ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოქვეყნებულ ფაქტებს ბირთვული ბომბივით უნდა ექუხა, თუმცა უცნობი და პრინციპულად ახალი მაინც არაფერი ითქვა. ანუ ითქვა მხოლოდ ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა. მათ შორის პოლიტიკოსებმაც.
პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ყველაფერს იკადრებს. ამიტომაც, მთავარი ქართული ნარატივი, ბოლო 25 წლის განმავლობაში, სწორედ ის არის, რომ «პოლიტიკა ბინძური საქმეა».
არანაკლები საზიზღრობა იყო, როცა შევარდნაძის ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა გადამღები ჯგუფი შეუშვა ციხეში, რათა ინტერვიუ ჩაეწერათ ორი ადამიანის მკვლელთან, ვინც მაშინდელ კულტურის მინისტრს ავადმყოფი შვილის გადასარჩენად რიტუალური მკვლელობის ჩადენას აბრალებდა.
როგორც ჩანს, «მოსულა». ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნისა და ამ საზოგადოების ტრადიციით მაინც. თორემ ეს გლდანელი მანიაკი ვინ (რა) არის – ამაში ეჭვი ვის ეპარებოდა? ბოლოს და ბოლოს, სწორედ მისი პათოლოგიური ვნებით აცახცახებული ხმა არ ისმოდა კადრებში: «გეტკინააააააააააა?»
მთელი ეს ისტორია იმდროინდელი «რეფორმისტულ –მოდერისტული» რეჟიმის სიმბოლოდაც იქცა: ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოს კადრებზეც ხომ არ უთქვამს ვინმეს «დაგმულიაო?» ხოლო მაშინდელმა მთავარმა ჯალათმა, – 2 ოქტომბერს ქვეყნიდან სამარცხვინოდ გაპარულმა ადეიშვილმა, საკუთარი რეჟიმის არსი (ნანუკასთან – «მეზობლის ბაღიდან ვაშლი მოგიპარააააააავთ?») ე.წ. «ჩამტვრეული ფანჯრის სინდრომით» ახსნა.
მართლაც არსებობს ასეთი სადისტური თეორია («ჩამტვრეული ფანჯრისა»), რომელიც, თუ ბოლომდე სამართლიანნი ვიქნებით, ადეიშვილს არ მოუგონია, – «დემოკრატიის მექაში» იშვა, მაგრამ «რატომღაც» სწორედ ამ უბედურ ქვეყანაში განხორციელდა ყველაზე უკეთ და სრულყოფილად.
მაქსიმა ასე ჟღერს: «თუ ახალგაზრდას, რომელმაც შუშა ჩაამტვრია ხულიგნური ქვენაგრძნობით, მხოლოდ 6 თვით ციხეს ან მარტოოდენ ზარალის ანაზღაურებას ვაკმარებთ, მაშინ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩაიდენს მკვლელობას ან სხვა უმძიმეს დანაშაულს, რომელიც 30 წლიანი ციხით ისჯება. ამიტომ, როგორც კი შუშას ჩაამტვრევს, მაშინვე უნდა მივუსაჯოთ 30 წელი (შუშის ჩამტვრევისთვის), სანამ მკვლელობა ჩაუდენია!»
როგორია? გენიალური! და ამ «შედევრის» განმახორციელებელ ადეიშვილს, ბიძინა ივანიშვილმა «ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი კაცი უწოდა», რომელთანაც თურმე, თვითონაც სიამოვნებით ითანამშრომლებდა.
ოჯახაშენებულო, მაშინ რაღას ერჩი საერთოდ? თურმე ქვეყნის მომავალზე და სამართლებრივი შეგნების აღზრდაზე ზრუნავდა კაცი. ჯანდაბას «სასჯელის ადეკვატურობა», «უდანაშაულობის პრეზუმპცია» და სხვა ათასი სისულელე, რაც ჩამორჩენილი ქვეყნის მოდერნიზაციაში და ტურიზმის განვითარებაში გვიშლის ხელს – «ნულოვანი ტოლერანტობა» და «მკაცრი სისხლის–სამართლებრივი პოლიტიკა!»
