იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოში კარგი ვითარებაა.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ციხეებში გაუსაძლის მდგომარეობაში 25 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი მე-200 ქართველი ციხეში იჯდა.
„ჩვენ ათი ათასი ადამიანი ციხეებიდან გავათავისუფლეთ. ეს ორი მექანიზმის წყალობით მოხდა - პარლამენტის ამნისტიითა და საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელმაც უპირობო შეკრებითობის წესი გააუქმა. საქართველოში უფრო სამართლიანი გავხადეთ სისხლის სამართლის სასჯელი. მაშინ ბევრმა გვითხრა, რომ არ გააკეთოთ, კრიმინალი გაიზრდებაო, თუმცა, დღეს, საქარათველო ისევ რჩება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად მსოფლიოში. კრიმინალი არ გაზრდილა და ვმუშაობთ ყოფილ პატიმრებთან, რათა მათ ვასწავლოთ როგორ იარონ ქუჩაში წელგამართულებმა და ისაუბრონ ნორმალურ ხმაზე, რადგან მათ წლების მანძილზე ციხეებში ჩურჩულს აიძლებდნენ. დიახ, ჩვენ ყოფილი პატიმრები გვყავს, რომლებსაც დასაქმებაში დავეხმარეთ. ჩვენ რეციდივს ვერბძვით და ამ პატიმრებში რეციდივი არის დაბალი“, - დასძინა წულუკიანმა.