ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ, საქართველოში კი «შუქდება» და განიხილება, მაგრამ არც იმდენად, როგორც ეს მოვლენა იმსახურებს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაზე.
პირველ რიგში, გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ჰოლანდიურ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც 1998 წელს შეიქმნა ე.წ. «რომის სტატუტის» შესაბამისად: მისი მიზანია გამოიძიოს კონკრეტული პირების (და არა სახელმწიფოების!) დანაშაულები საერთაშორისო მშვიდობის, ადამიანურობის და კაცობრიობის წინააღმდეგ. მათ შორის გენოციდი და ეთნიკური წმენდა, როგორც გენოციდის ერთ ერთი ნაირსახეობა.
განსასჯელი პირი შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც გასცა ესა თუ ის ბრძანება, ასევე გენერალი ან უბრალო სერჟანტი თუ ჯარისკაცი, ვინც, საბრძოლო მოქმედებების დროს, ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული – თავს დაესხა სამშვიდობო ძალებს, მოკლა თუნდაც ერთი მშვიდობიანი მოსახლე, დაწვა სახლი და ა.შ.
საქართველოს წინა ხელისუფლება მაინცდამაინც არ აქტიურობდა ამ სასამართლოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე არ აქტიურობდა რუსეთი. ორივე მხარეს თავისი მიზეზები ჰქონდა პასიურობისა, რომელთა თაობაზე – ქვემოთ. ამჯერად კი, მთავარი ისაა, რომ გასულ კვირას, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატა ბენსუდამ განაცხადა: «რაკი მხარეები არ აქტიურობენ, არ იძიებენ ჩადენილ დანაშაულებებს და არ გვიგზავნიან საბოლოო მასალებს, რომის სტატუტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, 7 წლის შემდეგ, თავად დაიწყოს საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა გამოძიება».
პროკურორ ბენსუდას საბრალდებო დასკვნა შემდეგ გადაეცემა სამკაციან სასამართლო კოლეგიას, რომელიც გამოიტანს განაჩენს დამნაშავეთა მიმართ, ან გაამართლებს ეჭვმიტანილებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველო და რუსეთი, ამ სასამართლო წარმოებაში, ვერ იქნებიან თანასწორნი ორი სისტემური მიზეზის გამო. პირველი: რუსეთი (ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები) არ შეუერთდა «რომის სტატუტს», ესე იგი, მასზე საერთოდ არ ვრცელდება ამ სასამართლოს იურისდიქცია! «რომის სტატუტის» შესაბამისად, კი, ჰააგას საერთაშორისიო სასამართლოს განსჯადობას განეკუთვნება მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეთა (ჯარისკაცთა, გენერალთა, პოლიტიკოსთა, სახელმწიფო მოღვაწეთა) დანაშაული, რომლებიც შეუერთდნენ «რომის სტატუტს». მაშასადამე, მოსკოვს შეუძლია ჰააგას მიაწოდოს მხოლოდ ის მასალები, რომელიც თავად აწყობს და მისთვის ხელსაყრელია – ქართული მხარის დასადანაშაულებლად. თავად კი არანაირო ვალდებულება არა აქვს, უპასუხოს კითხვებს.
უთანასწორობის მეორე მიზეზი საერთაშორისო კონიუნქტურაა. ამ კონიუნქტურის შესაბამისად კი (ორუელის პერიფრაზით), «ყველა სახელმწიფო თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო მეტად თანასწორია, ვიდრე სხვები»: რომან პოლანსკის ფილმში «უსახელო ავტორი», დიდი ბრიტანეთის ექს–პრემიერი, ტონი ბლეერი ადვოკატებს ეკითხება: «რომელი ქვეყნები არ შეუერთდნენ კიდევ რომის სტატუტს, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა?» ჩამოუთვლიან ირანს, აფრიკის სახელმწიფოებს, ჩრდილო კორეას და «რატომღაც» გამორჩებათ რუსეთი, რომელიც აგრეთვე არ შეუერთდა კონვენციას.
რატომ? იმიტომ, რომ ფილმის პროდიუსერებს ძალიან უნდოდათ მისი დემონსტრირება რუსეთში და კრემლის გაღიზიანება არ სურდათ! აი, ასეთი მაამებლური და კონფორმისტული დამოკიდებულება აქვთ მოსკოვის მიმართ ისეთ წვრილმანშიც კი, როგორიც მხატვრული ფილმია და მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს ამგვარი კონიუნქტურა უფრო სერიოზულ, პოლიტიკურ სიუჟეტებზე არ ვრცელდება, როდესაც საქმე რუსი ლიდერებისა და რუსული სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, რამდენი მტკიცებულებაც არ უნდა წარადგინოს ქართულმა მხარემ რუსი გენერლების, ჯარისკაცების თუ რუსეთის ხელმძღვანელთა დანაშაულობების შესახებ, პასუხად მივიღებთ, რომ რუსეთი არ არის «რომის სტატუტის» წევრი სახელმწიფო, ამიტომ, ეს მტკიცებულებები სრულიად ფუჭია: რაკი «რომის სტატუტს» არ შეუერთდა, მოსკოვი არაა ვალდებული, ითანამშრომლოს ჰააგას სასამართლოსთან, დაუშვას მისი გამომძიებლები საკუთარ ტერიტორიაზე, დააკითხინოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები, მით უმეტეს, განახორციელოს მათი ექსტრადირება ჰააგაში, უპასუხოს პროკურორის კითხვებს და ა.შ.
