ასეთი საშინელება ამ დიად ქალაქს ალბათ პარიზის კომუნის შემდეგ აღარ უნახავს. იმ სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც პირველმა კომუნისტებმა საზარელი კალო დაატრიალეს საფრანგეთის დედაქალაქში, ფრანგებმა «საქრე–ქერის» ულამაზესი ეკლესია ააშენეს მონმარტზე.
იმ დროს «არაბულ ტერორიზმზე» არავინ ლაპარაკობდა. ასეთი ფენომენიც არ არსებობდა. ისევე, როგორც სამუელ ჰანტინგტონიც არ დაბადებულიყო მისი «ცივილიზაციათა ომით» და არც ფუკუიამა მისი (როგორც ახლა დასტურდება) ბრიყვული თეორიით «ისტორიის დასასრულის შეასხებ».
რომელ «ისტორიის დასასრულზეა» ლაპარაკი? ეს უბედური ლიბერალი ინტელექტუალები (ფუკუიამადან – ახლახანს გარდაცვლილ გლიუკსმანამდე) ბერლინის კედლის ნგრევის პარადიგმადან ვერ გამოსულან ჯერ. არადა, როგორც ბოლო მოვლენები ადასტურებს, მსოფლიოს ისეთი უბედურება ელის, ცივი ომის დროინდელი სტაბილურობა და «ღირებულებითი გარკვეულობა» ლამის სანატრელი გაგვიხდება.
საოცარი ისტორიული პარადოქსია: იყო ბერლინის კედელი და არ იყო ე.წ. «არაბული გაზაფხული», რომლის მთავარი არქიტექტორნი, – ჯორჯ ბუშ–უმცროსი და მის იდიოტების საკრებულო – ერთიანად უნდა ძრწოდეს ახლა იმ ადუღებული კუპრის შიშით, რომელიც უეჭველად ელით იმისათვის, რაც ჩაიდინეს, როდესაც ხელი შეუწყვეს ახლო აღმოსაველთში საუკუნეობით ჩამოყალიბებული ეთნიკურ–კონფესიური ბალანსის განადგურებას, რაკი პრიმიტიული გულწრფელობით ეგონათ, რომ აღმოსავლური სეკულარისტული დიქტატურების ნგრევა (ეგვიპტე, ლიბია, ერაყი, სირია) ისევე «ფერადი ბუშტებითა» და სიხარულის ცრემლებით ჩაივლიდა, როგორც «ხავერდოვანი რევოლუციები» აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წელს!
სწორედ ამიტომ, ადუღებული კუპრი ნამდვილად არ ასცდება უმცროს ბუშს! თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ თბილისში მაინცაა მისი სახელობის ქუჩა. იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც მას და მის მრჩევლებს «დიდი ახლო აღმოსავლეთის» ნაწილად მიაჩნდათ და არა აღმოსავლეთ ევროპად (როგორც ჩვენ გვინდა და გვგონია).
არ გჯერათ? წაიკითხეთ მისი სფიჩი 2005 წლის 10 მაისს «თავისუფლების მოედანზე», შემდეგ კი იხილეთ დიდი ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის შესანიშნავი ფილმი W.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო ცივილიზაციისათვის პარიზის მნიშვნელობაზე ლაპარაკი «მოვე – ტონადაც» კი შეიძლება ჩაითვალოს. ევროპული კულტურა საერთოდ არ იქნებოდა პარიზის გარეშე. ბოლოდროინდელი პატარა შედევრებიდან შეიძლება დავასახელოთ, თუნდაც, დიდი ამერიკელი კინორეჟისორის, ვუდი ალენის მართლა უჭკნობი ნიჭით შექმნილი «შუაღამე პარიზში».
აი ამ ნატიფ, მშვენიერ, თბილ, ლაღ, სიცოცხლითა და სიყვარულით აღსავსე ქალაქში, არაბმა ტერორისტებმა «ფრანგული 11 სექტემბერი» მოაწყვეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 129, დაიჭრა 352 ადამიანი. დაჭრილთაგან 80–90 უმძიმეს მდგომარეობაშია და ბევრი ალბათ ვეღარც გადარჩება.
