ENG / RUS       12+

რუსეთი, სამწუხაროდ, კვლავ ზესახელმწიფო ხდება!

ოთხშაბათს, გამთენიას, როდესაც კასპიის ზღვას ჯერ კიდევ ღამის უკუნი ფარავდა, ოთხმა რუსულმა სარაკეტო ხომალდმა, 26 ფრთოსანი რაკეტის  გაშვებით   მსოფლიოს ამცნო: რუსეთი უკვე აღარ კმაყოფილდება «რეგიონული ზესახელმწიფოს» სტატუსით, ანუ «გლობალურ ზესახელმწიფოებრიობაზე» აქვს კვლავ პრეტენზია! ზესახელმწიფოებრიობის უპირველესი თვისება  კი საკუთარი სამეზობლოს გარეთ სამხედრო მოქმედების უნარია. ესე იგი, ისეთ კონფლიქტში შეიარაღებული გზით ჩარევა, რომელსაც არა რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.

ამ კლასის ფრთოსან რაკეტებს ამერიკელები «ტომოჰავკებს» უწოდებენ. კასპიის ფლოტილიის ხომალდებმა ისინი გაუშვეს 1500 კილომეტრით დაშორებული სამიზნეების მიმართულებით. ფრთოსანი რაკეტები ბალისტიკური რაკეტებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ მათი ტრაექტორია მიწას მიჰყვება  სულ რაღაც 50 მეტრის სიმაღლეზე. თუმცა, მიზანში 2–3 მეტრის ცდომილებით ხვდებიან და, რაც მთავარია, როგორც ბირთვული, ასევე არაბირთვული, მაგრამ არანაკლებ გამანადგურებელი საბრძოლო მასალის (თერმული, კასეტური, ვაკუუმური, ქიმიური, ბიოლოგიური) «მიტანა» შეუძლიათ დანიშნულების ადგილზე.

პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც კრემლმა გაბედა და სამხედრო ძალა გამოიყენა არა უბრალოდ საზღვარგარეთ, არამედ საკუთარი გეოპოლიტიკური არეალის ფარგლებს მიღმა, - რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ მიუჩინა დასავლეთმა. ესე იგი, იმ რეგიონში, სადაც, განსახვავებით პოსტსაბჭოური სივრცისაგან, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანობაში დასავლეთის, აგრეთვე ძალიან ძლიერი და გავლენიანი  რეგიონული სახელმწიფოების (თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი) სასიცოცხლო ინტერესი.

სირია არ არის საქართველო, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, დასავლეთის ინტერესთა პერიფერიაზე მდებარეობს; და არც უკრაინა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ არც თუ ძალიან განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან ბევრად ახლოსაა. ყოველ შემთხვევაში, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ადრე გაცემული გარანტიებისათვის დასავლეთი ახლა ისევე არ იწუხებს თავს, როგორც საქართველოსთვის არ აიტკივა აუტკივარი თავი 2008 წელს და ამ ომის შემდეგ, როდესაც განაგრძო მოსკოვთან თანამშრომლობა ისე, თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. 

აშკარაა, რომ რუსეთმა, მისი ავტორიტარი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთმმართველობით, უკვე განვლო ისტორიული გზა ელცინისდროინდელი დაჩაჩანაკებული, ლამის კომიკური  მდგომარეობიდან და ჩეჩნეთის პირველი ომიდან,  –  სირიის გლობალურ კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობამდე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკელი გეოპოლიტოლოგი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, გახმაურებულ წიგნში, «დიადი საჭადრაკო დაფა», გლობალური ზესახელმწიფოებრიობის 4 ნიშანს ასახელებს: 1) ეკონომიკური ძლიერება, 2) ტექნოლოგიური ინოვაციურობა, 3) კულტურულ–ცივილიზაციური მიმზიდველობა და 4) სამხედრო ძლევამოსილება.

