ENG / RUS       12+

«რუსთავი–2» და «შლიოპანცები»

«გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ» კიდევ ერთხელ გაიმარჯვა! ხელისუფლება ამ საქმეში უკვე დამარცხებულია იმ აზრით, რომ სასამართლოს ვერდიქტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: როცა საქმე ტელევიზიას ეხება, დამარცხება განისაზღრება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სარგებლით,  საერთაშორისო რეაქციით და იმით, რომ ტელევიზია როგორც აგრძელებდა, ისევე აგრძელებს მაუწყებლობას  იმავე სარედაქციო პოლიტიკით.

ანუ, ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლის თვალშიც ჩანს  სუსტი და დამარცხებული. საქართველოში კი, ჩვენი ეროვნული მენტალობის გათვალისწინებით,  არაფერია მთავრობისთვის იმაზე საშიში და დამღუპველი, როგორც გაუბედავის, სუსტისა და დამარცხებულის იმიჯი.

ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ, «სამაგიეოდ, მიშასგან გასხვავებით,  ჩვენ დემოკრატები ვართო», ელექტორატის ვერდიქტი იქნება: დემოკრატები კი არა «მთხლეი ხართ, მთხლეი!»

ძალაუნებურად გრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ან მართლა კლინიკური იდიოტები არიან, თუკი თავად წამოიწყეს ეს დამღუპველი საქმე, ან ქიბარ ხალვაშმა, ძალიან ეშმაკური პროვოკაციით დააყენა ისინი ფაქტის წინაშე, – როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია. ჭადრაკში ამ მდგომარეობას «ცუგცვანგს» უწოდებენ.

 

იურიდიული თვალსაზრისით, სასაამრთლოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, გარდა ტელევიზიის ყარამანიშვილებისათვის დატოვებისა, არის სრული ნონსენსი და უკანონობა. იმ მიზეზით, რომ სააკაშვილ–ადეიშვილ–მერაბიშვილის გუნდმა, რომელმაც თავის დროზე, ტელევიზია «აახია» ჯერ მის დამფუძნებლებს, ანუ ეროსი კიწმარიშვილს, დათო დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, შემდეგ კი, იმავე ტექნოლოგიით, «აახია» უკვე ოქრუაშვილ–ხალვაშის ტანდემს, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით,  მთელი ოპერაცია  ბრწყინვალედ ჩაატარა. ქაღალდზე ყველაფერი უზადოდაა გაფორმებული. ისე, რომ დღევანდელ მფლობელებს კანონიერად მართლა ვერ შეედავები და აი, რატომ:

ბოლოდროინდელ ინტერვიუებში,  «რუსთავი–2»–ის თანადამფუძნებლები,  – ჯარჯი აქიმიძე და დათო დვალი – იხსენებენ:  როდესაც ხელისუფლებამ  წაუყენა ულტიმატუმი, ხოლო მათ დათმეს და თანხმობა განაცხდეს ყველაფერზე ხელი მოეწერათ, ნასყიდობის ხელშეკრულება «რატომღაც» გააფორმებინეს არა უშუალოდ ქიბარ ხალვაშთან, არამედ ჯერ «ვიღაც პაატა კირსანიძესთან», რომელიც, მათივე თქმით, «შლიოპანცებითმოვიდა» და «ხრუშჩოვკაში ცხოვროვბდა». შემდეგ, იმავე დღეს (!), ქიბარ ხალვაშმა უკვე ამ «შლიოპანცებიანი კირსანიძისგან» იყიდა ტელეკომპანია!  

მაშინ ბევრს უკვირდა: «ბათუმელი შლიოპანცებიანი ბომჟი ვის რაში დასჭირდა და პირდაპირ ხალვაშზე რატომ არ გააფორმესო». თავად ქიბარ ხალვაში ამ საკითხზე, შესაძლოა მხოლოდ მას შემდეგ დაფიქრდებოდა, როცა უკვე მის წინააღმდეგ განხორციელდა იგივე ოპერაცია:  უკვე მას «აახიეს» ტელევიზია იგივე ტექნოლოგიით: ანუ პირდაპირ ყარამანიშვილებზე კი არ გააფორმეს, არამედ შექმნეს «საშუალედო რგოლები», ოფშორულ კუნძულებზე წინა ღამით დაფუძნებული იურიდიული პირები, ანონიმ მესაკუთრეთა ფირმები და მხოლოდ რამდენიმე რგოლის შემდეგ მივიდა საკუთრება იქ (მასთან), ვისთანაც თავიდანვე უნდა მისულიყო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომ დასჭირდათ ეს გაიძვერული სქემები? ახლა უკვე  ნათელია რატომაც: «რუსთავი ორის» ერთ–ერთმა ძალზე მაღალკვალიფიციურმა ადვოკატმა, ამას წინათ, ფრთხილად შეაპარა საუბარში: «ძალადობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრში ამჟამად დაფიქსირებულ მფლობელობას არ აუქმებსო».

