ENG / RUS       12+

ნინო ბურჯანაძე: კონფლიქტების მოგვარებამდე საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება

რესპოდენტის შესახებ

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისგან ისვენებს. მაშინ, როცა მისი კოლეგა ოპოზიციონერები აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე არიან გადასულნი და დღის განმავლობაში უამრავ შეხვედრას მართავენ, ის პროცესების მხოლოდ დაკვირვებით კმაყოფილდება. ისე, ბურჯანაძეც მართავს შეხვედრებს, ოღონდ მოსკოვში... მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, კოლეგა ოპოზიციონერების შანსებზე, რუსეთში მის გახშირებულ ვიზიტებზე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობაზე..."ჯი-ეიჩ-ენი" ნინო ბურჯანაძეს რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე ესაუბრა...


_ ქ-ნო ნინო, ბოლო ხანებში პოლიტიკურ არენაზე არ ჩანხართ. ჩნდება მოსაზრება, რომ ბურჯანაძის დუმილი "რაღაცას" უნდა ნიშნავდეს... რა არის ამის რეალური მიზეზი და რას უკავშირდება თქვენი დუმილი?

_ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ როდესაც აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, ხელისუფლება ცდილობს, ეს ხალხამდე არ მივიდეს, ჩვენი პარტია და მისი თავმჯდომარე არ გამოჩნდეს. ხელისუფლებამ "პიარტაქტიკა" შეცვალა. მან კარგად იცის, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოსახლეობა უნდა დაასვენოს "შავი პიარის" ტალღებისგან და მიავიწყოს მოსახლეობას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მეორეა ის, რომ ჩემი პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს და ბუნებრივია, აქტიურ ქმედებებს ამ მიმართულებით არ ვახორციელებთ. თუმცა ერთი წამით არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მიხარია, რომ სახალხო კრება ჩამოყალიბდა, ფორმა შეიძინა და ახლა სერიოზული მიმართულებით ვითარდება.

_ წარმომადგენლობითი სახალხო კრება, თავისი შინაარსით, ნიშნავს, რომ კრებამ საზოგადოების ნაწილისგან მიიღოს ლეგიტიმაცია და შექმნას ალტერნატიული სტრუქტურები, რომელიც ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობას გულისხმობს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი საზოგადოებას კვლავ ახალი რევოლუციის ან ძალისმიერი დაპირისპირების წინაშე ხომ არ დააყენებს?

_ თავისი შინაარსით ეს იმას ჰგავს, რასაც ავტორები აცხადებენ. ეს იქნება ხალხის შეკრება, ძალიან დიდი წარმომადგენლობითი კრება. თითოეული ადამიანის უკან, რომელიც იქნება წარმოდგენილი სახალხო კრებაში, იდგება ათობით და ათასობით კაცი. ეს ადამიანები ქართული და მსოფლიო საზოგადოების ყურამდე კიდევ ერთხელ მიიტანენ ჩვენი საზოგადოების განწყობას. საზოგადოებრივი კრების სიტყვას დიდი მორალური ძალა ექნება. ვფიქრობ, სახალხო კრებამ უნდა მოუწოდოს საქართველოს მოსახლეობას, მართლა ქუდზე კაცი დადგეს. სულაც არაა საჭირო არსად შევარდნა და არანაირი გადატრიალება. გარწმუნებთ: თუ მართლაც უამრავი ადამიანი ქუჩაში დადგება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც და გამოაცხადებს, რომ აღარ უნდათ ჰყავდეთ უპასუხისმგებლო და არაადეკვატური პრეზიდენტი (რომელიც სამ-სამ კვირას სად დადის, რას აკეთებს, ვინ მართავს ამ პერიოდში ქვეყანას, არავინ იცის), თუ უამრავი ადამიანი მართლაც იტყვის და მოითხოვს, მივაღწევთ ვადამდელ საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს. გარწმუნებთ, ყოველგვარი გადატრიალების გარეშე ეს ხელისუფლება გახდება იძულებული, წამოვიდეს დათმობაზე და ჩაატაროს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

თავმოყვარე ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს, როცა სახელმწიფო ერთი წლის მერე აღიარებს, რომ მამისონის უღელტეხილზე ქართული დროშა არ ფრიალებს. თუ ეს ყველაფერი არაფერია და მოჩვენებითი სტაბილურობაა, სტაბილურობა საბჭოთა კავშირში რომ იყო, ისეთი უნდა.