ამ ოთხი ნიშნიდან რუსეთს მხოლოდ ერთი გააჩნია. სხვათა მოპოვების არანაირი შანსი არა აქვს. მაგრამ იმ ერთადერთ არგუმენტს, უნდა ავღიაროთ, ძალიან ოსტატურად და ეფექტურად (არა მხოლოდ ეფექტიანად, არამედ ეფექტურად!) იყენებს:  არავითარი სამხედრო აზრი კასპიის ზღვიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვებას არ ჰქონდა.  იგივე ამოცანა შეიძლებოდა შეესრულებინა რუსულ ავიაციას ან რუსულ ხომალდებს ხმელთაშუა ზღვიდან თუ  ტარტუს საზღვაო ბაზიდან. მაგრამ 1500 კილომეტრის მანძილზე, ორიოდე მეტრის ცდომილებით, რაკეტების გაშვება ძალის ეფექტური დემონსტრირებაა:  რუსულმა რაკეტებმა გადაუფრინეს ირანს, ერაყს და ამით მოსკოვმა რეგიონის ყველა ქვეყანა (მათ შორის კავკასიის სახელმწიფოებიც, რასაკვირველია) გააფრთხილა: «აქ ვარ და აი რა შემიძლია!»

მივაქციოთ ყურადღება: ჯერ – ჯერობით სირიაში რუსეთმა სულ 35–40 საბრძოლო თვითმფრინავი  და სამი  ათასიოდე ჯარისკაცი გადაისროლა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ ამ რეგიონში, - მარტო ყატარისა და ქუვეიტის სამხედრო ბაზებზე და სპარსეთის ყურეში შესულ ავიამზიდზე, - ათჯერ, ოცჯერ უფრო ძლიერი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს. მერედა, რა ამით? ვაშინგტონი ისევ იფარგლება არაფრისმთქმელი, წყალ–წყალა განცხადებებით, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატ რუბიოს წინადადება, სირიის თავზე «არასაფრენო ზონის» გამოცხადების შესახებ, ეგზოტიკად რჩება. იმიტომ, რომ ამგვარი ზონის დაწესება  რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას ნიშნავს, რაც კოშმარად ეჩვენებათ.

არადა, კაცმა რომ თქვას, სამხედრო–ტექნოლოგიური ინოვაციები ისტორიის მრისხანე კანონებს ვერ შეცვლიან: რამდენჯერაც  არ უნდა სჯობდეს, თავისი სამხედრო მონაცემებით და ტექნოლოგიით, ამერკული «ფ–22–რაპტორი» რუსულ «მიგ–30»–ს, ეს კანონები  უცვლელია ტუტანჰამონის ეპოქიდან: ვისაც სამხედრო კონფრონტაციისა და რადიკალური ნაბიჯების ეშინია, აუცილებლად წააგებს აქტიურ, გამბედავ, რისკიან მტერთან. ჯერ კიდევ როდის თქვა გენერალისიმუსმა ალექსანდრე სუვოროვმა:  «ვინც არ რისკავს, შამპანუსაც არ სვამსო!»

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი რისკავს. თან რისკავს ძალიან ბევრით, ძალზე თავხედურად და აზარტულად (სარაკეტო დარტყმა დაბადების დღეს დაამთხვია): სამხედრო თვალსაზრისით, თუ ბირთვულ იარაღს არ მივიღებთ მხედველობაში, მარტო თურქული არმია და თურქული ფლოტი ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები, რომ აღარაფერი ვთქვათ «ნატო»–ს გაერთიანებულ ძალთა ძლევამოსილებაზე. ამის მიუხედავად, რუსული ავიაგამანადგურებლები თავხედურად არღვევენ თურქეთის საჰაერო სივრცეს და . . . . კვლავ არც არაფერი.

მოსკოვი თითქოს ყველა მოთამაშეს ეუბნება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც მიაღწევს მიზანს: არ დაუშვებს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას და ყველანაირად დაეხმარება მას მოწინააღმდეგეთა განადგურებაში.

