"აფხაზეთს არასოდეს უთქვამს უარი ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე, მეტიც, ჩვენ ამისათვის ახლაც მზად ვართ", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია.
მისივე თქმით, აფხაზეთი დადებითად აფასებს ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში სტუმრობასა და ქართული დიასპორის შეკრებას სანკტ-პეტერბურგში, მით უფრო, თუ ამ შეკრებაზე "გაისმა კონსტრუქციული წინადადებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში".
"ვიცი, რომ სანკტ-პეტერბურგში ქართული დიასპორის შეხვედრა გაიმართა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც საღად მოაზროვნე ადამიანი მივესალმები ამგვარ შეკრებებს. ყოველთვის ძალიან კარგია, როდესაც დიასპორაში გაწევრიანებული ადამიანები ერთად არიან, ერთმანეთს ხვდებიან, ავითარებენ კულტურას და სურთ თავიანთი ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ღვინჯია და დასძენს, რომ საზღვარგარეთ მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორაც ასე იქცევა და ამაში გასაკვირი და არაჩვეულებრივი არაფერია.
"მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქში მაცხოვრებელი ჩვენი დიასპორაც ასე იქცევა და თუ ისინი გაერთიანებულნი არიან, ერთად არიან და კონსტრუქციული წინადადებებით გამოდიან ჩვენ ამას ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს", _ აცხადებს ღვინჯია.
მისივე თქმით, მისთვის ცნობილია ისიც, რომ საქართველოში ამგვარი შეხვედრის გამართვას კრიტიკა მოყვა, რაც მისთვის "ცოტა არ იყოს გაუგებარია".
"გავიგე, რომ ამ შეხვედრას საქართველოში დიდი კრიტიკა მოყვა არადა, ჩემი აზრით, აქ გასაკრიტიკებელი არაფერია. ხალხი ერთმანეთს ხვდება, ერთობას ინარჩუნებს მათი შვილები ეცნობიან ერთმანეთს", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია და აღნიშნავს, რომ ქართველების ფორუმზე გაჟღერებული წინადადებები, კერძოდ, მზადყოფნა "დაიწყოს დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან" მისთვის სრულიად მისაღებია.
"ჩვენ არასოდეს გვითქვამს "არა" დიალოგისთვის და თუკი წინადადებები კარგი და კონსტრუქციულია ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ განსახილველად", _ ამბობს ღვინჯია.
მეტიც, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი ასევე მზადაა საქართველოსთან შუამავლების გარეშე დიალოგის დასაწყებად და ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტების განსახორციელებლად.
"პირდაპირი იქნება დიალოგი თუ შუამავლების მონაწილეობით ამას არა აქვს მნიშვნელობა. დიალოგის წარმოება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გამო, რომ წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ, ომს ვგულისხმობ... ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დიალოგის მიზანი ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების პოვნაა და ის, რომ დიალოგი კონსტრუქციული უნდა იყოს", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია და იქვე აღნიშნავს "ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგის წარმოება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელიც არის, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დიალოგი ვაწარმოოთ აუცილებელია ნიადაგის მომზადება".
"ნიადაგი კი არის ის, რომ ადამიანები შეხვედრამდე ანუ იქამდე ვიდრე შეიკრიბებიან და დაიწყებენ საუბარს დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ არც ერთი მხარე მომავალში მიღწეულ შეთანხმებებს არ დაარღვევს და განაცხადებს, რომ ომს არ დაიწყებს _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია.
ამას გარდა, აფხაზეთს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს აფხაზეთთან დიალოგის დაწყებაზე, აფხაზეთისთვის ჯერ არ მიუმართავთ. მეტიც, ღვინჯია ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობას აფხაზეთში ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებს.
"საქართველოსა და აფხაზეთს შორის დღეისათვის ისეთი დაძაბულობაა, ასეთი მომართვა, რომც მოგვივიდეს, იგი სხვა და სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რომ ჩამოვიდნენ რისთვის მოდიან? რა მიზნით? რა საკითხების განხილვას აპირებენ? დღეს ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ასე ადვილად დაწერო წერილი ადგე და ჩამოხვიდე. ამისათვის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო იქნება ჩასატარებელი", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაქსიმ ღვინჯია.