მიხარია, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრებას გამომეხმაურა "ეროვნული ფორუმი", მიხარია, რომ გამომეხმაურა ლევან გაჩეჩილაძე და "დაიცავი საქართველო". პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ენერგია შეიძლება ძალიან პოზიტიური შედეგით დასრულდეს.

_ ბევრი ხალხი უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, თუმცა ოპოზიციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ვგულისხმობ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. აპრილის აქციების დროს ხალხი ელოდა, რომ თუ 10 აპრილს არა, მინიმუმ, ვთქვათ, 20 აპრილს მაინც გადადგებოდა ხელისუფლება...

_ ამ ძალიან ბევრმა ხალხმა შედეგსაც მიაღწია. გვინახავს ეს შედეგი 2003 წელს, გვინახავს 2007 წელს, როდესაც სააკაშვილი იძულებული გახდა, გადამდგარიყო და გაუჩნდა სერიოზული შანსი, სწორი მიმართულებით წაეყვანა ქვეყანა. შარშანდელი აპრილის აქციების შედეგია, რომ ამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების სერიოზული გარდატეხა მოხდა. ეს მარტივი არაა. მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომელსაც მუდმივად ესმოდა, რომ ქვეყანაში ნაბიჯები წინ იდგმება, ქვეყანა ებრძვის კორუფციას, ბიუროკრატიას ამარცხებს და ასე შემდეგ, ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, როგორ უცბად შეიცვალა შინაარსი და სახეზე დემოკრატიის ნიღაბაფარებული ადამიანები ქვეყანას დიქტატურისა და უბედურებისკენ მიაქანებენ.

მართალია, შარშანდელმა მოვლენებმა საბოლოო შედეგები ვერ მოიტანა, მაგრამ ხელისუფლების იმიჯი სერიოზულად შეარყია. სერიოზულად ჩააფიქრა მსოფლიო თანამეგობრობა იმაზე, რომ ამ ქვეყანას ჰყავს მატყუარა და უპასუხლისმგებლო ხელისუფლება. დღეს რადიკალურადაა შეცვლილი ქვეყნის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლება არსად აჩვენებს ტელევიზორში და აჩუმათებს იმას, რომ აშშ-ის კონგრესში, ჰელსინიკის კომისიაში იყო მოსმენა და ქალბატონმა ტალიავინმა პირდაპირ დაადო საქართველოს ხელისუფლებას ხელი, როგორც ომის დამწყებსა და გამჩაღებელს. ეს არაა მარტივი რამ და ამ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის აქტიურობას სერიოზული შედეგები მოჰყვება, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ვფიქრობ, სამუშაო კიდევ ბევრია და გარწმუნებთ, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება დღეს პროტესტის გამომხატავი, მით მშვიდად და უმტკივნეულოდ მოხდება ამ ხელისუფლების ცვლა.

_ თქვენმა პარტიამ უარი განაცხადა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შარშან თქვენ გვერდით იდგა და გაჩნდა მოსაზრება, რომ თქვენი ალიანსი შედგა, აცხადებს, რომ ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რადგან ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს... თქვენ ასე არ ფიქრობთ?