პირველ რიგში, აშკარად აპირებდნენ «სტად–დე ფრანსზე» საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივართა მასაში თავის აფეთქებას! თვით სტადიონზე შეღწევის იმედი არ ექნებოდათ, რადგან პოლიცია მეტალოდეტექტორებით ამოწმებდა შემსვლელებს (საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ ამხანაგურ მატჩს) მაგრამ ტერორიოსტებს, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზით დააგვიანდათ და მხოლოდ მატჩის მეოცე წუთზე ააფეთქეს ე.წ. «შეიჰიდთა ქამრები», ანუ მოიყვანეს მოქმედებაში მოწყობილობა, რომელსაც, ევროპული ტრადიციით, «ჯოჯოხეთის მანქანა» ეწოდება.
პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დატოვა მატჩი, როგორც კი შეატყობინეს, რას ნიშნავდა აფეთქების ხმა თამაშის მეოცე წუთზე და რომ ეს არ ყოფილა პეტარდა, მაგრამ მატჩი გაგრძელდა. შემდეგ, დიდი ხანის განმავლობაში, არ უშვებდნენ ფეხბურთის მოყვარულებს სტადიონიდან, თუმცა როცა გამოვიდნენ, მარსელიეზას მღეროდნენ.
მსხვერპლი სტადიონთან დიდი არ ყოფილა, რადგან, ვიმეორებ, ტერორისტებს რაღაც მიზეზით, დააგვიანდათ, ან ვერ შეძლეს ისეთ ადგილამდე მიღწევა, სადაც მასა იქნებოდა შეკრებული. ოღონდ, ამ ტერაქტმა, პოლიციის ყურადღება პარიზიდან გარეუბანზე გადაიტანა (სტად დე ფრანსი ქალაქის გარეუბანშია) და სწორედ ეს იყო ტერორისტთა მიზანი: მოედუნებინათ პოლიციის ყურადღება სხვა რაიონებზე. რაკი დააგვიანდათ, ისე გამოვიდა, რომ ყველა ტერაქტი თითქმის ერთსა და იმავე მომენტში მოხდა: პარიზის დროით ცხრა საათის შემდეგ, – ათის ნახევრამდე.
ათიდან–ოცამდე ტერორისტი რამდენიმე ჯგუფად გაიყო და კალაშნიკოვის ავტომატებით დაუწყეს დაცხრილვა საცოდავ ტურისტებსა და პარიზელებს, რომლებიც, როგორც ყოველთვის ამ დროს, კაფეებში იყვნენ შეკრებულნი. კაფე «პატარა კამბოჯასთან» და «ვოლტერის ბულვარზე» ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
ისე, რა ამის პასუხია და როგორ (თუ რატომ) ხდება, რომ ყველა «ძაღლსა და მამაძაღლს», უკვე ისტორიულად, მაინცდამაინც ეს ოხერი «კალაშნიკოვის ავტომატი» უჭირავს ხელში? ოდესმე თუ გაგიგიათ ტერორისტული აქტი ამერიკული «მ–4»–ით ან ისრაელის «უზით»?. არა, მაინცდამაინც «კალაშნიკოვი» და რაღაც არა მგონია, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყოს, რომ «კალაშნიკოვი» კარგი იარაღია – ნამდვილად არ გიმტყუნებს, მაგრამ საეჭვოა, ეს იყოს მიზეზი. უფრო სხვა, სისტემური მიზეზია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა ტერაქტი საკონცერტო დარბაზ «ბატაკლანში», სადაც პოპულარული კალიფორნიული როკ–ჯგუფის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ტერორისტები პრესტიჟული მანქანით მოვიდნენ, ძვირფასად ეცვათ, ხოლო დაცვა დოყლაპია აღმოჩნდა და ისინი დიდი ჩანთებით (რომელშიც კალაშნიკოვები ეწყოთ) დარბაზის ფოიეში შეუშვა. იქედან, უშუალოდ დარბაზში, უკვე სროლითა და «ალაჰუ აქბარის» ყვირილით შევარდნენ.
