საქართველოს შს სამინისტროში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს რობერტს მიულერსა და საქართველოს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა. ამის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებს მიულერი უკვე თბილისი-მარიოტში განაგრძობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და საკითხებს, რომლებიც ეხება საერთაშორისო ტერორიზმსა და უსაფრთხოებას.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რობერტ მიულერის ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აშშ-ს ფედერალური ბიურო საქართველოს დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში, ანუ აქ კონკრეტულად იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები საიდანაც ძალიან ხშირად გარკვეული ძალები სხვა და სხვა სახის შეიარაღების შემოტანა სცდილობენ.
"მათ კარგად იციან, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დღეისათვის არის ე.წ. შავი ხვრელები კრიმინალისათვის, ამ ტერიტორიებიდან მოედინება იარაღი, ნარკოტიკები, არის გადაზიდვის გარკვეული ცენტრებიც და ასევე როგორც არაერთხელ იქნა დადასტურებული ფაქტობრივად ბირთვული შეიარაღების რაღაც ელემენტებიც. ამდენად ჩვენ სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ დალაგებულ რეგიონში, საკმაოდ პრობლემატური რეგიონია და გასაგებია, რომ აშშ აქვს სპეციალური ინტერესი", _ განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.