რესპოდენტის შესახებ
ქართველი სტუდენტის უნიკალური იდეა - საქართველოში უძველესი ღვინის შემეცნებითი მუზეუმის შექმნის შესახებ, ამერიკული მუზეუმების წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა. დათო ნადირაძე სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის არტ-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. იგი აშშ-ში „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტპენდიით უკვე 2 თვეა სწავლობს.
პროექტის პრეზენტაცია ამერიკის სამხრეთ შტატების მუზეუმთა ასოციაციის კონფერენციაზე გაიმართა. 6 – 10 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებას 250-მდე ამერიკული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დათო ნადირაძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელება რეალურია და ამაზე მოწმობს ის შეფასებები და გამოხმაურება, რაც კონცეფციის პრეზენტაციას მოყვა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში ამ კუთხით ნაკლებად არის ცნობილი - სწორედ ამიტომ, უნდა განხორციელდეს ახალი იდეები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ქართული კულტურის სიძველეს და რაც მთავარია, დააინტერესებს თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს, იმოგზაურონ საქართველოში.
- რით არის განსაკუთრებული ამ მუზეუმის კონცეფცია და როგორ დაიბადა პროექტის იდეა?
- ასეთი მუზეუმი საქართველოსთვის სიახლეა. ის დაფუძნებულია საბჭოს საზოგაგოებრივ მმართველობაზე, საზოგადოებრივ დაფინანსებაზე, მარკეტინგულად ინტეგრირებულია ტურიზმთან და რაც მთავარია, მისი კონცეფცია შემეცნებითია - ანუ ვიზიტორებს შეუძლიათ თავად აღმოაჩინონ და გათხარონ უძველესი არტეფაქტები, იხილონ თანამედროვე ინსტალაციებით შესრულებული, კინეტიკურად აგებული ღვინის დაყენების პროცესი; დატკბნენ პანორამული ხედებით და ბოლოს - დააგემოვნონ ქართული მრავალფეროვანი ღვინო. იდეა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს გამიჩნდა. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული და რეალურია მსგავსი პროექტების შექმნა, რადგან ეფუძნება საზოგადოებრივი საბჭოს მმართველობის ტიპს. ასეთი ტიპის საბჭოს წევრები ძირითადად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები არიან, რომლებიც მუზეუმის მმართველობას იღებენ საკუთარ თავზე, აღსრულება კი მენეჯმენტის საქმეა. ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია ასეთი ტიპის მმართველობის დანერგვა, რომელიც თავისთავად მაქსიმალურად დამოუკიდებელია სახელმწიფო დაფინანსებისგან და ქვეყნისთვის ეკონომიკურად არა ხარჯს, არამედ მოგებას წარმოადგენს.
- ყველაზე მეტად რამ დააინტერესა ამერიკული მუზეუმების წარმომადგენლები და როგორი იყო მათი გამოხმაურება პრზენტაციის შემდეგ?
- ყველაზე მეტად ალბათ უნიკალურობამ დააინტერესა, რადგან ასეთი მუზეუმი მსოფლიოში არ არსებობს. რომელ მუზეუმს ან ასოციაციას გაუჩნდება უარის თქმის სურვილი ისეთი მუზეუმისთვის, რომელიც მსოფლიო ღირებულებას წარმოადგენს და მენეჯმენტი და დაგეგმარება თავიდანვე წარმატებაზეა ორიენტირებული?! მათი რეაქცია კონცეპციის ნახვამდე ხშირად ერთნაირი იყო: ჯერ ინტერნეტში ეძებდნენ სად იყო ეს მუზეუმი, რომ მოენახულებინათ, პრეზენტაციის შემდეგ კი ფოტოებს უღებდნენ პოსტერს. თითქმის ყველა დამსწრე ექსპერტმა და პროფესიონალმა ინდივიდუალურად შემომთავაზა კონსულტანტობა მუზეუმისთვის, ასოციაციებმა კი დაგეგმარებაში ჩართულობა შემომთავაზეს.
- რამდენად განხორციელებადია ეს პროექტი საქართველოში?
- ამ პროექტის კონცეპცია საქართველოსთვის შევქმენი, სხვაგან უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება განხორციელებას, საკმაოდ განხორციელებადია სახელმწიფოს მხარდაჭერის შემთხვევაში. აქ ფინანსურ მხარდაჭერას ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ. აუცილებელია, რომ სახელმწიფო, როგორც „ადვოკატი“ ისე გიჭერდეს მხარს და მწვანე შუქს უნთებდეს პროექტს.