_ ეს არჩევნები შეცვლის ხელისუფლებას?! ქალბატონ სალომეს დიდ პატივს ვცემ, იგი ვაჟკაცურად იდგა აქციებზე და იცავდა პოზიციას, მაგრამ თუ გადაავლებთ მის მაშინდელსა და ახლანდელ პოზიციას თვალს, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. არ ვიცი, რამ განაპირობა ეს ცვლილება. ალბათ, ქალბატონმა სალომემ დაინახა რაღაც ისეთი პერსპექტივა, რომელიც მე ვერ დავინახე. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია უფრო სწორია. ადგილობრივი არჩევნების გამარჯვების შემთხვევაშიც კი რითი იცვლება ეს ხელისუფლება? თბილისის მერი ირაკლი ალასანია რომ იყოს, ან ზვიად ძიძიგური, ან გოგი თოფაძე, რომელიმეს დაუჯერებს ვანო მერაბიშვილი? თბილისის მერს შეეკითხება მერაბიშვილი და 6 მაისს აღლუმს აღარ ჩაატარებს?!

_ ოპოზიციური კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ სააკაშვილმა შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ საკრებულოდან დაიწყო...

_ პატარა განსხვავება არის სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის, ან პოლიტიკაში ახლა მოსულ ადამიანებს შორის. სააკაშვილისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მან ყოველთის ნათლად იცოდა, რა უნდოდა და რადიკალური ნაბიჯებით მიდიოდა ამ მიზნისკენ. სააკაშვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მაშინ ქვეყანას მართავდა უკვე დასუსტებული პრეზიდენტი, მაგრამ ადეკვატური და პასუხიმგებლიანი, რომელიც შაბათ-კვირასაც კი არ გადიოდა ოფისიდან და მით უმეტეს, სამ-სამ კვირა არ გადიოდა ქვეყნიდან და ბედის ანაბარად არ ტოვებდა სახელმწიფოს... და რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, კახა თარგამაძე არ იყო მაშინ პრეზიდენტი, მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო მაინც პრეზიდენტი.

არ მინდა არჩევნებში წასულ ადამიანებს რაიმე სახის კრიტიკა მივაყოლო... თუ ვინმე ვერ ხედავს განსხვავებას დღევანდელ საქართველოსა და 2008 წლის აგვისტომდე არსებულ საქართველოს შორის, ის ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა ან შეგნებულად იბრმავებს თვალებს.

_ თქვენ შეხვდით რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს. რა კონკრეტული შედეგით დასრულდა თქვენი ვიზიტი?

_ არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დავინახე თანამშრომლობის სურვილი. დავინახე, რომ რუსეთი მზადაა, ყოველგვარი ტაბუს გარეშე ისაუბროს ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

_ რის ხარჯზე?

_ ეს უკვე დამოკიდებულია იმ პოლიტიკოსის სიმყარეზე, იმ პოლიტიკოსის ვაჟკაცობასა და ჭკუაზე, რომელიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დიპლომატია სწორედ ამაზეა ხოლმე დამოკიდებული. ის დიპლომატი, რომელიც გამჭრიახია, ყოველთვის მინიმალური დათმობის ხარჯზე ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. ჩვენ კი გვყავს ხელისუფალი, რომელიც უგუნურია, რომელიც არაადეკვატურია, რომელიც განდიდების მანიითაა შეპყრობილი, ერთი შეხედვით არაფერს თმობს, მაგრამ საბოლოოდ თმობს ყველაფერს. ყველაფრის გარეშე ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიის 20 პროცენტი, შემოიყვანეს რუსის ჯარი და ბაზები; დაუკეტეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების უახლოესი შანსი. რატომ არავინ საუბრობს იმაზე, რომ ბოსნიამ "მაპი" მიიღო, მაშინ, როდესაც ყველა წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ჰქონდა გაცილებით დიდი შანსი, ვიდრე ბოსნიას. სადმე მოისმიეთ, რომ ბოსნიამ "მაპი" მიიღო? ეს იმის გამო მოხდა, რომ საზოგადოებას არ დაესვა ძალიან მარტივი კითხვა _ თუ ბოსნიამ მიიღო "მაპი", რატომ არ მოხდა ეს საქართველოსთან მიმართებაში? არ მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას ეს შანსი დაუკარგა.

_ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოითქვა აზრი საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც რუსეთის გავლენა არ არის. თქვენი აზრით, განმეორდება თუ არა უკრაინის სცენარი საქართველოში?

