრიმინაცია? ბუნებრივია პასუხი არის არა! მაგრამ ეს მარტივი და ემოციური კითხვაა და პასუხიც ასევე მარტივად ჟღერს. საკითხს მრავალმხრივი მიდგომა და ანალიზი სჭირდება, რომლისთვისაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება მზად არ არის. 

პოზიციები გაყოფილია, ერთნი თვლიან რომ ყველა აღმსარებლობის უფლებები თანაბრადაა ქვეყანაში დაცული, მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს ასე არ არის. არსებობენ უფრო „გონებაგახსნილები“, რომლებსაც ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება ვერ განურჩევიათ ერთმანეთისგან, მაგრამ ექსპერტის სტატუსით მოძღვრავენ ტელე- ეთერებიდან საზოგადობას.

დისკუსია იმაზე, თუ რამდენადაა დაცული ქვეყანაში  ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელთა უფლებები, არის საჭირო და აუცილებელი. მეტიც - ეს საკითხი არის მუდმივ ფასეულობათა რიგში, მასზე ყოველდღიური კონსესუსი უნდა არსებობდეს. ყოველდღიური გულისხმობს იმას, რომ შემწყნარებლობა როგორც მთავარი ელემენტი საბოლოოდ უნდა იქნას დამკვიდრებული როგორც საერო დოგმა და მასზე ზრუნვა და შენარჩუნება მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

თუ ტერორისტული მიმართვის ავტორები, ისლამის აღმსარებლების პროვოცირებას ახდენენ სიტყვებით „გამცირებენ საქართველოში“, ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და თითოეული ჩვენთაგანი. რადგან სიტყვა „დამცირება“ აირჩიეს  საკვანძო სიტყვად, მათ ისევე უნდა გამოართვა ეს „არგუმენტი“ როგორც ის იარაღი, რომლითაც განსხვავებულ მოქალაქეებს განადგურებით ემუქრებიან.  ემოციურად შეიძლება  ტერორისტის ნათქვამი სიტყვა ბრმა ძალის მაპროვოცირებლად ჩათვალო და წინადადებათა ბოროტ წყებას მიაწერო, მაგრამ პრაგმატულად, ცივი გონებით, უნდა დაგეგმო გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც სავარაუდო მოწყვლად ახალგაზრდების ჯგუფს შემდგომი რადიკალიზაციისგან დაიცავს. 

მიმართვის სამიზნეა ასევე მუფთები (ყურანის განმმარტებელი, სასულიერო პირი). მიმართვის ავტორები მათ მიმართ განსაკუთრებულად აგრესიულები არიან და ბრალს დებენ უღმერთოებაში, ყურანის არასწორ განმარტებაში. მიმართვის ამ ნაწილის მიზანია განხეთქილება შეიტანონ ჯამაათში (არაბ. جمعية‎‎ საზოგადოება, თემი, კრება) და საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციული ისლამის მქადაგებლებს დაუპირისპირონ, ეგრეთ წოდებული რადიკალური ფრთა და ამ განხეთქილებით ისარგებლონ. რელიგიური თემი განხეთქილების მიმართ ყოველთვის ძალიან მგრძნობიარეა და ეს კარგად იციან მიმართვის ავტორებმა, რადგან თვითონაც ამ თემის წარმომადგენლები იყვნენ. განხეთქილების დროს დიდია რადიკალიზაციის საფრთხე და ეს ყველა აღმსარებლობის შემთხვევაში ასე ხდება და მათი ეს მიზანიც ნათელია. საქართველოს მუსლიმი საზოგადოება არასოდეს გამოირჩეოდა რადიკალიზმით და შეუწყნარებლობით, ეს იცის ყველამ ვისაც რაიმე ტიპის შეხება ქონია ქართული საზოგადოების ამ ნაწილთან. ისინი ყოველთვის ფრთხილად უდგებოდნენ ეგრეთ წოდებულ პრობლემურ საკითხებს და კეთილგონიერებით, მიზანმიმართულად მიდიოდნენ ამა თუ იმ სირთულის დაძლევისკენ.  როგორც ჩანს, რადიკალური ფრთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ისლამური თემის ბუნების შეცვლა და ამ გზით დასაყრდენის კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოს სხდასხვა კუთხეში.