მაშინვე დაიწყეს ხალხის დახოცვა. ქართულ სოციალურ ქსელებში ბევრი ამტკიცებდა: «ფრანგული პოლიციის არაპროფესიონალიზმის შედეგია, რომ შტურმის დროს ასეულობით ადამიანი დაიღუპაო». სინამდვილეში, ფრანგული «სპეცდანის» პროფესიონალიზმი ბევრს შეშურდება: ტერორისტებს ხომ არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ? რაიმე მოლაპარაკებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მათ მაშინვე დაიწყეს ადამიანების ჟლეტა – დააცლიდნენ ერთ მჭიდს, გადატენიდნენ, მერე ისევ დააცლიდნენ და ასე შემდეგ; ანუ «სპეცდანი» უბრალოდ იძულებული იყო შტურმი დაეწყო არახელსაწყრელ პირობებში, თორემ მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო: ათასხუთასი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, ტერორისტები აღმოჩნდნენ «ფრანგები» (ესე იგი ნატურალიზებული არაბები), აგრეთვე სირიელი ლტოლვილები.
სულაც არაა აუცილებელი, ყველანი ე.წ. «ისლამური სახელმწიფოს» მომხრენი ყოფილიყვნენ. სავსებით შეასძლებელია იყვნენ, აგრეთვე, ბაშარ ასადის თაყვანისმცემელნიც. თუმცა, «ისლამურმა სახელმწიფომ» განაცხადა, რომ ის საშინელება, რაც პარიზში მოხდა, «კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია».
რამდენი მიტინგიც არ უნდა მოაწყონ ახლა პარიზელებმა, რა ომახიანადაც არ უნდა იმღერონ «მარსელიეზა» და რამდენი სანთელიც არ უნდა აანთონ საერთო სლოგანით «ჩვენ ვერ გაგვტეხენ», – პარიზი უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო! ნაძირალა ტერორისტებმა მოახერხეს, რომ მან დაკარგა თავისი განუმეორებელი სულისკვეთების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. იმ სულისკევთებისა, რომელმაც ჰემინგუეის ათქმევინა: «პარიზი მარადიული ზეიმია, რომელიც მუდამ შენთან არის».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესაა სრული და საბოლოო კრახი ე.წ. «ევროპული მულტიკულტურალიზმის», აგრეთვე ჩლუნგი ერთგულებისა აშკარად მოძველებული წესების მიმართ, როდესაც სპეცსამსახურებს, უბრალოდ არ აძლევენ მუშაობის საშუალებას: ვერ მოუსმენ, თვალთვალს ვერ დაუწესებ პირწავარდნილ ტერორისტს და საეჭვო პიროვნებას, სანამ ლამის სამი ინსტანციის სასამართლო არ დაგრთავს ნებას, რადგან გამოჩნდებიან ედვარდ სნოუდენის მაგვარი «სასარგებლო იდიოტები», გაიქცევიან მერე მოსკოვში (სადაც სპეცსამსახურებს ეს პრობლემები საერთოდ არა აქვთ) და, «ჰეროსტრატეს კომპლექსით» შეპყრობილნი, მსოფლიო სენსაციას მოაწყობენ.
საოცარია, მაგრამ ევროპელ ლიდერთაგან არც ერთს არ ჰყოფნის სითამამე თქვას, რომ ნაციზმის აღორძინება, კანის ფერის გამო დისკრიმინაცია და სეგრეგაცია კი არ არის გამოსავალი (და არც სამართლიანი იქნება მილიონობით პატიოსანი არაბის მიმართ), არამედ ის, რომ, ელემენტარულად, მისცენ სპეცსამსახურებს მუშაობის საშუალება! მიიღონ კანონები, რომლებიც კი დაარღვევენ პრივატულობის პრინციპს, მაგრამ მაინც ნაკლები ბოროტებაა იმ უბედურებასთან შედარებით, რაც ტერორიზმს მოაქვს.
წინააღდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაიმარჯვებს მარინ ლე პენის მსგავსი ნაცისტი მისი ლოზუნგით «საფრანგეთი – ნამდვილი ფრანგებისათვის». და ამით დასრულდება «ერთიანი ევროპის», ნატანჯ–ნაწვალები, სისხლითა და ცრემლით ნაოცნებარი, 70 წლიანი პროექტიც!
„ჯი-ეიჩ-ენი“, ნიკა იმნაიშვილი