_ საბჭოთა კავშირის აღდგენა რომ აბსურდია, ეს ყველაზე კარგად იციან რუსეთში... გავლენის სფეროებისთვის რუსეთი ყოვეთვის იბრძოლებს. როგორ ფიქრობთ, რუსეთის გავლენა საქართველოზე როგორია? უარესი არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ? არ დავიწყებ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებას (ბაზების დატოვების შესახებ). ეს არის უკრაინის არჩეული პრეზიდენტი და საკითხი მათი გადასაწყვეტია. უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი დოკუმენტს და გააგრძელა ბაზების ვადა, სანაცვლოდ მიიღო 40 მილიარდი ამერიკული დოლარი, დაბალფასიანი გაზი, რუსეთთან ურიერთობის დათბობის შანსი და პარალელურად ნატოსგან მიიღო გარანტიები, რომ ნატოს კარი მისთვის ღიაა. საქართველოს პრეზიდენტმა შემოიყვანა რუსეთი ბაზები აფხაზეთსა და ოსეთში ლეგიტიმაციის გარეშე განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულებით გაყვანა ადვილია, რადგან შესაძლებელია მისი შეწყვეტა, მაგრამ როდესაც ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშეა შემოყვანილი რუსული ჯარები, გაცილებით ძნელია რამე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება. ამაში არც ერთი ცენტი არ მიგვიღია. თანაც დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი და ვაგრძელებთ დაკარგვას მამისონსა და სხვა ადგილებში. ხომ არ იცით თბილისის წყალი ვისია? ენგურჰესს ვინ მართავს? იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსი არ იქნება რუსეთის მოქალაქე. ის, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა ღიად, ოფიციალურად, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, იმაზე ასჯერ მეტი გააკეთა და მისცა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთვის ყოველგვარი პოზიტივის გარეშე. რუსული გავლენა საქართველოში სააკაშვილმა გააძლიერა ისე, როგორც არასდროს და ეს არის ნეგატიური გავლენა. ჯარით, ბაზებითა და ამას დამატებული, რომ არსად საქართველოზე არ ლაპარაკობენ. არც ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს საკითი არ განიხილება. არც ერთი სერიოზული ადამიანი საქართველოს პრეზიდენტს არ ელაპარაკება. შეადარეთ იანკუოვიჩის და სააკაშვილის შეხვედრები აშშ-ში. ვერც ერთი რუსეთის მიერ დანიშნული მეფისნაცვალი ვერ გაბედავდა იმას, რაც რუსეთს მისცა სააკაშვილმა - აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისი წყალი, ახლა საქართველოს რკინიგზას აძლევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

_ თქვენი აზრით, როგორია საქართველოს ნატოში ინტერგაციის პერსპექტივა?

_ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ნატოში გაწევრიანების ვერანაირ შანს ვერ ვხედავ. მინიმუმ 10-წლიან პერიოდს ვგულისხმობ. უფრო დაზუსტებით ვიტყვი - ვიდრე კონფლიქტების პრობლემა არ მოგვარდება და რუსული ტანკები ახალგორში იდგებიან, ნატოს წევრები ვერ გავხდებით.

_ თქვენ ამბობთ, რომ ღიად უნდა ვთქვათ უარი ნატოში ინტეგრაციაზე?

_ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ რეალისტური პოლიტიკა. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი და არ უნდა ვეძახოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ნატოს წევრი გავხდებით და მისი კარი ღიაა. თუ ღიაა, რა პირობებითაა ღია და როდის _ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და ადამიანებს უნდა დავანახოთ რეალობა. რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ნატოსთანაც, ევროკავშირთანაც სხვა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებითან. საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დასავლეთის სახელმწიფოებთან პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრონლობა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის ითხოვდნენ, რომ ძალიან მნიშველოვანია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. მათი სურვილი ყოველთვის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო დამატებითი პრობლემა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. საქართველო თავისტკივილი კი არ ყოფილიყო ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, არამედ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი თემა, რომელზედაც იქნებოდა კონსტრუქციული მსჯელობა, რის საფუძველსაც ქართული სახელმწიფო მისცემდა და მეგობრები ჩვენი ინტერესების დაცვაში დაგვეხმარებოდნენ.

