რესპოდენტის შესახებ
საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების მოლოდინშია. ქვეყანა ორ ფლანგზე იბრძვის - ნატოში შესვლისთვის „MAP“-ისთვის იღწვის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილებისთვის კი ვიზა-ლიბერალიზაციას ითხოვს. ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს მოკავშირედ ასახელებენ და იმედებს უსახავენ, მაგრამ დრო მიდის და რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს.
ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე, „ჯი-ეჩ-ენი“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:
ევროპარლამენტარმა, ანდრეი მამიკინსმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს. რეალურად, რა შანსები აქვს ქვეყანას?
მამიკინსი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელია. აქედან გამომდინარე, მისი ინფორმირებულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია და უნდა ვივარაუდოთ, რომ მას მაქსიმალურად შეგროვებული ინფორმაცია აქვს, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას თუ რა ბედი ელის. მამიკინსმა მხარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც დაუჭირა, სადაც საქართველოს მიღწევები და პროგრესი ხაზგასმულია. ჩემთვის მამიკინსის აღნიშნული განცხადება არის იმის დამატებითი მოტივაცია, რომ ქვეყნის მიზნის მიღწევაზე მოლოდინი მქონდეს.
ანუ, შეიძლება ითქვას, ევროპა მიზეზებს არ ეძებს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ მისცეს?
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფედერიკა მოგერინი იმყოფებოდა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ყველაზე ინფორმირებული პირია. მისი ვიზიტი მრავალმხრივი იყო და ის უმაღლესს დონეზე ყველას შეხვდა. მასთან ხანგძლივი საუბარი გვქონდა და მისგან არცერთი სიტყვა ან საყვედური არ გაგვიგია. ასევე მისგან ის ფრაზებიც არ გვსმენია, რომლითაც ჩვენი ოპონენტები ასე გაბედულად ჟონგლიორობენ. მას სიტყვა - შეშფოთება ერთხელ არ უხსენებია, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და პოლიტპატიმრები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს და დაკავებული ყოფილი თანანმდებობის პირები არიან, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
თუმცა, ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთი განცხადება კეთდება იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება. რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტელევიზიის საკითხი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას პრობლემებს შეუქმნის...
„ევროპის სახალხო პარტიას“ საქართველოს ხელისუფლების გასაკრიტიკებლად უკვე კონკრეტული პოლიტიკა აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ საბედნიეროდ, დიდი ერთსულოვნება არც იქაა. ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტში საქართველოს თაობაზე რეზოლუცია ჩავარდა, მაგრამ ალბათ, EPP მცდელობას არ დააკლებს, რომ რეზოლუცია დღის წესრიგში კვლავ დადგეს. „ევროპის სახალხო პარტიის“ განწყობების მიუხედავად, არ შეიძლება, ევროპარლამენტის დემონიზაცია იმის გამო მოვახდინოთ, რომ შეიძლება, მის წიაღში ჩვენი ხელისუფლების მაკრიტიკებელი დოკუმენტი დაიბადოს. ზოგადად, ნებისმიერ კრიტიკას ყურადღებით უნდა გავეცნოთ. წინასწარ ისიც რომ ვიცოდეთ, დოკუმენტი მიკერძოვებულია, მასში რაციონალური მარცვალი მაინც უნდა ვეძებოთ, რადგან ეს შეიძლება, მომავალში გამოგვადგეს. კრიტიკა რეალურად უნდა აღვიქვათ.
პედრო აგრამუნდის კრიტიკა რატომ არ გაითვალისწინეთ, რომელიც მიკერძოებაში დაანაშაულეთ და მისი ასაკიც ახსენეთ?
ვაღიარებ, რომ შესაძლებელია, იმ მომენტისთვის ჩემში ემოციამ სძლია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკოვან ადამიანს პატივს არ ვცემ. ზოგადად, ევროპარლამენტარების კრიტიკა არასწორია, მაგრამ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მოქმედება კრიტიკასაც ვერ უძლებს.
ასაკოვანი ადამიანები კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ არიან, რომლებიც საკმაოდ ხმაურიან და ზოგჯერ, არაადეკვატურ განცხადებებსაც აკეთებენ, მაგრამ მათი ასაკი სხვებმაც უნდა ახსენონ?