ხოლო საქართველო, რაკი 1999 წელს შეუერთდა «რომის სტატუტს», სწორედაც ვალდებულია ითანამშრომლოს, ვალდებულია უპასუხოს კითხვებს, ვალდებულია დააკითხინოს ან თუნდაც დააპატიმრებინოს ეჭვმიტანილები, განახორციელოს მათი ექსტრტადირება ჰააგას ციხეში პირველი მოთხოვნისთანავე და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უფრო კონკრეტულად: ქართული მხარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასვამს ეთნოწმენდის საკითხს. მაგრამ რუსები (თუ საერთოდ იკადრეს პასუხის გაცემა) აუცილებლად იტყვიან, რომ ლიახვის ხეობის სოფლებს არა რუსი ჯარისკაცები ან მეომრები, არამედ ოსური ფორმირებები წვავდნენ. სასამართლომ ეს არგუმენტი რომც არ გაიზიაროს, იმ ოსური ფორმირებების მიღმა ვერ წავა, რადგან ყველა სხვა, ვინც იმ ფორმირებას აიარაღებდა, აგულიანებდა, ზურგს უმაგრებდა – რუსეთის მოქალაქეა, ესე იგი ჰააგას იურისდიქციას არ ექვემდებარება.
ამავდროულად, როდესაც რუსი დიპლომატები და ადვოკატები სასამართლოს წარუდგენენ მტკიცებულებებს, როგორ დაბომბა ქართულმა ჯარმა ე.წ. «მძინარე ცხინვალი» ზალპური ცეცხლის დანადგარებით, როგორ ესროდნენ ქართული ტანკები ე.წ. «რუსი მშვიდობისმყოფელების» ბაზას (სადაც რამდენიმე პროვოკატორი დაიღუპა, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ეწოდებოდა «მშვიდობისმყოფელი»), ან როგორ ამოწყდა, შემთხვევით, მშვიდობიანი ოსური ოჯახი ზარას გზის დაბომბვისას (სინამდვილეში ერთადერთი მსხვერპლი იყო ოსური მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაში), პროკურორი ბენსუდა ჩათვლის, რომ ეს საერთაშორისო დანაშაულია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს იმ ჯარისკაცმა, თუ სერჯანტმა, რომელმაც ზარას გზას ტანკიდან ცეცხლი გაუხსნა (არა მაინცდამაინც შეგნებულად), იმ გენერალმა, ვინც გასცა ბრძანება ცხინვალის ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან დაბომბვის შესახებ და იმ უმაღლესმა მხედართმთავარმა, რომელმაც ჯარს სამხედრო მოქმედებების დაწყება უბრძანა.
რაოდენ უსამართლოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს (და არის კიდეც) ამგვარი ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მართლმსაჯულება – ასეთია საერთაშორისო სამართალი და ამგვარია პატარა ქვეყნის ბედი. აკაკი წერეთლის გენიალური იგავისა არ იყოს: «შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო.........»
ითანამშრომლებ საერთაშორისო ტრიბუნალთან? – ვაია! არ ითანამშრომლებ? – ვუი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჰააგას საერთაშორისო სასამართლო არ არის «ინტერპოლი», რომელიც, ბოლოს და ბოლოს, იოლად შეიძლება «დაიკიდო»: თუ, დავუშვათ, ჰააგამ ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვა ან დაპატიმრება გადაწყვიტა, უკრაინა, რომელიც რომის სტატუტს შეუერთდა, ამას ასე იოლად ვერ «გაატარებს». თუ მაინც «გაატარა», მაშინ რომის სტატუტიდან გამოსვლა მოუწევს, რაც ძალიან სერიოზული საიმიჯო და სახელმწიფოებრივი დანაკარგია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად უწევს რუსეთის «ჰიბრიდული აგრესიის» მოგერიება.
ძალიან საეჭვოა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აწყობდეს ჰააგაში ამ საქმის განხილვა. კონკრეტულად სააკაშვილის გასამართლება შესაძლოა კიდეც გაუხარდეთ, მაგრამ საქმე მხოლოდ სააკაშვილს როდი ეხება: როდესაც ქართველი ჯარისკაცების, ოფიცრების, გენერლების მიერ ვითომდაც ჩადენილ (სინამდვილეში, არჩადენილ) დანაშაულთა გამოსაძიებლად მათ ექსტრადირებას მოსთხოვენ, – ეს უკვე სახელმწიფოს ჩამოშლისა და სამოქალაქო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამ ვითარებაში თავდაცვის ერთადერთი საშუალება და არგუმენტი ის იქნება, ქართულმა მხარემ კატეგორიულად მოითხოვოს გამოძიება იმ ტერიტორიაზე (ესე იგი «სამხრეთ ოსეთში») სადაც განვითარდა მოვლენები. იმ იმედით, რომ ოსები და რუსები იქ არ შეუშვებენ პროკურორ ბენსუდას წარგზავნილებს – ეთნიკური წმენდის დასაფიქსირებლად. და რაკი არ შეუშვებენ, სასამართლოს გაჭიანურების საშუალებაც მოგვეცემა. სწორედ ამიტომ არ აქტიურობდა რუსეთი წინა წლებში, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, შესაბამისი გარანტიები მიიღო.
მაგრამ თუ მოსკოვის გავლენასა და იმავე საერთაშორისო კონიუნქტურას გავითვალსწინებთ (გავიხსენოთ, თუნდაც, ტალიავინის პროსტიტუირებული «დასკვნა») ეს უკანასკნელი არგუმენტიც შეიძლება მხოლოდ ის ხავსი აღმოჩნდეს, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება.
„ჯი-ეიჩ-ენი“, დავით ავალიშვილი