_ ვის დაუჭერს მხარს ნინო ბურჯანაძე მოახლოვებულ არჩევნებში და მოუწოდებს თუ არა თავის ამომრჩეველს, მივიდეს არჩევნებზე და რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს მისცეს ხმა?

_ არც ერთ პარტიას მხარს არ დავუჭერ. მე ვთანამშრომლობ და კონსლუტაციები მაქვს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. არავისთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩემი გზა და ჩემი ხედვა ჩამოვაყალიბე და ნათლად გავაცანი საზოგადოებას. მით უფრო ახლა, როცა ღიად დავუჭირე მხარი სახალხო კრების იდეას.

_ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს და გახდება თბილისი მერი, მაშინ მარტო ხომ არ აღმოჩნდებით?

_ გამოვრიცხავ, რომ თბილისი მერი გახდეს ოპოზიციური კანდიდატი, თუმცა თუ ასეთი ფანტასტიკურ სცენარს წარმოვიდგენთ, მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ მეორე დღესვე გავაგრძლებ ბრძოლას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ქვეყნის პრობლემა არ არის თბილისი მერი. თბილისი მერი ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც არის ამ მახინჯი სისტემის ნაწილი. ძალიან მაინტერესებს, ირაკლია ალასანია ან ძვიად ძიძიგური რომ მისულყო და ეთხოვა რომელიმე კომერციული ბანკისთვის ერთ დღეს ოპერატორად მამუშავეთო, ამუშავებდნენ? ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არის ტერორი. გიგი უგულავა არის ამ სისტემის ნაწილი, რომელმაც მშვენივრად მოირგო თანამდებობა; რომელი კარგად მანიპულირებს იმ ასობით მილიონით, რომელიც მის ხელში გადის; რომელმაც სერიოზულად მიიბა ბევრი ადამიანი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან იმ ტენდერების გარეშეEჩაბარებული ობიექტებით, რომელსაც იყენებენ და იქ ფინანსური ინტერესები ძალიან დიდია. უგულავა არ არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ქვეყნის მთავარი პრობლემა პრეზიდენტია.

_ საქართველოს შს მინისტრმა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია..... ეთანხმებით თუ არა მერაბიშვილს?

_ ნაწილობრივ ვეთანხმები ვანო მერაბიშვილს. მათი ასეთი გათავხედების მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია. ხელისუფლებამ შეძლო ზოგის მოტყუება, ზოგის გადაბირება, ზოგის მოსყიდვა. ისეთი მეთოდებით მართავს, რომ ძალიან ძნელია ოპოზიცია იყოს ძლიერი. რეალურად ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებამდე მიიტანოს თავისი მოსაზრება, რამხელა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა. ოპოზიციას გადაკეტილი აქვს საარსებო წყაროები. არა მარტო იმიტომ, რომ ბიზნესი არის დატერორებული ხელისუფლების მხრიდან, არამედ თუნდაც იმით, რომ ოპოზიციის წევრები, მათი ახლობლები გამოყრილნი არიან სამსახურებიდან. ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი ატრიალებენ ასობით მილიონ შავ ფულს, ოთხ ტელევიზიას, პოლიტიზებულ პოლიციას. საკუთარ ზონდერბრიგადებს ვანო მერაბიშვილი ათასობითლარიან პრემიას აძლევს ოპოზიციის წევრის ცემისთვის, შეურაცხყოფისთვის. ძნელია ამას დაუპირისპირდე, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ ასე სუსტია ოპოზიცია და ასე არ ეშინია, რატომ ხარჯავენ ამდენ დროსა და ფულს ჩვენზე და ჩვენ წინააღმდეგ? ასე რომ, ვნახოთ, რთული ბრძოლა იქნება....

_ თუ უთხარით პუტინს, რომ საქართველოდან ჯარები გაეყვანა, ვთქვათ, კონკრეტულად პერევიდან მაინც...

