ENG / RUS       12+

რა დანაბარები მოაქვს სილვიო ბერუსკონის ბიძინა ივანიშვილთან?

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსი, მილიარდელი, ქვეყნის ექს-პრემიერი, მედიამაგნატი და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ბერლუსკონის მრავალი ტიტული და ჩინი ნამდვილად არასაკმარისად გამოიყურება ამ ფრაზის გარეშე - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარი.  კულუარებიდან ირკვევა, რომ იტალიის ყოფილი ექს- პრემიერის ვიზიტის თარიღი საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობაზეა დამოკიდებული. როდის დათანახმდება ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, იტალიის ექს-პრემიერთან შეხვედრას და პუტინის დანაბარების მოსმენას, ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვშიც და თბილისშიც ცალკეულ პერსონებს ძალიან უნდათ ამ შეხვედრის გამართვა. ბოლო-ბოლო მათი მომავალი პოლიტიკური და ბიზნესინტერესები დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას დააბარებს რეალურად ვოვა სილვიოს და რა პირობას მისცემს მათ ბიძინა. 

სხვათა შორის, ბერლუსკონი პუტინმა 11 სექტემბერს მორიგ სკანდალში გახვია, როდესაც იგი ყირიმში ჩაიყვანა. ამ ვიზიტის გამო, სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ოფიციალური კიევის განმარტებით, ბერლუსკონის ვიზიტის შესახებ უკრაინული მხარე საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ და შესაბამისად, იტალიის ექს-პრემიერს ყირიმში ჩასვლის უფლება არ მიუღია.

ყირიმში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მისი ვიზიტი მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ამ ჟესტით ეთქვა - ყირიმი რუსეთს ეკუთვნის. ანუ, ბერლუსკონიმ რეალურად აღიარა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. რა დაუჯდა ეს ვიზიტი მის მეგობარს, ვლადიმერ პუტინს, ცალკე განსჯის თემაა. ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ ბერლუსკონი და „გაზპრომსა“ თუ სხვა მსხვილ რუსულ კორპორაციებს თავშეფარებული, რამოდენიმე ევროპელი ექს-ლიდერი და პოლიტიკოსი უმაგრებს ზურგს დასავლეთში რუსეთის იმპერიალისტურ რეჟიმს.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოში ბერლუსკონის მთავარი შეხვედრა მის მილიარდელ კოლეგასთან და ასევე ექს-პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან უნდა შედგეს. შეხვედრა უფრო ადრეც გაიმართებოდა, მაგრამ ივანიშვილმა რამდენჯერმე, სხვადასხვა მიზეზით, თავი აარიდა შესაძლო შეხვედრას. ამის მიუხედავად, თუ ვიზიტი შედგა  რაზე ისაუბრებენ ექსპრესიული იტალიელი და ანტინიცშიანელი ქართველი - ანუ რას გამოიტანენ საჯაროდ, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება - დემოკრატია, გადასარევი საინვესტიციო გარემო, როგორ ჰგავს საქართველო იტალიას და ა.შ. თუმცა ვარაუდიც არ არის საჭირო იმის სამტკიცებლად, რომ ბერლუსკონი პუტინის „ოცნებების“ პირდაპირი გამტარი იქნება.

„ბერლუსკონი ქვეყანას კახი კალაძესთან მეგობრობის გამო რომ სტუმრობდეს, ამაში ცუდი რა არის?“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც აცხადებს, რომ იტალიის ექს-პრემიერის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა იქვე დასძინა, რომ „მის ჩამოსვლას დადებითად ვუყურებ“.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ბერუსკონის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრის პრესსამსახურმა არ მოგვაწოდა. თუმცა  უმრავლესობაში „ამხელა პიროვნების“ შესაძლო ვიზიტზე კომენტარებს აკეთებენ.

„საქართველოში რადგან ამხელა პიროვნება ჩამოდის, შეიძლება, ის ქვეყანას ინვესტიციების განხორციელების მიზნით სტუმრობდეს, შეიძლება, მას მეგობრული ვიზიტი ჰქონდეს დაგეგმილი. ვერ გეტყვით, სილვიო ბერლუსკონი საქართველოს რა მიზნით ესტუმრება.

შეიძლება, ბერლუსკონი საქართველოში კალაძესთან მეგობრობის გამო ჩამოდის, ან მთავრობასთან ახლობლობის გამო. ადამიანი ჩამოდის და თქვენ მაჯინდებით, გინდათ თუ არა მითხარით, რისთვის ჩამოდისო. შეიძლება, მას მეგობრული ვიზიტი ჰქონდეს, შეძლება მას რაღაც მისია ჰქონდეს, ან ინვესტიციების განხორციელება სურდეს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ. 

ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ ჩააწვთეს, რომ მისი ფავორიტი ექს-ფერხბურთელი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სწორედ ბერლუსკონოს გარემოცვიდან წამოსული სიგნალების საფუძველზე ლობირებდა და ლობირებს სხვადასხვა რუსულ კომპანიებს - მათ შორის „გაზპრომისა“ თუ „ინტერ-რაოს“ თემას და ბოლოს, მილანში გამართული მოლაპარაკებების წინ, როგორც ამბობენ, კალაძე სწორედ ბერლუსკონოს გარემოცვას შეხვდა.

მართალია ვიცე-პრემიერის პრესსამსახური იტალიაში ყოფნისას კალაძის  ბერლუსკონისთან ან მის გარემოცვასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს ფაქტზე თუ არ წაასწარი როდის დაუდასტურებიათ ანალოგიური ტიპის შეხვედრები? სხვა რომ არაფერი, რაღა მაინც და მაინც მილანში გაიმართა „გაზპრომელებთან“ შეხვედრა, რომელიც კალაძისთვის მეორე სამტრედიაა? იმიტომ, ხომ არა, რომ მშობლიურ და ნაცნობ გარემოში კონსპირაციის დაცვა უფრო ადვილია და დირექტივების მიღებაც უფრო მოსახერხებელი?