- სად შეიძლება განთავსდეს, რა თანხებთან იქნება დაკავშირებული და როგორ წარმოგიდგენია ფინანსების მოძიება გეგმის რეალობად გადასაქცევად?
- კარგი კითხვაა. სავარაუდო მდებარეობა სიღნაღია, იქ უკვე არსებობს ერთი მუზეუმი, რომელიც დიდი მუზეუმის გახსნით ასევე სარგებელს ნახავს. სავარაუდო ციფრი მუზეუმის იდეის განსახორციელებლად 10 მილიონ დოლარამდეა, თუმცა დამოკიდებულია მმართველი საბჭოს ეფექტურად მუშაობაზე, ანუ შეიძლება გაცილებით ნაკლებიც კი დაჯდეს. რაც შეეხება ფინანსების მოძიებას, ეს გეგმა საკმაოდ დიდია. შევეცდები რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო: არაპირდაპირი ბენეფიტები, რომელსაც საბჭოს წევრები მოუტანენ მუზეუმს, ღვინის კომპანიების ჩართულობა, მსხვილი კომპანიების მხარდაჭერა (ბანკები, სამშენებლო კომპანიები, რესტორნები) და ა.შ. და ერთგვარი მომხიბლავი დეტალი - მუზეუმის ქვის იატაკი მთლად მთლიანად სავსე იქნება იმ ადამიანთა სახელებით და გვარებით, ვინც მუზეუმის ასაშენებლად თანხას გაიღებს.
- საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე რა გავლენა უნდა იქონიოს მსგავსმა პროექტმა?
- მუზეუმი ტურიზმთან მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული, რომელიც მომხმარებელს ასევე ღვინის ტურებს შესთავაზებს. მდებარეობა, ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის გავრცელების არეალი - ეს ყველაფერი დაგეგმარების პროცესში იქნება გათვალისწინებული. რაც მთავარია, მუზეუმის ბოლო ნაწილი ღია პანორამაზე გავა, სადაც მთის ნაწილზე დამაგრებული, რელსებზე მდგარი გამჭვირვალე კაბინა ალაზნის ველის საუკეთესო ხედით ტკბობის საშალებას და ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს ვიზიტორს.
- როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე და ამ საქმის სპეციალისტი, როგორ შეაფასებ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ხარისხს, რა კეთდება და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ცნობადობის გასაზრდელად?
- ბევრი ღონისძიება კეთდება და შეიძლება ითქვას, რომ ხარისხიც დამაკმაყოფილებელია ხშირ შემთხვევაში. პრობლემა სხვაა, ღონისძიებები არაა ერთმანეთთან კავშირში და ამ პოპულარიზაციას არ გააჩნია პოლიტიკა. მაგალითად, თუ გერმანიაში ვაკეთებთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მინიმუმ განსაზღვრული უნდა გვქონდეს სამიზნე აუდიტორია, საკომუნიკაციო მესიჯები, სწორედ უნდა იყოს დაგეგმილი და შერჩეული კამპანია და ა.შ. ის რაც წარმატებული იქნება გერმანიაში, წარუმატებელი იქნება ამერიკაში.
- სად ხედავ შენს თავს ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ?
- ჩემ თავს კულტურის პოლიტიკის შექმნაში ვხედავ ან კულტურული და სახელოვნებო ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით. ამ კუთხით ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და თუ მალე არ დავიწყებთ მუშაობას, ასეთი ტიპის ორგანიზაციები სახელმწიფო დაფინანსებაზე კიდევ უფრო მეტად გახდებიან დამოკიდებულნი. მათი წარმატებისთვის კი ავტონომიურობა და ორგანიზაციული სიძლიერე არსობლივად მნიშვნელოვანია.
ქართველი სტუდენტი მიიჩნევს, რომ ღვინის კულტურის და ტრადიციების სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანი ბერკეტია და სწორი მენეჯმენტის პირობებში, საქართველო ერთგვარი ღვინის კულტურის ცენტრად შეიძლება წარმოჩინდეს. დათო ნადირაძე სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის არტ-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიით სწავლობს. როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო იდეით საქართველოს პოპულარიზაციას შეეცდება.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ლაშა ნოდია