ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ, 15 თვიანი სკურპულოზური გამოძიების შემდეგ (ყველა ყველა და ეს კი ნამდვილად ეხერხებათ), საუკეთესო ექსპერტების მონაწილეობით, ათასობით სპეციალისტის გამოკითხვისა და უზღვავი მასალის შეჯერების შედეგად, როგორც იქნა, «დადო» დასკვნა გასული წლის ზაფხულში, უკრაინის ცაში დატრიალებული ტრაგედიის თაობაზე, როდესაც რუსმა სეპარატისტებმა მალაიზური ავიაკომპანიის თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთიდან შემოტანილი სარაკეტო კომპლექსით «ბუკ».
დასკვნაში უამრავი ტექნიკური დეტალი და მონაცემია. როგორც აღმოჩნდა, ჩამოგდებული «ბოინგის» სამართავი პულტის უკან, ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება: პეპელას ფორმის ნაწილაკი, რომელიც რაკეტის საბრძოლო ნაწილში იტვირთება მსახვრალი ელემენტების სახით. ეს «პეპელა» განსხვავდება ოთკუთხა ფორმის იმ მსახვრალი ელემენტებისაგან, რომლებიც ძველი მოდიფიკაციის «ბუკ»–თა ქობინშია განთავსებული. ანუ, უკვე სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «ბოინგი» ჩამოაგდეს სწორედ იმ რაკეტით, რომელიც ამჟამად გააჩნია რუსეთს და არ გააჩნია უკრაინას! «ბუკ»–ები მათაც აქვთ, რასაკვირველია, – 2008 წლის ომშიც ძალიან დაგვეხმარენ, მაგრამ არა აქვთ ამ იარაღის უახლესი მოდიფიკაცია.
თუმცა, ესეც რომ ვერ ეპოვათ გამომძიებლებს, სხვა უამრავი მტკიცებულებაც არსებობს, თუ ვინ ჩამოაგდო «ბოინგი»: თუნდაც სეპარატისტთა ლიდერ იგორ სტრელკოვ–გირკინის განცხადება ტრაგედიიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ სოციალურ ქსელში: «ახლახანს შემატყობინეს ჩემმა ბიჭებმა, რომ კიდევ ერთი უკრაინული სამხედრ–სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოგვიგდია და უკვე ადგილზე არიან გასულნიო».
თუმცა, ადგილზე გასულებს საზარელი სურათი დახვდათ: სამასამდე დაღუპული, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ძირითადად ნიდერლანდის, ავსტრალიისა და მალაიზიის მოქალაქეები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კაცმა რომ თქვას, ჰოლანდიის (ისევე როგორც დასავლეთის ყველა ქვეყნის) მთავრობებმა შესანიშნავად იციან, რაც მოხდა: მას შემდეგ, რაც უკრაინამ აქტიურად დაიწყო სამხედრო ავიაციის გამოყენება სეპარატისტთა წინააღმდეგ, რუსეთმა რეგიონში შეიყვანა საზენიტო –სარაკეტო დანადგარები. ერთი მათგანიდან გასროლით, ჩამოაგდეს «ბოინგი». არა წინასწარგანზრახულად, არამედ შეეშალათ სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავში.
უკრაინული მხარისთვის გადაბრალება არ გამოვა: სეპარატისტებს ავიაცია არ ჰყავდათ და არც ახლა ჰყავთ, რუსეთი კი საკუთარ ბომბდამშენებს არ იყენებდა. ამიტომ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არანაირი რეზონი არ ჰქონიათ «გაესროლათ». სამაგიეროდ, რეზონი ჰქონდათ სეპარატისტებს და მათ მხარდამჭერებს.
უკრაინული მხარის დანაშაული კი ისაა (უდავოდ), რომ მან არ ჩაკეტა თავისი საჰაერო სივრცე, თუმცა კი იცოდა, რამდენად სარისკო იყო იქ მშვიდობიანი ლაინერების ფრენა. მალაიზიური ავიაკომპანიაც დახარბდა სულ რამდენიმე ათეულ ათას დოლარს, რაც მარშრუტის შეცვლა დაჯდებოდა.
ამიტომ, ანგელოზი ამ საქმეში არავინაა, მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც ისაა, ვინც (შეცდომით თუ განზრახ) სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. სწორედ ამას იძიებდა ნიდერლანდების უშიშროების საბჭო.
და. . . . . . . . . რა შედეგად? არც არაფერი!
დასკვნაში ყველაფერია ნათქვამი, გარდა მთავარისა: ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი და საიდან გაისროლეს რაკეტა? მიკიბულ–მოკიბულია რაღაც ფართობი (ასეულობით კვადრატული კილომეტრი), საიდანაც თეორიულად შეიძლებოდა ესროლათ და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არადა, ზუსტად იციან ყველაფერი. ისიც კი იციან უკვე, როდის შემოვიდა «ბუკ»–ი უკრაინის ტერიტორიაზე, ვის მოჰყავდა მანქანა, ვინ იჯდა საჭესთან, რომელი ეკიპაჟი იყო და ა.შ. ერთადერთი, რაც ჯერ ვერ დაადგინეს ისაა, კონკრეტულად რომელმა სერჟანტმა თუ ოფიცერმა დააჭირა ღილაკს თითი.