ამ საკითხის თაობაზე კომენტარები გაკეთდა და მასზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.
თუ, საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს, ამას ქვეყანა რამდენად მომზადებული შეხვდება? მოსახლეობის გადინების და უკან მათი არდაბრუნდების რამდენად დიდი საფრთხე არსებობს?
ყველა შეხვედრაზე ვითხოვთ - მეტ ევროპას საქართველოში. ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ისე არ ვეწევით, როგორც ამის საჭიროება დგას. ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები იქმნება და მგონია, რომ ეს პროცესი გვიანდება. ამ ცენტრების გამართული მუშაობისთვის ევროკომისიის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა გვჭირდება. მოგერინიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე რეალურ და სანდო პარტნიორად განიხილავს და ჩვენზე ბევრ იმედს ამყარებენ. მათ შორის, რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით. საქართველოში ევროკავშირის იდეების პოპულარიზაცია ვერ ხდება. ჩვენ ვიჯინებთ, რომ მენტალიტეტით ევროპელები ვართ. ეს მას შემდეგ მოგვდევს, რაც ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ თქვა - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი“. მას შემდეგ, ამ ფრაზას ვიმეორებთ, მაგრამ ამას კონტექსტით ისე არ ვავსებთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ამაში დიდი როლი არა მხოლოდ ხელისუფლებას მიუძღვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. რადიოში გამოკითხვა იყო - მოლოდინი გაქვთ თუ არა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას მივიღებთო. ისევ ასაკი უნდა ვახსენო. ეთერში ხანდაზმული ადამიანებიც რეკავდნენ, რომელთათვისაც შესაძლებელია, უვიზო მიმოსვლას პირდაპირი შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ არ შეიძლება, პროცესის ღრმა ანალიზი არ გავაკეთოთ. ვიზა-ლიბერალიზაცია შენგენის ქვეყნებში მხოლოდ 90 დღით დარჩენის საშუალება არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ევროპულ ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად წავა. „DCFT“-ის ხელშეკრულების სიკეთეების განსახორციელებლად ვიზა-ლიბერალიზაცია აუცილებელი პირობაა. ადამიანებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ იმოგზაურონ, ბიზნეს-კონტაქტები დაამყარონ და შესაძლო პარტნიორები მოძებნონ.
თქვენ თქვით, რომ ხელისუფლების სურვილია - „მეტი ევროპა“ საქართველოში, თუმცა, ვხედავთ, რომ ქვეყანაში - „მეტი რუსეთი“ წინაურდება. ფაქტია, რომ პრორუსული განწყობები მატულობს და ისინი ევროპის მიმართ ნიჰილიზმს ბადენებენ. მათ რას უპირისპირებთ?
მართალი ხართ იმაში, რომ ევროპაში ე.წ. რუსული რბილი ძალა საკმაოდ მომძლავრდა. მათ შორის, ამერიკაში. ყველგან, სადაც რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია, ისინი „soft power“-ის გაძლიერებაზე ზრუნავენ. საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობა არ ხდება, მაგრამ საკაბელო ქსელებით ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტური არხები აჩვენებს. რუსები სხვადასხვა გზებით რაღაც ღონისძიებების დაფინანსებას და ჩატარებას ცდილობენ. რატომღაც, ცოტა ხნის წინ, საქართველოში რუსული ფილმის ფესტივალი ჩატარდა.
წინა ხელისუფლების პირობებში, რუსული პროპაგანდა აკრძალული იყო. პრორუსული ძალებისთვის პოლიტიკური ტრიბუნა თქვენი ხელისუფლების პირობებში გაიხსნა. რატომ?
შეიძლება, ვიცი, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და პარტიას რუსული ფული შემოსდიოდეს, მაგრამ ამის იმპერატიული მტკიცებას ვერ დავიწყებ. თუკი ეს ჩვენს ქვეყანას ხელს უშლის, მაშინ საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ. ზოგიერთ ადამიანს ნიჰილიზმის გრძნობა უჩნდება, ზოგიერთი დაბნეულია, ზოგი კი იმას აპროტესტებს, რასაც ზოგჯერ, ზოგიერთი დასავლელი თუ ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს. ისინი იქეთ მზერას იწყებენ, რომელიც მათთვის ისტორიულად ნაცნობია. ეს პროცესები ძალიან არ მომწონს და ჩემში დიდ პროტესტს იწვევს. ამიტომ, ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ჩემს კოლეგებს ვეუბნები - მეტი ევროპა, მეტი დასავლეთი საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მიტოვება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. გამორიცხულია, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია არ მივიღოთ.
