საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯააგის პროკურორს ფატუ ბანსუდას შეახსენა, რომ 2008 წელს ომი, პირველ რიგში საქართველოსა და რუსეთს შორის იყო.
იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროკურორის შუამდგომლობაში რუსეთის როლი სათანოდოდ არ არის წარმოდგენილი და
ოკუპაცია ისევ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, თუმცა ფატუ ბენსუდას ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე უთხრა, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება.
"რუსეთის როლთან დაკავშირებით საპასუხოდ მან აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რაც მის ხელთ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება, გაითვალისწინოს, განიხილოს ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია - როგორ მართავდა რუსეთი ოსურ დანაყოფებს და შენაერთებს, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება, ეს იყო პირველ რიგში, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთმა ჩვენზე აგრესია განახორციელა. ეს მიმართულება ისედაც არის პროკურორის მოთხოვნაში, სადაც შავით თეთრზე ამბობს, რომ ე.წ. ოსურ ჯარში, საჯარო სამსახურში, ყველგან რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება და რუსეთის როლი არ არის და ვერ იქნება ამ კონფლიქტში მინიმიზებული", - განაცხადა წულუკიანმა.
პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.