 ისლამური სახელმწიფოს დოქტრინა

ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ფორმალური დოქტრინაა რელიგიური კანონებით ადამიანთა სამოქალაქო ყოფის მართვა. ანუ ისეთ სახელმწიფოს შექმნა სადაც დომინანტი იქნება რელიგური კანონმდებლობა და მას დაემორჩილება ყველა და ყველაფერი. თუმცა ამ კანონთა მათეული განმარტება მიზნად ისახავს ნებისმიერი განსხვავებულობის მოსპობას და განადგურებას. ეს არის ზუსტად ის გარემოება, რის გამოც რადიკალიზმის ეს ფორმა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ იქნა შეფასებული. აქვე საჭიროდ ვთვლი განვმარტო რელიგიურ და საერთო კანონთა ბუნება.

რელიგურ კანონთა ბუნება

რელიგიური კანონი (სწორად შემეცნებული) თავისი ბუნებით არის უცვალებელი და სრულყოფილი. იგი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ცვლილებას და მისი აღიარება და ამ კანონებით ცხოვრება რელიგიური თემისთვის არის აუცილებელი. რომელ აღმსარებლობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი. კანონთა  ბუნება პრაქტიკულად იდენტურია ყველა აღმსარებლობაში  (აქ არ ვგულისხმობ რადიკალიზმს). რელიგიური თემი ან ცალკეული პიროვნებები ამ კანონთა განმარტების (გაგების) დროს არიან ინდივიდუალურნი და ცუდად განმარტებული, დამახინჯებული რელიგიური კანონი ხშირად ხდება დისტანცირების, ჩაკეტილობის და აგრესიის წყარო.

საერო კანონმდებლობა და კანონის უზენაესობა

საერო კანონმდებლობა განსხვავებით რელიგიურისაგან არის მუდმივად ცვალებადი და საერთო ყველა მოქალაქისთვის. იგი ბუნებით მიდრეკილი უნდა იყოს მშვიდობისკენ და მოქალაქეთა კეთილდღეობისკენ. არც მშვიდობა და არც ქეთილდღეობა არ  იქნება სამოქალაქო თანხმობის გარეშე. სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უფლებების განუხრელად განხორციელება. ეს მთელი საზოგადოების და პირველ რიგში ბუნებრივია რელიგიური ჯგუფების ინტერესებშიც არის. მარტივად ამას კანონის უზენაესობა ქვია, იგი საწინააღმდეგო მექანიზმია ყოველგვარი შეუწყნარებლობის რომელიც  თავს იჩენს საზოგადოებაში რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე. თითქოს რელიგია და შეუწყნარებლობა (როგორც აგრესიის ფორმა) საწინააღმდწეგო ლოგიკებია ერთმანეთის, მაგრამ რელიგიურ შეუწყნარებლობას ხშირ შემთხვევაში ყველგან შობს რელიგიის არასწორად გაგება.

მოქალაქეები რომლებიც ავლენენ აგრესიას, ხშირად ამას სხვა აღმსარებლობის „დაცვით“ ხსნიან და ასე უფრო მეტ სიმძაფრეს სძენენ მოვლენებს. სახელმწიფო აქ მხოლოდ ერთი და აუცილებელი გამოწვევის წინაშე დგას, ან ის იცავს კანონის უზენაესობას და სამართლიანობას ან პასიურობით უფრო ახალისებს ძალიან სახიფათო ფენომენს. ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება საზოგადოებაში იწვევს დაუცველობის განცდას და მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს  თვითდაცვისკენ უბიძგებს რაც საბოლოო ჯამში ყველგან სრულდება პრობლემის გაღვივებით. ამ გარემოების გათვალისწინებით კანონის უზენაესობა არის უფრო ბალანსის დამდგენი ფენომენი, ვიდრე რეპრესიული და ეს მოცემულობა გასააზრებელი აქვს დღემდე ქართულ სახელმწიფოს. მხოლოდ ასე შეიძლება საერო და რელიიგიურ კანონთა თანაარსებობა და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა.