ოღონდ, იმ დათქმით, რომ ეკა ბესელიას ძებნილი შვილი, ძებნილობაშივე (!!!) უნდა იქნას შეწყალებული პრეზიდენტის მიერ – რას იზავ, პოლიტიკური მიზანშეწონილობა უფრო წონადია, ვიდრე კაცობრიობის მიერ ათასწლეულთა მანძილზე ტანჯვით გამომუშავებული ზემთხსენებული სისულელეები, ან სამართლიანობისა და თანასწორობის აბეზარი მოთხოვნა.
დააკვირდით: პოლიტიკური მოსაზრებებით, ოპოზიციონერი ქალბატონის ძებნილი შვილის ძებნილობაშივე (!) შეწყალება «მოსულა», ხოლო ჩატეხილი ფანჯრის ადეკვატურად (ესე იგი დანაშაულის შესაბამისად, ანუ მსუბუქად) დასჯა – არა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ დავანებოთ თავი წაგებული არჩევნების მეორე დღეს (უფრო ზუსტად, მეორე დილითვე) ქვეყნიდან სამარცხვინოდ გაპარული, ბავშვობიდან დაკომპლექსებული «პატარა ცახესის» ამ ჯალათურ თეორიას, რომელსაც მხოლოდ «ესპანური ჩექმაღა» აკლდა სრულყოფილებისათვის. ყველაზე საინტერესო საკითხი, კვესიტაძის გადაცემასთან დაკავშირებით, მაინც ისაა, თუ ვინ მიაწოდა ჟურნალისტს ეს მასალა, ანუ გლდანის ციხეზე გადაღებული სრული ვიდეო – ყველა დეტალითა და პერსონაჟით?
ამ ქევყანაში ტრაგედია მეტისმეტად ხშირად წყვილდება კომედიასთან. ეს ბერძნული სტილის ტრაგი–კომედია როდია, არამედ ბევრად უარესი: როდესაც ტრაგედია, იმავდროულად, კომედიაცაა.
სულაც არ არის გამორიცხული, სრული, ესე იგი დაუმონტაჟებელი მასალა ჟურნალისტებს იმავე მანიაკმა მიაწოდა, ვინც ეს კადრები დადგა და გადაიღო. რატომ? იმიტომ, რომ «გადააგდეს», ფული არ მისცეს (ან იმდენი არ გადაუხადეს, რასაც ითხოვდა) და თავს მოტყუებულად გრძნობს.
არანაირი საფრთხე უკვე აღარ ელის «ჩემს მიერ მოყვანილ ხელისუფლებაზე» ასეთი შურისძიებისას: ერთსა და იმავე დანაშაულზე საქმე ორჯერ ვერ აღიძვრება და პროკურორ კბილაშვილის გადაწყვეტილება «უდიდესი საზოგადოებრივი სიკეთის გამო სასჯელისგან განრიდების» შესახებ – მაინც ძალაში დარჩება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო.
აბა ახლა თუ გაასამართლეს, მაშინ ხომ საერთოდ დაიღუპებიან ამ წინასაარჩევნოდ?
მართლაც, ლოგიკას თუ მივყვებით, სხვას ვის უნდა გაეგზავნა? წინა ხელისუფლებას რომ ჰქონოდა ეს მასალა, 2012 წლის სექტემბერშივე გამოაქვეყნებდა – არჩევნებამდე ატეხილი გრანდიოზული სკანდალის გადასაფარად. ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობდა არაფერში და სხვა რა ვერსია შეიძლება არსებობდეს?
