თბილისში, ორი წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
სამართალდამცველებმა მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული 25 წლის ირაკლი სარაულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შოთა შავგულიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. მას რამდენიმე მუხლით (მათ შორის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის) გაასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შავგულიძეს უვადო პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევა ვარკეთილში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა 2003"-ში 2008 წელს მოხდა. შავგულიძემ სარაული 6 გასროლით მას შემდეგ მოკლა, რაც ის სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველთან მომხდარ ჩხუბში ჩაერია.
ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.