რესპოდენტის შესახებ
„ისლამური სახელმწიფო“ მთელ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული აქტების მოწყობით ემუქრება. მათ შორის, ამერიკას, ევროპას და გზავნილები საქართველოს მიმართაც გაკეთდა. სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უსაფრთხოების ზომებს საქართველოც ამკაცრებს და ქვეყანაში საეჭვო პირების დაშვებას არ აპირებს.
13 ნოემბერს, პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, „ჯი-ეჩ-ენი“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:
მსოფლიოში დაანონსებული ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე რა საფრთხები არსებობს?
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ტერორისტების სამიზნეს ის ქვეყნები წარმოადგენენ, სადაც მათი აზრით, მათ ე.წ. ტერორისტული შოკის გამოწვევა შეუძლიათ. ძირითადად აქცენტი განვითარებულ ქვეყნებზე კეთდება. როგორც ჩანს, მათ ეს ხაზი ევროპაში გახსნეს. იმის გარანტია არ გვაქვს, რომ რისკების სრული უგულვებელყოფა მოვახდინოთ. ჩვენი სპეცსამსახურები პარტნიორ ქვეყნებთან ძალიან აქტიურად მუშაობენ. შეიძლება ითქვას, რომ მათთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს. ქვეყანაში რისკ ჯგუფები გვყავს, ვისთანაც ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, მათზე დაკვირვება და მათი დარწმუნება ხდება, რომ მათი მხრიდან რაიმე რადიკალურ ნაბიჯებს ადგილი არ ჰქონდეს. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან ვითარება სტაბილურია. პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტიდან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო უსაფრთხოების ზომების გარკვეულ დონეებზე გადადის. საფრანგეთმა ქუჩაში შეიარაღებული ჯარიც კი გამოიყვანა. საქართველოს ამ დონის რეჟიმი არ სჭირდება, მაგრამ უსაფრთხოების ზომებს იმ მიმართულებით ვაძლიერებთ, სადაც რისკები მაღალია. როგორც სიტუაიცა გვიჩვენებს, გარკვეული ჯგუფები საქართველოს გავლით თურქეთში მოხვედრას ცდილობენ და მათ ჩვენი ტრანზიტის მიმართ ინტერესი აქვთ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საზღვრის დაცვის კონტროლი გაძლიერდება.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რა გადაწყვეტილება მიიღეთ, საქართველოში შემოსვლას, განსაკუთრებით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ?
ტურისტებს არ დავაშინებთ და ამას არ ვიტყვით. არ შეიძლება, რომ ერთ სიკეთეს მეორე გადავაყოლოთ. რაღაც ზღვარზე უნდა გავიაროთ. თუკი საქართველოში უცხოეთის კეთილსინდისიერი მოქალაქე შემოდის, მისთვის ჩვენი სტუმართმოყვარე კარები ღიაა, მაგრამ თუკი რაიმე საფრთხეს დავინახავთ, შესაბამისი რეაგირება იქნება. თუკი საქართველოში შემოსვლა უცხოეთის ისეთ მოქალაქეს მოუნდება, რომელსაც არანაირი მიზანი, შესაბამისი რაოდენობის ფული არ აქვს და თან მას არც სასტუმრო არ აქვს დაჯავშნული და კითხვებსაც პასუხებს ვერ სცემს, მაშინ ის ქვეყანაში რისთვის ჩამოდის? - ე.ი. მას რაღაც მესამე მიზანი აქვს. საერთაშორისო ქსელის საშუალებით პირის ვინაობა და კავშირები დადგინდება და თუკი სპეცსამსახურები ამა თუ იმ პირის ქვეყანაში შემოსვლას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ, მაშინ ამ პირების უკან გაბრუნება მოხდება. სხვათაშორის, ბოლო დღეების განმავლობაში, უკან მსგავსი რამდენიმე ჯგუფი გაუშვეს.
შეგიძლიათ, გვითხრათ, საზღვრიდან მიბრუნებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა?
ის არც თუ ისე მცირე რაოდენობა იყო, მაგრამ დეტალებისგან თავს შევიკავებ.