დიახ, ეს მხოლოდ ვერსიაა, მაგრამ როდესაც აშკარად ჭკუანაღრძობ მანიაკთან გაქვს საქმე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიდევ ერთი საინეტრესო მომენტი: რატომ დაუპირისპირდა «გლდანელი მანიაკი» 2013 წელს იმავე ირმა ინაშვილს, რომელსაც მანამდე თვითონ გაუგზავნა ეს ჩანაწერები შორეული ნათესავის ხელით – საარჩევნოდ შესანახი ბომბის სახით? რატომ აწყობდა ისტერიკებს ბრიუსელიდან და რატომ ახსენებს რაღაც «პასპორტებს» მიმოწერაში, რომლებიც, თურმე «შეპირდნენ და არ გაუკეთეს?»
ეკა კვესიტაძემ ეს საკითხი არ გახსნა, ან ვერ მიხვდა: სინამდვილეში, «გლდანელი მანიაკი» გულისხმობდა გრძელვადიან შენგენის ვიზებს ოჯახის წევრებისთვის და პოლიტიკურ თავშესაფარს საკუთარი პერსონისთვის.
თუმცა, რამდენს არ ეცადა ის ჯგუფი, რომელმაც, მთლიანობაში, ბრწყინვალედ განახორციელა მთელი სპეცოპერაცია, მაინც ვერ მოახერხა: რამდენჯერ არ სთხოვეს ბიძინა ივანიშვილს, რაკი ეგონათ, «ერთი მისი სატელეფონო ზარი იქნებოდა საკმარისი და პასპორტები თუ პოლიტთავშესაფარი მაშინვე გადაწყდებოდა», მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრიუსელში ბიძინას მილიარდებით ყველაფერს ვერ «გააჩალიჩებ», როცა საქმე აშკარა სიყალბესა და აბსურდს ეხება: ევროპელმა სპეციალისტებმა ხომ, რა თქმა უნდა, მაშინვე დაადგინეს, ვისი ხმა ჟღერდა კადრებში, უმალვე მიხვდნენ, რომ არანაირი «ცოცხით გაუპატიურება» არ ყოფილა, ეს ყოველივე დადგმული სპექტაკლი იყო და რომ ყოველივე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.
და რაკი მიხვდნენ, «მხრებიც აიჩეჩეს», არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ (რათა ქართულ პოლიტმარაზმით არ გასვრილიყვნენ), ხოლო თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს იმით, რომ არც თავშესაფარი მისცეს «გლდანელ მანიაკს» და არც მისი ოჯახის წევრებს – შენგენის ვიზები.
სწორედ ამას მოჰყვა ურთიერთობის დაძაბვა და ულტიმატუმი ივანიშვილს: ან . . . ან.
ისტორიაც დასრულდა საპროკურორო განრიდებით: «აბა მაგას რომ სასამართლოზე ხმა ამოეღო, მერე ნახავდითო». ამოიღებდა, აბა რას იზამდა ეს ნაძირალა, როდესაც 22 წლით ციხე ელოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით? 22 წელი კი არა, ერთი თვეც არ ჩაჯდებოდა ციხეში იმის გარეშე, რომ შური ეძია მათზე, ვისაც, მისი ჭკუით, «ამოდენა სამსახური გაუწია».
ოღონდ, ახლა უკვე რაც არ უნდა ითქვას და რამდენი ინტრიგაც არ უნდა გაიხსნას, დღევანდელი ოპოზიცია (იმდროინდელი ხელისუფლება, – მისი «ჩამტვრეული შუშების» ფაშისტური თეორიით) მაინც ვერ გაექცევა იმ სიმართლეს, რომ ეს ურჩხული, რომელმაც ისინი შეჭამა და ხელისუფლება დააკარგვინა, ისევე, როგორც ის ნაძირალები, ვინც სამეგრელოს მიწურში ადამიანებს «არადადგმული კადრებით» (და არა ცოცხით) აუპატიურებდნენ, სწორედ ხსენებული ფაშისტური თეორიისა და რეჟიმის პირმშონი იყვნენ, მის წიაღში იშვნენ და უნებური მშობელნი იმავე წუმპეში ჩაითრიეს, საიდანაც თავად ამოირწყნენ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, გიორგი ლეჟავა