ზვიად ძიძიგურის სახლთან მომხდარ ინციდენტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ ადეიშვილის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. საუბარია ჩხუბზე, რომელიც გვიან ღამით ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ზვიად ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენჯერმე იარაღიდან გაისროლა.
პროკურატურის განცხადებით უკვე დაწყებულია გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე. ამაზე მეტი ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვრცელდება.
"ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი გამოძიება "ხულიგნობის" ფაქტზე. ამჟამად მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილეებისა და თვითმხილველების დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები", _ აცხადებენ პროკურატურაში.
ზვიად ძიძიგური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს 13:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.