ესე იგი, იციან, მაგრამ არ ამბობენ. ისმის კითხვა: რატომ? თითქოსდა, დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უკვე ისედაც იმდენადაა დაძაბული, ყალბი პოლიტკორექტულობისა და პოლიტესის დრო აღარაა: სირიის გამო სიტუაცია ცივი ომის სტადიას უახლოვდება. მიუხედავად ამისა, მაინც ჩქმალავენ, ბოლომდე არ ამბობენ, თავს იკატუნებენ, ქარაგმებით იფარგლებიან. ისევ და ისევ, რატომ? იმიტომ, რომ მუშაობს ე.წ. რეაქციის ადეკვატურობის სინდრომი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავუშვათ ერთი წუთით, ჰოლანდიის მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად თქვა ის, რაც ყველასათვის ცხადია: სეპარატისტებმა მშვიდობიანი «ბოინგი» ჩამოაგდეს რუსეთის მიწოდებული სარაკეტო დანადგარით, ან რუსეთის შეიარაღებული ძალები თავად არიან ამაში გარეულნი.
ორივე შემთხვევაში, ეს უმძიმესი სამხედრო დანაშაულია იმის მიუხედავად, შეგნებული იყო ქმედება თუ შეუგნებელი, ანუ შემთხვევითი.
თუ ეს სიმართლე ოფიციალურად ითქმება, მაშინ ბუნებრივად დაისმება კითხვა: «კი ბატონო, თქვით, და ახლა რას აკეთებთ? თქვენი რეაქცია რა არის?»
მაშინ მაინც ხომ უნდა მიიღონ ადეკვატური საპასუხო ზომები: გამოიწვიონ ელჩი მოსკოვიდან, შემოიღონ ნამდვილი (არა სიმბოლური) სანქციები, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა, გამოაცხადონ იმ ომის სულისჩამდგმელი პუტინი პერსონა–ნონ გრატად!
სხვაგვარად, თუ მხოლოდ თქვეს და რაიმე არ იღონეს, უკვე ვეღარ დაამშვიდებენ აღშფოთებლ საზოგადოებრივ აზრს, რომლიც ისევ და ისევ იკითხავს: «თქვით და რა მერე? რით პასუხობთ ამ დანაშაულს? საპასუხოდ რას აკეთებთ? როგორ და რით სჯით დამნაშავეებს?!!»
საქმეც ესაა: ვერც ვერაფრით დასჯიან. ვერაფერსაც ვერ გაუბედავენ. და თუ ვერ გაუბედავენ, თუ ადეკვატური რეაქცია კიდევ უფრო საშიშად მიაჩნიათ, ბუნებრივია, არც იმას იტყვიან პირდაპირ, რომ რუსეთია დამნაშავე: აბა თუ თქვეს, მაშინ ხომ საერთოდ წაიშლებიან, როგორც უუნარონი და უმწეონი.
ზუსტად იგივე სინდრომმა იმუშავა დიდ ბრიტანეთში, როდესაც რუსულ სპეცსამსახურთა აგენტებმა ფსბ–ს ყოფილი თანამშრომელი, ლიტვინენკო მოწამლეს რადიოაქტიული ნივთიერებით ლონდონის ცენტრში – პიკადილიზე!
შეიკრიბა პრემიერ–მინისტრთან არსებული კომიტეტი «კობრა» (იქაური უშიშროების საბჭო, რომელიც ძალზე იშვიათად იკრიბება), შეისწავლა საკითხი და გადაწყვიტა, შედეგები გაესაიდუმლოებინა 100 წლით, თუმცა ათასობით მტკიცებულება ჰქონდა!
ამ უცნაურობის მიზეზი იგივეა: «დავუშვათ განვაცხადეთ, რომ რადიოაქტიული ნივთიერებაა «პოლონიუმი» რუსმა დიპლომატებმა შემოიტანეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დიპლომატიური ფოსტით, რომელიც ჩხრეკას არ ექვემდებარება (ნამდვილად ასე იყო – სხვაგვარად ვერ მოხვდებოდა ინგლისში–ავტ.) მერე რას ვაკეთებთ? ეს ხომ არათუ არამეგობრული ნაბიჯი, არამედ ომის აქტია რუსეთის მხრიდან?!!! გამოდის, რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა! ჩელსის «სტენფორდ ბრიჯის» არენაზეც კი, დღემდე იგრძნობა რადიოაქტიურობა და ჩვენ რით ვპასუხობთ? ვერც ვერაფრით!»
ჰოდა თუ არ შეგიძლია ადეკვატურად უპასუხო, მაშინ სჯობს საერთოდ არ თქვა, თავი მოიკატუნო და წყალ–წყალა ფრაზებში «გაატარო».
ასეთია დამოკიდებულება და ასეთი იქნება მუდამ, სანამ რუსეთის იმდენად ეშინიათ და მასთან ურთიერთობა იმდენად უღირთ, რომ მზად არიან საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოების თითქოსდა წმიდათაწმიდა ღირებულებასაც კი გადააბიჯონ. ეროვნულ ღირსებაზე, თავმოყვარეობაზე და სხვა მსგავს «სულელურ წვრილმანებზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
„ჯი-ეიჩ-ენი“, დავით ავალიშვილი