2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ მოხსენება გამოაქვეყნა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით (რომელთა გაანგარიშება ეფუძნებოდა 2009 წლის 11 თვეში მიღებული შემოსულობების ფაქტობრივ მოცულობას) 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საბოლოო პროგნოზი 6 465,5 მლნ ლარით იყო გასაზღვრული, ხოლო შესრულებამ 6 351,3 მლნ ლარი, ანუ გეგმის 98,2 პროცენტი შეადგინა.
2006-2008 წლებში შემოსულობების ფაქტიურ მოცულობას ზრდის ტენდენცია ახასიათებდა, ხოლო 2009 წლის შემოსულობების ოდენობა 2008 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 88,5 პროცენტს შეადგენს.
ვალდებულების ზრდით მიღებული სახსრების მთლიან მოცულობაში 43,2 პროცენტი 452,5 მლნ ლარის ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებზე მოდის.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი სახის კრედიტის აღების აუცილებლობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად წარმოიშვა.
შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შეუსრულებლობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შესრულდა 0,5 პროცენტის გადაჭარბებით, ხოლო სხვა შემოსავლების პროგნოზი კი - 7,1 პროცენტის გადაჭარბებით, რაც შეეხება გრანტებს, ფაქტობრივად მიღებული იქნა პროგნოზირებულზე 16,4 პროცენტით ნაკლები სახსრები.
მიუხედავად საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებისა, 2008 წელთან შედარებით, 379,8 მლნ ლარით შემცირდა საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. ამასთან კლება ფიქსირდება გადასახადის ყველა სახეში.
წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსავალი. 2009 წლის განმავლობაში აქედან მიღებულმა შემოსავალმა 160,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც დაზუსტებული საპროგნოზო მაჩვენებლის 95,4 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, 2009 წელს სახელმწიფო ქონების გასხვისებიდან და პრივატიზებიდან, წინა წლებთან შედარებით, 3,2 - 3,8 ჯერ ნაკლები შემოსავალია მიღებული.