_ საუბარი იყო ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, მაგრამ ძალიან კარგად მესმოდა, რა რეალობაში ვართ, რისი გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე და რისი შემდგომ. პერევიდან ჩემი ხათრით რომ გაეყვანა რუსეთს ჯარი, შეიძლება თბილისამდე შემოეყვანა ჩემს ჯინაზე სააკაშვილს რუსული ტანკები.

_ თქვენ არ ხართ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც პუტინს შეხვდა, კრემლში იმყოფებოდა ზურაბ ნოღაიდელიც, რის შემდეგაც ცხინვალში დატყვევებული ბავშვები გათავისუფლდნენ. პუტინის მსგავსი საჩუქარი თქვენს ვიზიტს არ მოჰყოლია...

_ მე არ მითხოვია არანაირი საჩუქარი. თუმცა მიმჩანია, რომ ის, რაც ბატონ ზურაბს გაუკეთეს, ძალიან პოზიტიური იყო. ჩვენი სირცხვილი და იმ ბავშვების მშობლების სირცხვილი იყო, რომ ძლივს თქვეს, მადლობა ნოღაიდელსო. შეშინებული იყურებოდნენ, ეთქვათ თუ არა მადლობა. თუ შენი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეუძლია წავიდეს და დატყვებეული ბავშვები გაათავისუფლოს, შენ, ხელისუფლებამ, რატომ არ უნდა გამოიყენო საშენოდ? ამ ხელისუფლების სიბრიყვე და მავნებლობა ზუსტად იმაშია, რომ არც დაინტერესებულა, რა პოზიტივი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემი და პუტინის შეხვედრას. სრული იგნორირება გაუკეთეს იმას, რაც პუტინმა თქვა _ კრიზისამდელ ვითარებას უნდა დავუბრუნდეთო. როცა თქვა, რომ არ არსებობს აკრძალული თემები და ყველა საკითხი უნდა განვიხილოთო. სრული იგნორება გაუკეთეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა სხვისი მოგვარებული საქმე. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა პერევის მაგალითზე. პატრიარქის მოგვარებული პრობლემა ვერ აიტანა სააკაშვილმა და ბურჯანაძისა და სხვის მოგვარებულს აიტანს? სააკაშვილის კრედო არის ის, რომ თუ თვითონ ვერ აგვარებს, მაშინ ვერავინ ვერ უნდა მოაგვაროს. ამის ბევრი მაგალითი მაქვს, მათ შორის, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა ხელი შემიშალეს და არ მომცეს საშუალება ჩავრთულიყავი რუსულ-ქართული პრობლემის მოგვარებაში, როცა ამას გერმანული მხარე ითხოვდა. ჩემ ნაცვლად, შეუთვალეს, გიგა ბოკერიას გამოგიგზავნითო, მაგრამ ამით დამთავრდა ეს მოლაპარაკებები. ეშინოდა სააკაშვილს, ბურჯანაძეს რამე არ გაეკეთებინა და მოეგვარებინა.

ხვალ რომ გაიყვანოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთმა ჯარი და ეს სხვა რომელიმე პოლიტიკოსის სახელს მიეწერეოს, სააკაშვილი ომს დაიწყებს და იმ ჯარს უკან დააბრუნებს.

_ თქვენი პარტია არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ალიანსში არ არის, დამოუკიდებლად შეძლებთ მმართველ პარტიასთან ბრძოლას?

_ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ნამდვილად არ ვაპირებ იმ პარტიებთან მჭიდრო ურთიერთობას, რომელთაც განსახვავებული ხედვა ექნებათ. თუ ერთ პარტიას მიაჩნია, რომ მარჯვნივ უნდა წახვიდე, მეორეს _ მარცხნივ, შეუძლებელია, ერთად მიაღწიო რაიმე შედეგს. იმედი მაქვს, რომ იქნებიან პარტიები, რომლებიც საზოგადოებასთან ერთად დადგებიან და მივაღწევთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას. ეს არის მთავარი ამოცანა. ქვეყნას სჭირდება გადარჩენა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე

ავტორი: . .