6 მაისს, პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მომიტინგეთა უფლებებს ადვოკატი ეკა ბესელია დაიცავს. ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ამ დროისთვის საუბარია 6 დაშავებულზე.
"ამ დროისთვის დგინდება იმ დაშავებულთა ვინაობა, რომლებიც შეხლა-შემოხლის დროს დაზარალდნენ. შესაბამის სიაში ჯერ 6 ადამიანი მოხვდა. ესენია: კახა ბერიშვილი, კახა ჯამალაძე, თენგიზ მამინაშვილი, ბიძინა გეგიძე, გაგა გაჩეჩილაძე და როსტომ ჟორდანია",- განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, შესაბამისი სარჩელი პროკურატურას უახლოეს დღეებში წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი შს მინისტრის და ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან ბესელია პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სასჯელაღსრულებების დაწესებულებებში შესვლას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 6 მაისი პოლიციის პროფესიულ დღედ გამოაცხადა. აღნიშნულის საპროტესტოდ, ოპოზიციამ აქცია გამართა, რომლის მიმდინარეობის დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა რამდეჯერმე მოხდა. ინციდენტების დროს როგორც აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები დაშავდნენ.