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ბერლუსკონის რუსეთიდან გარკვეული მესიჯი მოჰქონდეს.

„შეიძლება, ბერლუსკონის მცდელობა ჰქონდეს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას დაეხმაროს“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.  თამაზ მეჭიაურს კი უჭირს განმარტოს „საქართველოში ბერლუსკონის ვიზიტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე რა გავლენა ექნება. არ მგონია, რომ მის ჩამოსვლას პოზიტიური ფუნქციის გარდა, სხვა რაიმე დატვირთვა ჰქონდეს. ასეთი რანგის პოლიტიკოსის სტუმრობა საქართველოს ავტორიტეტზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს“.

თავის მხრივ, პერსონა, რომელმაც „ჯი-ეიჩ-ენს“ ბერლუსკონოს შესაძლო ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აცხადებს, რომ იტალიის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილს სწორედ რომ კალაძის გაპრემიერების ნაცვლად, წინასაარჩევნოდ რუსეთისა და ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ ქვეყნების მხარდაჭერას დაჰპირდება.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება აფხაზეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების „ჩარჩოში“ მოქცევა, სანაცვლოდ ოფშორში რეგისტრირებული  რუსული კომპანიების ინტერესების გათვალისწინება.

„ბერლუსკონო დაჰპირდება ივანიშვილს, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი უპირობოდ სცნობს 2016 წლის არჩევნების შედეგებს. სიის პირველი ნომერი და რა თქმა უნდა პრემიერიც კახი კალაძე უნდა იყოს“, - აცხადებს პერსონა, რომელიც მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით გვესაუბრა.

„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო კალაძე-ივანიშვილის ურთიერთობაში, ან თუნდაც რუსეთის მესინჯერად  „ამხელა პიროვნების“ ჩართვა, პერსონა პასუხობს: „ბერსლუსკონოს თავადაც არაერთხულ უთქვამს უარი საქართველოში ჩამოსვლაზე და გადაწყვეტილი იყო, რომ მისი ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი გამოეგზავნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა. საინტერესოა რომ, ივანიშვილს არაერთხელ მიუტანეს ამბავი - კალაძე და მისი „საყვარელი დეიდაშვილი“ ცალკეულ ბიზნესგარიგეგებს დებენ მის ზურგს უკან და მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას აწვდიან მას. თან, მამაცაშვილი ამ ბოლო დროს ავადმყოფობს და ხშირად არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შესაძლოა, ბოლო მომენტში ივანიშვილმა მამაცაშვილს არ მოუსმინოს და კალაძე ისევ „მეორე“ ფავორიტის რაგნში დარჩეს. შესაბამისად, დრო არ ითმენს და მოქმედებებია საჭირო. ესეც რომ არ იყოს, რუსეთს ახლა საქართველოში ვითარების დაძაბვა შეიარაღებული კონფლიქტით არ სჭირდება. შესაძლოა, აზერბაიჯანთან სომხეთს ვითარება მნიშვნელოვნად აერიოს, ამიტომ რკინიგზის გახსნა სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება როგორც გიუმრის სამხედრო ბაზისთვის, ასევე ერევნისთვის“.

ჯი-ეიჩ-ენი“: - ანუ, აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვაფუჭებთ?

 პერსონა": - აზერბაიჯანთან ურთიერთობა დიდი ხანია გაფუჭებული გვაქვს. ფორმალური განცხადებები არაფერს ცვლის. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ კომერციული სტრუქტურებითვის განკუთვნილ გაზს არ ეხება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციის პირობებში საქართველო „გაზპრომმა“ უნდა მოამარაგოს. მთავარი მიზანი ეს არის. აქ დიდი თამაშია. თუ აზრბაიჯანული გაზი თურქეთის მიმართულებით არ წავა, მაშინ ანკარასაც მოუწევს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა და ყირიმის გამო გაუარესებულ ურთიერთობის დათბობა. ბერულუსკონოს კი ყველაფრიდან წილი ეკუთვნის. ირანიდან გაზის ტრანსპორტირებაზე საუბრისას არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გაზი სწორედ რომ სომხეთზე გაივლის. სომხეთში კი ენერგეტიკას სრულად აკონტროლებს რუსეთი“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენის“ წყარო, რომელსაც თავის დროზე არაერთი ზუსტი ინფორმაცია მოუყოლია.

მოკლედ, საქართველოში ბერლუსკონო უნდა ჩამოვიდეს. პუტინი, კარასინი - აბაშიძის ფორმატს სცდება და მილიარდელთან მილიარდელს აგზავნის. მილიარდელები კი სხვა ენაზე საუბრობენ. მაგალითისთვის საქართველოში არაბი შეიხის ვიზიტი კმარა, რომელმაც თბილისში საათი და 10 წუთიანი ვიზიტის ფარგლებში ჩამოფრენა, ივანიშვილის რეზიდენციაში მისვლა, მასთან დიალოგი და უკან დაბრუნება მოასწრო. ამ დიალოგის შედეგად, თაბუკაშვილის ქუჩაზე ასაშენებელი „ცათამჯენისთვის“ ყველა პრობლემა მოიხსნა - მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყო და ახლა ფაქტიც სახეზეა. ბერუსკონის ვიზიტის შედეგებისთვის კი ბოლო ვადა 2016 წლის შემოდგომაა.

„ჯი-ეიჩ-ენი“, გეგა სილაგავა

ავტორი: . .