ოღონდ, მოსკოვის სამიზნე «ისლამური ხალიფატი» როდია.  მისი სამიზნეა სირიაში მოქმედი «ან  ნუსრა» (იგივე «ალ  ქაიდა»), აგრეთვე ე.წ. «დემოკრატიული ოპოზიცია» და «სირიის თავისუფალი არმია». თუ უახლოეს მომავალში, სირიის (ასადის) რეგულარული ჯარი,  რუსეთის საავიაციო–სარაკეტო მხარდაჭერით, შეძლებს ოპოზიციის განადგურებას ან, თუნდაც, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთლიანად გაწმენდას ასადის მოწინააღმდეგე ძალებისაგან, ეს უკვე მოსკოვის ნამდვილი ტრიუმფი იქნება!  ანუ დასავლეთის, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების სრული გეოპოლიტიკური კრახი.  ამერიკელები სახეს ნამდვილად ვეღარ შეინარჩუნებენ  იმით, რომ «დიდად არ ანაღვლებთ», როგორც არ ანაღვლებდათ საქართველო და უკრაინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრებაა: აშშ–ს რეგიონში ჰყავს უდიდესი საერთაშორისო კოალიცია, რომელშიც ათეულობით სახელმწიფო შედის მთელი მსოფლიოდან. რუსეთი კი, ფაქტიურად მარტო მოქმედებს, - არც ერთი სტარტეგიული  მოკავშირე მოსკოვს, თითქოს, არა გააჩნია. მაგრამ მაინც  იქცევა იმდენად თავხედურად, რომ ქმნის ადრე წარმოუდგენელ სიტუაციურ ალიანსებს, რაც ბევრად უფრო ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ამერიკას «გამაადგა» მთხლე ევროპელი მოკავშირეები, – საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ მუდამ: ვაშინგტონის მიერ თითქოს 100% კონტროლირებადი ერაყიც კი (ირანზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ღიად აცხადებს, რომ მზადაა საკუთარი ტერიტორია დაუთმოს რუსეთს, რათა მოსკოვმა მაინც გააკეთოს ის, რისი შნოც ამერიკას არ აღმოაჩნდა, ესე იგი  გაანადგუროს სუნიტური ისლამური ხალიფატი!

ყაზახეთი და ბელორუსი თუ მხარს არ უჭერს,  სულაც არაა რუსეთისთვის  იქ  არსებითი. არსებითია, რომ მხარს უჭერენ შიიტები (ირანი, დაჯგუფება «ჰეზბოლაჰ» და ა.შ), აგრეთვე  ალავიტები (ასადის მომხრეები), რომლებიც იბრძვიან და იბრძოლებენ არა ბრტყელ–ბრტყელი განცხადებებით, არამედ მართლა სისხლის უკანასკნელ წევთამდე!

აქედან გამომდინარე, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ პუტინმა ამ რეგიონში(ც)  მიაღწია წარმატებას და თუნდაც დამასკოს  რეჟიმის სტაბილიზება  მოახერხა (სირიაზე სრული კონტროლის დამყარება თვით ასადსაც კი არარეალურად მიაჩნია), ეს იმდენად სერიოზული გეოპლიტიკური გამარჯვება  იქნება, როგორიც რუსეთს სტალინის ეპოქიდან აღარ ახსოვს!

შესაბამისად, მოსკოვის გაქნილი დიპლომატია   წარმატებით «ივაჭრებს» მიღწეულით, რათა ზესახელმწიფოებს შორის გარიგებით «ხურდაში მიიღოს» მისთვის სასურველი  გრან–პრი: პოსტსაბჭოური სივრცე, მათ შორის საქართველო!

ამ გლობალურ კატასტროფაში, ეს ჩვენი საბრალო ქვეყანა და მისი პრობლემები ვისღა ახსოვს ან ვისღა გაახსენდება საერთოდ?

„ჯი-ეიჩ-ენი“, გელა კალანდაძე

ავტორი: . .