თქვენ გამორიცხავთ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ მისცენ, მაგრამ თუკი ევროპა საქართველოს ისევ მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს და უახლოეს თვეებში ვიზა-ლიბერალიზაციას არ მისცემს, ეს რა საფრთეებს შეიცავს? საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები ხომ არ გაიზრდება?
თუკი ამ ეტაპზე, ეს გეგმა ჩაგვივარდება, შეიძლება, საზოგადოებაში იმდენად დიდი ნაპრალი გაჩნდეს, რომ მის ამოვსებას ძალიან ხანგძლივი დრო დასჭირდეს. საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ევროპული პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს დღეს უნდა მოხდეს და არა - ხვალ. ეს ჩვენი ბოლო შანსია.
რაც შეეხება ვარშავის სამიტს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „MAP“-ს ითხოვს, მაგრამ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? დასავლელი ლიდერები შიდა საუბრებში რას აცხადებენ?
თავდაცვის მინისტრს ამ პათოსში მხარს სრულად ვუჭერ. ხიდაშელი მაქსიმუმს ითხოვს, რომ აუცილებლად მისაღები მივიღოთ. უახლოეს მომავალში ისეთი მომენტი დადგება, როცა ნატო-ში ჩვენი პარტნიორები საქართველოს საკითხს ძალიან სერიოზულად დაუბრუნდებიან და ქვეყნის ალიანსთან სწრაფი დაახლოების საჭიროებას დაინახავენ. ეს გარდაუვალია, რადგან რეგიონში, თურქეთის გარდა, ნატოს ერთადერთი პარტნიორი საქართველოა. კავკასიის ქედიდან ბარენცის ზღვამდე მთელი პერიმეტრი რუსების მიერ კონტროლდება, ხოლო სამხრეთ კავკასიიდან წითელ ზღავმდე მთელი პერიმეტრი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორის ქვეშ არის და ევროპისთვის და ამერიკისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთადერთი საჰაერო სასუნთქი საშუალებაა.
ნატო-ში სკეპტიკოსები გერმანია და საფრანგეთი არიან. ეს ქვეყნები საქართველოსგან რას ითხოვენ და ქართული მხარე რას ვერ აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ქვეყანას „MAP“ მისცენ?
ცოტა ხნის წინ, ინტერვიუ რუსულ გამოცემებს მივეცი და მსგავსი კითხვა მათ დამისვეს. ვფიქრობ, რომ ამ ორ ქვეყანაში ისევ და ისევ „soft power“-ის გავლენაა. ეს იმის გავლენაა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც პოლიტიკაში ჭკუა მოეკითხებათ და ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების ინტერესებს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან სხვა ახსნას არც ისინი გვაძლევენ. ისინი ყველაფერში მხარს გვიჭერენ და გვეთანხმებიან, მაგრამ როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დგება, ისინი მხარდაჭრისგან თავს იკავებენ.
თქვენ ფიქრობთ, რომ საფრანგეთსა და გერმანიაზე რუსული გავლენა მძლავრობს?
ნატოსგან პირობა გვაქვს მიღებული, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
რომელ წელს?
ეს კითხვა დღის წესრიგში ისევ დგას. ეს პირობა მესიჯად მივიღეთ, მაგრამ ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, რომ ამ თეზისის უფრო მეტად დაკონკრეტება შესაძლებელი ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ მომავალ სამიტზე, საქართველოსთან დაკავშირებით როგორ მინიმუმ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს.
რომ დააზუსტოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ ვარშავის სამიტზე, საქართველო როგორც მინიმუმ „MAP“-ს მიიღებს?
უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება.
უფრო „უკეთესი“ იქნება, ვიდრე „MAP“?
უფრო უკეთესი. მომავალ სამიტზე უფრო მეტი კონკრეტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ არც მოტივაცია არ დავკარგოთ და ამ მოტივაციის დაკარგვით ჩვენი შესაძლებლობები წყალს არ გავატანოთ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა, ნინო ხვადაგიანი