დღეს, 11 მაისს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს, რომლითაც ის თელავის რაიონული სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ჟურნალისტი 2007 წლის იანვრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის სასამართლოში დამდგარი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკურ მონაცემებს ითხოვს.
მთივლიშვილმა სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ქეთევან ასაბაშვილს განცხადებით 2010 წლის 12 აპრილს მიმართა. ასაბაშვილმა 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით უარი განაცხადაAაღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე.
"თქვენ მიერ გამოთხოვილი მასალის მოძიებისთვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის ძირითადი რესურსების მობილიზება ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას", - ნათქვამია სასამართლოს წერილში.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ადმინისტრაციული საჩივრის შედგენაში მას სამართლებრივი დახმარება მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა გაუწია.