ანუ, იურიდიული ენიდან თუ გადმოვთარგმნით: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ადგენს, რომ 2004 წელს, კიწმარიშვილს, აქიმიძესა და დვალს ტელევიზია მუქარით, შანტაჟით, ზეწოლით, სხვადასხვა სახის იძულებითა და სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით «აახიეს», ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტელევიზია მათვე უნდა დაუბრუნდეთ, რადგან წართმევის ოპერაციაში მონაწილეობდა ვინმე «შლიოპანცებიანი კირსანიძე», ხოლო ქიბარ ხალვაშმა უკვე მისგან იყიდა! ანუ ხალვაში კეთილსინდისიერი მყიდველია და ყველა პრეტენზია დაზარალებულებს კირსანიძესთან უნდა ჰქონდეთ! ზარალიც მანვე აუნაზღაუროს იმით, რომ ოროთახიანი «ხრუშჩოვკა» გაყიდოს.

ზუსტად ასევე, სასამართლოს დადგენილება, 2006 წელს ქიბარ ხალვაშის მიერ იძულებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, სულაც არ ნიშანვს, რომ ტელევიზია მას უნდა დაუბრუნდეს, რადგან დღევანდელმა მფლობელებმა (ყარამანიშვილებმა) მისგან კი არ გადმოიფორმეს, არამედ სულ სხვა მყიდველებისგან. მაშასადამე, მოქმედი კანონმდებლობით, ისინიც ისეთივე «კეთილსინდისიერი მყიდველები» გამოდიან, როგორი «კეთილსინდისიერი მყიდველიც» იყო თავად ქიბარ ხალვაში, როდესაც ტელევიზია არა დამფუძნებლებისგან, არამედ «შლიოპანცებიანი პაატა კირსანიძისგან» იყიდა.

ჰოდა ყარამანიშვილებს რას ერჩით მაშინ? ეძებეთ ოფშორზე დაფუძნებული ფირმები, იპოვეთ მათი დამფუძნებლები, დაპატიმრეთ და აანაზღაურებინეთ ზარალი. თუ, რასაკვირველია მიაგნებთ,  ესე იგი ამ ჩახლართულ  სქემებს თავსა და ბოლოს გაუგებთ.

ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც «რუსთავი––2»–ის დაბრუნებაზე მთელი არსებით ოცნებობდა და ცხოვრების აზრად ჰქონდა ქცეული, თავი სწორედ მაშინ  „მოიკლა“, როცა საბოლოოდ დარწმუნდა: ამ სქემების იურიდიულად გახსნა უკვე შეუძლებელი იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ (პირველ რიგში, რასაკვირველია ადეიშვილმა) ეს სქემა წინასწარგანზრახულად, განგებ შექმნა, რაკი უკვე მაშინ ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან დამფუძნებლები აუცილებლად იჩივლებდნენ; ისევე, როგორც ადრე თუ გვიან იჩივლებდა ქიბარ ხალვაშიც.

სწორედ ამიტომ  შემოიყვანეს ორივე შემთხვევაში «შლიოპანცებიანი პროქსები»  და ოფშორში დაფუძნებული მეორე, მესამე, მეოთხე რიგის გაურკვეველი «ფიზიკურ–იურიდიული პირები». თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას: როგორც 2004, ასევე 2006 წელს, ნამდვილ მფლობელებთან საქმე თავიდანვე «გაიასნებული» ჰქონდათ, მაგრამ ისინი «იურიდიულად კეთილსინდისიერ მყიდველებად» უნდა გაფორმებულიყვნენ.

საქართველოში მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, თუ თქვენ, მაგალითად, ბინა გააქირავეთ,  მობინადრე თაღლითი აღმოჩნდა, საბუთები გააყალბა და თქვენს არყოფნაში ბინა გაყიდა, – მყიდველს ვერ გამოასახლებ, რადგან  «კეთილსინდისიერი მესაკუთრეა» – პატიოსნად გადაიხადა ფული და შეიძინა ქონება!  