თქვენ რისკ ჯგუფები ახსენეთ, ვისთანაც მუშაობა მიმდინარეობს. რისკ ჯგუფში ვის გულისხმობთ - პანკისის ხეობას?
ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მათ შორის ის ძირითადი ჯგუფებია, რომელთაც შესაძლებელია, რაიმე კავშირი ჰქონდეთ. ტერორიზმი უხილავი მტერია. შეიძლება, ერთი მიმართულებით გამახვილებული ყურადღების გამო, რეალურ საფრთხეებს მოსწყდე. შესაძლოა, ტერორისტების დასაფინანსებლად ფინანსური ნაკადები იყოს გამოყენებული. ტერორისტები საკუთარ მეთოდოლოგიებს ძალიან მალე ცვლიან. ქართული მხარე ცდილობს, რომ შესაბამისი რესურსი გამოიყენოს და სტრატეგიული ობიექტების დაცვა მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი საფრთხეების ნიშანი არ არის, პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ, რათა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ დაინახოს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები დაცულია.
პანკისის ხეობიდან „ისლამურ სახელმწიფოში“ ახალგაზრდების გადინება მოხდა. მსგავსი საფრთხე კიდევ არსებობს?
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ტენდენცია კლებადია, თუმცა, ადამიანები ყოველვის იარსებებენ, რომელთაც შეიძლება ასეთი ზრახვები გაუჩნდეთ. რიგ შემთხვევებში, ასეთი გადინებების პრევენცია შესაძლებელია. ძირითადი მიდგომები აღმოფხვრილია, როცა ადგილზე მათი „დავერბოკება“ ხდებოდა, თუმცა, ინტერნეტი ისეთი გლობალური სივრცეა, რომლის კონტროლი ძალიან რთულია. ზოგადად, განწყობები შეცვლილია და ესეც მუშაობის შედეგია.
პანკისის ხეობაში არსებული განწყობების ცვლილებაზე საუბრობთ?
არა მხოლოდ. არ მინდა, რომ საზოგადოებამ პანკისის ხეობას შეხედოს როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ რაიონს.
შექმნილ ვითარებაში, „თავისუფალი დემოკრატები“ კონტრდაზვერვის სამსახურისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაფინანსების გაორმაგებას ითხოვენ. უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის საბიუჯეტო თანხების გაღებას აპირებთ?
ამ თემაზე ვიმსჯელეთ და ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. უფრო მეტიც, სპეცსამსახურები დამატებით იმ ტექნიკის შეძენას აპირებენ, რომელიც მათ თავიანთი ოპერატიული საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის გამოადგებათ. თუკი ამის საჭიროება გაჩნდება, სახელმწიფო ეკონომიის ხარჯზე, უსაფრთხოების მოშიშვლებას არ აპირებს.
საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, სირიიდან დევნილების შემოდინების საკითხი დგას?
ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. საქართველოში დევნილების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვყავს. აქ არიან ასირიელები, რომელთაც ლტოლვილის სტატუსი მიიღეს. ვფიქრობ, რომ აქ დროებით წერტილი დავსვათ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძირითადად ვინც შემოდის, მათ ინტერესი მესამე ქვეყნების მიმართ აქვთ.
ვინაიდან, შემომსვლელთა ინტერესის სფერო - მესამე ქვეყნებია, იმ შემთხვევაში თუკი, საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს, გარკვეული ჯგუფების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება უფრო მეტად ხომ არ მოხდება?
ევროკავშირის სტანდარტები უნდა დავიცვათ. საქართველოს ვიზების მიღების პროცესი გავამკაცრეთ და ტურისტების შემოდინების კუთხით, პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ ეს იმისკენ იყო მიმართული, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისთვის მზად ვყოფილიყავით და ევროკავშირის სტანდარტები დაგვეცვა. მომავალში, ამ სტანდარტის შენარჩუნება მოგვიწევს თუ არა გამკაცრება.
პრეზიდენტმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს დანიშნა. მას დაესწრებით?
თუკი მოწევვა იქნება, რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს სხდომას დავესწრები.
„ჯი-ეჩ-ენი“, ნინო ხვადაგიანი