კონტრტერორისტული სტრატეგია

საერთაშორისო გამოცდილებით კონტრტერორისტული სტრატეგია ყველგან ეფუძნება არა მხოლოდ რეპრესიულ მექანიზმს, არამედ პრობლემათა კომპლექსურ გააზრებას და პრევენციას. თუ ტერორისტების მიზანია დაამკვიდროს უნდობლობა საზოგადოების განსხვავებულ ჯგუფებს შორის, სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია მათ ამ სტრატეგიას უპასუხოს მეტი ჩართულობით და დისტანცირებით აღმოფხვრით. ეს ტერორიზმს მოუსპობს პლასტების გაჩენის შესაძლებლობას და გამოაცლის ადამიანურ რესურს რის გარეშეც ისინი არაფერს წარმოადგენენ. თუ ტერორისტების მიზანია დომინანტ განცდად აქციოს უნდობლობა და შიში, საზოგადოება ვალდებულია განსხვავებულობის სრული სიკეთე წარმოაჩინოს საჯაროდ პრაქტიკული ნაბიჯებით: ჰუმანიზმით, ქველმოქმედებით, დიალოგით, ურთიერთთანადგომით მეტად მიმზიდველი გახადოს ერთად ცხოვრების და იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ურყევად დაამკვიდროს.

ტერორიზმი და სახელმწიფო პოლიტიკა

ტერორიზმთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ანტიტერორისტული სამსახურების საქმე. თუ ისინი უარს იტყვიან ამ ბრძოლაში ჩართონ საზოგადოება, მაშინ  დაკარგავენ ყველაზე დიდი მოკავშირეს და მარტო აღმოჩნდებიან სერიოზული საფრთხის წინაშე. განცხადებები იმის შესახებ, რომ „სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“ როგორც სხვა ქვეყნის გამოცდილებიდან ვიცით არ არის საკმარისი. საჭიროა პროცესის მეტი საჯაროობა და მოქალაქეთა ინფორმირება. საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ ინსტრუქციის დონეზე არ იცის შესაძლო საფრთხის ან ტერორისტული აქტის დროს ქცევის წესები. არ ჩანს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრატეგია ამ კუთხით. საზოგადოებაში სადაც ბოლო წლებია მხოლოდ სხვა ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტების შესახებ ინფორმაცია გვესმის და საბედნიეროდ ტერორიზმის ჩვენეული აღქმა აქ მთავრდება, შესაძლოა ეს ყველაფერი იკითხებოდეს არც ისე დროულად, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მიიღოს და განახორციელოს ყველა პრევენციული ზომა იმისათვის, რომ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება. პოლიტიკოსების ვალდებულებაა შეახსენოს ხელისუფლებას  გასატარებელი ღოსიძიებების შესახებ და მოახდინონ ამ ღონისძიებათა მონიტორინგი კანონით დადგენილი ფარგლების შესაბამისად. ჩემი ეს მოსაზრება კი ალბათ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესების ძალიან მცირე ჩამონათვალია. შევეცდები მომავალში კიდევ უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული გრძელვადიანი ანტიტერორისტულ სტრატეგიათა ანალიზი.

სპეციალურად „ჯი-ეიჩ-ენისთვის“,

სულხან ღლონტი, აჭარის უმღლესი საბჭოს წევრი,

„თავისუფალი დემოკრატების“გამგეობის წევრი.

ავტორი: . .