ან, მაშინ,  უნდა დაამტკიცო, რომ მყიდველმა  თავიდანვე იცოდა ამ  სქემის შესახებ. «რუსთავი–ორის» შემთხვევაში, რასაკვირველია, სწორედ ასე იყო, მაგრამ იურიდიულად ამის  დასაბუთება  ძალიან ძნელია. თითქმის შეუძლებელი.

ამიტომ, თუ «ოცნების» ხელისუფლებას მართლა ჰქონდა გადაწყვეტილი, «რუსთავი–ორი» მისი ამჟამინდელი მფლობელებისათვის წაერთმია  (რაშიც ძალიან  მეპარება ეჭვი), ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმავე მეთოდებით, როგორც მიშამ, ზურამ და ვანომ «აახიეს» იგი ჯერ დამფუძნებლებს, შემდეგ ქიბარ ხალვაშს.

ანუ, პირველ ეტაპზე, შეუგზავნეს საფინანსო პოლიცია, სხვადასხვა ხრიკებით შეუქმნეს მრავალმილიონიანი დავალიანება, «დაამძიმეს» კრედიტებით, «გადააბეს» ამ კრედიტებით იმავე მფლობელთა სხვა მომიჯნავე ბიზნესებთან, შემდეგ წაუყენეს ულტიმატუმი: «ტრუსიკის ამარა დაგტოვებთო» (თავად როგორც ყვებიან). რაკი ამან არ გაჭრა, დაუწყეს ღია თვალთვალი, მანქანებით დევნა  შანტაჟისა და დაშინებისთვის, და ბოლოს, მაინც აიძულეს ხელი მოეწერათ!

ორი წლის შემდეგ, უკვე ქიბარის შემთხვევაში, დაუწვეს საწყობი, დაუტერორეს  ბიზნესი, ბოლოს დაიბარეს და უთხრეს: «ოჯახიანად ამოგწყვიტავთო». მორჩა და გათავდა!

მიშამ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცოდნენ: საქართველოში პოლიტიკა «თეთრი ხელთათმანებით» არ კეთდება. ამიტომაც მიაღწიეს მიზანს. და აღწევენ კვლავ, – თუ ბოლოდროინდელ კვლევათა შედეგს დავაკვირდებით, რომელიც აბსოლუტურად რელევანტურია.  

«ოცნების  ხელისუფლება» ამას რომ ვერ ახერხებს (უფრო «ვერ ახერხებს», ვიდრე «არ კადრულობს») იმიტომაც ელის უსასტიკესი დამარცხება უკეთეს შემთხვევაში არჩევნებით, უარეს შემთხვევაში კი მორიგი რევოლუციით.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

და ბოლოს: «რატომღაც» მგონია, ეს პრობლემები საერთოდ არ იარსებებდა, ქვეყნის ხელისუფალი რომ იყოს ნინო ბურჯანაძე – მიშას «ალტერეგო», მისი «სისხლი–სისხლთაგანი» და «ხორცი - ხორცთაგანი» (ტყუილად კი არ უკრავდა მისთვის «სიყვარულის ისტორიას» ფორტეპიანოზე), ანუ მიშას მენტალური ტყუპისცალი.

ქალბატონი ნინო ამ სულელურად კომიკურ, იურიდიულად სრულიად უპერსპექტივო და პოლიტიკურად გამანადგურებელ   სასამართლო პროცესს კი არ წამოიწყებდა, არამედ მიშას წინააღმდეგ იმოქმედებდა მიშასავე მეთოდებით!

ანუ: ბადრი ბიწაძის ძმაკაცები ჯერ სხვადასხვა ხრიკებით ვალებს შეუქმნიდნენ კომპანიას, თუ ეს არ გაჭრიდა, მაშინ მფლობელებს, ან მათ ნათესავებს, იმავე   «დაკავშირებულ პირებს» დაიბარებნდნენ და ეტყოდნენ: გადაეცით მაგათ -  დედას გიტირებთ, ოჯახებიანად ამოგწყვიტავთ, ყველა ბიზენსს წაგართმევთ თქვენც და თქვენს საახლობლოსაც,  შვილებს ციხეებში ამოგიპლობთ, თუ რასაც მაგიდაზე დაგიდებენ, იმას ხელს არ მოაწერთო.

დედისმათი შვილები იქნებოდნენ, არ მოაწერდნენ. სულ კუნტრუშ–კუნტრუშით გაიქცეოდნენ ღამის სამ საათზე ნოტარიუსთან და ისე მოაწერდნენ (რასაც წინ დაუდებდნენ), რომ მიშას და ნინოს  მოწონებული!

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .