ENG / RUS       12+

სუბიექტურ ტელევიზიათა ჯამი უდრის ობიექტურ მედია-გარემოს

«რუსთავი–2»–ის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია უდავოდ არის მორიგი დიდი სისულელე ხელისუფლების მხრიდან!

ამ დებულებას სულაც არ ცვლის ის  გარემოება, რომ თვით ამ ტელეკომპანიას და მისი დღევანდელ «შემოქმედებითი კოლექტივს»  პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, ღალატობს სტილის შეგრძნება. არა ზომიერების, არამედ სტილისა, რაც ბევრად უარესია.

მაგალითად, ვეღარ ამჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას მიერ ლევიტანის ხმით წარმოთქმული «ტექსტი», მისი პირადი ცხოვრების შესახებ, უკვე ვეღარ აღწევს მიზანს.

არადა, ამ გაუთავებელი, ლამის 24 საათიანი შოუს დროსაც ერთი უხერხული და არაკომფორტული მოსაზრება კი უჩნდება დაკვირვებულ ადამიანს: «იღუპება რუსთავი-ორი», იღუპება ეს საოცარი ფენომენი, რომელმაც შექმნა თანამედროვე საქართველო;  მასთან ერთად იღუპება სიტყვის თავისუფლება  და ლამის მთელი ევროპული ცივილიზაცია მისი ღირებულებებით, თომა აქვინელიდან –  დეკარტამდე და ჯონ ლოკამდე.

 დავანებოთ თავი იმას, რომ ამ ლოგიკით, ყველა სხვა ტელევიზია, ყველა სხვა ჟურნალისტი  ივანიშვილის პინგვინი და ჭორვილას ზოოპარკში გამოკეტილი ზებრას ექსკრიმენტი გამოდის. ბევრად საინტერესო სხვა საკითხია: თუკი, როგორც ამბობთ, იღუპება «რუსთავი ორი», როგორც ისტორიული ფენომენი, მაშინ მის დასაცავად ხმას რატომ არ იღებენ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს ფენომენი?!!!

იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ბრწყინვალედ გამოიყენა ე.წ. «ვარდების რევოლუციის» დროს, ესე იგი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად,  ხოლო მათ მოინდომეს იმავე სტილში ეკრიტიკებიანთ ახალი ხელისუფლება, როგორც   შევარდნაძესთან «გასდიოდათ», მიშამ ტელევიზია მაშინვე «აახია» მის დამფუძნებლებს: ეროსი კიწმარიშვილს, ჯარჯი აქიმიძეს, დათო დვალს და გადასცა  ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც «რუსთავი» თავის მეწილე ქიბარ ხალვაშზე გააფორმა; ხოლო ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს «რუსთავი ორი» ჩამოაყალიბეს მისი სახე, მისი სტილი და რევოლუციის შემდეგ იმავე ღირებულებების ერთგულნი დარჩნენ, ტელევიზიიდან გაყარეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ახლა იხსენებს: «რაღაც მიტინგს გადავცემდით პირდაპირ ეთერში, ნიუს–რუმში ვიღაც გაფითრებული კაცი შემოვარდა, ჩვენ მძღოლი გვეგონა, მაგრამ გამოსართველს ეძებდა, თურმე კიბარ ხალავში ყოფილაო».

თითქოს არ იცის ან ვერ ხვდება, რომ ქიბარ ხალავშის ნიუს–რუმში შევარდნას და გამოსართველის ძიებას წინ იოლად «დასალაგებელი» მოვლენები უძღოდა: გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ მოჭიდავეთა დასაცავად რუსთაველზე გამართული მიტინგის პირდაპირ ეთერში გადაცემით  გაღიზიანებულმა სააკაშვილმა დაურეკა («დაახურა») ოქრუაშვილს, იმან, თავის მხრივ, დაურეკა («დაახურა») ბიზნესმენ ხალვაშს და ქიბარიც შევარდა ნიუს–რუმში (როგორც ჩანს, პირველად), რათა პირდაპირი ეთერი გამოერთო.

შემდეგ, როცა მიშამ უკვე ოქრუაშვილიც აითვალწუნა (როგორც ახლა ამბობს, «ცრუპენტელობისა და კორუმპირებულობისათვის»), ტელევიზია  მასაც  «აახია» და ყარამანიშვილებზე გააფორმა. თუმცა დაახლოებით 30 მილიონი თავდაცვის სამინისტროდან «ჩაასხა» პატერნალისტური ინვესტიციის სახით. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ბიუჯეტის ფული. «იმედში» შეჭრის მსგავსი მეთოდები არ დასჭირვებია.

აქვე: რაც შეეხება «იმედის» დარბევას, «რუსთავის» დღევანდელ დისკურსში უამრავი დემაგოგია გვესმის. აი, მაგალითად: «იმედი კი უნდა დახურულიყო, მაგრამ დარბევა რა საჭირო იყო, – უბრალოდ ანძიდან გამოერთოთო».

ეს არის ზღვარგადასულად თავხედური ცრუპენტელობა: 2007 წელს სატელევიზიო სიგნალი  უკვე ძირითადად საკაბელო ქსელებით ვრცელდებოდა და «ანძის გამორთვას» არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, თუ არ დაარბევდნენ, სხვაგვარად ვერ გათიშავდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2006 წლიდან რუსთავი წმინდად პარტიული ტელევიზიაა, რომელიც ძალიან ნიჭიერად აკეთებს თავის საქმეს. ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს და პასუხისმგებლობა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას – იმდენი გონიერება, რომ ქვეყანაში ნამდვილად პლურალისტური გარემო შექმნას, «ნაციონალური რუსთავი» ორი კი არ უნდა დაიხუროს, არამედ დაანებოს თავი, იყოს იგი  ისეთივე  როგორიც არის; სამაგიეროდ,  შექმანს მისი საპირწონე პარტიული («ოცნების») ტელევიზია, რომელიც ე.წ. «საზმაუს», «იმედისა» და «მაესტროს» მსგავსად ობიექტურობას და «შუაშისტობას" კი არ ითამაშებს, არამედ იქნება ისეთივე აგრესიულად ტენდენციური, სუბიექტური, მიკერძოებული (ოღონდ საპირისპირო ნიშნით) როგორც «რუსთავი ორი!» 

სხვადასხვა ვექტორის მატარებელი ორი სუბიექტური ტელევიზია, – ორი შეურიგებელი პოლიტიკურ–საფინანსო დაჯგუფების დოტაციით, – საბოლოოდ, გააწონასწორებს ერთმანეთს, ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, ორი სხვადასხვა დაინტერესებული წყაროდან მიიღონ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია კი შესაძლოა თავისთავად ტენდენციური და სუბიექტური იყოს, მაგრამ ყალბი ვერ იქნება, რაკი აშკარა სიყალბე ან რაიმეს დამალვა მაშინვე გამოვლინდება. ამით მედია–გარემო და ქართული საზოგადოება, ისევე როგორც მთლიანობაში დემოკრატია, მხოლოდ მოიგებს.

ოღონდ პრობლემა ისაა, რომ თუ ოცნება   «რუსთავი–3»–ს შექმნის, იგი ისეთივე ნიჭიერი, მიმზიდველი, შთამბეჭდავი, კრეატიული, ესე იგი პროფესიონალური უნდა იყოს, როგორც ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებული  ტელევიზია. მან უნდა შეძლოს საკუთარი სტილის მიგნება, რათა ასეთივე ცნობადი იყოს და თავისი სახე ჰქონდეს.

აქვს კი საამისო შნო იმ გუნდს, რომელიც «ოცნების» გარშემოა შემოკრებილი? ამ თვალსაზრისით პერსპექტიული იყო «მეცხრე არხის» ახალგაზრდულის გუნდი.  «რუსთავი ორამდე» ბევრი აკლდათ ჯერ, მაგრამ ხომ იზრდებოდნენ?

ადგნენ და დახურეს რაღაც სულელური მოტივით. დღეს კი «აბეზარი მიშას» ტელევიზია სურთ მოიშორონ «ობოლი მოსამართლის» მეშვეობით.

არ გამოვა ეს ამბავი! დროებით რომც გამოვიდეს, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. იმდენად სერიოზულს, რომ ხელისუფლებას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდება და პირდაპირ ყულფში გაჰყოფს თავს საარჩევნოდ. 

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .